Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 რამ, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ერთი შეხედვით არ ჩანს

„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია
„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია

„ვეფხისტყაოსანს“ უმეტესობა სკოლაში, ბავშვობაში კითხულობს და უკვე ზრდასრულს ბევრი რამ აღარ ახსოვს ან თავიდანვე არ შეუმჩნევია. ადამიანი სხვადასხვა ასაკში წიგნს სხვადასხვანაირად აღიქვამს. თეა თოფურია შეეცდება „ვეფხისტყაოსანს“ კიდევ ერთხელ სხვა თვალით შეგახედოთ.

თამარის გარეგნობა - „ვეფხისტყაოსნიდან“ ირკვევა, რომ თამარ მეფეს შავი თმა ჰქონდა და ალბათ თეთრი კანიც, რადგან ლოყები ეფაკლებოდა. რუსთაველი მას ასე აღწერს: „მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა“.

ძველ ქართულად ვეფხი მაინცდამაინც ვეფხვს არ ნიშნავს, ის შეიძლება ავაზა იყოს.

რუსთაველს ახასიათებს პარადოქსები: მან თქვა, რომ „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ და 700-გვერდიანი პოემა დაწერა.

თქვა: „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა“ და თავისი სახელი არ დატოვა.

„ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული“... არაბეთის მეფე თინათინი და არაბეთის სპასპეტი ავთანდილი შუა პოემაში მოულოდნელად ქართულად იწყებენ ლაპარაკს.

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ - ამ საზეპირო აფორიზმს ნესტან-დარეჯანი ტარიელს მაშინ ეუბნება, როცა სასიძოს მოკვლას ავალებს, ადამიანის, რომელსაც მათთვის არაფერი დაუშავებია.

„წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა“ - „საღარიბოდ“, ტყე-ღრეში სახეტიალოდ, ავთანდილი ოქროს ქამრით მიდის: სარტყელში ხშირად ჩაკერებული იყო ძვირფასი თვლები, გაჭირვებაში გამოსაყენებლად. ნესტანმაც გულანშაროს მეფის მცველები სწორედ მარგალიტებიანი სარტყლით მოქრთამა და გაიპარა.

„ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა... ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა“ - უწვერული ანუ ჯერაც ბავშვი ავთანდილი მრავალათასიანი ჯარის სარდალია.

„ვარდმან და ვითა იამან“ - რუსთაველი ვარდსა და იას ადარებს ავთანდილს, რომელმაც ერთ გემი მეკობრეები მარტომ ამოხოცა.

ავთანდილმა არფაზე დაკვრა იცოდა: „ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი“. ნახევრად შიშველი, ლამაზი ჭაბუკი, სიმებიანი საკრავით ძალიან ჰგავს ხელოვნების მფარველ აპოლონს ბერძნული მითოლოგიიდან.

„ვეფხისტყაოსანში“ ნახსენებია ქართული გვარი: „ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!“- თუმცა, მაშინ ამილახორი თანამდებობა იყო, მას ცხენები და სამეფო კავალერია ებარა. თვითონ სიტყვა არაბულია საჯინიბოს გამგებელს ნიშნავს და არა გვარს.

„ვეფხისტყაოსანი“ ჩინურად
please wait

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

შეგიმჩნევიათ, რამდენად შთამბეჭდავია თინათინის ფიცი? „ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი“, ანუ, გეფიცები, შენ გარდა ვინმეს თუ გავყვე ცოლად, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც მზე იქცეს საგანგებოდ ჩემთვის კაცადო.

და ნესტანის განრისხება? როდესაც პერსონაჟები პირველ პირში ემოციურად ლაპარაკობენ, მათი ნათქვამი თითქმის ისეთივეა, როგორიც თანამედროვე ადამიანების. აი, როგორ აგონდება ტარიელს გაბრაზებული ნესტანი: „მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!“

კვლაცა მითხრა: „რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა!“

„შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება...

„გახსოვს, ოდეს „ჰაის“ ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს! რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

„ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“

სალაპარაკო ენაზე ეს ასე აჟღერდებოდა: „მითხრა, მიკვირს, მოხვედი კიდეც, ფიცის გამტეხავი... გადაგიხდის ღმერთი სამაგიეროს. მაგრამ შენ რას გელაპარაკები, მატყუარას და მოღალატეს. მე შევცდი ქალურად და საკუთარ თავზე ვარ გაცეცხლებული. არ იცი, ხვარაზმელს რომ უნდა გამაყოლონ? იქ არ იჯექი და შენ არ მიეცი თანხმობა?.. არ გახსოვს, "ვაის" რომ იძახდი და ცრემლები რომ გცვიოდა? ექიმები წამლებს რომ გიზიდავდნენ? კაცი რომ ტყუის, იმაზე უარესი რა არის, ნეტა ვიცოდე! დამთმე? მეც დაგთმობ და ვნახოთ ვინ იქნება უარესად. ცოცხალი თუ დავრჩი, შენ ინდოეთში არ გაგაჩერებ. ეცდები გაჩერებას და სულსაც განუტევებ! ცაშიც რომ ეძებო, იქაც ვერავის ნახავ ჩემნაირს“.

„ცარიელ-ტარიელი“ - ეს გამოთქმა, სავარაუდოდ, „ვეფხისტყაოსნის“ გავლენით წარმოიქმნა, ანუ ცარიელი და უქონელი, როგორც ველად გაჭრილი ტარიელი.

„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია
„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია

დატყვევებულ ნესტან-დარეჯანს მუდამ ტარიელის ნაჩუქარი ტანსაცმელი აცვია და ამავე ტანსაცმლით, ლოგინის გარეშე სძინავს: „არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა“.

ნესტან-დარეჯანი ფრიდონსაც ერთი ნახვით შეუყვარდა, თუმცა ვერ მოასწრო გამოელაპარაკება. სანამ ახლოს მივიდოდა, ქალი მონებმა წაიყვანეს - „იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი: „წავიდე მათკე მე, წა, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!“

„დედისა მჯობო დედაო!“ - ნესტანი ფატმანს დედის მჯობს უწოდებს - აქ მშობელი დედის მიმართაც ისმის საყვედური, რომელმაც ფატმანისგან განსხვავებით, ნესტან-დარეჯანი ვერ დაიცვა.

„მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!“ ფატმანის ქმარზე ნესტან-დარეჯანი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ამბობს: საკუთარ შვილებსაც კი მირჩევნიაო.

„ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არმოსრულისა?“ (ვინ იპოვის ადამიანს, რომელიც არც დაბადებულა?) - ტარიელს არა მხოლოდ შეყვარებულის პოვნა აღარ ეიმედება, იმასაც აღარ ელის, რომ მის ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარი გამოჩნდება.

„ვეფხისტყაოსანში“ პერსონაჟები ხშირად იმოწმებენ ანდაზებს, თუმცა გაუგებარია, მართლაც ხალხურ სიბრძნეს ციტირებენ, თუ ეს ფრაზებიც რუსთაველმა მოიგონა. მაგალითად, ეს ანდაზა რუსთაველის მოფიქრებულს ჰგავს: „მართლად თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი“, ანუ არ სჭირდება ყვავს ვარდი და ვირს რქებიო. ნამდვილი ქართული ანდაზებიდან ამის შესატყვისია: „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.

ფატმანის ნათქვამ ოთხ წინადადებაში მთელი ცხოვრება ეტევა: „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!“

ფატმანი ამბობს: ჩემს ქმარს იმიტომ ვერ ვჯერდები, რომ უსუსური და მახინჯიაო. ის კაცი (საყვარელი, რომელიც ავთანდილმა მოკლა), მეფის საკვების დეგუსტატორი იყო და ელიტაში ტრიალებდა. გვიყვარდა ერთმანეთი, თუმცა რომ მოკვდა, ხედავ, არ მიგლოვია, შავები არ ჩამიცვამს, ის კი არა, ახლა მის სისხლსაც კი დავლევდიო.

„მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა“ - ავთანდილი ფაქტობრივად გარემოების მსხვერპლია. ის ფატმანთან მხოლოდ იმისთვის წვება, რომ რამე ინფორმაცია გამოსძალოს. საკუთარ თავს ვარდს ადარებს, რომელსაც ბულბულის (თინათინის) ნაცვლად ყვავი (ფატმანი) დაეპატრონა. ჩუმად ტირის და გულში ამბობს, „ნეხვსა ზედა ვზიო“.

„მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;

გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;

ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია“

რუსთაველი წერს: ავთანდილის ცრემლები ქვასაც კი დაალბობდა, ფატმანი კი გახარებულია, რადგან თუ ყვავი ვარდს იპოვის, თავი ბულბული ჰქონიაო.

თუმცა მოგვიანებით, როდესაც ავთანდილი ისევ ტარიელთან ბრუნდება, ფატმანის მიტოვება გაუჭირდა: „მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა“.

ხანდახან ავთანდილიც თავმდაბალია: „მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?“ აქ ის ამბობს, რომ ადამიანი თიხისგანაა მოზელილი და ღვთის გარეშე, სიკეთის გაკეთება არ შეუძლია.

„მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!” როდესაც ავთანდილი იგებს, რომ ნესტან-დარეჯანი ქაჯებს ჰყავთ, გულწრფელად უკვირს, რად უნდათ ლამაზი ქალი უსხეულო არსებებს.

ტარიელი, რომელსაც ნესტანი ენატრება, ვეფხვს შეიპყრობს და ცდილობს აკოცოს, ავთანდილი კი თინათინის გახსენებაზე ვარდებს კოცნის, მათ ელაპარაკება: „ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა... მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა“ (ვარდივით ტუჩებით ვარდებს აკოცა და უთხრა, თინათინის ნაცვლად თქვენთან საუბრით მოვილხენო).

როსტევანს თინათინის ხელი არა უშუალოდ ავთანდილმა, არამედ ტარიელმა სთხოვა: „მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა“.

მანდილი კაცებსაც ჰქონდათ - ავთანდილი ტარიელის მოსაძებნად როსტევანის სურვილის წინააღმდეგ წავიდა, ამიტომ უკან დაბრუნებულს იმდენად რცხვენოდა, რომ შეხვედრისას სახეს იფარავდა: „მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა; ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა“.

ვის ეუბნება ავთანდილი „ვეფხისტყაოსნის“ მთავარ ფრაზას: „ბოროტსა სძლია კეთილმან, - არსება მისი გრძელია“? ასმათს, რომელსაც ვერ დაუჯერებია, რომ ნესტან-დარეჯანი იპოვეს.

უანგარო სამსახურის სანაცვლოდ ტარიელმა ასმათს ინდოეთის მეშვიდედი უბოძა და ქმარიც შერთო: „აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, - ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა“.

„ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს, შემოვები, ამოვწყვიდენ“ - ტარიელის საგმირო საქმეებს რუსთაველი დაწვრილებით აღწერს, თუმცა თითქმის არაფერს ამბობს მის მთავარ ბრძოლაზე და ეს ქაჯეთის აღება არ ყოფილა. გამოქვაბულები, რომლებშიც ცხოვრობს, ტარიელმა დევებს წაართვა, ანუ იქ რომ გაჩერებულიყო ბოროტი ძალები დაამარცხა. გამოქვაბულში 40 დარბაზი საგანძურია, თვალ-მარგალიტი, ოქრო და იარაღი. მაგრამ ტარიელს ამ საგანძურების კარებიც კი არ შეუღია, რადგან აღარაფერი მატერიალური აღარ აინტერესებდა.

რატომ არის ეს მთავარი ბრძოლა - ტარიელი ამარცხებს ყოფას, მატერიას, ყველანაირ ბოროტ ძალას და მარტოობაში სულიერად ვითარდება, როგორც მეუდაბნოე ბერები, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ გამოქვაბულში პოულობს ის იარაღს, რომელიც შემდეგ ქაჯებს დაამარცხებინებს,

„ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო“.

(ზედ ეწერა: აქ აწყვია აბჯარი საკვირველი, ჯაჭვის პერანგი და მუზარადი, ბასრი ხმალი. ეს იმ დღისთვისაა, თუ დევებს ქაჯებთან ბრძოლა მოუწევთ. თუკი ვინმე მანამდე გამოიყენებს, იმავე ცოდვაში ჩავარდება, როგორშიც მეფეების მკვლელი).

და კიდევ გამოქვაბულები ორმოცი დარბაზით ძალიან ჰგავს ვარძიას, რომელიც შოთას ეპოქაში აშენდა. დადასტურებულია, რომ იმ ადგილს ადრე სასაფლაოდ იყენებდნენ, ანუ სულების სამყოფად, შემდეგ თამარ მეფემ იქ გამოკვეთა კომპლექსი, რომელიც გაჭირვების დროს ადამიანებისა და საგანძურის თავშესაფრად უნდა ქცეულიყო. აქვე იყო ტაძრები და ბერების კელიები.

ისედაც, მესხ მელექსეს მესხეთის ვარძია სადმე ხომ უნდა ეხსენებინა.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG