საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხედარი სამების ტაძრიდან 14:40 საათზე გამოასვენეს.
მას სიონის ტაძარში მიასვენებენ.
მსოფლიო პატრიარქი: გარადაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, ჩამოვსულიყავით და შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომეოსმა, რომელიც თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის დაკრძალვის ღონისძიებას ესწრება, ილია მეორეს „ერის მზრუნველი და მოსიყვარულე მამა უწოდა“.
„შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათალიკოსთაგან ვერავინ ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან, იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია II-მ“, - თქვა ბართლომეოსმა სიტყვის წარმოთქმის დროს.
მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში ილია მეორის როლსა და მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:
„ღმერთმა ღირსჰყო ის [ილია მეორე], რომ ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზიმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარების გარეშე და საძირკვლიდან აღედგინა...“
"თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“ - მიხეილ ყაველაშვილი
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველშვილმა მრევლს და ტაძარში შეკრებილებს მიმართა.
ყაველაშვლის სიტყვებით "დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.
"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
„გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია" - მიტროპოლიტი შიო
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს და ტაძარში შეკრებილებს მიმართა:
„გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილიას”.
მიტროპოლიტმა შიომ საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელს, სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტ როსტისლავს, ამერიკის და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს.
ფორუმი