Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მამუკა მდინარაძის ტყვე ვარ“ - ელისო კილაძის ეპიზოდი „ქოლცენტრების“ დიდ საქმეს გამოეყო, განხილვა დაიხურა

ფოტოილუსტრაცია: ჟურნალისტი ელისო კილაძე
ფოტოილუსტრაცია: ჟურნალისტი ელისო კილაძე

ელისო კილაძის ეპიზოდი ე.წ. ქოლცენტრების იმ დიდ საქმეს გამოეყო, რომელშიც ბრალდებულებს შორის არიან სუსის ყოფილი უფროსი, ყოფილი გენპროკურორი და მკვლელობის შეკვეთაში მსჯავრდადებულიც. საქმის განხილვაც, პროკურატურის მოთხოვნით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, დაიხურა.

წინასასამართლო სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის იმ საქმეზე, რომელში ბრალდებულიც არის გამოცემა „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე.

მას ბრალად ედება თაღლითობა და ფულის გათეთრება. ამ დანაშაულების შინაარსს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლები განმარტავს. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმე ე.წ. ქოლცენტრების დანაშაულებრივ სქემას უკავშირდება. პროკურატურა ამბობს, რომ ელისო კილაძე არის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელშიც, ჟურნალისტის გარდა, კიდევ ათი ადამიანი ფიგურირებს. მათ შორის, პროკურატურის მტკიცებით, არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი ძმები მიქაძეები.

გამოყოფილი საქმე

ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე პროკურატურამ „ქოლცენტრების“ დიდი საქმიდან გამოყო. ეს ნიშნავს, რომ განხილვა ცალკე გაგრძელდება. ბრალდებულის სკამზე ელისო კილაძე მარტო იჯდება.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ელისო კილაძის ეპიზოდზე გამოძიება დაასრულეს, დანარჩენებზე ჯერ არა. სწორედ ამ არგუმენტით გამოიყო საქმე.

წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომების დახურული ფორმატით განხილვის შუამდგომლობაც დააყენა, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა კი დააკმაყოფილა.

პროკურორმა განხილვის დახურვის აუცილებლობა მოწმეების დაცვის არგუმენტით ახსნა. მისი თქმით, მოწმეების გამოკითხვით იკვეთება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხი და მოწმის ჩვენებების გამჟღავნებით შესაძლოა საფრთხე შეექმნათ მათ და მათი ოჯახის წევრებს, - მანამდე, სანამ "საქმე მიმდინარეა“.

მისი თქმით, „ამ საქმის დეტალები არ უნდა გავრცელდეს ფართოდ, მოწმის ან მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ზეწოლის გამოსარიცხად“.

მსგავსი არგუმენტებით დაიხურა ე.წ. ქოლცენტრების დიდი საქმეც. მაშინ გადაწყვეტილება მოსამართლე ევა ბარბაქაძემ მიიღო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლო სხდომა, როგორც წესი, საჯარო და ზეპირია, თუმცა კანონი ადგენს სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პირობებს.

სხდომის დახურვა სავალდებულო ხდება მაშინ, როცა საქმე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს ეხება.

სხვა შემთხვევებში კი მოსამართლეს შეუძლია, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, სხდომა სრულად ან ნაწილობრივ დახუროს:

  • პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;
  • პროცესის მონაწილის ან მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • სქესობრივი, ოჯახური დანაშაულის ან ტრეფიკინგის მსხვერპლის ინტერესების დასაცავად;
  • პირადი მიმოწერის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად;
  • ასევე მაშინ, თუ პროცესის მონაწილე ფარულ საგამოძიებო ან ოპერატიულ საქმიანობაში მონაწილეობდა.

კანონით, სხდომა შეიძლება დაიხუროს ნაწილობრივ ან სრულად.

ამასთან, მოსამართლეს შეუძლია, სხდომა წესრიგის დაცვის მიზნითაც დახუროს.

მიუხედავად დახურული ფორმატისა, სასამართლო ვალდებულია, სხდომის დახურვის საფუძველი საჯაროდ გამოაცხადოს, სასამართლოს გადაწყვეტილებები ნებისმიერ შემთხვევაში საჯაროდ ცხადდება.

სხდომის დახურვას არ ეთანხმებოდნენ ბრალდებული ელისო კილაძე და მისი ადვოკატები


ბრალდებულმა ჟურნალისტმა სიტყვის თქმაც მოასწრო:

„პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?... რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.

3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.

მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე...

ციხეში დავალპობო, ნათქვამი აქვს [მდინარაძეს] - (სუსის ყოფილი უფროსი, ამჟამად სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში რ.თ.). ვნახოთ, ვინ სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში...[გულისხმობს რუსთავის ციხეს - რ.თ.]

მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, ფეისბუკიდან ჩემი პოსტები წაშლილია. მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი. ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს, რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა.

რაც შეეხება „ქოლცენტრებს“, ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ.

მე შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფაქტებზე, ისეთ რამეს მაბრალებენ, რასაც ვებრძოდი. „ქოლცენტრებით“ დაინტერესება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ის თანამდებობის პირებს ასახელებდა, მე მეორე მხარეს, კეზერაშვილს და ა.შ. ერთადერთი ბერკეტი მრჩება, სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებები ჩამოვანგრიო, მინდა პროცესი იყოს ღია.

მეუბნებიან, რომ თაღლითი ვარ, ვიღაც გერმანელები მოვატყუე და მეუბნებიან, რომ ვარ „ფულის გამთეთრებელი“, უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ...

...მინდა იცოდეთ, რომ ციხეში წიგნს ვწერ, ეს წიგნი იქნება ძალიან სკანდალური და ჩვენი უახლესი ისტორიის ამსახველი".

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბრალდებული ჟურნალისტი სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს, პირად ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. მამუკა მდინარაძე ბრალდებებს პირადად არ გამოხმაურებია.

ბრალდებულ ჟურნალისტს 19 თებერვალს უპასუხა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, ჟურნალისტის ბრალდებები „აბსურდია“ და „როცა არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭირდება“.

„მან უკვე მეორედ გააკეთა ეს განცხადება. პირველი დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთა. რამე რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, გამოაქვეყნებდა. ზოგადად, ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. მგონი, მისი ეს განცხადებები სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტი ელისო კილაძე 2026 წლის 18 თებერვალს თავის სახლთან დააკავეს.

ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოცემების, „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარი რედაქტორია. ჟურნალისტის მიერ გავრცელებული სკანდალური თუ ექსკლუზიური ცნობები, რომელთა გადამოწმება უმეტესად რთული ან შეუძლებელი იყო, ჟურნალისტის ფარული წყაროების ცნობებს ეყრდნობოდა. „სახელმწიფო სტრუქტურებში ჩიტები მყავს“, - ამბობდა ელისო კილაძე.

ბოლო დროს აშუქებდა კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს და სასამართლო პროცესებს. აცხადებდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებულის, დავით მიქაძის მეგობარია.


ე.წ. ქოლცენტრების საქმე

პროკურატურის მტკიცებით, 2020-2023 წლებში „ქოლცენტრების“ დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფებს, რომლებიც თაღლითური შემოსავლებით ოპოზიციურ მედიებს აფინანსებდნენ, ხოლო „ქოლცენტრების“ ნაწილს სუსის ყოფილი უფროსის, პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის და ძებნილი, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრები მფარველობდნენ.

როგორ?

გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა მისამართზე, მოაწყვეს "ქოლცენტრები" რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით.

ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები, პროკურატურის მტკიცებით, ასე იყო განაწილებული:

  • "ქოლცენტრების" გამართული ფუნქციონირება;
  • კრიმინალური საქმიანობის პოლიციისგან და კონკურენტებისგან დაცვა-მფარველობა;
  • გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერა და საჭიროებისადა მიხედვით, ე.წ. დაუმორჩილებელი კონკურენტების საქმიანობის გამჟღავნება.


გამოძიების ვერსიით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით, „ქოლცენტრებს“ მფარველობდნენ, იცავდნენ სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან. „მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც“.

ჟურნალისტ ელისო კილაძის როლს ამ სქემაში პროკურატურა ასე წარმოაჩენს:

თუ "ქოლცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების რისკი გაჩნდებოდა, ელისო კილაძე ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, „დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას ცდილობდა“. ამხელდა „კონკურენტ ქოლცენტრებს“, ამჟღავნებდა მათ ადგილმდებარეობას და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას. „ემუქრებოდა“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით და „აშანტაჟებდა, რათა გადმოებირებინა“.

წინასასამართლოს სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ადვოკატ ნათია კორკოტაძის განმარტებით, პროკურორმა მათი მტკიცებულების დაუშვებლობა მოითხოვა. ადვოკატს, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და შინაარსზე ვერ საუბრობს. წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს გაგრძელდება.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG