„ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად TRIPP-ის მარშრუტს („ტრამპის მარშრუტს“), შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვიზიტის ადრესატი არის ორი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანში და სომხეთში“, - თქვა მან.
- კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოიყენა ტერმინი „ზანგეზური“. სომხეთის მთავრობა მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ ტოპონიმის გამოყენებას სომხეთის ტერიტორიის აღმნიშვნელად.
- დაგეგმილი მარშრუტის ის ნაწილი, რომელიც სომხეთშია, ამჟამად არის სომხეთის სიუნიქის პროვინცია. ტერმინ „ზანგეზურს“, „ზანგეზურის დერეფანს“ აზერბაიჯანი და თურქეთი იყენებენ.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, საქართველოც ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი, რატომ არ ხვდება ქვეყანა შეერთებული შტატების დღის წესრიგში:
„ეს არის მათი გადასაწყვეტი“, - განაცხადა მან.
„თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს კონტექსტი „შექმნა [ექსპრეზიდენტი ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციამ“.
„ვნახოთ, ამ ფონზე როგორ განვითარდება, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტულია გზამკვლევით, ველოდებით მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა „ჰელსინკის კომისიაში“ 28 იანვარს დაგეგმილ მოსმენაზე, - სადაც ლორა თორნტონი (მაკკეინის ინსტიტუტის „გლობალური დემოკრატიის პროგრამის“ დირექტორი) და კიდევ ორი ექსპერტი გამოვლენ სიტყვით.
„ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას“, - თქვა კობახიძემ მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ლორა თორნტონს უწოდა „დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი“.
„დადებით მიზნებს რომ არ ემსახურება, ეს, თავისთავად, ფაქტია... მე ვფიქრობ, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის“, - განაცხადა მან.
- შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.
- „თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)“, - დაწერა ტრამპმა.
- გასულ კვირაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დათანხმდნენ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის სექტორის აღსადგენად ინიციირებული „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად მიწვევას.
ფორუმი