მინაია რამაზანოვას დილა ქათმების და ორი ცხვრის მოვლით იწყება, ბაღისა და ეზოს საქმეებით გრძელდება.
მის ჭიშკარს გაუფრთხილებლად მივადექით და საოჯახო საქმეებს მოვაცდინეთ. აქეთ მოგვიბოდიშა, სახლში შებრუნდა და კაბა გამოიცვალა. თვალის დახამხამებაში მოასწრო ეზოში ხილის დაკრეფა და ტკბილი სუფრის გაშლა. ეტყობოდა, რომ წინასწარ გათვლილი, მშვიდი დღე დავურღვიეთ და ღელავდა.
"მინდა მიცნობდნენ, როგორც ხალიჩის მქსოველს"
მინაია 64 წლისაა, კოსალარში, ქვემო ქართლის პატარა, ღარიბ, სამყაროს თითქოს მოწყვეტილ სოფელში მარტო ცხოვრობს.
საღამოობით სარქველს მიუჯდება ხოლმე - ხალიჩის ქსოვას იწყებს. ზამთარში, როცა დღეები მოკლეა და გარე საქმე ნაკლებია, ქსოვას მეტ დროს უთმობს. ერთ ხალიჩას ასე 20 დღეს ანდომებს - წელიწადში 6-7 ხალიჩას ქსოვს.
ყოველი დასრულებული ხალიჩა მარტოობის ტვირთს მიმსუბუქებს და სიამაყით მავსებსო. „მიყვარს, როცა შედეგს ვუყურებ, ვამაყობ ჩემი ნამუშევრით. მინდა მიცნობდნენ, როგორც ხალიჩის მქსოველს და კაბების მკერავს,“ - ამბობს მინაია.
მისი სახელი უკვე ჩაწერილია იმ უკანასკნელი ოსტატების სიაში, რომლებიც ბორჩალოს, ხალიჩების ტრადიციას სიცოცხლეს უნარჩუნებენ.
ბორჩალო ისტორიულად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული მარნეულის რეგიონის ძველი სახელწოდებაა.
კოსალარსა და მეზობელ სოფელ კარაჩოფში მოქსოვილი უნიკალური ხალიჩები დღეს მსოფლიოს არაერთ მუზეუმში ინახება.
ოდესღაც ამ სოფლებში სარქველი თითქმის ყველა ოჯახში იდგა, ახლა კი ძველი ოსტატებიდან მხოლოდ რამდენიმე დარჩა.
მინაია საგულდაგულოდ შენახულ, დედისგან დატოვებული ხალიჩებს გვათვალიერებინებს.
მისი მოქსოვილი ხალიჩებიც თითქმის უცვლელად იმეორებს 150 წლის წინანდელ ნიმუშებს - სქელი მატყლის საფარი, მკვეთრი გეომეტრიული კომპოზიციები და სიმბოლიკა - რვაკუთხედები, ჯვრისებური ვარსკვლავები, რომბები და სიცოცხლის ხე, რომელიც განახლებისა და უწყვეტობის ნიშანია.
ბორჩალოს მქსოველები დღესაც ადგილობრივ ბუნებრივ საღებავებს და მაღალი ხარისხის მატყლის ძაფს იყენებენ, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდის. იმპორტირებული მატყლი, ბუნებრივი საღებავები და ტრადიციული ოსტატობა ბორჩალოს ხალიჩებს არა მხოლოდ ფასეულს, არამედ ძვირადღირებულს ხდის.
"ქსოვაში რთული არაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა"
ზემფირამ ქსოვა 16 წლის ასაკში, დედამთილისგან ისწავლა. ახლა, 65 წლისაა, მხედველობა დაუქვეითდა, მაგრამ მაინც ქსოვს. დაზგასთან საღამოობით ჯდება, თან მუსიკას უსმენს. ადრე თავადაც ღიღინებდა. ახლა ქსოვა მისთვის ერთგვარი თავშესაფარიცაა, ფიქრისა და ყოველდღიური საზრუნავისგან.
როცა ძაფი მზად არის, მქსოველები მას სარქველზე აკრავენ. სარქველი ხის ჩარჩოა. ქალები დაბალ სკამზე სხედან და საათობით მუშაობენ. ეს ფიზიკური შრომაა: ათასობით პატარა კვანძის შეკვრას, თითოეული რიგის რკინის სავარცხლით ჩამოკვრას და ორნამენტის ხაზის ზუსტად შენარჩუნებას მოითხოვს.
„ჩემთვის ქსოვაში რთული არაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა,“ - ამბობს ზემფირა.
კოსალარში სულ 10-მდე მქსოველი ქალი ცხოვრობს. ახალგაზრდებს სარქველთან თვეების გატარება აღარ სურთ. ქვემო ქართლის აზერბაიჯანელ გოგოებს დღეს კვლავ მწირი, თუმცა სხვა შესაძლებლობებიც აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ხალიჩები ძვირად ფასობს, მათი წარმოების ხარჯიც დიდია. ქსოვიდან მიღებული შემოსავალი ცოტა არაა, თუმცა მხოლოდ ამით ვერ იცხოვრებ.
ძველად ბორჩალოს ხალიჩები ოჯახის სიმდიდრისა და ღირსების სიმბოლოდ ითვლებოდა. ქალები ხშირად მათ მზითვისთვის ქსოვდნენ და სწორედ მათმა წარმოსახვამ შექმნა ის ვიზუალური ენა, რომელიც დღეს ბორჩალოს ხალიჩების უნიკალურობას განსაზღვრავს.
ხალიჩების ქსოვის კულტურული ტრადიცია კავკასიაში ყველაზე ადრე საქართველოში დასტურდება - მუგუთის მღვიმეში ნაპოვნი ბეწვიანი ხალიჩის ფრაგმენტები დაახლოებით 1400 წლით თარიღდება.
ექსპონატი ახლა ბოლნისის მუზეუმშია დაცული. მოგვიანებით, ამ მხარეში მცხოვრები სომხები და თურქულენოვანი მუსლიმები ქსოვდნენ გამორჩეულ ბეწვიან ხალიჩებს, რომლებიც დღეს ბორჩალოს, შულავერისა და ფაჩრალოს სახელებით არის ცნობილი.
ხელოვნებათმცოდნე ირინა კოშორიძის თანახმად, ახალ გარემოში დასახლებულმა მუსლიმებმა ქვის ტაძრები, ფრესკები და ქრისტიანული ხატწერა აღმოაჩინეს. თანდათან ეს სიმბოლოები აღმოსავლური ორნამენტებით გაჯერებულ მათივე ტრადიციებს შეერწყა და აღმოსავლური გეომეტრიული მოტივები ადგილობრივ ქრისტიანულ სიმბოლოებს და არქიტექტურულ ფორმებს შეეზარდა.
ეს განასხვავებს ბორჩალოს ხალიჩებს ბაქოს, ყარაბაღის ან სპარეთის ნიმუშებისგან.
ზემფირას თავისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ოჯახისთვის მოქსოვილი ვარდებიანი ხალიჩა უყვარს.
"ხალიჩის ვირუსი"
“ხალიჩებში ძალიან ბევრი პატარა, თითქოს „მიმზიდველი“ დეტალია - ცხოველების, ყვავილების, პატარა როზეტების გამოსახულებები. მქსოველს სრული თავისუფლება აქვს, რომ ამ პატარა ორნამენტებით შეავსონ ხალიჩის საზღვარი ან კომპოზიციის სხვა ნაწილები. ეს არის ქალის პირადი თვითგამოხატვა,” - ამბობს კოსიმა სტიუარტი, reWoven-ის კრეატიული დირექტორი.
„ჩემთვის კავკასიური ხალიჩების გაგება თავად კავკასიის გაგების მცდელობაა,“ - გვიყვება უილიამ დანბარი, ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც უკვე ორი ათწლეულია საქართველოში ცხოვრობს. ხალიჩებისადმი ინტერესიც საქართველოში ჩამოსვლისას გაუღვივდა.
„პირველად მე-20 საუკუნის კახური სიუჟეტური ხალიჩები მომეწონა,“ - იხსენებს იგი. „იყო მათში რაღაც განსაკუთრებულად ქართული - წარწერები, გამოსახულებები. ისინი უნიკალურ ქართულ არტეფაქტებად მესახებოდა და შეგროვება დავიწყე. მერე, როგორც ხშირად ხდება, მეც დამემართა ის, რასაც 'ხალიჩის ვირუსს’ უწოდებენ.“
2014 წელს უილიამი კომპანია „reWoven“-ის დამფუძნებელს, რაინ სმითს შეხვდა. მისთვის რაიანი, რომლის არაკომერციული პროექტის მიზანი ბორჩალოს ხალიჩების ქსოვის ტრადიციის შენარჩუნება იყო, ერთგვარ გზამკვლევად იქცა; ერთად მოიარეს ქვემო ქართლისა და კახეთის სოფლები, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები ჯერ კიდევ უძველესი მეთოდით, ხელით აწყობილ სარქველებზე, მატყლის ძაფით ქსოვდნენ ცნობილ ბორჩალოს ხალიჩებს.
სმითების ოჯახის ტრაგედიის შემდეგ უილიამ დანბარმა “reWoven”-ის მართვა გადმოიბარა .
დღეს „reWoven“ მყიდველებთან წელიწადში 30–50 ხალიჩას აგზავნის. დიდი ზომის ნიმუშები 2000–3000$-მდე ღირს. შემოსავალი სოფელს უბრუნდება, მატყლზე, საღებავებსა და პროექტის გაგრძელებაზე იხარჯება.
ადამიანმა ქსოვილის დამზადება 34 000 წლის წინ დაიწყო - ამის დამადასტურებელია საქართველოში, ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი სელის ბოჭკო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველად ითვლება.
ქსოვამ მსოფლიოს ყველა კუთხეში საკუთარი ენა შექმნა. ჩინეთში აბრეშუმი იმპერიის ძალასა და მსოფლიო ვაჭრობას განასახიერებდა. პერუს მთიან სოფლებში ინკები ფერებისა და ორნამენტების საშუალებით საკუთარ ისტორიას ჰყვებოდნენ. აფრიკაში კენტეს ქსოვილი დღემდე ადამიანების სოციალური იდენტობის სიმბოლოა. ევროპაში მატყლისა და სელის ქსოვამ ფლორენცია, ლიონი და ფლანდრია ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად აქცია.
საქართველოში - ქვემო ქართლისა და კახეთის ხალიჩები იმ მრავალეთნიკურ გარემოს ასახავდა. თუშეთში მატყლის ქსოვა ეკონომიკური უსაფრთხოების მთავარი საყრდენი იყო. ეს ტრადიცია მჭიდროდ უკავშირდებოდა მწყემსობის ციკლს და ნათლად აჩვენებდა, როგორ ერწყმოდა ადამიანის შრომა ბუნებას. „ლურჯი სუფრა“ კი ქართული სუფრის, როგორც სოციალურ-კულტურული რიტუალის, მატერიალურ ნიშნად იქცა.
დღეს, ინდუსტრიული ტექსტილის ეპოქაში, მატყლის ძაფის ალისფერი და ინდიგოსფერი ფერები ქარხნული ხალიჩების მოსაწყენმა ტონებმა ჩაანაცვლა. ქსოვის ტრადიციები თითქოს ქრება. მასთან ერთად ქრება ძაფში ჩადებული კოლექტიური მეხსიერებაც. ძველი ქსოვილის შენარჩუნებას მხოლოდ ეთნოგრაფიული მნიშვნელობა არ აქვს. ეს მცდელობაა, არ დავკარგოთ დროის განცდა. როცა ძველი ხალიჩის ნიმუშს ვეხებით, ვეხებით არა მხოლოდ მატერიას, არამედ იმ ხმებსა და სიჩუმესაც, რომლებიც საუკუნეების წინ ადამიანებმა თვითგამოხატვის ფორმად აქციეს.
“ReWoven”-ის ყველაზე ამბიციური მიზანი ტრადიციული ქსოვის მთელი ეკოსისტემის აღდგენაა. გუნდის ოცნებაა შეიქმნას პირველი სრულად „ქართულად ნაქსოვი“ ხალიჩა - ქართული მატყლითა და ადგილობრივი ბუნებრივი საღებავებით. ამისთვის აუცილებელია: მწყემსების დარწმუნება, რომ მატყლი გაყიდონ; ბუნებრივი საღებავების ადგილზე დამზადება; სახელოსნოებისა და მატყლის სარეცხ-სართავი ინფრასტრუქტურის შექმნა. თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - თბილისში ხალიჩების სარეცხი და დამამთავრებელი სადგური გაიხსნა
“ბუნებრივია, ვეღარსდროს დავუბრუნდებით იმ ეპოქას, როცა ხელით ნაქსოვი ქართული ხალიჩები მსოფლიოში უზარმაზარი რაოდენობით იყიდებოდა. თუმცა, დღესაც არსებობენ ადამიანები, ვისაც ხალიჩების ქსოვა შეეუძლია,” - ამბობს დანბარი.
მაგრამ მაინც რატომ არის ეს ძალისხმევა მნიშვნელოვანი? რას აძლევს ეს ადგილობრივ თემებს და ზოგადად კულტურას?
“ჩვენ გვაქვს ფერწერა, სხვადასხვა ფორმის მედია, ფიგურატიული გამოსახულებები, პორტრეტები და ა.შ. მაგრამ ხალიჩები, ნაქსოვი ორნამენტებითა და ფერებით, იმ ყველაზე მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს, რასაც ადამიანი ქმნიდა და ფლობდა. ეს ხალიჩები კონკრეტული თემებისთვის კულტურული და მხატვრული თვითგამოხატულების ფორმაა,” - ამბობს კოსიმა სტიუარტი.
ხალიჩები მხოლოდ ხელოვნების ნიმუშები არ არის - ისინი სოციალური და ეკონომიკური ისტორიის გასაღებიცაა. უილიამი დაინტერესებულია მათი როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური და გეოგრაფიული ასპექტების კვლევით. “რატომ აქვს თუშეთს ამდენი ხალიჩა, ხოლო ხევსურეთს - არა? პასუხი ისაა, რომ თუშეთში ბევრი ცხვარი ჰყავდათ. და რატომ ჰყავდათ ბევრი ცხვარი? იმიტომ რომ, ბახტრიონის აჯანყების შემდეგ მათ ვაშლოვანში მიწა მისცეს, რომ ზამთარში ცხვარი დაებინავებინათ.
ტექსტილის შესწავლა ისტორიის შესწავლაა. “როგორ, რატომ და ვინ ქმნიდა ხალიჩებს? რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ ტფილისთან და შეითან ბაზრის ვაჭრებთან, მოსკოვთან, სტამბულთან? და მერე წარმოიდგინეთ გილდედ ეიჯის სასახლეები ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე - იქ ადამიანები კავკასიურ ხალიჩებზე დადიოდნენ. ამაზე ფიქრი ისევე მაფორიაქებს - როგორც თავად ამ ნივთების სილამაზე, “ - ამბობს დანბარი.
თუმცა ხალიჩების საყოფაცხოვრებო დანიშნულება თითქოს მის მნიშვნელობას გვავიწყებს. “რადგან ხალიჩებზე დავდივართ, ბევრს ეს უბრალოდ იატაკის ძველი ტილო ჰგონია. მაგრამ ეს ხალიჩები უცნობი ქალების თაობებმა შექმენს, ხელით მოქსოვეს, ისინი კავკასიაში ცხოვრობდნენ, იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ სოფლებში, სადაც დავდივართ,” - გვახსენებს უილიამი.
ხალიჩა დროის ხილული მეტაფორაა. ბორჩალოს ხალიჩები უამრავ უცნობს ისტორიას ინახავს; თითოეული კვანძი იმ ქალის ხმაა, რომელიც სიბნელეში სარქველთან იჯდა და საკუთარ ფიქრებს მატერიად აქცევდა. ხოლო ყოველი ახლად მოქსოვილი ხალიჩა იმედს აჩენს, რომ ეს ტრადიცია კვლავ გადარჩება.
ნინო აფაქიძე, "აი, ფაქტის" ჟურნალისტი