Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: „ვარკვევთ“ - ვინ დაწერა 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის სახელით პოსტი?

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის 10 ივნისს, მლეთაში გაუჩინარდა. მისი სახელით, 18 აგვისტოს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნდა (ფოტოკოლაჟი)
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის 10 ივნისს, მლეთაში გაუჩინარდა. მისი სახელით, 18 აგვისტოს, სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნდა (ფოტოკოლაჟი)

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ არ იცის, ვინ დაწერა პოსტი მისი შვილის სახელით და პასუხს გამოძიებისგან ელის.

სოფო ბიბილაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი გაუჩინარებული შვილის ანგარიშზე სოციალურ ქსელში ასეთი გზავნილი ჩნდება.

„წუხანდელი პოსტის შესახებაც სხვამ გამაგებინა. ეს ნამდვილად გურიკას ფეისბუკის გვერდია, მაგრამ არ ვიცი, ვინ შევიდა, როგორ შევიდა, რატომ დაწერეს, იმედია, გამოძიება დაადგენს. პირადად მე, გამოძიება ჯერჯერობით არ დამკავშირებია“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „ინფორმაციას ამოწმებენ“. სხვა დეტალები, ამ დროისათვის უცნობია.

18 აგვისტომდე, გურამ დადიანიძის ამ ფეისბუკ პროფილზე ბოლო პოსტი, რომელიც საჯაროდ ჩანს, 2013 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული.

17 წლის გურამ დადიანიძის დედა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 12 წლის განმავლობაში მან შეცდომაში შემყვანი არაერთი შეტყობინება მიიღო უცნობებისგან - რის შემდეგაც შვილს ხან მონასტრებში ეძებდა, ხან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში:

„ბევრი რამე იწერება „დედა ცოცხალი ვარ“, მსგავსი რაღაცები... ყველა ამ ინფორმაციას [პოლიციას] ვაწვდიდი, რომ თითქოს ჩემი შვილი აქ ნახეს, იქ ნახეს, მაგრამ მეუბნებოდნენ, არ არის ასე, არ არის ასე. გამოძიებას ჩემთვის ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს უთქვამს, რომ აი, ადგილზე ჩავიდნენ, გადაამოწმეს და ნამდვილად ნახეს, რომ ჩემი შვილი იქ არ იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო ბიბილაშვილი.

ტარიელ კაკაბაძე, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატი, ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ცნობილია, ვინ და რომელი ქვეყნიდან დაპოსტა რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გზავნილი, „დედა ცოცხალი ვარ“:

„მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა მან ტვ პირველს.

ტარიელ კაკაბაძე საქართველოში არ იმყოფება. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკაში ჩაფრინდა და კითხვებს „ნელ-ნელა უპასუხებს“.

გამოძიებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ავტორის დადგენა სხვადასხვა ციფრული მონაცემის შეჯერებით შეუძლია. შესაძლებელია პლატფორმიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემების, მათ შორის, IP მისამართების, ანგარიშზე შესვლის დროების, ელფოსტის ან ტელეფონის ნომრის გამოთხოვა, თუ ეს ინფორმაცია პლატფორმას შენახული აქვს. IP მისამართისა და ზუსტი დროის მიხედვით კი ინტერნეტპროვაიდერმა შესაძლოა დაადგინოს, რომელ აბონენტს ან ინტერნეტკავშირს უკავშირდებოდა კონკრეტული აქტივობა. თუმცა IP მისამართი თავისთავად კონკრეტული ადამიანის ავტორობას არ ადასტურებს - ამისთვის გამოძიებას დამატებითი ციფრული და სხვა მტკიცებულებების შეჯერება სჭირდება. მაგალითად, Meta სამართალდამცავი ორგანოებისთვის განკუთვნილ წესებში პირდაპირ მიუთითებს, რომ შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა გასცეს გარკვეული მონაცემები.

რას იხსენებს დედა

მეშვიდე კლასში იყო გურამ დადიანიძე, გორიდან თბილისში, მამიდასთან რომ გადავიდა საცხოვრებლად. 9 კლასის დასრულების შემდეგ, სწავლა აღარ გაუგრძელებია და მამიდის ქმართან ერთად დაიწყო მუშაობა:

„მანამდე თურქეთში ვცხოვრობდით. ჯერ მე დამადეპორტეს და შემდეგ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გადმოვიყვანე ბავშვი. გურიკა ჯერ ძევერის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ გორში, მეშვიდე კლასიდან თბილისში გადავიდა, „ფესვებში“.

ბავშვი ხან ჩემთან იყო, გორში, ხან მამასთან. როგორც დედასთან იყო, ისე მამასთან. არანაირი პრობლემა არ გვქონდა. მამიდას ეს ერთი ბიჭი ძმისშვილი ჰყავდა - მამიდასთანაც იყო, ბიძაშვილებთანაც, დეიდაშვილებთანაც, თუკი ვინმე ახლობელი გვყავდა, ყველასთან ძალიან კარგი და უპრობლემო ურთიერთობა ჰქონდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო ბიბილაშვილი.

2014 წლის 10 ივნისს, გურამ დადიანიძე სწორედ მამიდის სამეზობლოსთან ერთად წავიდა მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე.

შვილის გაუჩინარების შესახებ დედამ 11 ივნისს შეიტყო:

„აღარ მახსოვს, მგონი, მაზლმა დამირეკა, გურიკას ვერ ვპოულობთო. ბავშვს ტელეფონი არ ჰქონდა, რადგან რამდენიმე ხნით ადრე ტელეფონის ბარათი გადაეწვა. იმ მხარეში არასდროს ვყოფილვარ, სანამ ტაქსი ვნახეთ, სანამ წავედით და ჩავედით, 11-ში, შუადღის 4 საათისათვის მივედით ადგილზე. სამძებრო ღონისძიებები უკვე დაწყებული იყო“.

ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ მლეთაში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც მისი შვილის კვალი გაუჩინარდა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დაახლოებით 2 კვირიდან 1 თვის განმავლობაში გაგრძელდა:

„თუმცა ამ პერიოდის შემდეგ, ჩემი მხარე, მამის მხარე, თბილისიდან ბავშვები, გორიდან, ყველანი დავდიოდით და ვეძებდით. ამ ხალხმაც რომ შეწყვიტა ძებნა, იმის მერე უკვე მე გავაგრძელე. ისიც კი არ ვიცოდი, გამოძიება რა მუხლით იყო დაწყებული... გამოძიება ნორმალურად რომ ყოფილიყო დაწყებული, 12 წელი ხომ არ დავიტანჯებოდი?“

სოფო ბიბილაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი შვილის გაუჩინარების საქმეს, ამ 12 წლის განმავლობაში, სამი გამომძიებელი იძიებდა. ერთი პერიოდი საქმე გორის პოლიციასაც გადასცეს, თუმცა, შემდეგ ის კვლავ მცხეთა-მთიანეთს დეპარტამენტში დაბრუნდა:

„რამდენჯერ ვარ 12 წლის განმავლობაში ჩასული დუშეთის პოლიციაში, ვერ დავითვლი. მხოლოდ ერთი პასუხით მიშვებდნენ უკან, მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს გამოძიება“, - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

რატომ „გაცოცხლდა“ გამოძიება ბოლო ერთ თვეში?

17 წლის გურამ დადიანიძის გაუჩინარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, მათ შორის, საქმის მოწმეების გამოკითხვა, სამძებრო ღონისძიებაში როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოფო ბიბილაშვილმა საქმეში ჟურნალისტები ჩართო.

გურამ დადიანიძის დედამ შვილის გაუჩინარების საქმეზე გაჭიანურებული გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება თავდაპირველად ტვ პირველის ჟურნალისტებს სთხოვა.

2026 წლის 28 ივნისს, სოფო ბიბილაშვილთან ერთად, მლეთაში ტვ პირველის ჟურნალისტი, სოფო ინაური ჩავიდა. სწორედ მისი ვრცელი რეპორტაჟიდან შეიტყო საზოგადოებამ, რომ ქალი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს ეძებდა, გამოძიებას კი მის კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.

ეს საქმე მალევე მოექცა სოციალური ქსელების მომხმარებლების, მათ შორის, ინფლუენსერების ყურადღების ცენტრში და გამოძიების, სამძებრო ღონისძიებების განახლების მოთხოვნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არაერთი youtub-გადაცემა თუ ტიკტოკ-ვიდეო ჩაიწერა. მათ შორის, გაუჩინარებული ბიჭის დედის მონაწილეობით.

ინფლუენსერები ჩასულები იყვნენ მლეთაშიც, საგამოძიებო მოქმედებების თვალის მისადევნებლად.

საქმეში ჩაერთო ადვოკატი - ტარიელ კაკაბაძე.

10 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებისას ბოლო ერთ თვეში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

10 აგვისტოსვე დაიწყო იმ ტერიტორიის ხელახლა შემოწმება, საიდანაც, 12 წლის წინ, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო უწყების 50-მდე თანამშრომელი. მათ ადგილი სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონებითა და სკანერით დაათვალიერეს. შსს ტერიტორიას ოთხი დღის განმავლობაში იკვლევდა, თუმცა რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, მათ შორის, ბიჭის ცხედრის კვალი, ვერ აღმოაჩინეს:

„სკანერმა, საბედნიეროდ, არაფერი გვიჩვენა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო ბიბილაშვილმა სამძებრო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, 14 აგვისტოს. თუმცა, მისი და შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება კვლავ გრძელდება:

„რაც მე მინდოდა, [მლეთაში] ის გააკეთეს, ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და შემდეგ გადავხედავთ, შესაძლოა, მანდ ისევ რაღაც იყოს საეჭვო“.

რაც შეეხება კითხვას, გაგრძელდება თუ არა იმავე ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები და კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებებია დაგეგმილი, სოფო ბიბილაშვილი გვპასუხობს:

„არ ვიცი, კიდევ გაგრძელდება თუ არა იქ საგამოძიებო მოქმედებები. არ ვიცი, რა მოხდება. ათასი კითხვა და ათასი ვერსია წამოიჭრა ამის მერე“.

რას ამბობს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე?

საჯაროდ საუბრისას, საქმის მოწმეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბიჭმა, შესაძლოა, თავად გადაწყვიტა გაუჩინარება და ის ცოცხალია.

ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, "ტვ პირველის" გადაცემაში „დღის ამბები“, ვრცლად ისაუბრა საქმის მთავარმა მოწმემ, ანა გელაშვილმა. ის მამასთან, კახა გელაშვილთან ერთად იყო მლეთაში, 2014 წლის 10 ივნისს.

„ჩვენი მეგობარი არის ცოცხალი, ჩემი ვერსია ეს არის, რომ ჩემი მეგობარი უნდა იყოს ცოცხალი, იმიტომ, რომ ჩემი გონება ვერასოდეს დაუშვებს იმას, რომ ის არის გარდაცვლილი. იმიტომ, რომ მე ის გარდაცვლილი მდგომარეობაში არ მინახავს. შესაბამისად ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი ცოცხალი და როდესაც ამაზე ვფიქრობთ ვერ გავაჟღერებთ ყველა დეტალს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე... ვინ იცის იქნებ მიყურებდეს კიდეც“, - ამბობს ანა გელაშვილი. ის ერთ-ერთია იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც შსს-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოკითხა.

როგორია შსს-ს ვერსია 17 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე

საქმის მასალების მიხედვით, 2014 წლის 10 ივნისს სოფელ მლეთაში, ლომისობაზე, სალოცავში თბილისის თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. მიკროავტობუსი სოფელ მლეთაში გაჩერდა და მათ ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.

ისინი „სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი“, - ამბობს შსს.

უწყების ცნობითვე, დადგინდა, რომ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე:

  • „შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა“;
  • „მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა“;
  • „შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა“.


შსს-ს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, რომ დადიანიძეს არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, იმ ადგილას, სადაც ის ჩამოჯდა, ბევრი მომლოცველი დადიოდა.

უწყება ამტკიცებს, რომ საქმეზე გამოკითხულია ყველა, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე ჩატარდა „ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს“.

შსს-ს განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე „რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა“.

ამასთანავე, უწყების მტკიცებით, მართალი არ არის, თითქოს ბიჭის ადგილსამყოფლის დასადგენად 2014 წლიდან 2017 წლამდე არაფერი გაკეთებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, შეიქმნა სამძებრო საქმე და სამძებრო ღონისძიებებიც ჩატარდა.

ლომისის სალოცავთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია იწყება, თუმცა არც საოკუპაციო ძალები, არც თვითმხილველები არ ადასტურებენ, რომ გურამ დადიანიძემ გამყოფი ხაზის გადაკვეთა.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG