Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კინოფესტივალი - რეალობა უნიღბოდ

ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო "ოქროს ლომი"
ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო "ოქროს ლომი"

ვენეციის კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. ჟიურის და პრესას სულ რამდენიმე ფილმი დარჩათ სანახავი. 12 სექტემბერს შევიტყობთ, ვინ გახდა ვენეციის 83-ე კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ ლაურეატი.

ჯერჯერობით, ყველა გამოკითხვით ფესტივალის პროგრამის ლიდერია ლი ჩანგ დონის „შესაძლო სიყვარული“, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კორეელი დიდოსტატის ფილმს ჟიურიც საუკეთესოდ მიიჩნევს. არ არის გამორიცხული, განმეორდეს ისტორია - 2018 წლის კანის ფესტივალზე ლი ჩანგ დონის ფილმი „ალმოდებული“ ფესტივალის ბოლო დღემდე ლიდერობდა 100-პროცენტიანი რეიტინგით. მაგრამ კორეელმა რეჟისორმა არა თუ ვერ მოიგო პალმა, ჟიურის, რომელსაც კეიტ ბლანშეტი ხელმძღვანელობდა, „ალმოდებული“ არც კი უხსენებია. „ოქროს პალმით“ იმ ფესტივალზე იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას „მაღაზიის ქურდები“ აღინიშნა.

საინტერესოა, რომ კორეედა და ლი ჩანგ დონი წლევანდელი ვენეციის ფესტივალის კონკურსშიც მეტოქეები არიან. კორეედამ აქ წარმოადგინა სრულიად დატკბილული ფილმი „უკან მოიხედე“, სკოლის მოსწავლე გოგონებზე, რომლებსაც მანგას ხატვის საერთო გამოცდილება აერთიანებთ.

ბავშვობის სამყაროს იდეალიზაციამ ვენეციაში ბევრს აუჩუყა გული. თუმცა ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ, რომ ჟიური ამჯერადაც უპირატესობას მიანიჭებს იაპონელ რეჟისორს ლი ჩანგ დონის აბსოლუტურ შედევრთან შედარებით.

„შესაძლო სიყვარული“ ლი ჩანგ დონის ტრიუმფალური დაბრუნებაა დიდ კინოში. სოციალური კლასების და ფსიქოლოგიური ტრავმების ასეთი ღრმა და უკომპრომისო ანალიზი მე პირადად დიდი ხანია არ შემხვედრია კინოში. ფილმი ორ სრულიად განსხვავებულ წყვილზე მოგვითხრობს - სამსახურიდან განთავისუფლებულ მუშაზე, მის ცოლზე და მდიდარ წყვილზე, ახალგაზრდა ბიზნესმენზე და მის ცოლზე, რომელიც დოკუმენტურ ფილმს იღებს მუშათა უფლებებზე. ლი ჩანგ დონი იკვლევს კლასობრივ უთანასწორობას, ექსპლუატაციას და ადამიანურ ღირსებას, თუმცა ეს კონტრასტი სრულიად განსხვავებულად წარმოჩინდება, ვიდრე, მაგალითად, კორეულ „პარაზიტებში“... მიუხედავად „შავი იუმორისა“ (რაც ნაკლებად ახასიათებდა ლი ჩანგ დონის ფილმებს), თხრობა არ გადაიზრდება სატირასა და გროტესკში. „შესაძლო სიყვარული“ უფრო კლასიკურ რომანს გვაგონებს - „ობიექტური კადრები“ ხშირად ენაცვლება დოკუმენტურ ჩანართებს და გვიჩვენებს, როგორ ხედავს ჩაგრულთა სამყაროს კამერის უკან მდგარი, შეიძლება ნიჭიერი, მაგრამ ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებული ფენა. „შესაძლო სიყვარული“ არის ადამიანური შფოთვების ნიუანსებზე აგებული სამყარო, რომელშიც დიდი კორეელი რეჟისორის უნარი, მუდმივად ითამაშოს თავისი პერსონაჟების მზერებზე, ბოლომდე არ თქმულ ფრაზებზე, ერთი წამით არ მოგაწყენთ, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი თითქმის 3 საათს გრძელდება.

იშვიათია, ასეთი ძალით გამოიხატოს კინოს ენით ემოციური სიცარიელე, რომელსაც განიცდის თანამედროვე ადამიანი და ეს სიცარიელე მძიმე ეკონომიკური ყოფით იყოს ახსნილი.

დაუსრულებლობის, ბოლომდე ართქმის ეს ეფექტი აქვს ვენეციის საკონკურსო პროგრამაში ჩართულ კიდევ ერთ ფილმს, დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის „ქალი, უცნობი“, რომლის მოქმედება ხდება 1945 წლის ზაფხულში კოპენჰაგენში, ნაცისტური ოკუპაციისგან ახლად განთავისუფლებულ დანიაში.

ფილმი გვიამბობს ახალგაზრდა ძიძის (და მოახლის), მარის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მდიდარ მეწარმეზე ქორწინდება, თუმცა მის მომავალს საფრთხეს უქმნის საიდუმლო - წარსულში გერმანელ ნაცისტთან ურთიერთობა.

მთელი ფილმის აწყობილია კარლ თეოდორ დრეიერის კამერულ-დახვეწილი სტილით, უმეტესად ინტერიერებში, თუმცა ქუჩაშიც მნიშვნელოვანი ამბები ხდება - მიმდინარეობს იმ ქალების დევნა და საჯარო შერცხვენა, რომელთაც გერმანელებთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ (მათ თმას პარსავენ). იდეალურადაა ნაჩვენები ომისშემდგომი წლების პარანოია და თანაც დანიელი რეჟისორი ეხება “ქალების უხილაობის” თემას ისტორიაში, როგორ გადაიქცეოდა ომის დროს და ომის შემდეგაც ქალის სხეული “ბრძოლის ველად”, კოლაბორაციონიზმისთვის მათი დასჯის პროცესში.

ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართულ სხვა ფილმებში ეს იდუმალება, რომელიც დიდ ხელოვნებასთან ზიარების შემდეგ მიჰყვება მაყურებელს (ლი ჩანგ დონის ფილმზე ფიქრი რამდენიმე დღეა არ მასვენებს), სამწუხაროდ, სრულიად დაკარგულია. განსაკუთრებით გამაღიზიანა ფრანგი დრამატურგის, ფლორიან ზელერის ახალმა რეჟისორულმა ნამუშევარმა “ბუნკერი” - ხავიერ ბარდემით და პენელოპა კრუზით მთავარ როლებში.

ზელერმა დაასრულა თავისი პოპულარული თეატრალური ტრილოგია „მამა“, „შვილი“, „დედა“, რომლის ეკრანიზაციას თავად შეეჭიდა, მაგრამ ოჯახის თემა ისევ აქტუალურია მის შემოქმედებაში. ოჯახური დრამისთვის კლაუსტროფობიური სივრცე, რომელსაც ყოველთვის დიდი ოსტატობით ქმნის ზელერი, საუკეთესო ფორმაა. თუმცა „ბუნკერში“ საინტერესო კინემატოგრაფიულ გადაწყვეტას და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს ვეღარ იხილავთ. ზელერის ახალი ფილმი უფრო დიდაქტიკური სატელევიზიო სპექტაკლია, რომელშიც მეტაფორა („ბუნკერი, როგორც ემოციური კედელი“) მაყურებელს პირდაპირ შუბლში ხვდება.

სოციალურ უთანასწორობასა და გაუცხოებაზე რეჟისორი ახალს არაფერს გვეუბნება, პრეტენზია კი, იცოცხლე, არ აკლია. ზელერი ვერ პოულობს ბალანსს ტრილერს, ფსიქოლოგიურ დრამასა და სატირას შორის, პენელოპა კრუზს და ხავიერ ბარდემს კი ბევრი არც არაფერი აქვთ სათამაშო და სწორხაზოვნებას ვერაფრით შველიან.

და მაინც, ასეა თუ ისე, უთანასწორობის კრიტიკა წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის თითქმის ყველა ფილმში წარმოჩინდა. ამ თემის ერთგვარი დაგვირგვინება იყო „პერვერტის გზამკვლევი უტოპიებში“ - სოფი ფაინსის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი მიმართავს კინოს, პოპ-კულტურის, სოციალური მედიის ანალიზს და კონკრეტული ფილმების მაგალითზე ჩვენი ეპოქის უტოპიურ ილუზიებსა და დისტოპიურ ხედვებზე საუბრობს.

ჟიჟეკს არ ეთაკილება ექსცენტრიზმი. ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლიაზე“ საუბრისას ფილმში ის თავად წევს აბაზანაში, საქორწილო კაბით, ხოლო სერიალ „მხევლის წიგნის“ განხილვისას, საწოლზე, წითელ მოსასხამშია გამოწყობილი.

ჟიჟეკი ახსენებს პუტინსაც და საუბრობს იმაზე, თუ რატომაა პოპულარული პუტინი დასავლელ ულტრამემარჯვენეებსა და გარკვეულ ანტიგლობალისტურ წრეებში. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებული არიან გლობალური კაპიტალიზმით და ლიბერალიზმით, შეცდომით ხედავენ პუტინში რაღაც ალტერნატივას, რაც რეალურად კიდევ ერთი დამანგრეველი უტოპიაა.

ამავე დროს ჟიჟეკი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ჩაანაცვლა თანამედროვე კულტურაში უტოპიური, ნათელი მომავლის ხედვები ბნელმა დისტოპიებმა, განსაკუთრებით „კატასტროფის ფილმებში“: ჩვენ უფრო მარტივად წარმოგვიდგენია სამყაროს დასასრული, ვიდრე უკეთესი სოციალური სისტემა.

ჟიჟეკი ამბობს, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას რომ ესტუმრონ და ადამიანის ბუნების ახსნა ითხოვონ, ის მათ კონკრეტული ფილმების ნახვას ურჩევდა, რადგან გარშემო რასაც დაინახავდნენ, არ იქნებოდა სიმართლე, კინო კი ნიღაბს ხსნის რეალობას და ჩვენს ნამდვილ არსს წარმოუდგენს. რეჟისორი სოფი ფაინსი ფილმის პრემიერის წინ აღნიშნავდა: „ვფიქრობ, უნდა დავნერგოთ ასეთი წესი - არ ვთქვათ, რომ ადამიანები ძალიან საყვარლები არიან“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG