Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგმარ ბერგმანის ჩრდილში


სენტიმენტალური ღირებულება (2025, ნორვეგია, რეჟისორი იოახიმ ტრიერი)

„სენტიმენტალური ღირებულება“ პირველი ფილმი იყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომლის სეანსზეც ყველა ბილეთი გაიყიდა. თავიდან ვიფიქრე, რომ თბილისელებს იოახიმი მოგვარეში, ლარს ფონ ტრიერში აერიათ. მერე გამახსენდა, რომ „სენტიმენტალურმა ღირებულებამ“ წელს კანის ფესტივალის გრან-პრი მოიგო („ოქროს პალმასაც“ უწინასწარმეტყველებდნენ), ფილმი წარდგენილია ამერიკულ „ოსკარზე“ და ევროპის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს კანდიდატია. დეკემბრის ბოლოს ზოგიერთი კინოგამოცემა „სენტიმენტალურ ღირებულებას“, ალბათ, წლის საუკეთესო ფილმადაც დაასახელებს. ვფიქრობ, ამიტომაც უჩვენებენ დღეს საქართველოს კინოთეატრებში... ეს მაშინ, როდესაც კინოგაქირავების ყურადღების მიღმა დარჩა 2025 წლის ისეთი შედევრები, როგორებიცაა თუნდაც ფანაჰის „უბრალო შემთხვევა“ და ლოზნიცას „ორი პროკურორი“.

ეს წარმატება ძალიან უცნაურია. „სენტიმენტალური ღირებულება“, ფაქტობრივად, ინგმარ ბერგმანის ყველაზე საშუალო ფილმის ასლია, რომელსაც, წესით, არ უნდა ჰყავდეს ფანები არც კინომანებში (რადგანაც სრულიად მოკლებულია სიახლეს) და არც ფართო მაყურებელში, რომელიც ამ უგრძელეს კინოში ერთი ოჯახის წევრების ურთიერთობას აკვირდება. შეიძლება ფილმის კომერციულ წარმატებას პერსონაჟების გადაჭარბებული დომინანტურობა განსაზღვრავდეს - ფილმის გმირები სიამოვნებით გვიყვებიან საკუთარი ფიქრების შესახებ, ცდილობენ დაგვიღეჭონ თავიანთი გრძნობები, ნევროზები (რომლებშიც არსებითად ვერ გარკვეულან), სხვაგვარად რომ ვთქვათ, „კოვზით კვებონ“ პუბლიკა. მარტივად მოწოდებული ადამიანური გრძნობები, უმამობის თემა, უსიყვარულობა, მარტოობა ყველა კატეგორიის მაყურებელს აღელვებს. იმასაც კი, რომელიც, როგორც წესი, სრულიად გულგრილია „სენტიმენტალური ღირებულების“ მსგავსი "წვრილბურჟუაზიული დრამების" მიმართ.

ასეთივე სწორხაზოვანი და მკაფიოდ გამოხატულია „სენტიმენტალური ღირებულების“ კავშირი ინგმარ ბერგმანთან. მაყურებელს მეტისმეტად ბევრი ფიქრი რომ არ დასჭირდეს ამ მსგავსების აღმოსაჩენად, ტრიერი ფილმის მთავარ გმირს, ასაკში შესულ გალოთებულ კინორეჟისორს, სტელან სკარსგარდის შესრულებით, არქმევს ბერგმანის ალბათ მაინც ყველაზე ცნობილი პერსონაჟის სახელს - მოხუც პროფესორს „მარწყვის მდელოში“, დიდი შვედი რეჟისორისა და მსახიობის, ვიქტორ შესტრომის შესრულებით, ერქვა ისააკ ბორგი. ტრიერის ფილმის გმირს გუსტავ ბორგი ჰქვია. ბერგმანთან მედიცინის პროფესორია, რომელსაც გაურთულდა ურთიერთობა თავის ვაჟთან, ტრიერთან - კინორეჟისორი, რომელსაც შემოქმედებითი კრიზისი (კიდევ ერთი „რვანახევარი“) და გართულებული ურთიერთობა აქვს ქალიშვილებთან. იგი ოსლოში ბრუნდება პირველი ცოლის დაკრძალვის და სახლის გაყიდვის ცერემონიაზე დასასწრებად. სწორედ ამ სახლში გაზარდა შვილები, სანამ მათ მიატოვებდა და თავისი საქციელით მამაზე უარს ათქმევინებდა. უფროსი, ნორა (რენატე რეინსვე), თეატრის ცნობილი მსახიობია, მაგრამ სცენის შიში და სუიციდური აზრები აწუხებს. უმცროსი, აგნესი (ინგა იბსდოტერ ლილეოსი) გათხოვილია, დედაა და უფრო მოწესრიგებულ ცხოვრებას ეწევა. ნორა უარს ამბობს მამის შეთავაზებაზე, ითამაშოს მის ავტობიოგრაფიულ ფილმში. ამიტომ ბორგი იძულებული ხდება, ჰოლივუდის ვარსკვლავს, რეიჩელ კემპს (ელ ფენინგი), მიმართოს.

დრამატურგია იოახიმ ტრიერის პრობლემა იყო მის წინა ფილმებშიც, თუმცა სუსტი სცენარი „სენტიმენტალურ ღირებულებას“ განსაკუთრებით ვნებს. ამბავს, რომელიც წარმოდგენილია, როგორც საგა, თავიდან გვიყვება ნორას კადრსმიღმა ხმა. ამას მოჰყვება დედის ქონების განაწილების თემა, რომელიც სადღაც იკარგება, ისევე როგორც ქალიშვილების ტრავმების ამბავი... ბოლოს და ბოლოს, „უძღები მამის“ დაბრუნების შემდეგ მაყურებლის ყურადღება მთლიანად გადაერთვება გუსტავის ახალი ფილმის გადაღებაზე, თანამედროვე კინოინდუსტრიის ფარისევლობაზე, შემოქმედებაზე, რომელმაც ადამიანები უნდა გააერთიანოს (მართლა ასეა!). თხრობას, წარმოდგენილს მრავალრიცხოვანი ფლეშბექებით, არ აქვს კომპასი, ამიტომაც ტრიერი მუდმივად ცვლის თემებს, რომლებიც, როგორც წესი, ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან. ეპიზოდების დასრულება ჩაბნელებით, ერთი მხრივ, გააზრებულია, როგორც „სიცოცხლე შეიძლება სრულიად მოულოდნელად ჩაბნელდეს“, მეორე მხრივ, ეს ხერხი კიდევ უფრო შლის ფილმს ნაკუწებად. ელეგანტურობაზე, „ჩეხოვის სულის“ შენარჩუნებაზე მეტისმეტი ზრუნვა სრულიად ართმევს კინოს ვნებას... არადა, დიდი ხანია არ მინახავს ფილმი, რომლის გმირები ამდენს ტიროდნენ. ტრიერს, თუ არ ვცდები, ვერ წარმოუდგენია ქალი, რომელიც არ ტირის.

ემოციური პერსონაჟების სიმრავლე არ ნიშნავს იმას, რომ ეს ემოციები მაყურებელშიც გაიღვიძებს. იოახიმ ტრიერი მთლიანად ენდობა მსახიობებს და არ თვლის საჭიროდ, „დაეხმაროს“ მათ კამერით, მიზანსცენებით. ავტორის სურვილი, როგორმე ჩაგვრთოს ბურჟუაზიულ გრძნობებში, რომლებიც არ გვაღელვებს, განსაკუთრებით ჩანს მაშინ, როცა ნორა დასთან ერთად მამის სცენარს კითხულობს. აქაც ატირდებიან. ჩვენ მოგვიწოდებენ ვიყოთ ისეთივე შეძრწუნებული, როგორც დები არიან. მაგრამ მაყურებელი, რომელიც იგრძნობს ავტორის ამ მოთხოვნას („როგორი გენიალური სცენარია!“), აშკარა მანიპულაციის გამო ღიზიანდება ან, უბრალოდ, გულგრილი რჩება. ელოდები ემოციების აფეთქებას, მაგრამ არა - თითქოს ავტორი ვერ იცილებს უკვე დამკვიდრებული წონასწორობის დარღვევის შიშს, ამიტომ ხვდები, რომ „სენტიმენტალურ ღირებულებას“, პირველ რიგში, სენტიმენტალიზმის ეშინია.

სათაურის მიხედვით ფილმში უნდა ასახულიყო სენტიმენტალური ღირებულება, რომელსაც ნივთებს ვანიჭებთ, სახლს ვანიჭებთ. წითელი სახლი, რომელიც თითქოს საკუთარ „ბიოგრაფიას“ გვიამბობს, თავიდანვე წარმოდგენილია, როგორც კოლექტიური ტკივილის სახე. დეპრესია და თვითმკვლელობა ბორგების სახლის ისტორიის ნაწილია.

სახლი მიკროკოსმოსია, რომელიც მამის დაბრუნების შემდეგ უნდა „განიავდეს“. მამა ცივ წონასწორობას მართლაც არღვევს, რადგანაც მისი ხასიათი აქ უკეთაა გაშლილი (დაუმატეთ ამას სკარსგარდის ქარიზმა). შესაბამისად, მაყურებელი მას უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე ცივ ნორას, რომლის ნევროზის მიზეზი (სცენის შიში) ძალიან ზედაპირულად და ბანალურადაა ახსნილი.

გუსტავ ბორგს არ უყვარს თეატრი და სძულს სერიალები. მას მხოლოდ კინო იტაცებს. მაგრამ ვერ ემიჯნება ვერც თეატრალურობას და ვერც სერიალის ესთეტიკას. ეს ერთადერთი აღსარებითი მოტივია „სენტიმენტალურ ღირებულებაში“, ერთადერთი თემაა, რაშიც ტრიერი სრულიად გულწრფელია, რადგანაც ისიც თავისი მამაკაცი გმირის მდგომარეობაშია (მოკითხვა ვუდი ალენისგან). ამიტომაც საბოლოოდ ტრიერის ფილმი ემსგავსება კინოს, რომელსაც გუსტავი იღებს. ისეთივე დიდაქტიკურია. შერიგება თუ ოჯახის აღდგენა აქ გულისხმობს ქალების სრულ კაპიტულაციას სექსისტი მამაკაცის წინაშე. მერე რა, რომ ისინი ბევრს ტირიან. უფრო მეტიც, თავსაც იკლავენ. მათი კატეგორიული „არა“ ბოლოს მაინც კატეგორიული „ჰოთი“ იცვლება ხოლმე.

ინგმარ ბერგმანის ფილმებში ხშირად არის ასე - „მიყვარხარ“ ნიშნავს სიძულვილს და „მძულხარ“, პირიქით, დიდ სიყვარულს გამოხატავს. მაგრამ თუკი ბერგმანთან ეს წინააღმდეგობა ბუნებრივი და ლოგიკურია (თუმცა ყოველთვის არა), აქ, „სენტიმენტალურ ღირებულებაში“, ვიღებთ ერთგვარ პაროდიას ბერგმანიზმზე (და პაროდიას არტჰაუზზე), რაც ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, ოდნავ მეტი თვითირონია რომ ჰქონოდა ავტორს. გახსოვთ, როგორ გაათამაშა ბერგმანი პედრო ალმოდოვარმა ფილმში „მაღალი ქუსლები“? იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად აღიარებულმა ესპანელმა გაბედა პოლემიკა(!) ინგმარ ბერგმანთან.

„სენტიმენტალურ ღირებულებაში“ ბევრად უფრო საინტერესო მგონია ბერგმანის შემოქმედებიდან აღებული მეორე თემა - მსახიობის პროფესიის, მსახიობის მენტალობის კვლევა - ძალადობა, რომელსაც მსახიობები საკუთარ თავზე ახორციელებენ სხვა ადამიანის სახის შესაქმნელად, სრული თავგანწირვა სხვა ავტორის სამყაროს გამოსახატავად. მსახიობს არა აქვს გამოხატვის ინსტრუმენტი საკუთარი თავის გარდა, საკუთარი სხეულის, ხმის გარდა, და კინოს, რომელიც სხეულის „ახლოდან დანახვის“ ხელოვნებაა, ეფექტურად შეუძლია წარმოადგინოს ეს თემა. მაგრამ, სამწუხაროდ, ტრიერის ფილმის ერთფეროვან ვიზუალურ გადაწყვეტაში, სერიალის ესთეტიკაში, კინოს ეს შესაძლებლობა სრულიად იგნორირებულია.

ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იოახიმ ტრიერის ფილმის კამერა აფიქსირებს იძულებით გამომეტყველებას, პომპეზურ სიჩუმეს, რომელიც არარსებული სიღრმის გადმოცემას ისახავს მიზნად, და სცენებს, რომლებიც განუწყვეტლივ მეორდება, რათა ავტორმა ბოლომდე დაუღეჭოს მაყურებელს (რომელსაც, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ ენდობა). ნარცისული კინოს პრობლემა ყოველთვის თვითკმაყოფილება და პომპეზურობა იყო. მაგრამ როცა პათეტიკას ემატება ხელოვნურად ჩასმული თავსატეხი (მეორე მსოფლიო ომის სრულიად გაუმართლებელი შემოჭრა), უკვე მოუთმენლად ელოდები დასასრულს. და არა იმიტომ, რომ საინტერესო ხდება ფინალი (მას ისედაც ხვდები), არამედ იმიტომ, რომ დარწმუნდე, თუკი ასეთი სიცარიელე წლის ფილმად ცხადდება, ე.ი. კინოხელოვნება მართლაც ღირსი ხდება, მაყურებელს რომ კარგავს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG