„რუსეთის სახელმწიფო ოლეგ სენცოვის წინააღმდეგ“ (უკრაინა, 2017, რეჟისორი ასკოლდ კუროვი)
ოლეგ სენცოვს იუბილე აქვს. ყველაფრის შემდეგ, რაც ამ უკრაინელმა კინორეჟისორმა უკვე გადაიტანა, ძნელია დაიჯერო, რომ მხოლოდ 50 წლისაა. საამაყო ნამდვილად ბევრი აქვს. აბა, სხვა რომელი თანამედროვე კინემატოგრაფისტი გახსენდებათ, რომლის გათავისუფლებაც რუსეთის ციხიდან ამდენ დიდ ხელოვანს მოეთხოვოს.
თანაც, ხელოვანს ხომ გააჩნია - მაიკლ ლის და პედრო ალმოდოვარს, ვიმ ვენდერსს და აკი კაურისმიაკის, კენ ლოუჩს და ბელა ტარს, ანჯეი ვაიდას და ქშიშტოფ ზანუსის... ტერორიზმისთვის ბრალდებული სენცოვი, რომელსაც პუტინის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2014 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სიმბოლურ წევრად აირჩიეს. კანის ფესტივალის სტენდებზე ოლეგ სენცოვის პორტრეტები გამოფინეს. ნიკიტა მიხალკოვიც კი ჩაერთო უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლების მოთხოვნის კამპანიაში - კრემლთან დაახლოებულმა რეჟისორმა პირადად სთხოვა ვლადიმირ პუტინს სენცოვის განთავისუფლება.
ვფიქრობ, მაშინაც კი, თუკი კარგად იცით ოლეგ სენცოვის ისტორიის დეტალები, აუცილებლად დაგაინტერესებთ ასკოლდ კუროვის დოკუმენტური ფილმი „რუსეთის სახელმწიფო ოლეგ სენცოვის წინააღმდეგ“, რომელიც დიდი საერთაშორისო პროექტია, ჩეხეთის, გერმანიის, ესტონეთისა და პოლონეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი ნამუშევარი, პირდაპირი შედეგი უფლებადამცველთა და კინოხელოვანთა სოლიდარობისა. რუსი დოკუმენტალისტი ასკოლდ კუროვი თავად ჩავიდა ყირიმში და დონის როსტოვში (სადაც სენცოვის სასამართლო იმართებოდა), რათა რეჟიმის მუქარის მიუხედავად, სასამართლო პროცესის აბსურდულობა კინოში გამოეხატა და, რაც მთავარია, ისტორიისთვის შეენახა.
რა თქმა უნდა, 2015 წლის რუსეთი ისეთი ქვეყანა ჯერ არ იყო, როგორიც ახლაა. უფლებადამცველებს კვლავ შეეძლოთ, პროტესტი გამოეხატათ თუნდაც სახელისუფლო მედიის მიმართ, ტელეარხების მიმართ, რომლებმაც სასამართლო პროცესის დასრულებამდე უწოდეს სენცოვს ტერორისტი. იმხანად კრემლი ჯერ კიდევ უწევდა ანგარიშს ევროპული კინოს აკადემიას, თავიდანვე ჩართულს ფილმის შექმნასა და გაქირავებაში. სწორედ კინოაკადემია გახდა კუროვის პროექტის ოფიციალური წარმდგენი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც 2017 წელს ფილმის პრემიერა გაიმართა. მაყურებელმა საკუთარი თვალით ნახა კაფკასეული, აბსურდული სასამართლო მანქანა, რომელიც ხელახლა დაიქოქა ყირიმის ანექსიის შემდეგ; უყურა, როგორ ხდება პუტინის რუსეთში მტკიცებულებების ფაბრიკაცია და მოწმეების წამებით დაშინება.
„რუსეთის სახელმწიფო ოლეგ სენცოვის წინააღმდეგ“ ასპროცენტიანი დოკუმენტური ფილმია, თუმცა პროექტზე მუშაობის ისტორია თავად ჰგავს დაძაბულ პოლიტიკურ ტრილერს, რადგანაც მის ავტორებს რუსეთის სპეცსამსახურების თვალთვალის პირობებში უწევდათ მუშაობა. უშიშროების ფედერალური სამსახური გადამღები ჯგუფის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა. კუროვი მასალებს ფარულად იწერდა და სასწრაფოდ უგზავნიდა ევროპელ პარტნიორებს, რათა ჩამორთმევის შემთხვევაში კადრები არ დაკარგულიყო. ემოციურად უძლიერესია ფილმში უკრაინელი აქტივისტის, გენადი აფანასიევის კადრები. მან სასამართლო დარბაზში, კამერების წინ (მიაქციეთ ყურადღება, რომ პროცესის გადაღება პუტინის რუსეთშიც კი შესაძლებელი იყო) პირდაპირ განაცხადა, რომ სენცოვის წინააღმდეგ ჩვენება წამებისა და მუქარის შედეგად გამოსძალეს. ამ დაკითხვის გადაღებამ და, რაც მთავარია, გავრცელებამ სრულიად დაანგრია მოსკოვის „სამართლებრივი“ არგუმენტები და ბრალდება, თითქოს უკრაინელი კინორეჟისორი ყირიმში ტერორისტულ აქტს ამზადებდა.
თავიდან რუსეთის სახელმწიფო მედიამ ფილმს სრული ბოიკოტი გამოუცხადა. ხოლო დამოუკიდებელ სივრცეებში პროექტის პრეზენტაცია რამდენჯერმე ჩაიშალა - „პუტინისტური“ რადიკალური ჯგუფები დარბაზებს იკავებდნენ და ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ. პარალელურად, რუსეთის პროპაგანდისტულმა არხებმა მოამზადეს სიუჟეტების სერია, რომელშიც ოლეგ სენცოვს წარმოადგენდნენ როგორც „ნაციონალისტს“, „ფაშისტს“, „რადიკალს“... საერთაშორისო პრესკონფერენციებზე, სადაც უცხოელი ჟურნალისტები პუტინს კუროვის ფილმისა და კინემატოგრაფისტთა პეტიციების შესახებ ეკითხებოდნენ, კრემლის პოზიცია ურყევი იყო: „სენცოვი დაპატიმრებულია არა თავისი ფილმების, არამედ ტერორიზმის გამო. სასამართლომ ასე გადაწყვიტა. ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში. კანონს ვერ შევცვლით იმის გამო, რომ ოლეგ სენცოვს ცნობილი რეჟისორები იცავენ“.
მაგრამ კრემლის წინააღმდეგობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ასკოლდ კუროვის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ სენცოვის საქმე საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში რჩებოდა. ამას დაემატა შიმშილობა, რომელიც სენცოვმა საპყრობილეში გამოაცხადა. 2019 წელს მოსკოვი იძულებული გახდა, ოლეგ სენცოვი ტყვეთა გაცვლის სიაში შეეყვანა.
უკრაინაში დაბრუნებისთანავე, თავისუფლების პირველივე დღეს, სენცოვმა ასკოლდ კუროვის ფილმის ნახვა ითხოვა. თავის დროზე ინტერნეტში გავრცელდა ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ უყურებს წამებული ხელოვანი ფილმს, რომელმაც იგი სიკვდილისგან იხსნა (გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე შიმშილობისგან ძალაწართმეულმა და სასოწარკვეთილმა სენცოვმა ციხეში ანდერძი დაწერა). ეს ვიდეო, სამწუხაროდ, ვეღარ ვნახე, თუმცა მახსოვს სენცოვის სიტყვები მისთვის უმძიმესი სეანსის დასრულების შემდეგ: „ეს ჩემზე კი არა, სისტემაზეა“. სენცოვმა აღნიშნა, რომ ფილმი იდეალურად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს რუსეთის ტოტალიტარული, რეპრესიული მანქანა და როგორ შეუძლია მას ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის ცხოვრების განადგურება.
დღეს ეს ფილმი და, ცხადია, თავად ოლეგ სენცოვი, რომელიც შეიარაღებული ძალების მოქმედი ოფიცერია, უკრაინის უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ფრონტის ხაზიდან სენცოვი ხშირად იმეორებს, რომ ხელოვნების ძალამ და კოლეგების სოლიდარობამ ერთხელ უკვე გადაარჩინა, ახლა კი მისი ჯერია, სამშობლო იარაღით ხელში დაიცვას.
ფილმის სრული ვერსია:
ფორუმი