პოპულისტური მოძრაობების აღმასვლა დასავლეთში ემთხვევა იმ ფინანსური და ეკონომიკური სისტემის კრიზისს, რომელიც 2008 წელს დაიწყო. შესაბამისად, ამ მოძრაობების რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის სიღარიბისა და უთანასწორობის თემა კაპიტალისტურ საზოგადოებებში. პოპულისტური ხედვა სიღარიბეზე მართალია, ერთგვაროვანი არ არის, მაგრამ ერთი საერთო ნიშნის შემჩნევა მაინც შეიძლება: უმრავლეს შემთხვევებში აქცენტი გადადის ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობიდან „ელიტასა“ და „დანარჩენებს“ შორის არსებულ უთანხმოებებზე. მსგავსი რიტორიკა ზოგჯერ საქართველოშიც შეიმჩნევა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თუ განვიხილავთ, რა საფრთხეებს შეიცავს.
იქიდან დავიწყებ, რომ სიღარიბის მთავარი მიზეზი ჩვენს საზოგადოებებში ეკონომიკური წყობის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიღარიბის მთავარი მიზეზი სტრუქტურულია და არა ინდივიდუალური (გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით - მაგალითად, მდიდარი ადამიანი, რომელიც შეპყრობილი იყო ლუდომანიით და გაღარიბდა). ასეთი ორი სტრუქტურული მიზეზის გამოყოფა შეიძლება: პირველი - ჩამორჩენილი ეკონომიკა (რითიც მემარჯვენეები მუდმივად აპელირებენ), და მეორე - ღარიბი ფენების ეკონომიკური ექსპლუატაცია (რაზეც ძირითადად მემარცხენეები აკეთებენ მთავარ აქცენტს). ორივე ეს მიზეზი ფუნდამენტურია: თუკი ფული არ იქნება, ის ვერც გადანაწილდება; თუკი ფული იქნება, მაგრამ არ გადანაწილდება, სიღარიბე ვერ აღმოიფხვრება (წარმოიდგინეთ მდიდარი დასავლური საზოგადოებები სოციალური დაცვის პროგრამებისა და შრომის კანონმდებლობის გარეშე). პოპულიზმის მთავარი ამოცანა ის არის, რომ ყურადღება ამ სტრუქტურული მიზეზებიდან გადაიტანოს ისეთ მიზეზებზე, რომლებიც პრობლების მთავარ არსს არ წარმოადგენს.
პოპულისტების ყველაზე საყვარელი ხერხი არის ეკონომიკური ხასიათის ექსპლუატაციის შენიღბვა „ლიბერალურ ელიტასა“ და „დანარჩენებს“ შორის არსებული უთანასწორობით. მართალია, სტატისტიკურად ეს „ელიტები“ ეკონომიკურად შედარებით წარმატებულები არიან, ვიდრე „დანარჩენები“, მაგრამ ისინი ეკონომიკური თამაშის წესებს არ აწესებენ. პარადოქსულია, რომ ისინი, ვინც თამაშის წესებს აწესებენ, - მაგალითად, ყველაზე მდიდარი კორპორაციები და ინდივიდები, - ხშირად თავს ჩაგრულების მხარეს მოიაზრებენ. ამის საუკეთესო მაგალითი დონალდ ტრამპია აშშ-ში - მილიარდერი, რომელმაც ყველაზე მდიდრებს, მათ შორის მულტიმილიონერებსა და მილიარდერებს, გადასახადები შეუმცირა. ტრამპი მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს იმათ, ვინც სისტემამ და „ლიბერალურმა ელიტებმა“ გარიყეს. ამავე დროს იგი ეჭვქვეშ არ აყენებს „ელიტურობის“ განმსაზღვრელ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა, მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობა, „წარმატებულობა“ და სოციალური სნობიზმი. მაგალითად, 2018 წლის ივნისში, ტრამპმა მხარდამჭერებს ასე მიმართა: „რატომ არიან ისინი ელიტები? მე მაქვს ბევრად უკეთესი სახლი, ვიდრე მათ აქვთ. მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ისინი. მე უფრო მდიდარი ვარ, ვიდრე ისინი. მე გავხდი პრეზიდენტი, ისინი - ვერა. მე წარმოვადგენ ყველაზე საუკეთესო, ჭკვიან, ერთგულ ადამიანებს დედამიწაზე - რეგვენებს (the deplorables)”. (ცხადია, ტრამპის მიერ სიტყვა „რეგვენის“ ხმარება ამ კონტექსტში ირონიულია. პირველად ეს სიტყვა ტრამპის მხარდამჭერებთან მიმართებაში ჰილარი კლინტონმა გამოიყენა.)
ე.ი. ტრამპისთვის პრობლემა ეკონომიკური უთანასწორობა კი არ არის (პირიქით, თავად ის ამ უთანასწორობის ერთ-ერთი სიმბოლოა), არამედ უფრო მეტად - „კულტურული“ ფაქტორები. უფრო კონკრეტულად, ტრამპი და სხვა პოპულისტები უტევენ „დედაქალაქის ლიბერალურ ელიტებს“ ან უბრალოდ „ურბანულ ელიტებს“. მათი გადმოსახედიდან, ასეთები არიან მეინსტრიმული მედიის ჟურნალისტები, შემოქმედებითი სფეროების მუშაკები (ტრამპის მომხრეები ხშირად ახსნებენ „ჰოლივუდის ელიტებს“), ლიბერალურად განწყობილი ინტელექტუალები და აკადემიკოსები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და ა.შ. მიუხედავად მათი ქონებრივი მდგომარეობისა.
Financial Times-ის პოლიტიკური კომენტატორი გიდეონ რახმანი შენიშნავს, რომ „ტრამპის, ბრექსიტის, ორბანისა და ერდოანის მოწინააღმდეგე ქალაქის მცხოვრებლები, როგორც წესი, უფრო მდიდრები და განათლებულები არიან, ვიდრე მათი ოპონენტები... ქალაქის მცხოვრებლები ასევე, როგორც წესი, უფრო მეტს მოგზაურობენ, მიდიან სასწავლად საზღვარგარეთ ან თავად არიან ახალბედა იმიგრანტები. მაგალითად, ნიუ-იორკისა და ლონდონის ამჟამინდელი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი საზღვარგარეთ არის დაბადებული.“
ერთი რამ, რაც რახმანს მხედველობიდან რჩება, ის არის, რომ „ლიბერალური ელიტების“ შედარებით სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა პოპულისტებისთვის მეორეხარისხოვანი საკითხია. პოპულისტებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობა ერთმანეთს გადაჰკიდონ მათი საცხოვრებელი ადგილის, განათლების დონის, კულტურული პრეფერენციების მიხედვით. ისინი ამას იმ მიზნით შვრებიან, რომ დაფარონ ყველაზე მთავარი: ეკონომიკური ექსპლუატაციით გამოწვეული უთანასწორობა.
ცხადია, ქალაქსა და სოფელს, ან უმაღლესი განათლების მქონეებსა და არმქონეებს შორის არსებული ეკონომიკური უთანასწორობების განხილვა მნიშვნელოვანია (უკვე დიდი ხანია, რაც სოციოლოგები საუბრობენ ე.წ. „ციფრულ განხეთქილებაზე“), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განსხვავებები ეკონომიკური სისტემის არსს არ წარმოადგენენ. ეს უთანასწორობა იმიტომ არ წარმოიშვა, რომ ქალაქელებს რეგიონებში მცხოვრებლები არ მოსწონთ, ან იმის გამო, რომ „მაღალი კულტურის“ (ამ ტერმინით ალბათ ყველა ადამიანი სხვადასხვა რამეს გულისხმობს) მოტრფიალეები დანარჩენებს ზემოდან უყურებენ. უთანასწორობის წარმოშობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ძალაუფლებრივი ბალანსი კაპიტალსა და მშრომელ ძალას შორის პირველი მათგანის მხარეს არის გადახრილი. ამის გამოსასწორებლად გვჭირდება უკეთესი სოციალური პროგრამები, შრომითი რეგულაციები და განათლების სისტემა. ამ მდგომარეობას ვერ გამოვასწორებთ იმით, თუ მოსახლეობის კულტურული ნიშნით ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაყოფას კიდევ უფრო გავამწვავებთ. პირიქით, ამ გზით თუ წავალთ, ყველაზე მთავარი მუდმივად მხედველობის მიღმა დაგვრჩება.