Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის FSB, ტყუილები და აშშ-ის FBI-სთვის სიმთვრალეში გაგზავნილი SMS-ები: ნომა ზარუბინას უცნაური საქმე

ფართო კავშირების მქონე ზარუბინა კონტაქტებს ამყარებდა ჟურნალისტებთან, მკვლევრებთან, ოპოზიციის აქტივისტებთან - სავარაუდოდ, FSB-ს მითითებით.
ფართო კავშირების მქონე ზარუბინა კონტაქტებს ამყარებდა ჟურნალისტებთან, მკვლევრებთან, ოპოზიციის აქტივისტებთან - სავარაუდოდ, FSB-ს მითითებით.

ბოლო წლებში ასეთი არაერთი შემთხვევა იყო: რუსებს, რომლებმაც წლები შეალიეს ანალიტიკურ ცენტრებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შორის ქსელების შექმნას, მოგვიანებით აშშ-ის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვისთვის ფარულად მუშაობაში. ნომმა ზარუბინას საქმე ცოტა განსხვავებულია.

ზარუბინა დაახლოებით 12 თვით ადრე დააკავეს და ბრალი წაუყენეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს - FBI-ს - არაერთხელ მოტყუებაში თავისი ურთიერთობის შესახებ რუსეთის შინაგანი დაზვერვის უწყებასთან, უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB). ხელისუფლების მტკიცებით, ზარუბინა, რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების კონკრეტული მითითებით, წლების განმავლობაში ამყარებდა ურთიერთობებს ჟურნალისტებთან, ანალიტიკური ცენტრების ექსპერტებსა და მკვლევრებთან, ასევე აშშ-ში რუსეთის ოპოზიციის აქტივისტებთან.

2 დეკემბრის სხდომაზე მოსამართლე დაინტერესდა არა იმდენად ამ ამბით, რამდენადაც იმით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ზარუბინამ, სავარაუდოდ, ათობით ტექსტური შეტყობინება და ფოტოსურათი გაუგზავნა, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში, FBI-ის ერთ-ერთ აგენტს, რომელმაც ის ადრე დაკითხა. პროკურორების თქმით, ის აგენტს „დასცინოდა“.
„როგორ გიკითხოთ?“ - წერდა ის სასამართლოს ოქმებში შეტანილ რამდენიმე ტექსტურ შეტყობინებას შორის ერთ-ერთში. „ძალიან დაღლილი ვარ. ყველაფერს დედა აქვს ნატირები.”


ზარუბინამ, სავარაუდოდ, უამრავი ტექსტური შეტყობინება და ფოტო გაუგზავნა FBI-ის აგენტებს, სანამ ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, სასამართლო პროცესის მოლოდინში.
ზარუბინამ, სავარაუდოდ, უამრავი ტექსტური შეტყობინება და ფოტო გაუგზავნა FBI-ის აგენტებს, სანამ ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, სასამართლო პროცესის მოლოდინში.

2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ზარუბინამ გააკრიტიკა FBI, მათ შორის ის აგენტიც, რომლის თვალთვალშიც ადანაშაულებდნენ მას და რომელიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.

FBI-ში „ისევე მუშაობენ, როგორც რუსები“, - თქვა მან. „ისინი ატყუებენ ადამიანებს, საქმეებს “უკერავენ” მათ, თქვენ ეს იცით, ისინი არსებითად მუდმივად “აბუქებენ” საქმეებს, და ახლა თქვენ, ყველანი, ძალიან ამახვილებთ ყურადღებას ჩემს სმაზე, მაგრამ მე ხშირად არ ვსვამ“.
მოსამართლე თანაგრძნობით უსმენდა, მაგრამ ზარუბინას სიტყვებს მასზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მან გადაწყვიტა, ეჭვმიტანილი პატიმრობაში ყოფილიყო სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

ზარუბინას შემთხვევა ბოლოა იმ არაერთ საქმეს შორის, რომლებიც საზოგადოების ყურადღებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ეს საქმეები ეხება რუს ქალებს და კაცებს, რომლებსაც პირდაპირი კავშირები აქვთ რუსეთის დაზვერვასთან და რომლებმაც წლები დახარჯეს ემიგრანტულ წრეებში კავშირების დამყარებასა და დასავლურ ანალიტიკურ ცენტრებს, ჟურნალისტებსა და კულტურულ ჯგუფებს შორის ქსელების შექმნაში. ასეთები არიან მარია ბუტინა, ნატალია ბურლინოვა, ელენა ბრენსონი, ალექსანდრ იონოვი.

ზარუბინა „მოქმედებდა, როგორც ობიექტი, რომელზეც იოლი იყო წვდომა. მან დაამყარა საწყისი კონტაქტები დაინტერესებულ პირებთან და ისე მოიქცა, რომ ის კარგად დამახსოვრებოდათ, რათა ეს კონტაქტები მოგვიანებით გამოყენებულიყო მის ან სხვა, უფრო გამოცდილი ოპერატიული თანამშრომლის მიერ“, - აგვიხსნა ანდრეი სოლდატოვმა, გამომძიებელმა ჟურნალისტმა და წიგნის თანაავტორმა რუსი ემიგრანტების წრეებისა და იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად ხდება მათში რუსული სადაზვერვო სააგენტოების ინფილტრაცია. „ეს ძალიან კარგი, ტრადიციული ტაქტიკაა“.

„უფრო ნათელი წარმოდგენა “განსაკუთრებულობის” შესახებ“

FBI ამბობს, რომ ზარუბინას „პირველად დაუკავშირდა“ 2020 წლის 5 ოქტომბერს ბრენსონის, წლების განმავლობაში ნიუ-იორკში მყოფი კიდევ ერთი რუსი ქალის, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სანამ FBI ზარუბინას დაკითხავდა, აგენტებმა - მათ ჩხრეკის ორდერი ჰქონდათ - ბრენსონის მანჰეტენზე მდებარე ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ბინა, რომელიც ბრენსონის საკუთრებას წარმოადგენდა პრინსტონის უნივერსიტეტის გარდაცვლილ ეკონომისტ უილიამ ბრენსონთან განქორწინების შედეგად, საშინაო ოფისის ფუნქციასაც ასრულებდა ორგანიზაციისთვის სახელწოდებით „რუსული ცენტრი ნიუ-იორკი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

FBI-ს ამ ჩხრეკიდან სამი კვირის შემდეგ, ბრენსონი რუსეთში გაიქცა, რის შემდეგაც სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს FBI-ს შეიარაღებულმა აგენტებმა iPhone-ები, iPad-ები, კომპიუტერები, დოკუმენტები და საგადასახადო დეკლარაციები წაიღეს. დაახლოებით 18 თვის შემდეგ, 2022 წლის მარტში, აშშ-ის პროკურორებმა ბრენსონს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს, რომლის თანახმადაც, ის თითქმის ათი წლის განმავლობაში რუსეთის მთავრობის არარეგისტრირებულ აგენტად მუშაობაში დაადანაშაულეს.

Telegram-ის ამ პოსტის პირველი სურათი გადაღებულია 2019 წელს ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე, რომელსაც ესწრებოდნენ ზარუბინა (მარჯვნიდან მეორე) და ბრენსონი (მარცხნივ ბოლო).
Telegram-ის ამ პოსტის პირველი სურათი გადაღებულია 2019 წელს ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე, რომელსაც ესწრებოდნენ ზარუბინა (მარჯვნიდან მეორე) და ბრენსონი (მარცხნივ ბოლო).

ციმბირის ქალაქ ტომსკის მკვიდრი ზარუბინა, მოსკოვის ელიტური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2016 წელს შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში გაემგზავრა. მან ბრენსონთან დაიწყო მუშაობა და მას „რუსული ცენტრის“ ვებსაიტის მართვაში ეხმარებოდა. ეს ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებითა და პირდაპირი ხელმძღვანელობით ხელს უწყობდა რუსული კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.

ბრენსონი ზარუბინას ქალიშვილის ნათლიაც იყო და ზარუბინას თქმით, ის ბრენსონის ქალიშვილთან ახლოს იყო.
ზარუბინა ნაყოფიერად მუშაობდა, როგორც ქსელის თანამშრომელი, ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში, მონაწილეობდა დისკუსიებსა და ადვოკატირების ჯგუფებში, ესწრებოდა წიგნის პრეზენტაციებს, ურთიერთობდა როგორც რუსებთან, ასევე ამერიკელებთან. ის სოციალურ ქსელებში უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. ის გამოდიოდა ვაშინგტონსა და ოტავაში გამართულ ღონისძიებებზე, მათ შორის იმ ღონისძიებაზეც, სადაც „რუსეთის დეკოლონიზაცია“ განიხილებოდა.

2022 წლის შემოდგომაზე მან მოიპოვა ვაშინგტონის ცნობილი ანალიტიკური ინსტიტუტის -„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ - სტიპენდია.
„საზღვარგარეთ ხანგრძლივმა ცხოვრებამ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთობლივმა პროექტებმა [ზარუბინას] უფრო ნათელი წარმოდგენა შეუქმნა რუსეთისა და ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან სახალხო დიპლომატიის გამოყენებით თანამშრომლობის თავისებურებებზე“, - ნათქვამია მის პროფილში. ცენტრმა მისი დაპატიმრების შემდეგ ეს წაშალა, იმ მოტივით, რომ ვერ შეძლო მისი პროფესიული წარსულის დადასტურება.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ანალიტიკურ ცენტრში, სტიპენდიის მისაღებად გაგზავნილი მისი ახლა უკვე წაშლილი პროფილის ფოტო
ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ანალიტიკურ ცენტრში, სტიპენდიის მისაღებად გაგზავნილი მისი ახლა უკვე წაშლილი პროფილის ფოტო

ის ასევე რეგულარულად ჩადიოდა რუსეთში და 2020 წლის დეკემბრიდან ურთიერთობა ჰქონდა "ეფესბეს" ერთ-ერთ თანამშრომელთან თავისი მშობლიური ქალაქ ტომსკიდან. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მან ხელი მოაწერა შეთანხმებას "ეფესბესთვის" „ქსელური მარკეტინგის“ საკითხებში დახმარების შესახებ.
სასამართლო ჩანაწერების თანახმად, "ეფესბეს" თანამშრომელმა, რომელთანაც მას კავშირი ჰქონდა, ზარუბინას მიანიჭა კოდური სახელი "ალისა", მისცა ასევე აშშ-ის ანალიტიკური ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების სია და უთხრა, რომ მათ შესახებ ინფორმაცია მიეღო ან დაჰკავშირებოდა მათ.
ის შეხვდა ბრენსონსაც, რომელმაც ზარუბინასგან მოითხოვა ინფორმაცია მისივე [ბრენსონის] საქმის სტატუსის შესახებ. ზარუბინამ FBI-ს გაუმხილა, რომ 2022 წლის დასაწყისში ბრენსონმა ზარუბინას სთხოვა, FBI-სთვის ეკითხა, უსაფრთხო იყო თუ არა ბრენსონისთვის აშშ-ში დაბრუნება.
შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ზარუბინამ მინიმუმ ხუთჯერ უპასუხა FBI-ს შეკითხვებს - რომლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მან აღწერა თავისი ურთიერთობა "ეფესბეს" თანამშრომელთან, რომელთანაც მას „პირადი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა“.

სასამართლო ჩანაწერების თანახმად, FBI-ს ჰქონდა ორდერი მისი მობილური ტელეფონის შესამოწმებლად. ეს პირდაპირ კავშირში იყო მის ურთიერთობასთან ბრენსონთან.
2024 წლის 24 ივლისს, FBI-სთან ბოლო დაკითხვაზე, ზარუბინამ, სავარაუდოდ, აგენტებს აჩვენა საკონტაქტო ინფორმაცია "ეფესბეს" ერთ-ერთი თანამშრომლისა, რომელიც, მისი აზრით, მანიპულირებდა მისით, რამაც, სასამართლო ჩანაწერების თანახმად, „საბოლოოდ მათ ურთიერთობაში ბზარი შეიტანა“.
2024 წლის 21 ნოემბერს ზარუბინა დააკავეს.
მოგვიანებით პროკურორებმა მას დამატებითი ბრალდებები წაუყენეს: ნიუ-იორკის რეგიონში პროსტიტუციის მიზნით ქალების ჩაყვანის და აშშ-ში იმიგრაციის განაცხადში ცრუ მონაცემის გამო.

ბუტინა, ბურლინოვა, ბრენსონი და სხვები

ზარუბინას ქმედებები - და ბრალდებები იმის შესახებ, რომ ის "ეფესბეს" დავალებით მუშაობდა - ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოებული საქმეების ერთ-ერთი მაგალითია.

მისი ურთიერთობა ბრენსონთან აშშ-ის ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს. თუმცა მათ ორი ბრალდება წაუყენეს: ზარუბინას, პირველ რიგში, ის, რომ მან მოატყუა FBI, ხოლო ბრენსონს, პირველ რიგში, ის, რომ ის უცხოეთის არარეგისტრირებული აგენტი იყო.

ბრენსონის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ბრალდებებს ეფუძნება, რომ მას ნიუ-იორკის რუსულ ცენტრში და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებში თავისი საქმიანობით მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და იღებდა „ათიათასობით დოლარს“.

კიდევ ორ მსგავს შემთხვევაში, აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, მათ გამოავლინეს "ეფესბეს" კონკრეტული ოფისი, რომელიც ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა შეერთებულ შტატებში მყოფი ადამიანების მუშაობას.

პირველი ნატალია ბურლინოვას ამბავია, რომელმაც დააარსა არასამთავრობო ჯგუფი სახელწოდებით „კრეატიული დიპლომატია".

რუსეთში ის ყოველწლიურ ღონისძიებებზე მასპინძლობდა ახალგაზრდა ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი პოლიტიკის სპეციალისტებს და კურსდამთავრებულებს შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. მონაწილეები ესწრებოდნენ ყოფილი რუსი ჯაშუშების მიერ წაკითხულ ლექციებს.

მეორე საქმე ეხება ალექსანდრ იონოვს, რუს ბიზნესმენს, რომელმაც დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიგლობალისტური მოძრაობა“ და უტოპიურ მცდელობებს მიმართავდა კალიფორნიის შტატის შეერთებული შტატებისგან გამოსაყოფად.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, "ეფესბეს" დანაყოფი, რომელიც ზედამხედველობას უწევდა ორივე ამ ძალისხმევას, იყო “მეორე დირექტორატი”, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც კონსტიტუციური სისტემის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური. ძალისხმევას კოორდინაციას უწევდნენ დანაყოფის უფროსი და მას დაქვემდებარებული თანამშრომელი.

კიდევ ერთი საქმე, რომელმაც ფართო ყურადღება მიიპყრო, მარია ბუტინას, რუსი კურსდამთავრებული სტუდენტის საქმეა, რომელიც აქტიურად ურთიერთობდა განსაკუთრებით აშშ-ის იარაღის ტარების უფლების დამცველი ჯგუფების, ასევე რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებთან.

ის 2018 წელს ვაშინგტონში დააკავეს, თავი დამნაშავედ ცნო არარეგისტრირებულ უცხოელ აგენტად მუშაობაში და 15 თვე გაატარა აშშ-ის ციხეში, სანამ გაათავისუფლებდნენ და გააძევებდნენ უკან, რუსეთში, სადაც მოგვიანებით ის პარლამენტის წევრი გახდა.

2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის ინტერვიუში, ბრენსონმა FBI-ს რეიდის ზოგიერთ დეტალსა და აშშ-დან გაქცევის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. ინტერვიუ ბუტინას მიჰყავდა.

„ამდენი ჯაშუში“

დაპატიმრების შემდეგ ზარუბინა 25 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მას მგზავრობა შეუზღუდეს და პასპორტი ჩამოართვეს.

რადიო თავისუფლების ერთ-ერთ პროექტთან ინტერვიუში, რომელიც გირაოთი გათავისუფლებიდან მალევე ჩაიწერა, ზარუბინამ დაადასტურა, რომ თავისი მოგზაურობის დროს არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი "ეფესბესთან". მან თქვა, რომ იძულებით თანამშრომლობდა "ეფესბესთან".

„ისინი მწერდნენ, ზოგჯერ მუქარით, რადგან ისინი ძირითადად ასე მუშაობენ — მაგალითად, „ყველაფერს ვხედავთ, ერთგვარად გაკვირდებით, ნიუ-იორკშიც კი“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ის დროის უმეტეს ნაწილს ბრუკლინში ატარებდა, სადაც ბინა ჰქონდა და თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. იმავე წლის სექტემბერში ზარუბინამ სასამართლოსგან ნებართვა მიიღო, ერთი კვირა გაეტარებინა ტეხასში, სადაც, სასამართლო ჩანაწერების თანახმად, მისი ქალიშვილი იმყოფებოდა იმ დროს. დაუდგენელია, რატომ იმყოფებოდა მისი ქალიშვილი იქ.

პროკურორების თქმით, მან ასევე რამდენჯერმე გაუგზავნა უამრავი შეტყობინება FBI-ის ერთ-ერთ წამყვან აგენტს, რომელიც მისი საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა. ზოგიერთ შეტყობინებაში იყო მისი ფოტოებიც, სადაც გარეთ კოვბოის ქუდით იდგა და როგორც ჩანს, წითელ ღვინოს სვამდა ჭიქიდან. ზოგიერთი მათგანი გვიან ღამით იყო გაგზავნილი.

„მჭირდები. სასამართლოში დარეკე. გთხოვ. გაიღვიძე. შენ ხომ ძალიან ჭკვიანი ხარ“, - წერს ის 13 სექტემბერს, დილის 4 საათზე გაგზავნილ ერთ-ერთ უთავბოლო შეტყობინებაში. „ამდენი რუსია. და პროსტიტუცია მანჰეტენზე“.

„დამიჭირე, ძვირფასო. ამდენი ჯაშუშია“, - წერდა ზარუბინა.

სექტემბერში პროკურორებმა ის FBI-ს აგენტის თვალთვალში დაადანაშაულეს და სასამართლოს მისი გირაოთი გათავისუფლების გაუქმება მოსთხოვეს. სასამართლოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ ეს ტექსტური შეტყობინებები „ძირითადად იმის შედეგი იყო, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგენტს ნასვამ მდგომარეობაში უგზავნიდა შეტყობინებებს. ამას ადასტურებს ტექსტური შეტყობინებების არათანმიმდევრული ხასიათი და მათი გაგზავნის დრო“.

„მიუხედავად იმისა, რომ ზარუბინას ტექსტური შეტყობინებები, რა თქმა უნდა, შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს [FBI-ს აგენტისთვის], ეს შეტყობინებები არ მიანიშნებს იმაზე, რომ ის მისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - წერს ადვოკატი კრისტოფ უილიამსი 22 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში.
უილიამსმა არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნით გაგზავნილ ელექტრონულ წერილებს.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ზარუბინას ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო კურსი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში „ინტენსიური“ კონსულტაცია უნდა გაევლო.

თუმცა 2 დეკემბერს გამართულ საბოლოო საგანგებო სხდომაზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ ზარუბინა, წინა გაფრთხილებების მიუხედავად, აგრძელებდა შეტყობინებების გაგზავნას, და ის „FBI-ს მოწმის დაჟინებულ და კანონსაწინააღმდეგო შევიწროებაში“ დაადანაშაულეს.
სასამართლოში გამოსვლისას, ზარუბინამ განაცხადა, რომ მისი აზრით, FBI-მ მისით მანიპულირება მოახდინა ან გამოიყენა ის. მან თქვა, რომ ბიუროს მიაწოდა მტკიცებულებები და სხვა ინფორმაცია "ეფესბეში" თავისი კონტაქტების შესახებ.

„გულწრფელად რომ ვთქვა, გულის სიღრმეში ვამაყობ, რომ ამდენი ღირებული ინფორმაცია მოვიპოვე და გავუზიარე FBI-ს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ დააფასეს“, - თქვა მან სასამართლო ჩანაწერის თანახმად. „და, აი, ყველა ჩვენი შეხვედრის შემდეგ რა მივიღე მათგან - კანფეტების კოლოფი, შოკოლადის კანფეტები.”

ის კანფეტების კოლოფს იქნევდა სასამართლოს წინაშე. მოსამართლემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და გირაო გააუქმა. სასამართლოს შემდეგი სხდომა ივნისისთვისაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG