დემონსტრაციებმა 28 დეკემბერს იფეთქა დედაქალაქ თეირანის ბაზრებში. მას მერე აქციები ბევრ ქალაქსა და დასახლებას მოედო ქვეყანაში, სადაც 92 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
ნახევარზე მეტი დასავლეთის პროვინციებში დაიღუპა - ლურისტანში, ილამსა და ქირმანშაჰში. ეს სამი, ღარიბი პროვინცია ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული და მათ განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო ირანის ეკონომიკური კრიზისი - რამაც მისცა კიდეც ბიძგი მიმდინარე დემონსტრაციებს.
დაღუპული დემონსტრანტების უმრავლესობა ახალგაზრდა კაცია, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული. ირანის უსაფრთხოების ძალები სასტიკ მეთოდებს მიმართავენ - მათ შორის, დამიზნებით უხსნიან ცეცხლს დემონსტრანტებს.
ახალგაზრდა იურისტი
სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ლურისტანში - რეგიონში, რომელიც ლურთა უმცირესობითაა დასახლებული. მხოლოდ პატარა ქალაქ აზნაში მოკლეს ხუთი ადამიანი.
მათ შორის იყო აჰმად რეზა ამანი - 28 წლის ახალგაზრდა იურისტი, იურისტთა ასოციაციის სტაჟიორი. მას უსაფრთხოების ძალებმა 1 იანვარს, დემონსტრაციაზე ესროლეს.
აზნაში, დემონსტრაციაზე მოკლეს 15 წლის მუსტაფა ფალაჰიც. კიდევ ერთი თინეიჯერი, 16 წლის ტაჰა საფარი დაჭრეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1 იანვარს უსაფრთხოების ძალებმა ლურისტანის ქალაქ ხუდეშტში მოკლეს ამირ ჰოსამ ხოდაიარიფარდი. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ადგილობრივი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ხოდაიარიფარდი გასამხედროებული ჯგუფის, ბასიჯის წევრი იყო. ამას უარყოფს მოკლულის ოჯახი.
ლორესტანში მოკლულ კიდევ ერთ დემონსტრანტს აჰად ებრაჰიმი ერქვა. მას 1 იანვარს, ქალაქ ნურაბადში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ბოდიბილდერი და მოკრივე
3 იანვარს ილამის პროვინციის ქალაქ მალეჰშახიში ბევრი დემონსტრანტი მივიდა ორსართულიან სახლთან, რომელსაც IRGC იყენებს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს და შენობას ქვებს ესროდნენ, რა დროსაც IRGC-ის წევრები სახურავზე ავიდნენ და ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ინციდენტი აქციების დაწყების შემდეგ. დაიღუპა ხუთი ადამიანი.
მოკლულებს შორის არიან ფარეს აღამოჰამადი, მეჰდი ემამიპური და ლატიფ კარიმი. ლატიფ კარიმი უწინ IRGC-ის წევრი იყო და, მისი ვაჟის თანახმად, ის მოკლეს მაშინ, როცა უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა არ ესროლათ დემონსტრანტებისთვის. დაღუპულის ოჯახის წევრებმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრეს, რომ იგი დემონსტრანტებს შორის იყო.
ამავე დღეს მოკლეს რეზა აზიმზადე - 27 წლის ბოდიბილდერი. კიდევ ერთი სპორტსმენი - მოკრივე მოჰამად რეზა კარამი - დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სატვირთო მანქანის მძღოლი
3 იანვარს სამი დემონსტრანტი მოკლეს ქირმანშაჰის პროვინციაში. მათ შორის იყვნენ ძმები რასულ და რეზა კადივორიანები - ორივე მათგანი მშენებლობაზე მუშაობდნენ.
უფროს ძმას, 20 წლის რეზას, აქციის დროს ესროლეს და მოკლეს. მისი ძმა, 17 წლის რასული დაჭრეს და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქირმანშაჰის ოლქ ჰარისში 2 იანვარს მოკლეს სატვირთო მანქანის 42 წლის მძღოლი, ალი აზიზი. ხელისუფლება მასზეც აცხადებს, რომ აზიზი IRGC-ის წევრი იყო, ამას მისი ოჯახიც უარყოფს.
ფუტსალის მწვრთნელი
სამხრეთის პროვინცია ფარსში, ქალაქ მერვდეშტში 1 იანვარს ახლო მანძილიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს ხოდადად შირვანი-მანფარდს.
33 წლის მოკლულის ნათესავებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ის პოლიციის სადგურთან ახლოსაა მოკლული. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს როგორ მიაქვთ მისი ცხედარი დემონსტრანტებს.
უსაფრთხოების ძალებმა მერვდეშტში მოკლეს კიდევ ორი დემონსტრანტი - მათ შორის ფუტსალის 26 წლის მწვრთნელი, ამირ მოჰამად ქოხკანი და მანსურ მოხტარი. ქოხკანის ნათესავების თქმით, მას გულმკერდის არეში ჰქონდა ნასროლი.
ჰიპ-ჰოპის მუსიკოსი
1 იანვარს სულ მცირე ოთხი ადამიანი მოკლეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ჩაჰარ-მაჰალისა და ბახთიარიის პროვინციაში - მათ შორის 20 წლის საიად ვალამანეშ ზეილაეი და 21 წლის აჰმად ჯალილი.
28 წლის სორუშ სოლეიმანი - რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჰიპ-ჰოპის მუსიკოსი იყო - ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 4 იანვარს, ჰეფშეჯანში გამართულ აქციაზე. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ დემონსტრანტები ამ ქალაქში შენობას ცეცხლს უკიდებენ.
მაღაზიის მფლობელი
შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმში რამდენიმე აქცია გაიმართა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა.
გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას ემსხვერპლა ჰოესინ რაბიეი. ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, ეს 34 წლის კაცი, მაღაზიის მფლობელი, ყუმბარას ატარებდა და მის აფეთქებას ემსხვერპლა - თუმცა დაღუპულის ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფს.
2 იანვარს ყუმში დაიღუპა მოჰამად ნური - ნათესავების თქმით, მასაც გულმკერდის არეში ესროლეს.
ცენტრალურ პროვინციაში, ისპაანში, 1 იანვარს მოკლეს დარიუშ ანსარი ბახტიარვანდი. სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა საავადმყოფოში მისი ცხედრის კადრები.
პოლიცია აცხადებს, რომ 37 წლის კაცი უცნობ თავდამსხმელებთან შეტაკებას ემსხვერპლა, თუმცა დაღუპულის ნათესავები ამბობენ, რომ მას უსაფრთხოების ძალების წევრები დაედევნნენ და მოკლეს, მას მერე, რაც დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი