ნეთანიაჰუს და ტრამპის შეხვედრის წინ ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამიდან ყურადღება გადაიტანა მის რაკეტებზე. ირანის მედია ამას ახალი ომის საბაბად მიიჩნევს, ხოლო ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი დასუსტებული თეირანისგან ახალი დათმობების მოპოვების მცდელობას უნდა ნიშნავდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 29 დეკემბერს ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ემზადება - დღის წესრიგში მთავარი თემა ირანია - ერთი ახალი დეტალით.
ისრაელმა მთელი ყურადღება გადაიტანა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე, რომელსაც ის ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს მას შემდეგ, რაც ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივმა საჰაერო დარტყმებმა წელს, ივნისში, 12-დღიანი საჰაერო კამპანიის დროს, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.
ისრაელის პოზიციის ეს ცვლილება ავლენს აშშ-ისრაელს შორის მზარდ აზრთა სხვადასხვაობას. ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ირანისგან ბირთვული საფრთხე „გამქრალია". ასე ფიქრობს ის ისპაანში, ფორდოუსა და ნათანზში მდებარე ობიექტების დაბომბვის შემდეგ.
ისრაელი კი მიიჩნევს, რომ პროგრამა ერთი-ორი წლით შეფერხდა და აფრთხილებს ამერიკას, რომ რაკეტები, რომლებსაც ირანი აგროვებს, მალე შეიძლება თავდაცვითი სისტემებისთვის ძნელი მოსაგერიებელი გახდეს. ივნისში, როცა ირანის საპასუხო იერიშების დროს ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებული 550 რაკეტიდან 36 მიზანს მოხვდა, ამ შეტევამ ფართომასშტაბიანი ზიანი გამოიწვია.
რაკეტები - „უფრო გადაუდებელი“ პრობლემა
NBC News-თან და Axios-თან საუბრისას ისრაელის ოფიციალური პირები ირანის სარაკეტო არსენალის ზრდას მის ბირთვულ პროგრამაზე „უფრო გადაუდებელ“ პრობლემად მიიჩნევენ.
ისრაელი იტყობინება, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) წვრთნები ჩაატარა და აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ თეირანმა შესაძლოა წვრთნები მოულოდნელი თავდასხმებიდან ყურადღების გადასატანად გამოიყენოს.
წვრთნების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
ირანის მედიამ, მათ შორის IRGC-სთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა, 22 დეკემბერს გაავრცელა ცნობები, რომ შეიარაღებული ძალები წვრთნებს ატარებდნენ, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, სავარაუდოდ, რაკეტების კვალი ირანის ცენტრალური რეგიონების და დასავლეთის ცაზე. თუმცა სახელმწიფო მაუწყებელმა სწრაფად უარყო ეს ინფორმაცია და ანონიმურ „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით თქვა, რომ „რაკეტების კვალი” სინამდვილეში თვითმფრინავების დატოვებული თეთრი კვამლი იყო და წვრთნები არ გამართულა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, ეიალ ზამირმა, მიანიშნა ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისთვის მზადყოფნის აუცილებლობაზე „ყველგან, სადაც საჭიროა“ და მთავარ სამიზნედ დაასახელა საწარმოო ხაზები, რომლებიც, როგორც ისრაელი შიშობს, წელიწადში 3000 რაკეტას ამზადებენ.
ნეთანიაჰუ გეგმავს, ტრამპს შესთავაზოს ირანზე ახალი დარტყმის ორი ვარიანტი: ისრაელის ხელმძღვანელობით ერთობლივი ან აშშ-ის მხარდაჭერით. ისრაელის პოზიციაა, რომ ამ რაკეტებით შესაძლებელია ჰეზბოლასა და ჰუთიტების მეშვეობით „მარიონეტული ომების” წარმოებაცა და მათ საფარქვეშ ირანის ბირთვული პროგრამის განახლებაც.
ვაშინგტონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ფარზინ ნადიმიმ, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს, რადიო „ფარდას”, უთხრა, რომ ისრაელი შეერთებულ შტატებზე ზეწოლით ცდილობს, მას რაკეტებისთვის მასობრივი განადგურების იარაღის კვალიფიკაცია მიანიჭებინოს.
„ისრაელი ცდილობს შეცვალოს შეხედულება და იყენებს ბოლო ომის გამოცდილებას, რათა დაარწმუნოს აშშ, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები ისევე საშიშია, როგორც ბირთვული იარაღი“, - თქვა ნადიმიმ.
ის აღნიშნავს აშშ-ის თავშეკავებას, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ბირთვული იარაღი მთავარი, მაგრამ ახლა შესუსტებული საფრთხეა: „ისრაელის თვალსაზრისით, ეს [რაკეტები] მისი ხალხისთვის მასობრივი განადგურების იარაღად უნდა ჩაითვალოს“. ნადიმი გვაფრთხილებს, რომ რაკეტების სრულმა განადგურებამ შეიძლება თეირანში ძირფესვიანი ცვლილებები გამოიწვიოს.
„თუ ისრაელი სრულად გაანადგურებს ირანის შეტევით სარაკეტო შესაძლებლობებს... მას ან დანებება მოუწევს, ან ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება“, - თქვა მან და დასძინა, რომ ირანს კვლავ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა უსაფრთხო ლაბორატორიაში, 90 პროცენტით გამდიდრებული ურანის მარაგებით ბირთვული ქობინების შექმნაზე იმუშაოს.
ირანის რაკეტების “წითელი ხაზი”
ირანი დიდი ხანია იმეორებს, რომ თავისი სარაკეტო პროგრამა მოლაპარაკების საგანი არ არის და რომ ის მხოლოდ თავდაცვისთვისაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაქაიმ, ეს 22 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვითი შესაძლებლობები შექმნილია იმ მიზნით, რომ აგრესორებმა ირანზე თავდასხმა არ გაიფიქრონ. ის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს განხილვის ან მოლაპარაკების საგანს.“
გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის მკვლევარმა, ჰამიდრეზა აზიზიმ, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ისრაელს შეიძლება ირანისგან სხვადასხვა რამ სურდეთ, ისინი ერთ საკითხზე თანხმდებიან: „ირანი ახლა დასუსტებულია, ამიტომ დროა, მისგან მეტი დათმობები მივიღოთ“.
ირანმა თავისი რაკეტების მოქმედების რადიუსი 2000 კილომეტრამდე შეზღუდა, თუმცა ბოლო თვეებში მიანიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ეს ზღვარი გაზარდოს. აზიზის თქმით, შეერთებულ შტატებს და ისრაელს სურთ, რომ ირანმა შეამციროს თავისი რაკეტების მოქმედების რადიუსი, რაც თეირანისთვის მიუღებელია.
მან აღნიშნა, რომ ირანის სარაკეტო პროგრამაზე შეთანხმების ნაკლებად მოსალოდნელი სცენარის შემთხვევაშიც კი, ვაშინგტონს ესმის, რომ ამის აღსრულება რთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ სარაკეტო პროგრამებისთვის რაიმე საერთაშორისო მეთვალყურეობის ორგანო ან დაცვის რეჟიმი არ არსებობს.
ამ ფონზე, აზიზის მტკიცებით, რაკეტები ზეწოლის ბერკეტს წარმოადგენს: იმისთვის, რომ „პირველ რიგში, აიძულონ ირანი, თავის ტერიტორიაზე [ურანის] გამდიდრება მთლიანად შეწყვიტოს და მეორეც, დათმოს იარაღის მიწოდება ისეთ დაჯგუფებებისთვის, როგორიცაა ჰეზბოლა ან ჰუთიტები".
ირანული მედია გახარებულია, თუმცა შეშფოთებულიც
ისრაელის ირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებულ ამ განცხადებებს ირანის მედიაში აღფრთოვანებისა და შეშფოთების ნაზავი მოჰყვა.
ივნისის ომის შემდეგ ირანის მიერ სარაკეტო არსენალის შევსების ტემპის ხაზგასმისას IRGC-სთან დაკავშირებული გაზეთი Javan-ი წერდა, რომ ისრაელი „შეშინებული“ იყო პოტენციური კონფლიქტის დროს ირანის მიერ ასობით რაკეტის გაშვების უნარით. იგივე მოსაზრება გამოთქვეს სხვა ისეთმა მედიასაშუალებებმა, როგორიცაა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი. თუმცა სხვები სიფრთხილისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.
Bultan News-ი ამტკიცებდა, რომ ნეთანიაჰუ თავდასხმის გასამართლებლად ირანის სარაკეტო მარაგის აღდგენის უნარს აზვიადებდა. გამოცემა თვლის, რომ თეირანმა ეს განცხადებები სერიოზულად უნდა მიიღოს.
„ყველა გამოქვეყნებული სიახლე ან რეპორტაჟი შეიძლება უფრო დიდი თავსატეხის ნაწილი იყოს. იმის გარჩევა, თუ რომელი სიახლეა სიმართლე და რომელი ფსიქოლოგიური ომის ფრაგმენტი, ადვილი არ არის. მაგრამ ამის გასარკვევად გამოჩენილი ძალისხმევა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია“, - ამტკიცებს ის.