იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში, შენიშვნები მხოლოდ გიგა ფარულავამ გამოთქვა - პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა. მისი შეფასებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - “ქართული ოცნება” ცდილობს, “კანონის ძალით აკრძალოს კრიტიკული აზრი და პოლიტიკური აქტივობა”.
ფარულავას შეკითხვა უკავშირდებოდა კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სადავო აქცენტსაც - რაც საზღვარგარეთიდან ფიზიკური პირებისთვის გადმორიცხულ თანხებს შეეხება და ბადებს შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა გასამართლდნენ ისინი, ვისაც საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტები საქართველოში ფულს ურიცხავენ.
გიგა ფარულავამ კონკრეტულად იკითხა - თუკი რომელიმე მოქალაქემ საზღვარგარეთ მყოფი უცხოელისგან გადმორიცხული თანხა “გამოიყენა პოლიტიკური აქტივობისთვის, საზოგადოებრივი აქტივობისთვის, რომლითაც ის აკრიტიკებს, მაგალითად, კორუფციაში ჩაფლულ ხელისუფლებას, აკრიტიკებს ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ კურსს, - ამისთვის თავის სოციალურ გვერდზე განათავსებს შესაბამის ინფორმაციას, შესაბამის ვიდეომასალას, მოკლე ვიდეოფილმს, - ჩაითვლება თუ არა ეს კონკრეტული გამოყენებული თანხა გრანტად”, დაისჯება თუ არა ასეთი ადამიანი, თუკი მას არ ექნება მთავრობის ნებართვა თანხის მიღებაზე?
არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ “თუ უცხოელი ემიგრანტი ოჯახში თანხას რიცხავს საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე… ეს გრანტად არ ჩაითვლება”; ხოლო, მაგალითად, მილიარდერ ჯორჯ სოროსის, როგორც ფიზიკური პირის და მისი ფონდის გადმორიცხული თანხები, გორდულაძის განმარტებით, ორივე შემთხვევაში გრანტად შეფასდება.
“პასუხი ვერ მივიღეთ”, - თქვა გიგა ფარულავამ და კონკრეტულ შეკითხვაზე კვლავ კონკრეტული პასუხი მოითხოვა. გორდულაძემ კი ისევ გაიმეორა, რომ ნორმა არ შეეხება საყოფაცხოვრებო მიზნებით გადმორიცხულ თანხებს, “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”:
“გთხოვთ [კანონპროექტში] მიმითითოთ ნორმა, რომელიც ამბობს, რომ თუ ემიგრანტი თავის ოჯახის წევრს ჩაურიცხავს თანხას, საყოფაცხოვრებო მიზნიდან გამომდინარე, ის მიიღებს ასეთ თანხას და შემდეგ გადაწყვეტს, რომ რაიმე პოლიტიკური მესიჯები გაავრცელოს - უკაცრავად სლენგისთვის - თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით ან პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს, ეს მას ეკრძალება. ვერ მეტყვით ასეთ ნორმას, იმიტომ რომ ასეთი ნორმა არ არსებობს და წარმოდგენილ კანონპროექტში ასეთი რამ მითითებული არ არის”.
მაგრამ გორდულაძე ცალკე უსვამს ხაზს, რომ თუკი ჩარიცხვა “პოლიტიკური მიზნით” იქნება, მაშინ თანხა გრანტად ჩაითვლება და "ვალდებულება ექნება პირს, რომ აიღოს საქართველოს მთავრობისგან შესაბამისი თანხმობა”.
ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას არ აკმაყოფილებს ზოგადი, ზეპირი განმარტება, რომ ემიგრანტებისთვის გადმორიცხული თანხა გრანტად არ ჩაითვლება - რადგან მათთვის “საკანონმდებლო პაკეტი ინტერპრეტაციის იმდენად ფართო შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს” და მათ შორის - ემიგრანტების ოჯახებსაც. თავის გამოსვლაში ეს ფარულავამაც აღნიშნა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ახალ საკანონმდებლო ინიციატივას უწოდებს “ივანიშვილის კანონს საქართველოს წინააღმდეგ” და განმარტავს, რომ ეს ნორმები, მაგალითად, უკრძალავს სტუდენტებს უცხოური სტიპენდიის მიღებას, მეწარმესა და IT სპეციალისტს უცხოეთიდან ნებისმიერი შემოსავლის მიღებას, უცხოელ ექიმს ქართველი პაციენტის უფასოდ მკურნალობას.
“ქართულ ოცნებაში” ამ ყველაფერს ტყუილს უწოდებენ.
კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა "ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით".
საკანონმდებლო ცვლილებებით: გრანტად ჩაითვლება სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის და იურიდიული პირისთვის [მათ შორის - სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, “რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას”] “ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები”, რომლებიც:
- ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ;
- აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
2 თებერვალს სადავო პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, არჩილ გორდულაძემ უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეათანხმა კიდევ ერთი საკითხი - რაც წარმოდგენილ პაკეტს კიდევ უფრო ამკაცრებს მეწარმე იურიდიული პირებისთვის. ისინი შეიძლება განმეორებითი დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით გაასამართლონ.
“რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და შესაბამისად - ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა, ხოლო პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულმა პირებმა”, - თქვა გორდულაძემ.
- პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, “მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან“, წესდებოდა ჯარიმა: პირველ ჯერზე - 20 ათასი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 40 ათასი ლარი;
- ახალი შესწორების თანახმად, პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს ამ დათქმით უყარა კენჭი და დაამტკიცა. გორდულაძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილება, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, მეორე მოსმენის დროს აისახება.
კანონპროექტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირებისთვის „პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“.
ცვლილებების პაკეტით:
- „გრანტების შესახებ" კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.
- სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება „ლობიზმი“ - ფულის გადახდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის, საქართველოსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების ლობირებისთვის - ამ შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
საკანონმდებლო პაკეტში კიდევ არაერთი სხვა ახალი შეზღუდვაა.
„საქართველოს სახელით საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და პრეროგატივაა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი, საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც იგი საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის“, - განაცხადა 2 თებერვალს არჩილ გორდულაძემ.
“საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება” მთავარი მიზანია, რითაც ავტორები სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს ხსნიან. ექსპერტებისთვის კი ის ხალხის საბოლოოდ გასაჩუმებელი მექანიზმია.
2024 წლის ნოემბერში დაწყებული პროევროპული პროტესტის წინააღმდეგ, სადავო პარლამენტმა, სხვადასხვა დროს, ათობით ახალი კანონი დაამტკიცა - ძირითადად, დაჩქარებული წესით. “ოცნებაში” არ დაუმალავთ, რომ “ხვრელების ამოვსების” ხერხს მისდევენ.
5000 ლარამდე გაზრდილ ჯარიმებს "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბერში კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები დაამატა. გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა; ხოლო მეორე ჯერზე - სასჯელი სისხლის სამართლის წესით. დეკემბერში დაჩქარებული წესით დამტკიცებული ახალი რეგულაციებით, აქციების მონაწილეებს ტროტუარზე დგომისთვისაც იჭერენ.
ფორუმი