მსვლელობას წინ მიუძღვებოდნენ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების მშობლები და ოჯახის წევრები, მათ პატიმრების ფოტოები ეჭირათ.
4 აპრილის "შაბათის მარში" მიეძღვნა დამოუკიდებლობის იდეას და გამოეხმაურა როგორც 31 მარტის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს, ასევე მოახლოებულ 9 აპრილს - თბილისში მომხდარი ტრაგედიის და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს. მთავარ ბანერზე წერია: „ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცავთ დამოუკიდებლობას“.
დემონსტრანტებს ეჭირათ საქართველოს, ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის დროშები, აგრეთვე გამოჩნდა ცხოველთა უფლებების დამცველთა პლაკატები.
დღეს ცხოველთა უფლებადამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს აქცია, სადაც მოითხოვეს მთავრობის მიერ, თებერვალში მიღებულ განკარგულებაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აიკრძალა სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების დაბრუნება იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ თუკი მათი სტერილიზაციამდე მიკედლების არეალი ახლოსაა სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან და სპორტულ მოედნებთან.
ერთ კვირაში 500 დღე სრულდება ყოველდღიური პროტესტის დაწყებიდან. იმის მიუხედავად, რომ აქციებზე ხშირად ახალი მოთხოვნები ჩნდება, - მაგალითად, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შემთხვევების გამოძიების მოთხოვნა, რაც შაბათის მარშების საფუძვლად იქცა, - დემონსტრანტებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დღეს საქართველოში 120-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა პოლიტპატიმრად.
დღევანდელ მარშზე კვლავ დაბრუნდა მუსიკა. წინა შაბათს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, გლოვის ნიშნად მდუმარე მარში ჩატარდა.
საპროტესტო მარშს უკან მოჰყვებოდა პოლიციის მანქანები. მარშის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ საავტომობილო გზის ნაწილზე.
ფორუმი