Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა - აზერბაიჯანის სუსი

Middle East Eye 3 მარტს წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ირანმა შესაძლოა ამ მილსადენს დაარტყას.
Middle East Eye 3 მარტს წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ირანმა შესაძლოა ამ მილსადენს დაარტყას.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (DTX) აცხადებს, რომ ჩატარებული ოპერაციის შედეგად გამოავლინა ირანული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე (BTC) ტერორისტულ თავდასხმასა და დივერსიას გეგმავდა.

უწყების განცხადებით, მან აღკვეთა „ტერორისტული ოპერაციები და საბოტაჟი, ასევე დაზვერვის მონაცემების შეგროვება, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მიერ იყო დაგეგმილი აზერბაიჯანში“.

აზერბაიჯანის სუსის განცხადებითვე, სამიზნე, ნავთობსადენის გარდა, იყო აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, სინაგოგა და ასევე - ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი.

უწყების თანახმად, - რაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია AzTV-მ გადასცა, - ეს შედეგი დადგა „კომპლექსური კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად“.

„ნეიტრალიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები“

აზერბაიჯანის სუსის თანახმადვე, ქვეყანაში „ასაფეთქებელი მოწყობილობა შემოიტანეს“, თუმცა სამართალდამცავებმა მათი „ნეიტრალიზება“ მოახდინეს.

გამოძიების თანახმად:

  • ბაქოს საბაილის რაიონში „ამოღებულია“ კონტეინერი, რომელიც შეიცავდა 7,73 კილოგრამ C4-ს;
  • კიდევ ერთი მოწყობილობა, რომლის წონა იყო 1,28 კგ და ჰქონდა 250-დან 300 მეტრამდე აფეთქების რადიუსი, „ამოღებულია“ გარადაღის რაიონში.

„გუშაგთა კორპუსის ორგანიზებით“

აზერბაიჯანი ასახელებს "გუშაგთა კორპუსში" კონკრეტულ ადამიანს, რომელიც, უწყების განცხადებით, ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობდა.

სუსის თანახმად, ეს არის პოლკოვნიკი ალი ასღარ ბორდბარ შერამინი.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მიზანი იყო „საზოგადოებაში პანიკის შექმნა და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვის მცდელობა“.

MEE შესაძლო თავდასხმაზე იუწყებოდა

ბრიტანული გამოცემა Middle East Eye, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საკითხებს აშუქებს, 3 მარტს იუწყებოდა, რომ წყაროებმა განუცხადეს, რომ ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს დაარტყას.

ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლო აფეთქების შესახებ ასევე IRGC-ს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა - როცა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მთავარი მრჩეველი, იბრაჰიმ ჯაბარი, „მტრების მომარაგების არხების“ აფეთქებაზე ლაპარაკობდა.

ამავე გამოცემის ცნობით, ისრაელი BTC-ს მეშვეობით ნავთობის იმპორტის დაახლოებით 30%-ს იღებს.

სამი ქვეყნიდან, რომლებზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის, ორს უკვე შეუტია ირანმა - ნატოს წევრ თურქეთსა და აზერბაიჯანს.

შეტევა ნახიჩევანის აეროპორტზე

5 მარტს ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, დაზიანდა აეროპორტი და დაიჭრა 2 ადამიანი.

აზერბაიჯანი პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს, თეირანი კი ხელს ისრაელისკენ იშვერს. აზერბაიჯანი, - რომელმაც მობილიზაცია გამოაცხადა და ირანთან ყველა ტიპის სახმელეთო მიმოსვლა აკრძალა, - ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ილჰამ ალიევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს დავალებული აქვთ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება.

საქართველოს სოლიდარობა და ლიდერების საუბრები

შეტევის შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს თბილისმა სოლიდარობა გამოუცხადეს. შედგა სატელეფონო საუბრები:

  • ლიდერებს, ირაკლი კობახიძესა და ილჰამ ალიევს შორის;
  • საგარეო საქმეთა მინისტრებს, მაკა ბოჭორიშვილსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის;
  • თავდაცვის მინისტრებს, ირაკლი ჩიქოვანსა და ზაქირ ჰასანოვს შორის.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, - არის მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი, რომელიც ექსპლუატაციაში 2006 წლიდან გაეშვა, - უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტია საქართველოსთვის.


ფორუმი

XS
SM
MD
LG