ანატოლი გიგაურის საქმის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, 28 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სხდომა გაურკვეველი დროით გადაიდო.
გიგაურის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ 6 აგვისტოს ფეისბუკზე დაწერა, რომ საღამოს აცნობეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო სხდომა პარასკევს, 8 აგვისტოს, დაინიშნა.
„გიგაური იტყვის საბოლოო სიტყვას და იმავე დღეს გამოცხადდება განაჩენი“, - წერდა ადვოკატი.
თუმცა დღეს, 7 აგვისტოს, ადვოკატმა დაწერა: „აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ შემადგენლობიდან დამიკავშირდნენ და უკვე მეორედ გაუქმდა ჩანიშნული პროცესი“.
„სავარაუდოდ ანატოლი გიგაურის პროცესი, რომელზეც განაჩენი გამოცხადდება გაიმართება ორშაბათს ან სამშაბათს. თარიღს და დროს უახლოეს დღეებში დააზუსტებენ“, - წერს ადვოკატი.
იგივე ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე, იცავდა ექიმ გიორგი ახობაძის ინტერესებს - ახობაძე გუშინ, 6 აგვისტოს, უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს.
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია.
გამოძიების ფორმულირებით, იგი თავს დაესხა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი