Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული უკუსვლა, „ტრამპის მარშრუტის“ მიღმა - რა თქვეს „ჰელსინკის კომისიაში“ საქართველოზე

ოლესია ვართანიანმა, კლერ კაისერმა და ლორა თორნტონმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, კრიზისსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს
ოლესია ვართანიანმა, კლერ კაისერმა და ლორა თორნტონმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, კრიზისსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და ამ გზაზე დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საჭიროება, რეგიონული დინამიკა, აშშ-ის გაძლიერებული როლი სამხრეთ კავკასიაში, „ტრამპის მარშრუტს“ მიღმა დარჩენილი საქართველო - ამ საკითხებზე ისაუბრეს ოთხშაბათს „ჰელსინკის კომისიაში“.

11 თებერვალს, თბილისის დროით გვიან საღამოს აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ გაიმართა ექსპერტთა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მიერ „განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობის“ შესახებ.

მომხსენებლები იყვნენ:

  • ლორა თორნტონი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი; წარსულში თბილისში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი;
  • ოლესია ვართანიანი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი;
  • კლერ კაისერი, ვაჭრობის საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის, McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი.

ივანიშვილი, უკუსვლა და რუსეთი - ლორა თორნტონი

„ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან ახალი და სწრაფია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე არსებობდა ფატალური ნაკლი და ეს ნაკლი რუსეთში შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი იყო.

ივანიშვილი არასდროს ყოფილა დემოკრატიული პრინციპებისა თუ პროცესებისადმი ერთგული და, რაც მთავარია, ის ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა.

მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ კოალიცია რამდენიმე წელიწადში დაიშალა და „პრო-დემოკრატიული, პრო-დასავლური პარტიები მას ჩამოეცალნენ“, შემდეგ კი „არალიბერალური გრავიტაცია“ დაიწყო.

„თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრასთან ერთად მოხდა საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო განშორება და ქვეყანა ავტორიტარიზმში სრულად ჩაიძირა“, - თქვა მან.

ლორა თორნტონმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ბრალდებებზე „კოლექტიური დასავლეთის“ მიმართ, - დასავლელი პარტნიორებისთვის „გლობალური ომის პარტიის“ წოდებაზე, და თქვა:

„ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ღიად მოიხსენიებს ჩინეთს და ირანს, როგორც მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. არსებობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ფოტოც კი, სადაც ის თეირანში ჰამასის წარმომადგენლების გვერდით დგას“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბირისას „დამკვირვებლის პერსპექტივიდან“ განაცხადა, რომ „ეს არჩევნები იყო იმდენად სავსე ხარვეზებით, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყო“ და „აღსავსე იყო დაშინებითა და სხვა სახის უკანონო ქმედებებით“.

თქვა, რომ „ქართველ მომიტინგეებს ძალადობითა და დაპატიმრებებით უპასუხეეს“:

„სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, - რომლის გათავისუფლებასაც მოითხოვს მაკკეინის ინსტიტუტი. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია - და მათგან ბევრია ისეთი, ვინც მეგობრად მიმაჩნია“.

„უფრო ფართო კონტექსტის“ გათვალისწინებით, ლორა თორნტონმა განაცხადა:

  • „პირველ რიგში, საქართველო რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის ძირის გამოთხრას და წინა ხაზზე მყოფი ქვეყნების გავლენის სფეროში მოქცევას. ეს სტრატეგია ახალი არ არის.
  • მეორეც, საქართველოს დომინოს ეფექტი აქვს. საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა სომხეთი, რომელიც ამჟამად რუსეთის ჩრდილიდან თავის დაღწევას ცდილობს“.

„აშშ-ს შეუძლია, კარგი როლი ითამაშოს“ - ვართანიანი

ოლესია ვართანიანმა საუბარი დაიწყო წელიწად-ნახევრის წინ ამავე კომისიაში სიტყვით გამოსვლით, - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პერსპექტივის შესახებ.

„მაშინ ბევრი სკეპტიკოსი ამტკიცებდა, რომ აშშ-ს არაფრის გაკეთება არ შეეძლო; რომ კონფლიქტი ძალიან რთული იყო და ამერიკელებს რეგიონში პირდაპირი ინტერესი არ ჰქონდათ. ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მას შემდეგ მოხდა - მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მაღალი დონის ვიზიტებისა და თეთრი სახლის ჩართულობის ფონზე, - ცხადია, რომ ეს სკეპტიკოსები ცდებოდნენ“, - განაცხადა მან.

„დღეს შეიძლება მოისმინოთ მსგავსი სკეპტიკური განცხადებები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. თუმცა მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგარწმუნოთ, რომ აშშ-ის პროაქტიული ჩართულობა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში სწორი იქნება“.

„შეერთებული შტატები კარგ პოზიციაშია, რათა კონსტრუქციული როლი შეასრულოს ... ზეწოლის ბერკეტების ხელახლა შექმნაში. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი პოტენციური ინსტრუმენტია“, - თქვა მან.

მისი თქმით, სანქციები უკვე ძალაშია და ეს „აშკარად გავლენას ახდენს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე“.

„სანქციები სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში ნამდვილი პოლიტიკური პროცესის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ვართანიანმა.

„სანქციების შესახებ ნებისმიერი საბაზისო სახელმძღვანელო გეტყვით, რომ ისინი ყველაზე ეფექტურია, როდესაც დიპლომატიას არის შერწყმული. შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯების გარეშე, სანქციებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს - ... აიძულოს ისინი, შური იძიონ ყველაზე დაუცველებზე“, - თქვა მან.

„თუკი კრიზისის საფუძველებს არ მიეხედება, საქართველო გააგრძელებს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან მეორეში გადასვლას, დასუსტდება და გარე ზეწოლის მიმართ უფრო დაუცველი გახდება. არა მგონია, რომ ასეთი საქართველოს რომელიმე ვერსია ვინმეს ინტერესებს ემსახურებოდეს - იქნება ეს სამხრეთ კავკასიაში, უფრო ფართო რეგიონში თუ აქ, ვაშინგტონში“, - განაცხადა მან.

TRIPP-ი საქართველოს გარეშე და საქართველოთი - კაისერი

კლერ კაისერმა თავდაპირველად ძალიან მოკლედ მიმოიხილა მიმდინარე საპროტესტო აქციები, აშშ-საქართველოს ურთიერთობები და თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება და შემდეგ სანქციები „მნიშვნელოვანი საპასუხო პოლიტიკა“ იყო.

„აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ეს ზომები უცვლელად შეინარჩუნა. ამავდროულად, ბევრისთვის მოულოდნელად, მან კავკასიის რეგიონს უპრეცედენტოდ დიდი ენერგია და ყურადღება მიაქცია, რამაც, სავარაუდოდ, ბევრი გააკვირვა“, - თქვა მან.

„დღეს ვიცე-პრეზიდენტი [ჯეი დი ვენსი] ასრულებს ვიზიტებს ერევანსა და ბაქოში... ეს ვიზიტები აჩვენებს, თუ რა პრიორიტეტს ანიჭებს ადმინისტრაცია „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების დონის ამაღლებასთან ერთად“, - თქვა მან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივის განხორციელებასთან, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის უფრო ფართო კონტურებთან დაკავშირებით „ბევრი რამ არის გასარკვევი“, ცხადია, რომ „შეერთებული შტატები სტრატეგიულ არჩევანს აკეთებს და ამ კონკრეტულ მომენტში კავკასიაში ჩართულობას ზრდის“.

„რეგიონში აშშ-ის ამ განახლებულ პოლიტიკურ ენერგიულობას აშკარად აკლია საქართველო, ოდესღაც ამერიკის ურყევი პარტნიორი კავკასიაში... საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად, თავი აარიდა რეგიონში მიმდინარე ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას“, - განაცხადა დოქტორმა კაისერმა.

ამ დროს კი, მისი თქმით, „სომხეთ-აზერბაიჯანის დაახლოება ახალ შესაძლებლობას ქმნის არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის - კასპიისა და შავი ზღვის აუზებისთვის - და აშშ-ის უფრო ფართომასშტაბური ჩართულობისთვის“.

მისი თქმით, მართალია, „აბსოლუტურად გამართლებულია“ სანქციების პოლიტიკა „სასჯელის თვალსაზრისით“, თუმცა „თუმცა სანქციების გარდა მექანიზმებს მსჯელობისას საჭიროა, იფიქრონ მიზანზე“:

„დასჯას თავისი ადგილი აქვს. მაგრამ თუ მიზანი არის ქცევის შეცვლა და საქართველოში ქართველი ხალხისთვის პირობების გაუმჯობესება, ჩვენ უფრო შემოქმედებითად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ეს „ინსტრუმენტების ყუთი“ და როგორ უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა მან. მაგალითად აშშ-ის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების ჩარჩო მოიტანა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტი“, მართალია, „ფიზიკურად საქართველოს არ ეხება“, თუმცა „ეს ნამდვილად არის ის გზაა, რომლის უზრუნველყოფაც სურთ არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კავშირის გაუმჯობესების ... თვალსაზრისით, არამედ ... შუა დერეფნის მასშტაბით ქვეყნებს შორის ხიდის გადების თვალსაზრისით“, - თქვა მან.

  • „შუა დერეფანი ტრანსკასპიური კონცეფციაა. ის მრავალი თვალსაზრისით აერთიანებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, მაგრამ იგი ყველაზე ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მასში ყველა მხარე ჩაერთვება“, - თქვა კლერ კაისერმა.
  • „ამგვარად, სუსტი საქართველო ნიშნავს, რომ TRIP-ის კონცეფცია, შუა დერეფნის კონცეფცია, უბრალოდ არ მუშაობს. ის თავის მაქსიმალურ პოტენციალს ვერ იყენებს“.
  • „თუ აშშ აპირებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით ამ ტიპის, საწყისი ეტაპის ინიციატივაში ჩართვას, მას მაქსიმალური ეფექტის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ გაითვალისწინებს ძლიერი საქართველოს პარტნიორობას უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ეკოსისტემაში“.

„ქართული ოცნების“ წინასწარი რეაქციები

კომისიის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკრიტიკეს „ჰელსინკის კომისია“ და იგი აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლაში დაადანაშაულეს.

მაგალითად, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ვხედავთ ჩვენ ჰელსინკის კომისიის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება ამ კომისიის რამდენიმე ლიდერი“.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ჰელსინკის კომისია არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რასაც ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებისთვის იყენებენ და არა მისი ხელშეწყობისთვის“.

„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა:

„ულტრარადიკალური ჯგუფების წამახალისებელი ადამიანები ორივე პარტიაში არიან, როგორც დემოკრატებში, ასევე რესპუბლიკელებში. ამიტომ იქ ობიექტურობას ნუ დაველოდებით, მორიგი ფარსი და შოუ იქნება ტყუილებით გაჯერებული“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG