მას ჩამოართვეს ქონება, კერძოდ კი ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სამი ავტომანქანა.
მას ასევე ჩამოართვეს ბინიდან ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა, მათ შორის, ოქროს საათები და ოქროს ზოდებიც.
მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების მრავალჯერ ბოროტად გამოყენებასა და ამ გზით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ცნეს დამნაშავედ.
ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
რომეო მიქაუტაძის ადვოკატები განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
რა ჩამოართვეს რომეო მიქაუტაძეს და მის ოჯახს?
ზარალი, რომელიც რომეო მიქაუტაძემ პროკურატურის დათვლით საქართველოს ბიუჯეტს მიაყენა, თითქმის 8 მილიონნახევარია.
მას სასამართლოს გადაწვეტილებით ჩამოერთვა უძრავი ქონებები, მათ შორის, ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები.
„ჩამოერთვა შპს "ნახიდურჰესში" 15%-იანი წილი, რომლის ღირებულებაც იმ პირობებში რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის, 1 500 000 ლარს შეადგენს. უძრავ ქონებებში ასევე შედის წეროვანის ქონებაც", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
როგორ ხდება საზღვარგარეთ ნაყიდი ქონების ჩამორთმევა?
როცა ჩამოსართმევი ქონება საზღვარგარეთ მდებარეობს, საქართველოს ორგანოები (პროკურატურა/სასამართლო) საერთაშორისო სამართლებრივ დახმარებას მიმართავენ.
პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. თუმცა ეს პროცესი, საბოლოოდ, უცხო ქვეყნის შიდა კანონმდებლობით რეგულირდება.
პროცედურის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის:
- სასამართლოს გადაწყვეტილებას
- ქონების კონფისკაციის მოთხოვნას
- მტკიცებულებებს, რომ ქონება დაკავშირებულია დანაშაულთან.
სხვა სახელმწიფოში პროცესი შესაძლოა ამ ორი გზიდან ერთ-ერთით განვითარდეს:
- უცხო ქვეყნის სასამართლომ/შესაბამისმა ორგანოებმა აღიაროს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
- ან ადგილობრივმა სასამართლომ/შესაბამისმა ორგანოებმა მიიღოს ადგილობრივი გადაწყვეტილება, საქართველოს მასალებზე დაყრდნობით.
ამ ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტს:
- დააყადაღოს ქონება
- ჩამოართვას
- თუ გადასცეს სახელმწიფოს
პროკურატურაში ვიკითხავთ, როგორ წარიმართება რომეო მიქაუტაძის უცხოეთში ნაყიდი ქონების კონფისკაციის პროცესი და როგორი წესები მოქმედებს ესპანეთში, როცა დღის წესრიგში სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის ქონების ჩამორთმების საკითხი შემოდის.
პასუხი მიღებისთანავე სტატიაში აისახება.
საპროცესო შეთანხმების გარეშე
წინა სხდომაზე, საბოლოო სიტყვისას, რომეო მიქაუტაძემ საპროცესო შეთანხმების სურვილი გამოხატა და სასამართლოს აცნობა, რომ პროკურატურას განცხადებითაც მიმართა.
მისი სიტყვებით, მზად იყო „არარსებული დანაშაული“ ეღიარებინა და „არარსებული ზიანი“ აენაზღაურებინა, თუ ეს ნაბიჯი დაეხმარებოდა, შვილიშვილის დაბადებას დასწრებოდა.
პროკურატურა დანაშაულის აღიარებას ითხოვდა.
საბოლოოც, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა.
„ისეთი მოცემულობაა, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, წინა პროცესზე მან გააჟღერა ინფორმაცია, რომ განცხადება შემოიტანა, თუმცა, რეალობა სხვა იყო. ის მთელი 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ ის მართალია. ბუნებრივია, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ხდება. აღიარება ჩვენებაა, სადაც ბრალდებული გულწრფელად ინანიებს დანაშაულს და არა ის, რომ 4 საათის განმავლობაში ამბობდა, მართალი ვარო“, - თქვა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
რომეო მიქაუტაძის ადვოკატს, ბექა ნემსიწვერაძეს კი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესოს გაფორმებას არც არავინ აპირებდა.
„ბრალდების მხარე იძახდა, მოგვმართოს და განვიხილავთო, თუმცა ფაქტია, მიმართა და არც არავინ განიხილა. თუ რომეო საპროცესოზე დათანხმდებოდა, მას ყველაფრის აღიარება მოუწევდა, თუმცა აქამდე საქმე არ მივიდა“,- განაცხადა ბექა ნემსიწვერაძემ.
ყოფილი მაღალჩინოსანი 2025 წლის 20 ივნისს სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
იმ დროისთვის უკვე ერთი წელი იყო გასული, რაც მას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა აღარ ეკავა. 21 ივნისიდან იგი „წინასწარ პატიმრობაში“ იყო.
9 საქმე
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რომეო მიქაუტაძემ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას, აკრძალვის მიუხედავად, დააარსა რამდენიმე კომპანია, მართავდა მათ და ფლობდა წილებს, მფარველობდა ამ ბიზნესს და იღებდა შემოსავალს.
იგი დამნაშავედ ცნეს:
- „ფულის გათეთრებაში“ (იგივე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში);
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში;
- სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაში;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ამ ოთხი ბრალდების ქვეშ გაერთიანებულ ცხრა ეპიზოდს შორის, რაშიც ის დამნაშავედ ცნეს, არის:
- კომპანია „ჯეოკრაფტის“ ეპიზოდი - 3 წელი; ბრალდების თანახმად, ის ამ ენერგეტიკული კომპანიის მართვაში მალულად, უკანონოდ მონაწილეობდა;
- „მომავლის ენერგიის“ ეპიზოდი - 3 წელი; მან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად მუშაობისას, სხვებთან ერთად 120 000 აშშ დოლარად შეიძინა ეს კომპანია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „უზრუნველყო კომპანიისთვის სხვადასხვა ნებართვების აღება, რითაც კომპანიის ღირებულება გაიზარდა“;
- „ნახიდური ჰესის“ ეპიზოდი - 3 წელი; ბრალდების თანახმად, ამ კომპანიიდან წილი ნათესავის სახელზე გააფორმა, თუმცა ფიქციურად და ამ კომპანიასაც მან ააღებინა შესაბამისი ნებართვები;
- „მცირე ჰესის“ ეპიზოდი - 3 წელი;
- 333 მუხლის ეპიზოდი - 2 წელი; საუბარია „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე“, რის გამოც „ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა“;
- „ფულის გათეთრება“ - 10 წელი.
ფორუმი