Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან 960 ტონა ბენზინი შეიტანეს

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის მსხვილი პარტია კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელიც „პოდოროჟნიკის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ფლობს.

საწვავის ბაზარზე არსებული მწვავე დეფიციტის ფონზე, აფხაზეთში 960 ტონა AI-92 მარკის ბენზინი შევიდა.

„აფსნი ოილის“ კომენტარში აღნიშნულია, რომ ბენზინი შეძენილია რუსულ „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, მისი ნაწილი (303 ტონა) კი რეალიზაციისთვის სამ კომპანიას გადაეცემა - „აზიდს“, „ალხანსა“ და „სალამანდრას“.

კვირის ბოლომდე ამავე კომპანიებისთვის „აფსნი ოილი“ 380 ტონა დიზელის საწვავის მიწოდებასაც გეგმავს.

„აზიდის“ განცხადება

აფხაზური კომპანია „აზიდის“ განცხადებით, AI-92 მარკის ბენზინი ხელმისაწვდომია მის ყველა ავტოგასამართ სადგურზე, ხოლო AI-95 - მხოლოდ ზოგიერთზე.

განცხადების თანახმად, რუსეთიდან კომპანიის მიერ მიღებული საწვავი აგვისტოსთვის წინასწარ შეკვეთილი მოცულობის მხოლოდ 12%-ს შეადგენს.

„აზიდი“ აცხადებს, რომ ბენზინის შეძენას „ალტერნატიული წყაროებიდან“ აგრძელებს (საუბარია საწვავის მიღებაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან).

„ასეთი მოწოდებების ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია, თუმცა კომპანია იღებს აუცილებელ ზომებს ქსელის სტაბილური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად“, - აცხადებენ კომპანიაში.

მიწოდება ენგურის ხიდიდან

18 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კომპანია „სოლიდუსის“ მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიწოდებული საწვავის მოცულობა 680 ტონას შეადგენდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ „მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება“, რაც „შეავსებს საწვავის დეფიციტს და ჰუმანიტარულ პრობლემას მთლიანად აღმოფხვრის“.

20 აგვისტოს გალის ტელევიზიამ მოამზადა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარია გალში არსებულ ვითარებაზე და ე.წ. სახელმწიფო კომპანია „აფხაზტოპის“ მიერ „ალტერნატიული წყაროებიდან“ ბენზინის ახალი პარტიის მიღებაზე.

რეპორტაჟის მიხედვით, ბენზინის ფასი გალში სხვა რაიონებში არსებულ ფასებს აღემატება და ლიტრზე 130-140 რუბლს შეადგენს.

  • 12 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა.
  • „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ აფხაზეთში ბენზინი მისმა კომპანიამ შეიტანა.
  • ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკავშირდება.
  • სოხუმში ამბობენ, რომ „საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის“; „ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან ბენზინის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG