Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი თავდასხმად აფასებს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევას

ირანული დრონებით თავდასხმა აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში
ირანული დრონებით თავდასხმა აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გადასაცემად გამოიძახეს ირანის ელჩი მას შემდეგ, რაც დღეს, 5 მარტს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

  • ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან ათ კილომეტრშია.
  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანს სამძიმარი გამოუცხადა და მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.
  • აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ არცერთ ქვეყანას არ მისცემს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას მეზობელი ირანის, ან სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
  • ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი. აზერბაიჯანს და თურქეთს გაფორმებული აქვთ დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ.
  • აზერბაიჯანი ნავთობის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ისრაელისთვის. წლების განმავლობაში ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდა თავდაცვის სფეროშიც.

ბაქოს ოფიციალური ინფორმაცია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 მარტს, შუადღისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ირანთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას შორის სომხეთია.

ბაქოს თანახმად, ერთი დრონით დარტყმა იყო ნახიჩევანის აეროპორტის შენობაზე, რომელიც დაზიანდა, მეორე დრონი კი სოფელ შაქარაბადის სკოლის შენობასთან ჩამოვარდა. დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი.

ბაქოს რეაქცია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას და აცხადებს, რომ „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმა" საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევაა და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის გაძლიერებას.

აზერბაიჯანი ირანისგან მოითხოვს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს მკაფიო განმარტება, ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა მსგავსი თავდასხმების განმეორება აღარ დაუშვას. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ შესაბამისი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.

განახლება: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით შეტევის გამო სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას დააკისრა.

სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიიდან განახორციელეს ყოველგვარი სამხედრო აუცილებლობის გარეშე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჭირო საპასუხო ზომებს ამზადებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად და სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად და მსგავსი შეტევები უპასუხოდ არ დარჩება.

განახლება: ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება, რომელშიც ის უარყოფს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით შეტევას და მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს „სიონისტურ რეჟიმს“(ისრაელს).

ირანის უარყოფას მიუღებელი უწოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მან დააზუსტა, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჩევანზე შეტევისთვის გამოიყენეს 4 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ერთი აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოელიან, რომ ირანის არმია შეწყვეტს უარყოფას, ბოდიშს მოიხდის და ირანის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ დამნაშავეთა დასჯას.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აბას არაყჩიმ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრისას უარყო ირანის მხრიდან შეტევა და ივარაუდა, რომ ეს შესაძლოა, ისრაელს გაეკეთებინა მეზობლებთან ირანის კარგი ურთიერთობების შესარყევად. არაყჩიმ ბაირამოვს უთხრა, რომ ირანული მხარე გამოძიებას აწარმოებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არაყჩისთან სატელეფონო საუბრისას ბაირამოვმა პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ირანისგან ელოდება ბოდიშს და საჭირო ზომების მიღებას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

რა თქვა პრეზიდენტმა ალიევმა

ნახიჩევანზე დრონებით შეტევის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს დავალებული აქვთ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება.

ალიევის შეფასებით, ირანის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი იყო „ტერორისტული აქტი“ და ირანმა „ვერაგულად დაარტყა" სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტს, მისი ტერმინალის შენობას და სკოლას. ალიევმა მოითხოვა განმარტებები ირანის ოფიციალური პირებისგან, აზერბაიჯანისთვის ბოდიშის მოხდა და „ტერორისტული აქტის“ ჩამდენებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

პრეზიდენტმა ალიევმა გაიხსენა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე 2023 წელს განხორციელებული „ტერორისტული აქტი“ და განაცხადა, რომ თავდამსხმელი „ირანის სპეცსამსახურების ინსტრუქციებით მოქმედებდა“ და თავდასხმა „დაკვეთილი იყო ირანის სახელმწიფო სტრუქტურების უმაღლეს დონეებზე აზერბაიჯანის დაშინების მიზნით“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირანს, ადრეც არაერთხელ განუცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნებოდა გამოყენებული რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ, შარშან ზაფხულში(აშშ-ისრაელის პირველი სამხედრო ოპერაციის პერიოდი) და შემდეგაც ირანის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია აზერბაიჯანის წინააღმდეგ აწარმოებდა „ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას“, რათა აზერბაიჯანისთვის ჩირქი მოეცხოთ და შეეცვალათ ირანში მცხოვრები თანამემამულეების აზრი, რადგან კარგად იციან, რომ დღეს აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფო ირანში მცხოვრები ბევრი აზერბაიჯანელისთვის იმედის წყაროა.

ალიევმა ისევ გაიმეორა, რომ აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც ახლა მიიღებს მონაწილეობას ირანის საწინაღმდეგო ოპერაციაში, მაგრამ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანი იცავდა და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც „სომხური ოკუპაცია“ დაასრულეს, მზად არიან საკუთარი ძლიერება აჩვენონ ნებისმიერ მტრულ ძალას და ირანს ეს არ უნდა დაავიწყდეს.

ალიევმა ირანი უმადურობაშიც დაადანაშაულა, რადგან მისი განცხადებით, ბოლო მოვლენების გამო თეირანს სამძიმარი გამოუცხადეს, მისი მითითებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას ესაუბრა, თავად კი სამძიმრისა და პოზიციის გამოსათქმელად ირანის საელჩოშიც მივიდა, მაშინ, როცა არცერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურს ეს არ გაუკეთებია.

„უღირსი დამნაშავეები, რომლებმაც ჩვენ წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ინანებენ. ნუ გამოცდიან ჩვენს ძალას. ვისაც წარსულში ჩვენი გამოცდა უნდოდა, თავი რკინის მუშტით გავუტეხეთ. დღევანდელი მოვლენებიც ასეთ შედეგს გამოიწვევს“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მოქმედების გეგმის მომზადება, ყველა მითითება გაცემულია, შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და სპეციალური დანიშნულების ძალები უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს და მზად არიან ნებისმიერი საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად.

სავარაუდოდ, შემთხვევით

პოლიტიკურმა მიმომხილველმა რაუფ მირქადიროვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს განუცხადა, რომ ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით შეტევა შესაძლოა, შემთხვევით მომხდარიყო, რადგან აზერბაიჯანი და თურქეთი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობენ და ირანს თავდასხმის არანაირი საფუძველი არ აქვს.

ამასთან, მირქადიროვი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად უნდა მოემზადონ მოვლენების სახიფათო განვითარებისთვის.

  • შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG