3 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში ხამენეიმ, ირანის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, საფუძვლიანი უწოდა ქუჩის მოვაჭრეთა შფოთვას ეროვნული ფულის ერთეულის ვარდნის თაობაზე - პროტესტის პირველი ტალღა სწორედ ეკონომიკური პრობლემებით იყო გამოწვეული. თუმცა - აღნიშნა ხამენეიმ - უკმაყოფილება არ უნდა იყოს გამოყენებული საიმისოდ, რომ გაჩაღდეს "პოლიტიკური პროტესტი", ირანის მიმართ მტრულად განწყობილი საგარეო ძალების ინტერესების პასუხად.
ხამენეის განცხადებები გაისმა ერთ დღეში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაუჭირა მხარი დემონსტრანტებს. ტრამპის განცხადებების გამო ირანის წარმომადგენლებმა გაეროსაც მიმართეს, მოწოდებით განსჯილ იყოს "უკანონო მუქარები" და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ირანის წარმომადგენლები ასევე გამოვიდნენ მუქარით, რომ დარტყმებს განახორციელებენ ამერიკის სამხედრო ბაზებზე რეგიონში.
ირანში დემონსტრაციები დაიწყო 28 დეკემბერს - მას მერე, რაც ირანული რიალი მკვეთრად გაუფასურდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი. მომდევნო დღეებში დემონსტრაციებს შეუერთდნენ სტუდენტები და მოსახლეობის სხვა ჯგუფების წევრები. აქციებზე გაისმა პირადად ხამენეის კრიტიკა. თეირანსა და სხვა ქალაქებში ხდება დემონსტრანტების შეტაკებები პოლიციასთან.
დემონსტრაციების ერთი კვირის განმავლობაში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი, დააპატიმრეს 44 პირი - იუწყება რადიო თავისუფლების ირანული სამსახური. დემონსტრანტთა დაღუპვის ფაქტებს ადასტურებენ როგორც სამთავრობო წყაროები, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. დაშავებულია ათეულობით პირი.
ირანის ხელისუფლება ძალადობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს "დემონსტრანტებს შორის ძალადობის მომწყობებს". ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება გააგრძელებს "პროტესტის მონაწილეთა მკვლელობებს", დემონსტრანტების დასახმარებლად აშშ იმოქმედებს.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ "პროტესტი ირეკლავს ირანელი ხალხის გასაგებ მრისხანებას, თავისი ხელისუფლების ხელმოცარულობის და თავის მართლების მიმართ". ამავე განცხადებაში ითქვა, რომ ირანის რეჟიმი "აგრძელებს ირანის სიმდიდრის ფლანგვას მთელ მსოფლიოში ტერორიზმის მხარდასაჭერად და ჩასახშობად ირანელი ხალხისა, რომელსაც უკეთესი ცხოვრება სურს და იმსახურებს".
"ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური ზეწოლის გატარებას რეჟიმზე", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ანალიტიკოსების შეფასებით, ირანში ამჟამად მიმდინარე დემონსტრაციები წარმოადგენს პროტესტის ყველაზე მასშტაბურ აფეთქებას მას მერე, რაც 2022 წელს იმართებოდა აქციები ლოზუნგით "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება". მაშინ აქციების ტალღა მოჰყვა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს.
ფორუმი