ამავე წყაროს ცნობით, 2025 წელს ქვეყანას ჰყავდა 11 153 პატიმარი - 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ესეც რეკორდული მაჩვენებელია.
მსჯავრდებული - ეს არის ადამიანი, ვისაც სასამართლომ რამე სახის სასჯელი განუსაზღვრა - იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ არასაპატიმრო სასჯელი, როგორიცაა პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა ან სხვა სახის სანქცია.
პატიმარი - არის ადამიანი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მედიაში მსჯავრდებულთა შესახებ სხვადასხვაგვარად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და განმარტა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეს მონაცემები მოიცავს „როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს - რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან…მათი მონაცემებით, „2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.“
რატომ განსხვავდება პენიტენციური სამსახურის რიცხვები საქსტატის მონაცემებისგან?
როგორც ექსპერტები ამბობენ, პენიტენციურ სამსახურსა და საქსტატის წლიურ სტატისტიკას შორის სხვაობა იმით აიხსნება, რომ პენიტენციური სამსახურის მონაცემი ასახავს მხოლოდ მსჯავრდებულებს - პირებს, რომლებსაც სასამართლომ უკვე მიუსაჯა სასჯელი, ხოლო საქსტატის მონაცემი ითვლის ციხეში მყოფ ყველა პირს, მათ შორის იმ ბრალდებულებსაც, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში არიან და საბოლოო განაჩენი მათთვის სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.
რას აჩვენებს საერთაშორისო მონაცემები საქართველოს შესახებ?
19 მაისს ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა პენიტენციური სტატისტიკის ახალი ანგარიში, რომელიც ასახავს ევროპის ქვეყნებში პატიმართა რაოდენობას. ეს ანგარიში ქვეყნების მონაცემებს ითვლის არა მთელი წლის მიხედვით, არამედ 31 იანვრის მდგომარეობით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „პატიმართა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, სადაც სისტემები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებს თავისუფლების აღკვეთით სასჯელებს. რეგიონში თურქეთი ლიდერობს - 100 000 მოსახლეზე 458 პატიმრით, მას მოსდევენ აზერბაიჯანი (271), მოლდოვა (245) და საქართველო (232).
ამავე ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაპატიმრების მაჩვენებელი 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ქვეყანა კვლავ რჩება ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე სახელმწიფოთა ხუთეულში.
რა ხდებოდა გასულ წელს?
ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველო პრობაციონერთა რიცხოვნობით ევროპაში მეორე ადგილზე იყო - ყოველ 100 000 მოსახლეზე 583 პრობაციონერით. ქვეყანას მხოლოდ პოლონეთი უსწრებდა, სადაც ეს მაჩვენებელი 627-ს შეადგენდა. შემდეგ მოდიოდა თურქეთი (459) და ალბანეთი (413)
ამავე კვლევის მიხედვით, პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - ყოველ 100 000 მოსახლეზე 844 ადამიანით. მას მოსდევდნენ პოლონეთი (829) და თურქეთი (815).
სახალხო დამცველის ანგარიში - „2025 წელს შეინიშნება პატიმართა რაოდენობის ზრდა“
სამ ციხეში პატიმრების ლიმიტი გადამეტებულია
პატიმართა რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ „გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა“
ამავე დოკუმენტში პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა დასახელებულია პატიმრებს შორის ძალადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორადაც.
„გადატვირთულობის პირობებში, №2, №5, №8 დაწესებულებებში საკნებში კვლავ ერთად არიან განთავსებულები ბრალდებულები და მსჯავრდებულები“
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული მართლმსაჯულება მზად არ არის იმისთვის, რომ ამხელა რაოდენობის პატიმრები მართოს“. ექსპერტის აზრით, ამას ადასტურებს ისიც, რომ „სამ ციხეში პატიმრების ლიმიტი გადამეტებულია“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მარტის მონაცემებით, №2, №8 და №15 ციხეებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობა დაშვებულ ლიმიტს აღემატებოდა. ეს სწორედ ის დაწესებულებებია, რომლებზეც სახალხო დამცველი თავის ბოლო ანგარიშში წერდა.
რა და როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში? ისტორიული კონტექსტი
საქართველოში ციხეები ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თემა განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულში გახდა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი კადრები გავრცელდა, სასჯელაღსრულების სისტემა პოლიტიკური დებატების ცენტრში მოექცა.
„ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა დისკუსია გადავსებულ ციხეებსა და სასჯელის პოლიტიკის სიმკაცრეზე. 2012 წლის შემდეგ ახალმა მმართველმა ძალამ სისტემის ჰუმანიზაციაზე, პატიმართა რაოდენობის შემცირებასა და ალტერნატიული სასჯელების ფართოდ გამოყენებაზე დაიწყო საუბარი.
„პირველ წლებში ჩვენ ვცდილობდით, სისხლის სამართლის კოდექსი გამხდარიყო ბევრად უფრო ლიბერალური, ამაში გვეხმარებოდნენ ევროკავშირის ექსპერტებიც. ახალი მოდელი შეიქმნა, სასჯელების რაოდენობა ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით შემცირდა“, - გვეუბნება ალექსანდრე ბარამიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი. 2012-დან 2018 წლამდე ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ბარამიძე ამბობს, რომ ახლა „ყველაფერი პირიქით არის, ეს არის უკიდურესად არალიბერალური, არადემოკრატიული სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც კანონმდებლობის, ისე მის აღსრულების დონეზე.“
2012 წლის შემდეგ, განსაკუთრებით საყოველთაო ამნისტიის შედეგად, მართლაც მკვეთრად შემცირდა პატიმართა რაოდენობა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2012 წელს ქვეყანაში 19 349 პატიმარი იყო, 2013 წელს კი - 9 093.
რას ამბობს მსჯავრდებულთა და პატიმართა რიცხვი სახელმწიფოზე? - იურისტების შეფასებები
სახელმწიფო ამით მოსახლეობას გზავნილს უგზავნის, რომ მას შეუძლია დასჯა, მუდმივი კონტროლი და მოქალაქის სწრაფი კრიმინალიზაცია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში მსჯავრდებულთა და პატიმართა რეკორდულ რაოდენობას ალექსანდრე ბარამიძე დემოკრატიის უკუსვლით ხსნის, „დემოკრატიის ხარისხი არის დაბალი იმ ქვეყნებში, სადაც პატიმრების რაოდენობა დიდია და ეს არის აბსოლუტურად უტყუარი კორელაცია.“
გიორგი ბურჯანაძე კი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას - „უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ მისი მმართველობის პერიოდში რაც ყოფილა…გარკვეულწილად, დანაშაულის პრევენციის მათი ყველა მცდელობა ჩავარდა და მასობრივად გვაქვს დანაშაულები - იქნება ეს ნარკოტიკები, იქნება ეს ორგანიზებული დანაშაული თუ რა“.
ბურჯანაძის თქმით, სწორედ „ორგანიზებულ დანაშაულთან შეურიგებელი ბრძოლით ხსნის“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ რიცხვებს.
მისი შეფასებით, ეს სტატისტიკა დამატებით სხვა მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებზეც მიუთითებს. პირველი - „პრევენციული პოლიტიკა ამ მიმართულებით ჩავარდნილია.“ მეორე - „რომ, ალბათ, სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და ყველას პანტაპუნტით უშვებს ციხეში“ და მესამე - „ნიშნავს იმას, რომ ციხეში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი არ მუშაობს.“
„პატიმრების მაღალი რაოდენობა ავტორიტარულ კონტექსტებში ყოველთვის ატარებს სიმბოლურ ფუნქციას. სახელმწიფო ამით მოსახლეობას გზავნილს უგზავნის, რომ მას შეუძლია დასჯა, მუდმივი კონტროლი და მოქალაქის სწრაფი კრიმინალიზაცია. ეს კი ქმნის თვითცენზურას, შიშსა და პოლიტიკურ პასიურობას. მით უფრო ახლა, როცა საქართველოს დაახლოებით 140 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს და პროტესტის მონაწილეების კრიმინალიზებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?
ტელეკომპანია „პირველის“ შეკითხვის პასუხად, სადავო პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ არსებული სტატისტიკა უკავშირდება ბოლო წლებში „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების გამსაღებლებთან“ ბრძოლის გამკაცრებას. მისი თქმით, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულთა შორის „ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.
„კი, ბატონო, გიდასტურებთ, რომ გადატვირთულია, მაგრამ ჩვენ ამ ჭირის წინააღმდეგ შეუვალები ვართ“, - უთხრა ზარქუამ ჟურნალისტებს.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომელიც პოლიტპატიმრებს შეეხებოდა, დეპუტატმა უპასუხა: „გაჩერდით, რა პოლიტპატიმარი, სიგიჟეს ნუ ლაპარაკობთ, რა პოლიტპატიმარი…“
მსგავს პოზიციას იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკიც, რომელმაც მსჯავრდებულთა მაღალი მაჩვენებელი „ანტინარკოტიკული პოლიტიკის მასშტაბურ კამპანიას“ დაუკავშირა.
ფორუმი