4 მარტს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში რადიო თავისუფლებამ გაასაჯაროვა პენიტენციური სამსახურის კვების ინსპექტირების კომისიის დამალული მასალები, რომლებშიც აღწერილი იყო, რომ კომპანია „ილი ჯგუფი“ პატიმრებს 6 წლის განმავლობაში უხარისხოდ კვებავდა.
ასეულობით დარღვევის ფაქტის შესახებ იცოდა პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა „ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტდა და 6 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პატიმრების კვებისთვის 180 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა.
ამ დარღვევებზე სათანადო რეაგირება მხოლოდ ორი დღის წინ, 10 მარტს, მოხდა. სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ჯერ დაახლოებით 600 ათასი ლარის პირგასამტეხლო იძულებით გადაახდევინა, შემდეგ კი 1 მლნ 100 ათასის საბანკო გარანტია ჩამოართვა და ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.
პენიტენციურმა პატიმრების კვებისთვის შემცვლელი კომპანია დაჩქარებულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია. 12 მარტის დილიდან პატიმრების კვება შპს „გიორგი 2020-მა“ გადაიბარა.
გადაუდებელი ხელშეკრულებით, ეს კომპანია 2 თვეში სახელმწიფოსგან 11 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. მიწოდების ვადა - 2026 წლის 12 მარტიდან 2026 წლის 10 მაისის პერიოდი.
ბიზნესის რეესტრის თანახმად, „გიორგი 2020-ის“ დირექტორი ნათია არჩვაძეა. კომპანიის 50-50%-ს კი ვახტანგ ლომინეიშვილი და ოთარ კვარაცხელია ინაწილებენ.
კომპანია ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და უწყების ცნობით, იყო შერჩეულებს შორის ერთადერთი, რომელსაც მომსახურების გაწევა 2026 წლის 12 მარტის დილიდან შეეძლო. ამ კომპანიამ ორი თვის განმავლობაში უნდა გამოკვებოს 11 800 პატიმარი და პენიტენციური სამსახურის 2 126 თანამშრომელი.
2023 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით, პატიმრები 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით შპს „ილი ჯგუფს“ უნდა გამოეკვება. ტენდერში ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე, ანუ ე.წ. გარდამავალ პერიოდშიც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ციხეები საკვებით ამავე კომპანიას უნდა მოემარაგებინა.
რა შეიცვალა?
რადიო თავისუფლების გამოძიება 2019-2025 წლებში ციხეებში კვების ხარისხის ანგარიშებსა და წყაროების მონათხრობს დაეყრდნო. დოკუმენტებს პენიტენციური სამსახური 4 წლის განმავლობაში მალავდა. რადიო თავისუფლებამ მათი მოპოვება სასამართლო დავის შედეგად შეძლო.
აღმოჩნდა, რომ შპს „ილი ჯგუფი“, რომელიც პენიტენციურ სისტემას 2019 წლიდან ამარაგებს, ტენდერის პირობებს სისტემატურად არღვევდა, ხელისუფლება კი ათეულობით მილიონ ლარზე კონტრაქტებს ისევ მას უფორმებდა.
დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას წლებია ციხეში უხარისხო საკვები შეაქვს, არ ასრულებს დადგენილ სტანდარტებს, არღვევს პროდუქტის შენახვისა და მომზადების წესებს, ამცირებს ულუფებს, აკლებს ინგრედიენტებს, არ იცავს ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს, საკვები დაობებულია, ხშირად ხორცის ნაცვლად დაუდგენელი შემადგენლობის სოსისი აქვთ, ნედლის ნაცვლად - გაყინული ხორცი, ხაჭაპურებში ხოჭოებს პოულობენ, პაშტეტში - მატლებს.
ამ პრობლემების შესახებ პენიტენციური სამსახური ინფორმირებული რომ იყო, თავად უწყებამაც დაადასტურა — მათ შორის დოკუმენტებით, რომლებითაც შპს „ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილებას ასაბუთებს.
სატენდერო დოკუმენტაციაში მხოლოდ 2023–2026 წლებში აღმოჩენილი დარღვევები მოხვდა. თუმცა უწყება ამ კომპანიასთან 2019 წლიდან თანამშრომლობს.
პენიტენციური სამსახური კვების ხელშეკრულებებს სამ-სამწლიანი ვადით აფორმებს.
შპს „ილი ჯგუფი“ პატიმრების კვების ტენდერებს უკვე მეშვიდე წელია იგებს და, როგორც ჩანს, იმავეს ელოდა 2026 წელსაც — მას შემდეგ, რაც მიმდინარე ხელშეკრულების ვადა ამოიწურებოდა.
ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა ორი ელექტრონული ტენდერი, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების კვების მომსახურების შესყიდვისთვის გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. ორივე ტენდერში მონაწილეობდა შპს „ილი ჯგუფი“. ტექნიკური და სხვა მიზეზების გამო, მათ შორის მონაწილე კომპანიების საჩივრების საფუძველზე, ორივე ტენდერი შეწყდა და თავიდან უნდა გამოცხადდეს.
პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, იულია ტყეშელაშვილის მოხსენებით ბარათში, რომელსაც პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, სწერს, მხოლოდ 2023-2025 წლებში გამოვლენილი დარღვევებია ასახული.
„2023 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2026 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ჯამურად დარღვევების რაოდენობამ შეადგინა - 375 ერთეული, სულ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაა - 34 893 439.35 ლარი, საიდანაც ხელშეკრულების 7.5 პუნქტის შესაბამისად მხოლოდ 3 131 001.76 ლარის გამოქვითვა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა განხორციელდა მიმწოდებელზე გადასარიცხი მომსახურების ხარჯიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
2024 წლის 10 ნოემბრიდან 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შპს „ილი ჯგუფს“ დარღვევებისთვის 29 170 421 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა, თუმცა არგუმენტით, რომ „ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის კვების მომსახურება არ შეფერხებულიყო“, პენიტენციურმა სამსახურმა შპს „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ამ დრომდე არ შეუწყვიტა.
დარღვევები გაგრძელდა...
- 2025 წლის 14 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე 48 ახალი დარღვევა დაითვალეს. კომპანიას დამატებით 2 732 789 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
მაგალითად, შემწვარი თევზის ფილე დაბინძურებული იყო და 123 ულუფის გაცემა ამ მიზეზით ვერ მოხერხდა, „ილი ჯგუფმა“ კი კერძი არ ჩაანაცვლა.
- 2025 წლის 20 დეკემბრიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე, კიდევ ცხრა დარღვევა გამოვლინდა. პირგასამტეხლო 317 732 ლარი იყო.
მაგალითად, 2026 წლის 30 იანვარს სადილზე, მოსამსახურის კუთვნილ ულუფაში (ბიფსტროგანოვში) აღმოაჩინეს “ქაღალდის ფურცელი წარწერებით.”
დარღვევები არც ამის შემდეგ არ შეწყვეტილა...
- 2026 წლის 9 მარტს კი პენიტენციურმა შპს "ილი ჯგუფს" მომსახურების საფასურიდან 600 000 ლარამდე პირგასამტეხლო დაუკავა.
ამ მომენტისთვის რადიო თავისუფლების გამოძიება უკვე გამოქვეყნებულია.
„შემოწმებამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არ იყო საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის — პურის გამოსაცხობად საჭირო ფქვილი. ეს ქმნიდა რისკს, რომ კვების მიწოდება შეფერხდებოდა“, - ნათქვამია მოხსენებით ბარათში.
მოთხოვნის მიუხედავად, შპს „ილი ჯგუფმა“ „კვების უწყვეტი მიწოდების მოთხოვნა“ არ შეასრულა.
საპასუხო წერილში შპს „ილი ჯგუფის“ დირექტორი იაშა ჩაჩუა წერს, რომ თუ პირგასამტეხლოს ჩამოაჭრიან, ფინანსური სახსრების უქონლობის გამო პატიმრების გამოკვებას ვეღარ შეძლებს.
იაშა ჩაჩუას მიაჩნია, რომ მანამდე, სანამ ჯარიმები სადავოა, ანუ სასამართლოშია გასაჩივრებული, პირგასამტეხლოს ჩამოჭრა უკანონობაც კია.
მან პენიტენციურ სამსახურს ხელშეკრულების ორმხრივად, მოლაპარაკებების საფუძველზე შეწყვეტა შესთავაზა.
საბოლოოდ, 2026 წლის 10 მარტისთვის 375 დარღვევა იყო აღმოჩენილი. კომპანიაზე დაკისრებულმა პირგასამტეხლომ, ჯამში, 34 893 439 ლარს მიაღწია, თუმცა აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში ჯერ მხოლოდ 3 131 001 ლარი იყო გადახდილი.
პენიტენციური სამსახურის გეგმით, „ილი ჯგუფი“ მომსახურებას 2026 წლის 16 მარტამდე გააგრძელებდა, მაგრამ უწყებამ ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტა. „დარღვევებისა და მიწოდების შეწყვეტის გამოო“, - წერენ სატენდერო დოკუმენტაციაში.
გადაწყვეტილება 2026 წლის 11 მარტს მიიღეს. კონტრაქტი 12 მარტიდან ოფიციალურად გაუქმდა.
„ილი ჯგუფის“ შესახებ
„ილი ჯგუფი“ 2008 წელს დაარსდა, თუმცა მსხვილი სახელმწიფო ტენდერების მოგება ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 250 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან მხოლოდ პატიმრების კვებაზე 2020–2025 წლებში 180 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
კომპანიის დამფუძნებლები არიან იაშა (ილია) ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე. ისინი და მათთან დაკავშირებული პირები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შემწირველებს შორისაც ფიგურირებენ.
2021 წლის გამოძიებაში წყაროები ამბობდნენ, რომ კომპანიას სუსის მაშინდელი ხელმძღვანელის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი მფარველობდა, თუმცა ეს ინფორმაცია უარყოფილი იყო.
„ილი ჯგუფი“ ასევე მრავალი წელია იგებს სოციალურად დაუცველთა კვების ტენდერებს და რუსთავსა და თბილისის რამდენიმე რაიონში უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღემდე ამარაგებს საკვებით.
„არ ვარ მაგის ხასიათზე“, - გვითხრა ილია ჩაჩუამ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო მისი პოზიციით დავინტერესდით და ტელეფონი გაგვითიშა.
მოგვიანებით მოგვწერა:
„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მართლა შოკში ვარ ესეთი არასამართლიანი გადაწყვეტილებით, მალე გაიგებს საზოგადოება ყველაფერს... მიზანმიმართულად და დაგეგმილად მოხდა ყველაფერი“.
მისი მტკიცებით, „ყველაფერი მიზანმიმართულად და დაგეგმილად“ მოხდა. იმასაც ამბობს, რომ დარღვევების შესახებ დასკვნები „ტყუილი იყო“.
„ეს რომ სინამდვილე იყოს, 17 წელი ბაზარზე ვერ ვიქნებოდით“, - თქვა მან და დაგვემშვიდობა.
პენიტენციურ სამსახურში ვიკითხეთ, რატომ აპატიეს 375 დარღვევა კომპანიას და რატომ არ ჩამოაჭრეს პირგასამტეხლო ან რატომ არ შეწყვიტეს ხელშეკრულება 2026 წლის მარტამდე. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
ამ ბმულზეა შეკითხვები, რომლებიც რადიო თავისუფლებამ პენიტენციურ სამსახურს ერთი თვის წინ, გამოძიებაზე მუშაობის პერიოდში გაუგზავნა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ფორუმი