მოსკოვის სიმიონოვოს რაიონულმა სასამართლომ საქველმოქმედო ფონდისა და ბავშვთა ჰოსპისის „სახლი შუქურათი“ („Дом с маяком“) დამფუძნებელი ლიდა მონიავა წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განსასჯელს აეკრძალა საღამოს 8 საათიდან დილის 8-მდე ქუჩაში გასვლა, საქმის მოწმეებთან ურთიერთობა და ინტერნეტით სარგებლობა.
ლიდა (ლიდია) მონიავას, რომელიც ცნობილი უფლებადამცველია და პალიატიურ მზრუნველობას უწევს განუკურნებლად დაავადებულ ბავშვებს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში ადანაშაულებს.
სისტემამ უკან დაიხია?!
3 სექტემბერს მოსკოვის სიმიონოვოს რაიონული სასამართლოს შენობასთან „როსგვარდიის“ ორი ავტომობილი და პოლიციის ექვსი საპატრულო მანქანა მორიგეობდა. 17:00 საათისთვის დანიშნული იყო ფონდ „სახლი შუქურათი“ („Дом с маяком“) ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის, ლიდა მონიავასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა.
„სახლი შუქურათი“ - 2018 წელს რეგისტრირებული საქველმოქმედო ფონდია, რომელიც განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარება. ფონდს ასევე ეკუთვნის ბავშვთა და მოზარდთა ჰოსპისების ქსელი.
თვითმხილველთა თქმით, სასამართლოს შენობასთან შეკრებილი იყო 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი (ნობელის პრემიის ლაურეატი და გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ ყოფილი რედაქტორი), პოლიტიკოს ილია იაშინის მშობლები, ფონდ „ვერას“ დამფუძნებელი და მონიავას თანამოაზრე, ნიუტა ფედერმესერი, მსახიობი ტატიანა დრუბიჩი და ლიდა მონიავას დაფუძნებული ფონდის („სახლი შუქურათი“) ბენეფიციარები, რომელთაგან დიდი ნაწილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა.
სასამართლოს შენობაში მყოფმა მარგარიტა მონიავამ, ლიდა მონიავას დედამ, მისი ქალიშვილის მხარდასაჭერად მისული ადმიანების შესახებ თქვა:
„ფანჯარასთან ორი როსგვარდიელი მოვიდა. სურათების გიღება დაიწყეს. ამბობდნენ: „ჯანდაბა, ეს მართლა წარმოუდგენელია. ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ახლავე დედაჩემს გავუგზავნი ამ ფოტოს!“ მათთვის ასეთი რამ სიახლეა“.
ლიდა მონიავა სასამართლოში დროებითი დაკავების იზოლატორიდან დაახლოებით 17:45 საათზე მიიყვანეს. მხარდამჭერთა ჯგუფი სკანდირებდა: „ლიდა! ლიდა!“
ფორმალურად სასამართლოს სამუშაო დრო 18:00 საათზე დასრულდა. სასამართლოს აღმასრულებლებმა ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და ხალხი სასამართლოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო სხდომა, რომელიც დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ლიდას გულშემატკივრებიდან დარბაზში მხოლოდ ადვოკატი მიხაილ ბირიუკოვი შეუშვეს.
მოსამართლე ოლგა ველიჩკომ გამომძიებლის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა და ლიდა მონიავას 30 ოქტომბრამდე აკრძალვები დაუწესა:
საღამოს 8 საათიდან დილის 8-მდე ქუჩაში გასვლა, საქმის მოწმეებთან ურთიერთობა და ინტერნეტით სარგებლობა.
„ლაპარაკი, ფიქრი და გრძნობები არ აუკრძალავთ...“ - თქვა ადვოკატმა მიხაილ ბირიუკოვმა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ. სასამართლოს შენობიდან გამოსულ მონიავას შეკრებილი ხალხი ოვაციებით შეხვდა.
„ბევრი, ბევრი საათის განმავლობაში მარწმუნებდნენ, რომ დანაშაული მეღიარებინა, რატომრაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსჯავრდებულმა თქვას, რომ დანაშაულს გრძნობს, მაგრამ მე არ ვგრძნობ... მე მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - უთხრა შეკრებილებს ლიდა მონიავამ. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის მხარდასაჭერად მივიდა სასამართლოსთან და ვისი შეძახილებიც მას კარგად ესმოდა:
„დიახ, ავტოზაკში [დაკავებულთა გადასაყვანი სპეციალური ავტომობილი] ყველაფერი ისმის, სასამართლოშიც ისმის. ამიტომ იყვირეთ - ავტოზაკებში, შიგნით, ყველაფერი ისმის. ცოტათი დანახვაც კი შეიძლებოდა“.
რუსმა უფლებადამცველებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებით უკან დახევად აღიქვეს, რადგან, მათი თქმით, ამ ტიპის ბრალდებები, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როგორც წესი, ხანგრძლივი პატიმრობით მთავრდება. “როგორც ჩანს, სისტემამ ყბები მოადუნა“, - ასეთია უფლებადამცველთა კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
რას ედავებიან?!
ლიდა მონიავა 2026 წლის 2 სექტემბერს დააკავეს, რასაც წინ უძღოდა მისი სახლშის ჩხრეკა. “ადრიანი დილით მივიდნენ. ურო დასცხეს და კარი შემოანგრიეს“.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მონიავამ Telegram-არხზე „სარწმუნო ცნობების სახით საჯაროდ გაავრცელა განზრახ ცრუ ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების შესახებ“.
საუბარია, ლიდა მონიავას 2023 წლის 24 თებერვალის პოსტზე:
“უკვე ერთი წელია, ჩემი ქვეყანა უკრაინაში აგზავნის რაკეტებს, ტანკებსა და ჯარისკაცებს. უკვე ერთი წელია, ამის გამო უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. აპრილში, აღდგომის დღეებში, რუსეთმა ოდესისკენ რაკეტები გაგზავნა. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და სამი თვის გოგონა კირა, მისი დედა, ბებია და კიდევ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. მამა გადარჩა - იმ მომენტში ის მაღაზიაში პასქის საყიდლად იყო გასული.
ივლისში რუსეთმა რაკეტები ქალაქ ვინიცაშიც გაუშვა. დაიღუპა დაუნის სინდრომის მქონე ოთხი წლის გოგონა ლიზა. ის დედასთან ერთად მიდიოდა სპეციალურ პედაგოგთან. იმ დღეს კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპა.
ოქტომბერში რუსეთმა კიევის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. სამსახურში მიმავალ გზაზე დაიღუპა ოქსანა ლეონტიევა - ბავშვთა ექიმი, რომელიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე მუშაობდა.
კიდევ რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის გამო? გაეროს მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში უკრაინაში ომის შედეგად სულ მცირე 8 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკვდა, ხოლო 13 ათასი დაიჭრა. მათ შორის დაიღუპა 487 ბავშვი და დაშავდა 954. რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად? რამდენი დაღუპული და დაზარალებული ვერ მოხვდა ოფიციალურ სტატისტიკაში? და რამდენი სამხედრო დაიღუპა - ვიღაცის შვილი, მამა ან ქმარი?
რამდენმა უდანაშაულო ადამიანმა დაკარგა ომის გამო სახლი? რამდენი ადამიანი დარჩა სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების გარეშე ან დროულად ვერ მიიღო მკურნალობა? რამდენმა ადამიანმა გაატარა თავისი ცხოვრების თვეები სარდაფებში? რამდენი ოჯახი და ახლობელი ადამიანი დააშორა ერთმანეთს ომმა? როგორ უნდა იცხოვრო, როცა ნებისმიერ წუთს რაკეტის მოხვედრამ შეიძლება შენი ახლობლები იმსხვერპლოს?
ომმა უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს უზარმაზარი ტრავმა მიაყენა. თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ უკრაინისთვის ეს საშინელი ტრავმა ასევე ზრდისა და გაძლიერების წერტილად იქცა.
დიდი ტრავმა მიიღეს რუსეთში მცხოვრებმა ადამიანებმაც. სრულიად განსხვავებული ტრავმაა, მათი ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია, მაგრამ ომმა ჩვენი სამყაროც გამოუსწორებლად შეცვალა. როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც შენი ქვეყანა ომს აწარმოებს?“
რუსეთში “პოლიტიკური სიძულვილის მოტივით რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება” სისხლის სამართლის დანაშაულია და, სს კოდექსის 207.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით, 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ვინ არის ლიდა მონიავა?!
ლიდა მონიავა რუსეთში საქველმოქმედო სფეროს, ე.წ. „მეოთხე სექტორის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ბევრისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. მოხალისე, რომელიც საქველმოქმედო სფეროში უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს.
38 წლის მონიავა საქველმოქმედო ფონდისა და ბავშვთა ჰოსპისის „სახლი შუქურათი“ დამფუძნებელია. ეს ორგანიზაციები ეხმარებიან უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ამ დაწესებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ისაა, რომ მძიმედ დაავადებულმა ბავშვებმა სიცოცხლის დარჩენილი დრო ტკივილის გარეშე გაატარონ. მონიავა ერთ-ერთი მთავარი ლობისტია იმასა, რომ პაციენტებს ხელი მიუწვდებოდეთ კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ იმ პრეპარატებზე, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებული არ არის.
ლიდა მონიავა დაიბადა 1987 წელს მოსკოვში. მამა - მხატვარი იგორ მონიავა (1952), დედა - უძრავი ქონების აგენტი მარგარიტა მონიავა (1961). ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გადაწყვიტა მოხალისეობრივი საქმიანობა, როცა მეთერთმეტეკლასელმა რუსეთის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში დაიწყო ბავშვების დახმარება.
საავადმყოფოში ჩაერთო მოხალისეთა წრეში, რომელიც დეკანოზ ალექსანდრ მენის სახელობის „მოწყალების ჯგუფთან“ და მღვდელ გიორგი ჩისტიაკოვის საავადმყოფოს თემთან იყო დაკავშირებული. ეს თემი აგრძელებდა მსახურებას, რომელსაც საავადმყოფოში თავდაპირველად მამა ალექსანდრე მენმა ჩაუყარა საფუძველი.
2008–2011 წლებში აქტიურად მუშაობდა ფონდ „აჩუქე სიცოცხლეში“ („Подари жизнь“), რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდია რუსეთში. მონიავას საზოგადოებრივი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ისეთი პრეპარატების ხელმისაწვდომობის საკითხი, რომლებიც რუსეთში რეგისტრირებული არ იყო.
2013 წელს ლიდა მონიავამ და ნიუტა ფედერმესერმა შექმნეს ბავშვთა ჰოსპისის „სახლი შუქურასთან“ პროექტი, რომელიც პალიატიურ დახმარებას უწევს განუკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ფონდი მხარს უჭერს შინ, ადგილზე გასვლის პრინციპით მოქმედ დახმარების სამსახურს და ასევე მართავს სამ ჰოსპისს: ბავშვთა სტაციონარულ ჰოსპისს მოსკოვში, ასევე მოსკოვის ოლქში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ გასვლით სამსახურებს. ფონდის მზრუნველობის ქვეშ ყოველწლიურად ასობით მძიმედ დაავადებული ბავშვი იმყოფება. მათ უზრუნველყოფენ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით, სამედიცინო მოვლითა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით;
ლიდა მონიავა, როგორც თვითონ ამბობს, მართლმადიდებელი ქრისტიანია. 2012 წელს მან, როგორც მოსკოვის მიძინების ტაძრის მრევლის წევრმა, პატრიარქ კირილეს მიმართა ღია წერილით, რომელშიც მოუწოდა მას, Pussy Riot-ის მონაწილეების მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულება გამოეჩინა.
ლიდა მონიავა Facebook-ზე რეგულარულად აქვეყნებს როგორც ფონდის სიახლეებს, ისე პირად მოსაზრებებს. როგორც ექსპერტები განმარტავენ, მისი გვერდი ფაქტობრივად საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და პალიატიური პაციენტებისა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობის პლატფორმად იქცა. გარდა ამისა, მონიავა მართავს Telegram-ის არხსაც, რომელსაც ასევე ათასობით გამომწერი ჰყავს.
2020 წელს გამოვიდა ფილმი „ლიდა.doc“ (რეჟისორი ალ. ზუბოვლენკო), 2021 წელს - ფილმი „ლიდა“ (რეჟ. კონსტანტინ რაიხი), ხოლო 2023 წელს გამოიცა ბიოგრაფიული წიგნი „სახლი შუქურასთან: სამყაროზე, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანია“ (ავტ. პოლინა ივანუშკინა). ეს პროექტები ასახავს მონიავას შეხედულებებს სამართლიანობაზე, ავადმყოფობისა და სიკვდილის შიშზე, თითოეული ადამიანის სიცოცხლის ღირებულებაზე და ასევე ყვება თანამედროვე რუსეთში საქველმოქმედო სფეროს ჩამოყალიბების შესახებ.
როგორც რუსული გამოცემები წერენ, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა ლიდა მონიავასათვის გამოცხადებული სოლიდარობა. ადამიანები, რომლებიც ამჟამად სოციალურ ქსელებში ლიდა მონიავას მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებენ, მას წმინდანსა და ანგელოზს უწოდებენ და ამის საფუძველს იძლევა მისი მრავალწლიანი საქმიანობა, რომელიც თვალსაჩინოდ არის ასახული იმ ფოტოებსა და ტექსტებში, რომლებიც Telegram-სა და Facebook-ზე ქვეყნდება.
პუტინზე, უკრაინასთან ომზე, სინათლესა და სიბნელეზე
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მონიავამ ასევე დააარსა რუსეთში უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების ფონდი. Telegram-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც საფუძვლად დაედო მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, ამ ფონდისთვის შემოწირულების გაღების მოწოდებაც იყო. 2025 წლის აგვისტოში ლიდა მონიავამ ფონდის საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადა, თუმცა მისი მუშაობის სამი წლის განმავლობაში დახმარებოდა თითქმის 20 ათას ადამიანს უკრაინიდან, მთიანი ყარაბაღიდან და კურსკის ოლქიდან.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე, მონიავამ ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილს, რომელშიც რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვლადიმირ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
2026 წლის დასაწყისში მონიავა რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული მუხლით 45 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის მიზეზი გახდა მის Telegram-არხზე გამოქვეყნებული სამი პოსტი, მათ შორის პოსტი რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმიში მეექვსეკლასელისა და მისი მშობლების დაღუპვის შესახებ (2025 წლის აპრილი).
2024 წლის 21 თებერვალს, ალექსეი ნავალნის მკვლელობიდან ხუთი დღის შემდეგ ლიდა მონიავამ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომლიდანაც კარგად ჩანს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას როგორც უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე რუსეთში შექმნილი ვითარების მიმართ:
"ძალიან ბევრი გულისამაჩუყებელი შემოთავაზება მივიღე ემიგრაციაში წასვლის დახმარებასთან დაკავშირებით, მივიღე წერილები, რომლებშიც ადამიანები ცდილობენ დამარწმუნონ, რომ რუსეთიდან უნდა წავიდე. ჩემი წინა პოსტი სინათლესა და სიბნელეს შორის არჩევანის შესახებ, რატომღაც, ბევრმა წაიკითხა, როგორც არჩევანი წასვლასა და დარჩენას შორის. მე კი სხვა რამეს ვგულისხმობდი - არჩევანს სინათლესა და სიბნელეს შორის, თავად ადამიანის შინაგან სამყაროში.
პირადად ჩემთვის ახლა რუსეთში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს ნაკლებად არის დაკავშირებული ჩემს საქმიანობასთან და უფრო მეტად კავშირშია ქრისტიანობასთან. ძალიან მაინტერესებს საკითხი, თუ როგორ აკეთებს ადამიანი პირად არჩევანს სიკეთესა და ბოროტებას, სინათლესა და სიბნელეს შორის. ომის დროს რუსეთში ცხოვრება დამეხმარა, ძალიან მკაფიოდ ჩამომეყალიბებინა ჩემი ღირებულებები და განმესაზღვრა ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზად ვარ. რაც უნდა უცნაური იყოს, ამ სიცხადისა და კრისტალიზაციისთვის მადლობელი ვარ - როგორც დროის, ისე იმ გარემოებების, რომლებშიც აღმოვჩნდი.
როდესაც გარემო მშვიდი და კეთილდღეობით სავსეა, არჩევანის გაკეთების აუცილებლობა გაცილებით იშვიათად დგება. შეიძლება წლების, ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში იცხოვრო ისე, რომ არჩევანის წინაშე საერთოდ არ დადგე. ეს მშვიდი და კარგი ცხოვრებაა. ძალიან მიყვარს დასასვენებლად ასეთ ცხოვრებაში გამგზავრება შვებულების დროს. ეს დასვენება და ბედნიერებაა, მაგრამ კვირის ბოლოს უკვე სახლში დაბრუნება გინდება - შენს უფრო რთულ კითხვებთან.
რაც უფრო მძიმეა ვითარება გარშემო - როდესაც ირგვლივ ომია, რეპრესიებია და სხვა უბედურებები ხდება - მით უფრო ხშირად დგება ადამიანის წინაშე პირადი არჩევანის საკითხი სიკეთესა და ბოროტებას შორის, თითქმის ყოველ ნაბიჯზე. და ამ არჩევანს შეიძლება ძალიან დიდი ფასი ჰქონდეს - შეიძლება დაკარგო სამსახური, ფული, ძალაუფლება, თავისუფლება, ჯანმრთელობა და, როგორც ახლა ვნახეთ, სიცოცხლეც კი [გულისხმობს ა. ნავალნის სკივდილს. რ.თ.]. რაც უფრო ხისტია ვითარება, მით უფრო იზრდება ფსონები, მით უფრო ძვირი და მნიშვნელოვანი ხდება შენი არჩევანი. მით უფრო რთულია არჩევანის გაკეთება, მით მეტია ეჭვი, აწონ-დაწონა და შიში. და მით უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანია სინათლისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.
მკვლელობის მომხრე ხარ თუ წინააღმდეგი? ანუ მშვიდობას უჭერ მხარს თუ ომს? სხვათა შორის, საინტერესოა რას ეძახი ომს - „ომს“ თუ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“? სიმართლის მხარეს ხარ თუ ტყუილის? იტყვი, დაწერ თუ გაჩუმდები? სად გადის შენთვის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის? რა კომპრომისებზე ხარ მზად წახვიდე და, პირიქით, რაზე არასოდეს წახვალ? და საერთოდ, რის გამო მიდიხარ კომპრომისზე? სამსახურის გამო? ფულის გამო? ოჯახის გამო? საკუთარი უსაფრთხოების გამო? თავისუფლების გამო? ძალაუფლების გამო? მაშ, რა გიღირს უფრო მეტად, ვიდრე ბოროტებისკენ გადადგმული შენი ნაბიჯია?
გიწვევენ კონფერენციაზე მომხსენებლად, ადამიანთან ერთად, რომლის დაპატიმრების ორდერიც ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო გასცა - წახვალ თუ არა? აი, სოლოვეცკის ქვის მემორიალთან სპეცსამსახურებმა კამერა დააყენეს, რათა დაადგინონ ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებს მიიტანს - მიხვალ თუ არა? აი, გთხოვენ დონბასში ლექციის ჩატარებას - წახვალ თუ არა? აკუნინი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანეს, მისი პოსტების მოწონება საშიში გახდა - რას გააკეთებ? ომისთვის ომის დაძახება აკრძალეს - რას იტყვი? გიბრძანეს, რომ ყოველ ლიტურგიაზე გამარჯვებისთვის ილოცო - რას იზამ? გამოდიხარ ღონისძიებაზე, რომელსაც 300 ადამიანი ესწრება - ნავალნიზე სიტყვებით დაიწყებ შენს მოხსენებას, თუ ეს სახიფათოა და ჯობია გაჩუმდე? ჟურნალისტი კითხვას გისვამს - შეძლებ ომს ომი უწოდო? სტუმრად ზიხარ და სახლის დიასახლისი ომსა და პუტინის მხარდაჭერაზე იწყებს საუბარს - გაჩუმდები თუ რამეს ეტყვი?
ასევე მნიშვნელოვანია დაფიქრდე, ცხოვრებაში შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია. შენი საქმე თუ სიმართლე? შენი თავისუფლება თუ სიმართლე? შენი ჯანმრთელობა თუ სიმართლე? შენი სიცოცხლე თუ სიმართლე? შენი კეთილდღეობა? შენი ოჯახი? შენი სტაბილურობა? რაზე ხარ მზად თქვა უარი სიმართლის გულისთვის? შენთვის რა იწონის სიმართლეზე მეტს? რის დათმობას შეძლებ სიმართლისთვის? რამდენის გაღება შეგიძლია? რა ფასი აქვს შენს არჩევანს?"
რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ქსენია ლარინას თქმით, 3 სექტემბერს მოსკოვის სიმიონოვოს რაიონულ სასამართლოსთან ლიდა მონიავას მხარდასაჭერად გამართულმა აქციამ, როგორც ჩანს, ცოტათი შეაფხიზლა რუსეთის ხელისუფლება. „როდესაც შენ წინააღმდეგ ეტლით მოსარგებლე ადამიანები გამოდიან, ყველაზე ბრიყვიც კი დაფიქრდება: „რაღაც დიდ სირობას ხომ არ ვაკეთებ?“ ლიდა გამოვიდა და თავისი სასაცილო ხმით თქვა, რომ არ შეშინებია, როცა აიძულებდნენ, დანაშაული ეღიარებინა. არ ვაღიარეო, თქვა, მე ხომ ომის წინააღმდეგი ვარ, ამით რა დავაშავეო?“, - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელით.
ლიდა მონიავა მართლაც არასოდეს მალავდა თავის ანტისაომარ შეხედულებებს და ამ თემაზე ბევრსაც წერდა. რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული მუხლით დაჯარიმების შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთიდან არ წავიდოდა, მიუხედავად ახლობელი ადამიანების რჩევებისა.
ადამიანის უფლებათა დამცველი და ორგანიზაციის „მჯდომარე რუსეთის“ დამფუძნებლის, ოლგა რომანოვას ვარაუდით, სიმიონოვოს რაიონული სასამართლოს კომპრომისული გადაწყვეტილების უკან, შესაძლოა სწორედაც რომ მონიავას რუსეთიდან გაძევების სურვილი იმალებოდეს:
„ ლიდა მონიავა წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გაუგზავნიათ. მას აეკრძალა ინტერნეტით სარგებლობა, მოწმეებთან ურთიერთობა და ღამით სახლიდან გასვლა. თუმცა ...მისთვის რუსეთიდან გასვლა არ აუკრძალიათ. აქ კი შეუძლებელია არ გაჩნდეს კითხვა: ხომ არ უტოვებს სახელმწიფო ლიდა მონიავას შესაძლებლობას, თავად წავიდეს ქვეყნიდან? ჩვენ ეს არ ვიცით. შესაძლოა, საერთოდ არ არსებობდეს ასეთი გათვლა. მაგრამ რუსეთის ბოლო წლების რეპრესიულმა პრაქტიკამ ზედმეტად კარგად გვასწავლა, დავინახოთ განსხვავება ადამიანის დაპატიმრების სურვილსა და მისი ქვეყნიდან გაძევების სურვილს შორის. და თუ ახლა სწორედ ეს ხდება, დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებას კარგ ამბავს ვერ ვუწოდებდი. რადგან სახელმწიფოსთვის ყოველთვის აუცილებელი არ არის ადამიანი კოლონიაში გაგზავნოს. ზოგჯერ საკმარისია, არჩევანის წინაშე დააყენოს: ციხე ან ემიგრაცია.“
ფორუმი