Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადახრილი კორპუსი ვარკეთილში - რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მობინადრეებს?

ვარკეთილი 3-ში, 338-ე კორპუსი საგრძნობლად გადახრილია.
ვარკეთილი 3-ში, 338-ე კორპუსი საგრძნობლად გადახრილია.

„გასაღები აღარ ტრიალებს“, „კარი იჭედება“, „ზეთი ტაფის ერთ მხარეს გროვდება“, „კაფელი, იატაკი აიყარა“, „კედლებზე ბზარებია“... - ვარკეთილის 3-ში, 338-ე კორპუსის მცხოვრებლებისთვის მათი სახლის დეფორმაცია წლიდან წლამდე სულ უფრო საგრძნობი ხდება.

პირველი და მეორე ბლოკის სადარბაზოები ერთმანეთის საპირისპიროდ არის გადახრილი - რაც შორიდან კიდევ უფრო შესამჩნევია.

40 წლის წინ აშენებული 9-სართულიანი, 9 სადარბაზოიანი კორპუსის მე-2 სადარბაზოში ხალხი უკვე ორი თვეა ულიფტოდ არის დარჩენილი. ძველის ახლით შეცვლა მუნიციპალიტეტის კონტრაქტორმა კომპანიამ ვერ შეძლო - კედლების მნიშვნელოვანი გადახრის გამო.

სწორედ ამას მოჰყვა მობინადრეთა მორიგი განგაშიც.

გადახრილი კორპუსი ვარკეთილში - 9-სართულიან სახლში ლიფტი ვერ ჩააყენეს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, რომელიც მხოლოდ ზედაპირულ, ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობა, კორპუსს კვლავ მეორე ხარისხის ავარიულობა დაუდგინდა - რაც, ამ ეტაპზე, არასაკმარისია ამ კორპუსის ჩასართავად ჩანაცვლების მუნიციპალურ პროგრამაში.

მუნიციპალური ლაბორატორიის ბოლო დასკვნა 12 ივლისს დაარიგეს, როცა 338-ე კორპუსის მცხოვრებლებთან შესახვედრად სამგორის რაიონის გამგებელი - კახა სამხარაძე მივიდა.

ამ შეხვედრას რადიო თავისუფლებაც ესწრებოდა.

კედლები დაბზარულია
კედლები დაბზარულია

ბოლო დასკვნაში, რომელიც 22 ივნისის დათვალიერების შედეგებს ეყრდნობა, წერია:

  • "ბზარწარმოქმნა ძირითადი შენობის მზიდ კონსტრუქციებში, მობინადრეების გადმოცემით, წინა პერიოდთან შედარებით მომატებულია. თუმცა ვიზუალურად ამის აღქმა ფაქტიურად შეუძლებელია“;
  • „ბლოკ-სექციებს შორის, ანტისეისმურ და დეფორმაციულ ნაკერში არსებული დეფორმაციები და ბზარები პროგრესირებულია“.
  • „ვინაიდან შენობაში ჩატარებულია გამაგრებითი სამუშაოები, მისი ზუსტი ხარისხობრივი შეფასება, ავარიულობის თვალსაზრისით ტექნიკური მდგომარეობისთვის, ვიზუალურად შეუძლებელია“.


ადგილობრივები იხსენებენ, რომ პირველი და მეორე სადარბაზოები „სადღაც 15-20 წლის წინ“ გაამაგრეს, მაგრამ „არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან მარტო სარტყელი გაკეთდა“ და „სხვა ბლოკების მსგავსად, აქაც ჯებირები რომ აეშენებინათ, უკეთესი იქნებოდა“.

„შენობას ჩატარებული აქვს გამაგრებითი სამუშაოები, რომელთა ზუსტი თარიღი, აგრეთვე - საპროექტო და სამშენებლო სამუშაოთა შემსრულებელი ორგანიზაციები არ არის ცნობილი“ - წერია მუნიციპალური ლაბორატორიის ბოლო დასკვნაში.

დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რამდენი სანტიმეტრით არის სადარბაზოები გადახრილი - ზოგი ამბობს 25 სანტიმეტრიT, ზოგიც ნახევარ მეტრს ასახელებს. მართალია გადახრა შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, თუმცა რამდენით - არავის შეუფასებია. ოფიციალურად, არც ის არის დაზუსტებული - დასანგრევია თუ არა ეს შენობა.

„მუნიციპალური ლაბორატორია აკეთებს ზედაპირულ დათვალიერებას და კონსტრუქციულ ნაწილში არ შედის. მისი დასკვნა გვეუბნება, რომ არის მეორე კატეგორია [ავარიულობის]... ჩვენ მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას ვეყრდნობით... თუ თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ აქ [მდგომარეობა] საშიშია, შეგიძლიათ აკრედიტებული ექსპერტიზის [სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის] დასკვნა წარმოადგინოთ. თუ დადგინდება, რომ ამ კორპუსს აქვს მესამე კატეგორიის ან მეტი ხარისხის დაზიანება, მუნიციპალიტეტს ამისთვის აქვს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა“, - უთხრა ხალხს, 12 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ.

განმარტა ასევე, რომ, ამ შემთხვევაში, სამხარაულის ექსპერტიზის საფასური მეზობლების გადასახდელი იქნება, რამაც შეხვედრის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ავარიული კორპუსის მე-2 სადარბაზოს შესასვლელი
ავარიული კორპუსის მე-2 სადარბაზოს შესასვლელი

იმის დასტურად, რომ საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე ამას მუნიციპალური ლაბორატორიის ვიზუალური დათვალიერების დასკვნა ასახავს, გამგებელი კახა სამხარაძე მე-2 სადარბაზოს პირველი სართულის ბინაში შეიყვანეს.

თავად მეპატრონემ - რადიო თავისუფლებას ბინაში შესვლისა და გადაღების უფლება არ მისცა. მოგვიანებით კი გვითხრა - რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტი ყურადღების იმედი აქვს და თუკი ეს იმედი არ გამართლდება, ამის შემდეგ მოგვმართავს.

"შეიძლება ამაღამ პატარა ბიძგები მისცეს და ორი სადარბაზო დაწვეს დაბლა და იყოს დიდი მსხვერპლი. მერე რას გვეტყვით?!", - უთხრა გამგებელს 338-ე კორპუსის ერთ-ერთმა მობინადრემ, რაზეც მიიღო პასუხი - "ღმერთმა დაგვიფაროს... ახლა, მიწისძვრა რომ მოხდეს და რაღაც უბედურება მოხდეს... მაგაზე წინასწარ რატომ [ლაპარაკობთ]".

კორპუსის დანგრევის შიში ამ ეზოში ბევრს აქვს, მაგრამ საჯაროდ ამაზე უმრავლესობა არ ლაპარაკობს. ძირითადად პირად საუბრებში გვიზიარებენ, რომ გაუსაძლისი მდგომარეობა უკვე წლებია გრძელდება.

სადარბაზოს გარეთა კედელი
სადარბაზოს გარეთა კედელი

რადიო თავისუფლებამ დეფორმაციის აშკარა კვალი პირველ და მეორე სადარბაზოებში ნახა - ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარები, დეფორმირებული კიბეები. მობინადრეებს წყალში ეყრებათ რემონტში გადახდილი თანხები - იბზარება კედლები, აყრილია პარკეტი, მეტლახი.

სარდაფებში წყალი დგას, რისი მიზეზიც დადგენილი არ არის. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დაგრეხილი და ჟანგიანი მილები, მათ შორის - კანალიზაციის, დეფორმაციის გამო სითხეს აპარებს.

„2021 წელს პირველად შევიტანე განცხადება [მერიაში] - ექსპერტიზაზე და გამაგრებაზე... მოვიდა პასუხი - მეორე ხარისხი [ავარიულობა]. 2022 წელს ისევ დავწერე განცხადება, 2024 წელს, 2025 წელს და 2026 წელს... ამ წელს დაწერილი განცხადებით ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მოვითხოვე... წლები გადის და უარეს და უარეს მდგომარეობაში ვხვდებით ჩვენ“, - 338-ე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ, ოლგა სემენიშჩევამ გამგებელთან შეხვედრის დროს თქვა, რომ - წელს ჩაბარებული დაახლოებით 7 განცხადებიდან - რომლებიც სახურავებისა თუ მილების საკითხს შეეხებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მხოლოდ ლიფტის საკითხმა მიიპყრო და სწორედ ლიფტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სადარბაზოების პრობლემა:

“აღმოჩნდა, რომ ისეთ დღეში ვცხოვრობთ ჩვენ, რომ ლიფტი საერთოდ ვერ ჩაისმება და ხალხი დღემდე, ორი თვის განმავლობაში დადის ფეხით”.

საპასუხოდ, გამგებელმა მობინადრეებს შეახსენა, რომ კორპუსი მათი საკუთრებაა, ხოლო ყველაფრის მუნიციპალიტეტისთვის გადაბრალება - უსამართლობაა.

„ჩვენი საკუთრების შენახვას ნელ-ნელა უნდა შევეჩვიოთ“, - სამხარაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ამხანაგობის წევრებს საკუთრების შენახვასა და მოვლაში ეხმარება.

ლიფტის ექსპერტიზის მოლოდინში

338-ე კორპუსის გარშემო განგაშის ახალი ტალღა სამეზობლოში მას შემდეგ აგორდა, რაც - აღმოჩნდა, რომ გამგეობის კონტრაქტორმა ძველი ლიფტის ახლით შეცვლა ვერ მოახერხა.

„იმის გამო, რომ კორპუსი არის გადახრილი, კონტრაქტორმა შეაჩერა მუშაობა... მან [კომპანიამ] განაცხადა, რომ [სადარბაზოში] არის გადახრა ისეთი დონის, რომ ახალი ლიფტის მონტაჟი გამოიწვევდა ძალიან რთულ მდგომარეობას და სავალალოს. უსაფრთხოებას ვერ დაიცავდა“, - კახა სამხარაძის თქმით, კონტრაქტორს გამგეობამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა, რომელიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში უნდა იყოს მზად.

338-ე კორპუსის მე-2 სადარბაზოში ლიფტი უკვე ორი თვეა არ მუშაობს - ძველი ახლით ვერ ჩაანაცვლეს
338-ე კორპუსის მე-2 სადარბაზოში ლიფტი უკვე ორი თვეა არ მუშაობს - ძველი ახლით ვერ ჩაანაცვლეს

338-ე კორპუსის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ლიფტისთვის დაკვეთილი ექსპერტიზის პასუხი ბევრ რამეს იტყვის სადარბაზოსა და მთელი კორპუსის მდგომარეობაზეც.

რაში გამოდგება ლიფტის ექსპერტიზა?

გამგებელმა რადიო თავისუფლებას ოფიციალურ კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა მაინც გაგვიზიარა - თუ რაზე შეჯერდნენ საბოლოოდ:

  • დაელოდებიან ლიფტის ექსპერტიზის [სამხარაულის ექსპერტიზის] დასკვნას;
  • თუკი დადგინდა, რომ ახალი ლიფტი შახტში სწორედ კორპუსის დეფორმაციის გამო ვერ ჯდება - ამის შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ ქალაქის მთავრობამ სამხარაულის ექსპერტიზა უკვე სადარბაზოებზეც დანიშნოს, რაშიც მოსახლეობას ფულის გადახდა აღარ მოუწევს;


ხოლო თუკი სამხარაულის ექსპერტიზა დაადგენს, რომ კორპუსს მესამე ან უფრო მაღალი ხარისხის ავარიულობა აქვს, ჩანაცვლების პროგრამა ამოქმედდება და მოსახლეობას ქირით გაყვანას შესთავაზებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG