Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვრცელდება ბელარუსული პროპაგანდა ლატვიის რადიოეთერში

„რადიო ბელარუსი“, რომელიც ლატვიისთვის მაუწყებლობს, ბელარუსის სახელმწიფო მედიაა და გადასცემს ცხრა ენაზე, მათ შორის რუსულსა და პოლონურზე.
„რადიო ბელარუსი“, რომელიც ლატვიისთვის მაუწყებლობს, ბელარუსის სახელმწიფო მედიაა და გადასცემს ცხრა ენაზე, მათ შორის რუსულსა და პოლონურზე.

ლატვიელი რადიომოყვარული როლანდს სტრაუტმალისი თითქმის 30 წელია, რაც დიქსინგით (DXing) არის გატაცებული - ეს არის ჰობი, რომელიც შორეული რადიოსადგურების „დაჭერას“ გულისხმობს. ახლახან ასე იპოვა ის, რასაც არ ელოდა.

წლების განმავლობაში მხოლოდ FM-ის დიაპაზონში 70-ზე მეტი ქვეყნიდან "დაუჭერია" სიგნალი; ყველაზე შორეული „რადიოსადგური,“ საუდის არაბეთიდან გადმოსცემდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, " სტრაუტმალისმა აღმოაჩინა, რომ ბელარუსის საზღვართან მცხოვრებ ლატვიელებს შეუძლიათ მოუსმინონ პროპაგანდისტულ სადგურ „რადიო ბელარუსს“ 107,7 სიხშირეზე, რომელიც ლატვიურ ენაზე მაუწყებლობს.

საზღვარგარეთ სახელმწიფო მაუწყებლობა ბელარუსში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1962 წელს დაიწყო. „რადიო ბელარუსი“ მაშინ სახელმწიფო „ბელტელერადიოკომპანიის“ ნაწილი იყო და კვლავაც რჩება...

ამ სიხშირეზე ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსულენოვანი საზოგადოებრივი რადიოარხი, „ლატვიის რადიო 4“ მაუწყებლობდა. მაგრამ 2026 წლის 1 იანვარს, „ლატვიის რადიო 4“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა იმის გამო, რომ ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტა, ბიუჯეტის თანხები მხოლოდ ლატვიურენოვანი მაუწყებლობის მხარდასაჭერად გამოეყო. ამის შედეგად, ეს სიხშირე ბელარუსის სახელმწიფო რადიოსადგურმა დაიკავა, რომელიც ლატვიელ მსმენელს ასე მიმართავს: „მოგბეზრდათ აღვირახსნილი ევროპული პროპაგანდა? დაიღალეთ მოსყიდული მედიის ტყუილებით? აღშფოთებული ხართ მთავრობის ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით? სიმართლე აქ არის, თქვენს გვერდით“.

„სიგნალი მოდის დაუგავპილსისა და კრასლავას რაიონებში“, - გვაჩვენებს როლანდს სტრაუტმალისი. – "ეს იმიტომ ხდება, რომ გადამცემი სადგური ბრასლავშია (ქალაქი ბელარუსის ვიტებსკის რეგიონში, ლატვიისა და ლიეტუვის საზღვრიდან 15 კილომეტრში) და ის 2005 წლიდან მუშაობს. რიგაში, იმავე სიხშირეზე, 107,7-ზე, სხვა გადამცემი მუშაობს, უფრო სწორად, მუშაობდა. რაც უფრო შორს ხართ ბელარუსის საზღვრიდან, მით უფრო ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოთ ბელარუსული რადიოს სიგნალი“.

ლატვიის სასაზღვრო ზოლის მაცხოვრებლებს ადრეც შეეძლოთ ბელარუსული რადიოს მოსმენა, ამბობს როლანდსი. თუმცა, წელს გამოთავისუფლებულ სიხშირეზე მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული გადაცემები გამოჩნდა.

„წელს 5 თებერვლამდე ამ სიხშირეზე — 107,7-ზე — არცერთი ბელარუსული პროპაგანდისტული რადიოსადგური არ მაუწყებლობდა“, - აღნიშნავს როლანდს სტრაუტმალისი. - „2005 წლიდან იქ მაუწყებლობდა რადიოარხი „კულტურა“. თუმცა „ლატვიური რადიო 4“-ის მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტი ნამდვილად იყო მიზეზი, რის გამოც ბელარუსებმა „რადიო ბელარუსი“ ამ სიხშირეზე გადაიტანეს“.

„რადიო ბელარუსი“, რომელიც ლატვიისთვის მაუწყებლობს, ბელარუსის სახელმწიფო მედიაა და გადასცემს ცხრა ენაზე, მათ შორის რუსულსა და პოლონურზე. ლატვიური ჯინგლი, რომლის მოსმენაც როლანდსმა მოახერხა, მსმენელებს ლატვიასა და მეზობელ ლიეტუვაში მოუწოდებს, უსმინონ „რადიო ბელარუსს“.

მოსმენა შესაძლებელია როგორც თანამგზავრის საშუალებით, ასევე FM-სიხშირეზე პოლონურ ენაზე პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებში, ან ინტერნეტით...

„საზღვარგარეთ სახელმწიფო მაუწყებლობა ბელარუსში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1962 წელს დაიწყო. „რადიო ბელარუსი“ მაშინ სახელმწიფო „ბელტელერადიოკომპანიის“ ნაწილი იყო და კვლავაც რჩება“, - განმარტავს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ალექსეი ზნატკევიჩი. - „თავდაპირველად, მაუწყებლობა მხოლოდ ბელარუსულ ენაზე იყო: მათ სურდათ, საზღვარგარეთ მცხოვრები ბელარუსელებისთვის ეჩვენებინათ, თუ რამდენად მშვენიერი იყო ცხოვრება საბჭოთა ბელარუსში. მაგრამ 1985 წელს დაუმატეს გერმანული ენა, ხოლო უკვე დამოუკიდებელ ბელარუსში, 1998 წელს – ინგლისური და რუსული. შემდეგ დაემატა პოლონური, ფრანგული, ესპანური, ჩინური და არაბული ენები“.

„2016 წლამდე მაუწყებლობა მოკლე და საშუალო ტალღებზე ხდებოდა. ახლა რადიოსადგურის მოსმენა შესაძლებელია როგორც თანამგზავრის საშუალებით, ასევე FM-სიხშირეზე პოლონურ ენაზე პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებში, ან ინტერნეტით“, - განმარტავს ზნატკევიჩი.

როლანდს სტრაუტმალისის თქმით, „რადიო ბელარუსი“ პოლონურ ენაზე პროგრამებს სამ სიხშირეზე გადასცემს და კონკრეტულად პოლონეთისთვის მაუწყებლობს.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტები ბელარუსის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ კრასლავას ეწვივნენ, რათა შეემოწმებინათ, ადვილად შეეძლოთ თუ არა მაცხოვრებლებს მეზობელი ქვეყნის რადიოსადგურის „დაჭერა“. მათ დაადასტურეს, რომ იქ ბელარუსული რადიოსადგურის მიღება მართლაც ადვილი იყო.

ექსპერტები ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეწყვიტონ რუსულენოვანი „ლატვიური რადიო 4“-ის მაუწყებლობა, შეცდომად მიიჩნევენ. მმართველმა კოალიციამ და ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებით და სოციალური ერთიანობის, მათ შორის, ლატვიური ენის მეშვეობით, აუცილებლობით ახსნა,

არ ვუჭერ მხარს „ჩახშობას“ და არ ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. რატომ არ ვუჭერ მხარს? პირველ რიგში, ეს გარკვეულწილად ცენზურაა...

„ლატვიური რადიო 4“-ის ყოფილი თანამშრომლები სიტუაციას „პარადოქსულს“ უწოდებენ, რომ მათი არხის დახურვის შემდეგ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენაზე მაუწყებლობდა, ლატვიის ოფიციალურ პოლიტიკას ასახავდა, სასაზღვრო რეგიონის მაცხოვრებლები ახლა ბელორუსული პროპაგანდით იკვებებიან.

„საინტერესოა, იცოდნენ თუ არა მათ, ვინც რადიოსადგური დახურა, რომ სიხშირე არასდროს „ცარიელი“ არ შეიძლება იყოს?“ - კითხულობს ჟურნალისტი ოლგა კნიაზევა. ლატვიაში გამოთავისუფლებულ 107.7 FM სიხშირეზე კონკურსი გამოცხადდა: გადაწყვეტილება 2026 წლის ივლისისთვის უნდა მიიღონ. თუმცა, ეროვნული ელექტრონული მასმედიის საბჭო, რომელიც მას ატარებს, განმცხადებლებს მთავარ მოთხოვნად უყენებს უწყვეტი, 24-საათიანი მაუწყებლობის უზრუნველყოფას ლატვიურ ენაზე.

„დიახ, სრულიად განსხვავებული აზრები შეიძლება არსებობდეს. საზოგადოებრივი მედიის თანამშრომლებს შორის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან. ლატვიაში შესაძლებელია რუსულ ენაზე, ეროვნული უმცირესობების ენაზე, ინფორმაციის გავრცელება“, - იცავს გადაწყვეტილებას სანიტა უპლეია-ეგერმანე, ლატვიის საზოგადოებრივი ელექტრონული მასმედიის საბჭოს ხელმძღვანელი. - „შეიძლება იყოს კულტურის თემები. ასეა და ასე იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საზოგადოებრივ მედიაზეც ვრცელდებოდეს“.

ამჟამად ლატვიაში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამო დაბლოკილია ათობით რუსული და ბელარუსული მედია საშუალება, ძირითადად სახელმწიფო ტელეარხები, რადიოსადგურები და ვებსაიტები - თუმცა, ფიზიკის კანონები რადიოარხების ერთი დაწკაპუნებით დაბლოკვას უშლის ხელს: ამისათვის საჭიროა სიგნალის ისეთი „ჩამხშობები“, როგორიც ადრე, ცივი ომის დროს გამოიყენებოდა.

ჩვენ რეგიონში ვმოგზაურობთ და აშკარად ვიცით, ეს ყველას შეუძლია დაინახოს, საით არის მიმართული ანტენები. ეს თითოეულის არჩევანია...

როლანდს სტრაუტმალისი, რომელიც მრავალი წელია რადიოსიგნალებს იკვლევს, არ მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ეფექტიანია.

"არ ვუჭერ მხარს „ჩახშობას“ და არ ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. რატომ არ ვუჭერ მხარს? პირველ რიგში, ეს გარკვეულწილად ცენზურაა“, - განმარტავს ის. - „ლატვიაში ასეთი გამოცდილება არ გვაქვს. დაბოლოს, ამ სიხშირის სიმძლავრე - იქ, ბელორუსში, მათ გადამცემთან - შეთანხმებულია. ეს საერთაშორისო კოორდინაციაა“.

ლატვიის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ცენტრი აცხადებს, რომ ლატვიის აღმოსავლეთ რეგიონს, ლატგალიას, ლატვიის საზოგადოებრივი მედიის შეუფერხებელი მაუწყებლობა აქვს. თუმცა, მათ გავლენა არ აქვთ იმ ცალკეული მაცხოვრებლების არჩევანზე, როცა ისინი რუსეთსა და ბელარუსიდან „ხმებს“ უსმენენ.

„ჩვენი მიზანია ქვეყნის 99%-ის მაუწყებლობის უზრუნველყოფა. და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდეც“, - ხაზს უსვამს ვინეტა სპრუგაინე, ლატვიის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ცენტრის წარმომადგენელი. - „თუმცა, ჩვენ რეგიონში ვმოგზაურობთ და აშკარად ვიცით, ეს ყველას შეუძლია დაინახოს, საით არის მიმართული ანტენები. ეს თითოეულის არჩევანია“.

XS
SM
MD
LG