Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეცდომები, რომლებიც დაუშვა გალუსტაშვილმა, თქვენ უნდა გამოასწოროთ“, - 11 დემონსტრანტის საქმე სააპელაციოში


11 დემონსტრანტი თბილისის საქალაქო სასამართლოში
11 დემონსტრანტი თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს ორივე მხარეს - მსჯავრდებულებსაც და პროკურატურასაც.

პატიმარი დემონსტრანტები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენის შეცვლას და მათ უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვენ.

პროკურატურა კი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რომ ნინო გალუსტაშვილის მიერ, 226-ე მუხლით გადაკვალიფიცირებული საქმე, კვლავ 225-ე მუხლის მეორე ნაწილს, ანუ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, უფრო მძიმე მუხლს დაუბრუნდეს.

რას ამბობს პროკურატურა?

„ამისთვის გადავდეთ სხდომა?“ - გაისმა მსჯავრდებულებისგან კითხვა მას შემდეგ, რაც საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა მოსამართლეს შესავალი სიტყვა წაუკითხა:

პროკურორები, ვაჟა თოდუა, ვახტანგ ცალუღელაშვილი, საარქივო ფოტო
პროკურორები, ვაჟა თოდუა, ვახტანგ ცალუღელაშვილი, საარქივო ფოტო

„მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განაჩენი მსჯავრდებულების მიმართ არ არის დასაბუთებული... მიგვაჩნია, რომ საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს და ისინი დამნაშავეებად ცნობილი უნდა იქნან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით.

მსჯავრდებულები მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ძალადობას პოლიციის თანამშრომლების მიმართ, ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება. ჯგუფური ძალადობის მონაწილეების მიმართ არსებობს ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ მათი გარკვეული ნაწილი ახორციელებს სხვადასხვა ნივთის სროლას... თითოეული მსჯავრდებული ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა. ყველა ძალადობა მიმართულია პოლიციელების წინააღმდეგ და ერთიანობაში ქმნიან ჯგუფურ ძალადობას“, - განაცხადა თავის შესავალ სიტყვაში პროკურორმა.

ამ საქმეს 11 მსჯავრდებული ჰყავს:

  • 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე,
  • 28 წლის ონისე ცხადაძე,
  • 34 წლის გურამ მირცხულავა,
  • 21 წლის ლუკა ჯაბუა,
  • 50 წლის ჯანო არჩაია,
  • 27 წლის რუსლან სივაკოვი,
  • 26 წლის რევაზ კიკნაძე,
  • 54 წლის გიორგი ტერიშვილი,
  • 27 წლის ვალერი თეთრაშვილი,
  • 27 წლის სერგეი კუხარჩუკი,
  • 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.


მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი

2025 წლის 3 სექტემბერს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის მუხლით (225-ე) მიმდინარე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა და ამ საქმის ყველა ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

არცერთი მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. 20 იანვარს, სააპელაციო სასამართლოს მეთორმეტე, ყველაზე დიდ დარბაზში, პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებული 11 დემონსტრანტის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები შეიკრიბნენ.

თავად მსჯავრდებულები ორ ჯგუფად გაყვეს - ნაწილი შუშის კაბინაში იჯდა, ნაწილიც - კაბინის გარეთ, რადგან მცირე ზომის შუშის კაბინა 11 დემონსტრანტს ვერ დაიტევდა.

იუმორისტი ონისე ცხადაძე დედას და ძმას შუშის კაბინიდან უქნევდა ხელს. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს მეგობარი სათხილამუროდ ეპატიჟებოდა.

მსჯავრდებული კიკნაძის, ცხადაძის და ჭიჭინაძის სიტყვები

20 იანვარს გამართულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შესავალი სიტყვები ძირითადად მსჯავრდებულების ადვოკატებმა წარმოთქვეს. შესავალი სიტყვის უფლებით მხოლოდ რამდენიმე მსჯავრდებულმა ისარგებლა.

მათ შორის პირველი იყო რევაზ კიკნაძე:

რეზო კიკნაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
რეზო კიკნაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

„ჯერ დავიწყებ სოლიდარობით, სოლიდარობას გამოვუცხადებ თავისუფლებისთვის, დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ ირანელებს. ყველა ადამიანმა მაგალითი უნდა აიღოს მათგან, ვინც ქვეყნის მომავლისთვის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

მე მინდა, რომ ყოველ დღე დავსვათ შეკითხვა, რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. ხომ უნდა ვიცოდეთ, რა ქიმიურ ნივთიერებებს უშვებდნენ. გამოდიან და 4 და 5 დეკემბერს ეს გავუშვითო, 4 და 5 დეკემბერი რა შუაშია, ყველამ ვიცით, როდის იყო პიკი, ამიტომ სანამ პასუხს არ მივიღებთ, ყოველ წამს უნდა ვიკითხოთ, რადგან არ შეიძლება ასეთი დანაშაული შერჩეთ.

იმ დროს გარეთ გამოსვლა ვალდებულება იყო და არა დანაშაული და ჩვენ დანაშაულად ჩაგვითვალეს. შენც ჩუმად რომ იყავი მაშინ, ბატონო მოსამართლევ, ამიტომ ხდება ეს. შენც ჩუმად რომ იყავი, ბატონო პროკურორო...

ჩვენ ზუსტად ის არ გვინდა, რომ სუპი გვქონდეს და სუპს ვჭამდეთ, ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები.

გიგა ავალიანის საქმეზეც მინდა ვთქვა, ამ საქმეს ჯგუფურად არ აკვალიფიცირებენ მაშინ, როცა საქმე ჯგუფურად დაიგეგმა...

ასევე თამარ ლორთქიფანიძის შესახებ მინდა ვთქვა, რომელსაც ხუთი წლით უშვებენ ციხეში, მანქანას გადაუარე ფეხითო, როცა თავად ადამიანებს შესდგნენ ფეხით, მაგრამ მათთვის მანქანა უფრო მნიშვნელოვანია.

ასევე ვეტყოდი ხალხს, არ უნდა შეგეშინდეთ ერთი სიტყვის, რევოლუციის. მშვიდობის საწინდარია რევოლუცია“...

კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელმაც 20 იანვარს გამართულ სხდომაზე შესავალი სიტყვა თქვა, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე იყო:

ანდრო ჭიჭინაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
ანდრო ჭიჭინაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

„ამ ადამიანებს, ვინც ჩვენს წინ სხედან, ვგულისხმობ პროკურორებს, უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად. ვგულისხმობ იმას, რომ შემოგვთავაზონ სხვა რეალობა. რეალობაა ერთი - ანდრე ბრეტონმა ვერ შეცვალა რეალობა და ცალუღელაშვილს რომ გამოუვიდეს, ეჭვი მეპარება.

პროცესის არცერთ ეტაპზე, გამორიცხული იყო ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება. არანაირ სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. მაქსიმუმ, რაზეც შეიძლება, ბრჭყალებში მტკიცებულებებით ვილაპარაკოთ, ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუმცა, ესეც კი სადავოა.

რეალობის სხვანაირად ჩვენების მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა იქნება ერთი!“.

ონისე ცხადაძე ყოყმანობდა, მისი ადვოკატის შესავალი სიტყვის შემდეგ ეთქვა თუ არა რაიმე, თუმცა, ბოლოს მაინც მოითხოვა მიკროფონი:

ონისე ცხადაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
ონისე ცხადაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

„პირველად არის, რომ არ ვიცი, რა ვთქვა. თავისუფლებას ვუსურვებ ყველას, ყველას, ვინც ამ დარბაზშია და აქ ოთხი თუ ხუთი მხარე ზის. იცოდეთ, ყველა ერთ ნავში ვსხედვართ, ნავში, რომელიც გადახეთქილია და იცოდეთ, ყველა ერთად ჩავიძირებით... მე ცურვა არ ვიცი“...

რის ახსნას ცდილობდნენ ადვოკატები შესავალ სიტყვებში?

მსჯავრდებულების ადვოკატები, საქმის მასალებზე დაყრდნობით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თეა ლეონიძე, რომ გადაწყვეტილება, რომელიც 2025 წლის 3 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა მიიღო, არასამართლიანი, დაუსაბუთებელი იყო და ეს გადაწყვეტილება სწორედ მისი შესაცვლელი იყო.

„ეს არის საქმე, რომელმაც სასამართლო ჩაკეტა და ის დღესაც ჩაკეტილია. ეს არის საქმე, რომლის გამოც საქართველოს კანონმდებლობა შეიცვალა და დღემდე არ აქვთ ჟურნალისტებს საშუალება, რომ პროცესები გადაიღონ, ჩაიწერონ და სწორედ იმის გამო, რაც ამ პროცესებზე ხდებოდა პირველ ინსტანციაში“, - ასე დაიწყო თავისი შესავალი სიტყვა ლუკა ჯაბუას ადვოკატმა, რუსუდან აგურაშვილმა:

„პირველ ინსტანციაში, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა, ვერცერთი მოწმე ვერ ასახელებდა მიზეზს, რატომ იყო ამ საქმის მოწმე. განაჩენი 94-გვერდიანია და იქიდან 71 გვერდი ეთმობა მოწმეთა ჩვენებებს. თქვენ ვერცერთ გვერდზე ვერ ნახავთ, მაგალითად, ლუკა ჯაბუას სახელს, რომ მან ვინმეს რაიმე სახის დაზიანება მიაყენა... ერთი და იგივე მოწმე ორ სისხლის სამართლის საქმეზე მოდიოდა. ჩვენ სწორედ ამ პირობებში მოვისმინეთ გამამტყუნებელი განაჩენი“.

კოლეგის მსგავსად, საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემაც:

რევაზ აჭარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
რევაზ აჭარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

„ჩვენ გვაქვს დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილება. პასუხი არ არის გაცემული კითხვებზე, პროკურატურის მხრიდან ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, 2-3-წამიანი ვიდეოები ვერ ამტკიცებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს განაჩენი“.

ომარ ფურცელაძემ, ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილების დაწერისკენ მოუწოდა:

ომარ ფურცელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
ომარ ფურცელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

„[ნინო გალუსტაშვილის] 97-გვერდიან გადაწყვეტილებაში, საიდანაც 84 გვერდი ტექნიკური ნაწილია, სამართლებრივ მსჯელობას ეთმობა მხოლოდ ოთხ გვერდ-ნახევარი. მხოლოდ ნინო გალუსტაშვილის ეს გადაწყვეტილება საკმარისია, რომ თქვენ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოთ გამამართლებელი გადაწყვეტილება.

ჩემი თხოვნაა, როგორც ადვოკატის, კოლეგის, ძალიან გთხოვთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც, გვაჩვენეთ დაწერილი გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ გავასაჩივრეთ უზენაესში და საერთაშორისო ინსტანციებში. ძალიან გთხოვთ, დაასაბუთეთ თქვენი გადაწყვეტილება“, - მიმართა ომარ ფურცელაძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს.

„სად არის მტკიცებულებები?“, - დაუსვა კითხვა საქმის პროკურორებს გუჯა ავსაჯანიშვილმა, რევაზ კიკნაძის ადვოკატმა:

გუჯა ავსაჯანიშვილი ზურგით - ელაპარაკება რეზო კიკნაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლო
გუჯა ავსაჯანიშვილი ზურგით - ელაპარაკება რეზო კიკნაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლო

„ბრალდების მხარე რომ გვპირდებოდა, რომ სააპელაციოში მოიტანდნენ მტკიცებულებებს, საინტერესოა, სად არის მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჯგუფურად ჩაიდინეს რაიმე დანაშაული. აგერ, ერთი წელი გავიდა, სად არის მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ?“

ლაშა ცუცქირიძე, ონისე ცხადაძის ადვოკატი, დარწმუნებულია, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის ბოლო დანიშნულების ადგილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება. ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახლა პასუხები გაეცეს ძირითად კითხვებს, მათ შორის, კითხვას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე.

20 იანვარს გამართულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან ის სამი მთავარი საკითხი ჩამოთვალა, რომელიც მსჯავრდებული დემონსტრანტების საქმეში, მისი თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანი ხარვეზებია:

მარცხნივ ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
მარცხნივ ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

„პირველი - მტკიცებულებები, ვიდეო-ჩანაწერები, რომლებსაც საიდანაც არ უნდა უტრიალოთ, ვერ ნახავთ, სად ჩანს, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ონისეს მხრიდან ჩადენილი ძალადობა. ან საერთოდ ვისი დაზიანება ჩანს, არანაირი ძალადობა და მით უმეტეს ჯგუფური, იმ ვიდეოებში არ ჩანს.

მეორე, საქმეში არ არის დადგენილი რომ ამ პირებს შორის რაიმე კავშირი და კონტაქტი იყო, თუნდაც ვერბალური, სატელეფონო და ეს გაამყარა გამომძიებლის ჩვენებამაც. დღესაც კი ამ პირების ტელეფონები ექსპერტიზაზეა და ექსპერტიზის შედეგები არ არის.

მესამე - მოსამართლეს მითითებული აქვს, რომ „დაზარალებულების“ ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ არ იციან, ვინ მიაყენა დაზიანება და არ უნახავთ რაიმე მოქმედებები, მაშინ საერთოდ, ეს „დაზარალებულები“ ამ საქმეში რას წარმოადგენენ? რა კავშირი აქვთ ამ პირებთან, ან დაზარალებულებად რატომ არიან წარმოდგენილები?“, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს „შეცდომების გამოსწორებისკენ“ მოუწოდა:

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი

„რთული საქმეა თქვენთვისაც, რადგან თქვენ უნდა შეაფასოთ მტკიცებულებები და უნდა გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოზე არის დიდი პოლიტიკური ზეწოლა, რომელსაც ვერ გაუძლო საქალაქო სასამართლომ, მაგრამ უნდა გაუძლოთ თქვენ, რადგან თქვენ ხართ სააპელაციოს მოსამართლე და თქვენი მანდატია, რომ ის შეცდომები, რომლებიც დაუშვა ნინო გალუსტაშვილმა, თქვენ უნდა გამოასწოროთ“.

პოლიციამ პროევროპული აქციების მონაწილე დემონსტრანტების დაკავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე.

ბრალდების მტკიცებულებები იყო აქციების მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოები; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნები; დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები; სხვა საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორისაა ვიდეოების დათვალიერების ოქმები.

თუმცა, ადვოკატების თქმით, საქმეების ფუნდამენტური პრობლემა ის იყო, რომ ვერ დგინდებოდა ვერც ბრალდებულებს შორის კავშირი, ვერც ორგანიზატორი ან საერთო მიზნისთვის წინასწარ შეკავშირება, ნასროლი ნივთების რაობა და ამ ქმედების შედეგი ანუ ის კომპონენტები, რომლებიც ჯგუფური დანაშაულის დადასტურებას სჭირდება.

მაგალითად, ვერ დადგინდა ისიც, რომ რომელიმე პოლიციელი მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთის ქმედებამ მაინც დააზიანა, ანუ საქმეში არ ჩანდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

სააპელაციო სასამართლო მხარეების დასკვნით სიტყვებს 29 იანვარს, 12 საათზე მოისმენს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG