Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დროის წინააღმდეგ: ომი, კრიზისი და ბრძოლა ელიტებს შორის - ინტერვიუ ეკატერინა შულმანთან

ეკატერინა შულმანი
ეკატერინა შულმანი

რამდენად სერიოზულია პუტინის პოპულარობის ვარდნა, ელიტების შიდა განხეთქილება და უმრავლესობის რღვევა? რა ხდება პოლიტიკური სისტემის შიგნით? საით მიდის რუსეთი? შესაძლებელია თუ არა კრიზისიდან გამოსვლა? ამ კითხვებს უპასუხებს პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში.

ეკატერინა შულმანი: ყველა ავტოკრატის მსგავსად, პუტინსაც, სანამ სკამზე ზის, მეტ-ნაკლებად ყველაფერი წესრიგში აქვს. ავტოკრატებისთვის მნიშვნელოვანია არა გარშემო არსებული ვითარება, არამედ საკუთარი ძალაუფლების მდგრადობა. პუტინის ამ ძალაუფლებას ჯერჯერობით ცოტა რამ ემუქრება. ვეღარ ვიტყვი, რომ „საერთოდ არაფერი ემუქრება“, მაგრამ მაინც – ცოტა რამ.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინისთვის კარგი ამბები აღარ არსებობს? იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, შავ ზღვაზე ეკოლოგიური კატასტროფაა, ბიუჯეტის დეფიციტია, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კოლოსალური დანაკარგებია, მოსახლეობა უკმაყოფილოა ინტერნეტის შეზღუდვების გამო და ა.შ.

ეკატერინა შულმანი: ცოცხალი ძალის დანაკარგები – ეს ცოცხალი ძალის პრობლემაა, მოსახლეობის უკმაყოფილება – მოსახლეობისაა.

ცეცხლში გახვეული ტუაფსე – ტუაფსეს მცხოვრებთა პრობლემაა. ეს არ არის ცუდი ამბები ავტორიტარი ლიდერისთვის. ეს მისი ძალაუფლების მდგრადობის შემცირების პოტენციური ფაქტორებია. ეს პოტენციალი რეალიზდება მაშინ, თუ უკმაყოფილება პოლიტიკურ მოქმედებაში გადაიზრდება – თუ უკმაყოფილო ადამიანები, განცდების გარდა, რამეს გააკეთებენ. თუ ამგვარი კონვერტაცია არ მოხდება, გარდაცვლილებს დამარხავენ, ხანძარს ჩააქრობენ ან თვითონ ჩაქრება, ბიუჯეტის დანაკარგებსაც როგორღაც „გადაიტანენ“.

ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ პუტინს სურს ამ ომის დასრულება, მაგრამ არ იცის, როგორ „გაყიდოს“ გამარჯვება. თქვენ რას ფიქრობთ?

ეკატერინა შულმანი: ეს დისკუსია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ექსპერტულ წრეებში. მე ვერ ვხედავ ომის დასრულების დაბრკოლებებს. სოციოლოგიური მონაცემებით ვხედავთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ აღფრთოვანებით იქნება მიღებული.

ძალიან დიდი დროის განმავლობაში არავინ ჩაუღრმავდება ომის დასრულების პირობებს. ომის დასრულება რუსული საზოგადოების კოლექტიური ოცნებაა. უკმაყოფილო დარჩება ორი მარგინალური ჯგუფი: ერთნი იტყვიან – „სად არის რეპარაციები? სად არის რუსეთის სამხედრო დამარცხება?“ მეორენი იტყვიან – „სად არის კიევის აღება?“ არცერთ ჯგუფს არავინ მოუსმენს. ეიფორია გაგრძელდება, თუმცა არა სამუდამოდ.

პოლიტოლოგი კირილ როგოვი მიიჩნევს, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან ხალხი გაიგებს, რომ ის გამარჯვებული არ არის. შვებით ამოისუნთქებენ ომის დასრულების გამო, მაგრამ ეცოდინებათ რომ პუტინი დამარცხდა.

ეკატერინა შულმანი: დიახ, გარკვეული დროის შემდეგ ეს მოხდება. მაგრამ ამ დროის განმავლობაში გამოცდილმა ავტოკრატმა შეიძლება სხვა რამ მოიფიქროს, ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს. საბოლოოდ, ეს დროის მოგებაა – როგორც სხვა ყველაფერიც.

ომის გაგრძელებაც დროის მოგებაა ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, ისევე როგორც მისი დასრულებაც დროის მოგებაა. წარმოიდგინეთ ზავი, რომელიც გამარჯვებად გამოცხადდება, მაგალითად აგვისტოში – როგორ ამაღლებულ ტალღაზე შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლებამ შეიძლება 80%-იც კი მიიღოს, რადგან ხალხი მადლიერი იქნება ყოველდღიური კოშმარის დასრულებისთვის. ომის გაგრძელებაც დროის მოგებაა: სანამ ომია, ყველაფერი ადგილზე დგას, შეიძლება ჭრიალებს, მაგრამ არ იშლება. ასეთია ავტორიტარული ხელისუფლების ლოგიკა. მოქალაქეებისთვის ეს საკმაოდ სამწუხაროა, მაგრამ ასე მართავენ ავტოკრატები.

ახლა დრო პუტინის წინააღმდეგ მუშაობს, თუ ეს მას არ ეხება?

ეკატერინა შულმანი: თუ ძალაუფლება მხოლოდ პერსონალებზეა დამყარებული და თითქმის არ არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც მის მდგრადობას უზრუნველყოფენ, მაშინ, როგორც იტყვიან ხოლმე, „საათი წიკწიკებს“.

ლიდერის სიკვდილის შემდეგ კი სისტემას ან თავიდან მოუწევს საკუთარი თავის აწყობა, ან დაიშლება. სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ თავი ხელახლა აიწყო, მართალია იმავე საფუძვლებზე, მაგრამ ბევრი ახალი ინსტრუმენტით. ნიკოლოზ I-ის გარდაცვალების შემდეგაც (მან ქვეყანა ჯერ ომში შეიყვანა, შემდეგ კი დამარცხდა) სისტემა თავიდან აეწყო, მონარქია შენარჩუნდა, მაგრამ ალექსანდრე II-მ დიდი რეფორმები გაატარა. მაო ძედუნის შემდეგ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, „ოთხთა ბანდად“ წოდებული ჯგუფის დამარცხების შემდეგ, შეძლო საკუთარი თავის გარკვეულწილად შეცვლა და ისეთი საოცარი მოვლენები, როგორიც მაოს დროს იყო – კულტურული რევოლუციები, „შტაბებზე ცეცხლის გახსნა“, ბეღურების დახოცვა, ფოლადის დნობა თითოეული ოჯახის ეზოში – აღარ განმეორებულა. დრო მხოლოდ ერთ მიმართულებით მიდის.

ვისკენ იყო მიმართული პუტინის ფრაზა გერმანელებზე, რომლებიც ომის დროს ვერმახტს თბილი წინდებით არ ეხმარებოდნენ? ხომ არ გამოიყურება პუტინი სასაცილოდ?

ეკატერინა შულმანი: მეორე მსოფლიო ომის ისტორიკოსმა, კოლაბორაციონიზმის მკვლევარმა იგორ პეტროვმა პუტინის ამ პასაჟს უპასუხა პოსტით, რომელშიც აღნიშნა, რამდენი წყვილი თბილი წინდა შეგროვდა გერმანიაში ფრონტზე გასაგზავნად . ზამთრის კამპანია – „ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთში იბრძვიან“ – გერმანული ეროვნული ერთიანობის უნიკალური გამოვლენა იყო. ყველა ომში ჩართული ქვეყანა ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მას სრული სახალხო მხარდაჭერა აქვს და გარკვეული დროით მართლაც სარგებლობს ამით, რადგან ომი ააქტიურებს პრიმიტიულ „ტომობრივ“ სოლიდარობას. წინდებს ყველა ქსოვს – ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ომის მსვლელობასთან, არც მის წარმატებასთან და არც შედეგებთან. სასაცილოა თუ არა პუტინი? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის როგორი იუმორის გრძნობა აქვს. ეს არის დროის ყიდვა რუსეთის ხარჯზე. თქვენ მეკითხებით, როგორ მიდის პუტინის საქმეები. მე კი გეტყვით, რუსეთის საქმე მიდის ცუდად. ომის ყოველი ახალი დღე, თვე და წელი ნიშნავს რუსეთის ხვალინდელი დღის „შეჭმას“. ეს არის კოლოსალური დანაკარგები – დემოგრაფიული, სოციალური დანაკარგები, იმ ცივილიზაციური ფენის განადგურება, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში შეიქმნა.

ეს ფენა თავისით არ წარმოქმნილა – ადამიანებმა შექმნეს ის. ცხოვრება უფრო ადამიანური ხდებოდა; სოციოლოგიაში ამას „ქვედა მოდერნიზაციას“ უწოდებენ. ეს გამოიხატებოდა მრავალ რამეში: ძალადობრივი დანაშაულის შემცირება, ძლიერი ალკოჰოლის მოხმარების კლება, ქალაქების განახლება, შიდა ტურიზმის ზრდა და ა.შ. სოციალური ინდიკატორები პოზიტიური იყო. კიდევ გარკვეული დროის შემდეგ, 1950-იან წლებში დაბადებული თაობის, დღევანდელი ხელმძღვანელების, წასვლის შემდეგ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო მშვიდი, ცივილიზებული საზოგადოება, რომელიც საკუთარი შრომით ცხოვრობს და არც თავისიანებს და არც სხვებს არ ჭამს. ეს ყველაფერი დაინგრა. ნათელი პერსპექტივები ჯერ არ ჩანს.

მოდი, კრემლის „შიდა სამზარეულოზე“ ვილაპარაკოთ. სერგეი კირიენკოს თანამებრძოლმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენზურაზე პასუხისმგებელმა ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, სერგეი ნოვიკოვმა, აკრძალვების პოლიტიკა გააკრიტიკა. „საზოგადოება დაიღალა“, განაცხადა მან. ვხედავთ თუ არა ელიტებში განხეთქილების დასაწყისს?

ეკატერინა შულმანი: ეს ჯერ განხეთქილებას არ ჰგავს. პარალელურად, ბევრად უფრო დამაჯერებელი გზავნილით გამოდის ФСБ - ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებს სურდათ „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, ახალგაზრდების Telegram-ის მეშვეობით გადაბირებით. ამით მკაფიოდ გადმოიცემა მესიჯი: ვინც ინტერნეტში შეზღუდვებს ეწინააღმდეგება, ის უკრაინული სპეცსამსახურების გადაბირებულია ან გავლენის ქვეშ იმყოფება. გინდათ ამ „ბანაკში“ აღმოჩნდეთ? ასეთ ფონზე, ელიტებში განხეთქილება ნაკლებად ჩანს.

პუტინი და „ძალოვნები“ დღეს ეს ერთი და იგივეა?

ეკატერინა შულმანი: ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში. როგორც ჩანს, რუსულ ხელისუფლებაში არსებული ბალანსი ФСБ-სა და დანარჩენებს შორის, ნელ-ნელა ირღვევა ФСБ-ს სასარგებლოდ. პუტინის ყოველი გამოსვლა სულ უფრო და უფრო ჰგავს არა რუსეთის, არამედ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პრეზიდენტის გამოსვლას – ის მათი ხედვის ტრანსლირებას ახდენს.

მისი გამოსვლა ინტერნეტ-ბლოკირებების შესახებ, სხვა არაფერია თუ არა ФСБ-ს ხედვა:: რომ ბლოკირებები უსაფრთხოების გამო ხდება, რომ ინფორმაციის გავრცელება უსაფრთხოებას უშლის ხელს, რომ საჭიროა უსაფრთხოების სამსახურებსა და სამოქალაქო ხელმძღვანელებს შორის თანამშრომლობის „დალაგება“, რაც რეალურად ნიშნავს იმ ფაქტის ლეგალიზაციას, რომ ახლა ინტერნეტს ФСБ-ის მეორე სამსახური მართავს. არა ციფრული განვითარების სამინისტრო, არა როსკომნადზორი, არა კირიენკო, არა ვაინო. ეს, რბილად რომ ვთქვათ, საინტერესოა, რადგან ნებისმიერი ხელმძღვანელი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას და არ ეძლევა სრულად რომელიმე ერთ ჯგუფს, მით უმეტეს – რეპრესიულ აპარატს.

სტალინი მასობრივ რეპრესიებს ატარებდა, დეპორტაციებს აწყობდა, კლავდა როგორც მოქალაქეებს, ისე საკუთარ ნომენკლატურას. ასეთ ვითარებაში როგორ არ უნდა მისცე მკვლელობის აპარატს ძალაუფლების სრული მონოპოლია? იოსებ სტალინი ამას ორი გზით ახერხებდა. პირველ რიგში, ის თავად ანადგურებდა მათ. ძერჟინსკისა და მენჟინსკის შემდეგ ამ სამსახურის არცერთი ხელმძღვანელი არ გარდაცვლილა ბუნებრივი სიკვდილით. ბოლო, ბერია, სტალინის სიკვდილის შემდეგ მისივე თანამებრძოლებმა მოკლეს, რადგან ის განაგრძობდა ძალაუფლებას საკუთარ ხელში აკუმულირებას. მეორე – სტალინი მუდმივად ახდენდა ამ სტრუქტურების რეორგანიზაციას: ისე, რომ სტაბილური ადმინისტრაციული მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი არ ჰქონოდათ.

ბერიას ბოლო ნაბიჯი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანება ერთ მეგასტრუქტურად. ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ პოლიტბიუროს წევრებმა ეს სტრუქტურა დაუყოვნებლივ დაშალეს – და მას შემდეგ მილიცია და სახელმწიფო უსაფრთხოება აღარ გაერთიანებულა. 1991 წლის შემდეგ КГБ-ც დაიშალა მრავალ დამოუკიდებელ სამსახურად. ზოგი მათგანი სამოქალაქო უწყებებს დაექვემდებარა, მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემა დღემდე იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება.

ახლა კი ეს სტრუქტურა ФСБ-ს სახით ოფიციალურად ითვისებს ახალ უფლებამოსილებებს: მაგალითად, 1 იანვრიდან ისევ დაიბრუნა საკუთარი წინასწარი დაკავების იზოლატორები. გარდა ამისა, პრეზიდენტის ბრძანებით, მიენიჭა უფლება სასამართლოს გარეშე დააკავოს ის პირები, რომლებიც ФСО-ს (დაცვის ფედერალური სამსახური) საქმიანობას ხელს უშლიან – ეს ინფორმაცია საკმაოდ შემთხვევით გახდა ცნობილი. ასევე, ტაჯიკეთის შრომის სამინისტროსგან ვიგებთ, რომ სასაზღვრო სამსახურს (რომელიც ასევე ФСБ-ს ნაწილია) შეუძლია მოქალაქეების ტელეფონების შემოწმება და ადმინისტრაციული დაკავება იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყვიან ტელეფონის გახსნაზე. ინტერნეტზე კონტროლი უკვე აღვნიშნეთ. ეს ყველაფერი ერთგვარი „მეგასამსახურის“ გაძლიერებას ნიშნავს.

პუტინი ამას არ ეწინააღმდეგება, თუმცა მანამდე თავს იკავებდა ძალაუფლების ერთ უწყებაში ამგვარი კონცენტრაციისგან. საგარეო დაზვერვა ჯერ კიდევ არ ექვემდებარება ФСБ-ს. არსებობს საგარეო დაზვერვის სამსახური და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ФСО – ასევე ცალკე სამსახური – თავდაპირველად КГБ-ს ნაწილი იყო. ერთ-ერთი რეფორმის შედეგად, სამთავრობო ინფორმაციისა და კავშირის ფედერალური სააგენტოს ნარჩენები ФСО-ს გადაეცა, რის გამოც ეს უწყება საზოგადოებრივი აზრის კვლევებსაც ატარებს. როსგვარდია – კიდევ ერთი დამოუკიდებელი ძალოვანი სტრუქტურაა.

მანამდე ატარდებოდა ძალაუფლების დაყოფის სისტემური პოლიტიკა – „დაყავი და იბატონე“. ახლა კი ამ პრინციპის დარღვევას ვხედავთ. შესაძლოა, პრეზიდენტს ჰგონია, რომ მხოლოდ ე.წ. ძალოვნები რჩებიან მისადმი ერთგულები, ხოლო სხვები უკვე ეჭვობენ და ურჩევენ ომის დასრულებას ან აქტივების გადანაწილების უფრო მშვიდ პოლიტიკას. ესენი კი, თავის მხრივ, მხოლოდ სწრაფ გამარჯვებას ჰპირდებიან და ყველაფერში ეთანხმებიან.

ხომ არ იქნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ პუტინს ე.წ. ძალოვნების ეშინია და ამიტომ მანევრირებს?

ეკატერინა შულმანი: ეს არის გადამრჩენელი შიში, რომელიც აუცილებელიც კია – ეს არის ნებისმიერი ავტოკრატის შიში. მას არ შეუძლია ძალაუფლების ვინმესთვის სრულად გადაცემა. თვითონ უნდა ეპყრას საკუთარ ხელში და მცირე ნაჭრებად ანაწილებდეს. ავტორიტარული მმართველობის ფოკუსიც ეს არის: „დაყავი და იბატონე“, და არა „გააერთიანე და იბატონე“. სწორედ ამ პრინციპის დარღვევა იწვევს ჩემს ინტერესს – როგორ შეიძლება ერთ სტრუქტურას ასეთი მასშტაბით გადაეცეს ძალაუფლება? არ აშინებს ცნობილი პრეტორიანული მახე?

თუ არსებობს სამსახური, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანი გაძარცვოს, მოკლას ან დააპატიმროს, მაშინ რაღაში სჭირდებათ მათ უფროსი? ისინი თვითონაც საკმარისად ძლიერი და საშიში ფიგურები არიან - ФСБ-ს ცალკეული სამსახურების უფროსები.

თუმცა ერთი გარემოება კვლავ არსებობს: ერთგვარ საპირწონედ გვევლინებიან თავად ФСБ-ს შიდა სტრუქტურები. ФСБ - ეს არ არის ერთიანი უწყება იმ გაგებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ან როსგვარდიაა. ტრადიციულად ეს არის სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტების კონგლომერატი, თითოეულს თავისი რესურსი და დამოუკიდებელი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტზე აქვს წვდომა. ФСБ-ის დირექტორი უფრო ამ „კლუბის თავმჯდომარეა“, ვიდრე კლასიკური გაგებით მინისტრი.

ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. საინტერესოა, რა მოხდება, თუ ბორტნიკოვი წავა. ვინ გახდება მისი მემკვიდრე? თუ ერთ-ერთი სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი გახდება დირექტორი, მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, რომ ФСБ ერთიან, ცენტრალიზებულ სტრუქტურად გადააქციოს, როგორც სხვა ძალოვან უწყებებშია.

არსებობს თუ არა ფარული დაპირისპირება ФСБ-ს ძალოვნებსა და მიხაილ მიშუსტინის სამთავრობო გუნდის ჩინოვნიკებს შორის?

ეკატერინა შულმანი: თუ ერთი ჯგუფი შეიარაღებულია, მეორე კი არა; თუ ერთს შეუძლია დაპატიმრება, ხოლო მეორეს – მხოლოდ ქაღალდის „დაჩხაპნა“, მაშინ მათ შორის დაპირისპირებაც არ გამოვა.

იმ ისტორიულ მაგალითებში, რომლებიც მე მოვიყვანე, სპეცსამსახურების მცდელობა ძალაუფლების მონოპოლიზაციისა, ჩაშალა ნომენკლატურის, სამოქალაქო ბიუროკრატიისა და არმიის კავშირმა. ბერიას დაპატიმრება მალენკოვმა ბრძანა, დააპატიმრა ჟუკოვმა. დაპატიმრებულ ბერიას, ვიდრე დახვრეტდნენ, მოსკოვში სამხედრო ნაწილის სარდაფში ამყოფებდნენ. სხვები, ვისაც მისი დახვრეტა შეეძლოთ, მისივე დაქვემდებარებულები იყვნენ – მილიციიდან გულაგის დაცვამდე, ამიტომ ერთადერთ ძალად არმია რჩებოდა. ჩინეთში „ოთხთა ბანდის“ განადგურებაც მსგავსი კოალიციით განხორციელდა. ჩაუშესკუ სამხედროებმა დახვრიტეს, რადგან არ მოსწონდათ არც ის და არც სეკურიტატე – ყოვლისშემძლე სპეცსამსახური.

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ) სხვაგვარად მოხდა: იქ შტაზი თავად ქვეყნის ნანგრევებში ჩაიმარხა. შტაზი ძალიან მნიშვნელოვანი სპეცსამსახური იყო და განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, სადაც КГБ პარტიის კონტროლს ექვემდებარებოდა, შტაზი თანასწორად ურთიერთობდა КГБ-თან, მაგრამ საბოლოოდ ისინი არ დამარცხებულან სქემით „სამოქალაქო ძალები + არმია“ – ისინი უბრალოდ ბერლინის კედლის ნანგრევებმა დამარხა, რადგან მთელი სისტემა დაინგრა.

შეიძლება ითქვას, რომ 1991 წელს რუსეთში პირიქით მოხდა: КГБ-მ თავი დააღწია პარტიულ კონტროლს და გარკვეული დროის შემდეგ პირდაპირ დაიწყო მმართველობა.

იყრიან თუ არა ღრუბლები პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგეი კირიენკოს თავზე? წერენ, რომ ძალოვნებმა მისი პროტეჟე ანტონ სერიკოვი ჩასვეს.

ეკატერინა შულმანი: რაც შეეხება სამოქალაქო მოხელეებს: თუ ძალოვანი კომპონენტი, მარტივად რომ ვთქვათ, ФСБ იმდენად გაძლიერდება, რამდენადაც ახლა ძლიერდება, პირველ რიგში ისინი პრემიერ-მინისტრს „შეჭამენ“. დიდი ხანია მიშუსტინის გარშემო არასტაბილური ვითარებაა შექმნილი. მასთან დაახლოებული ორი ბიზნესმენი, რომლებსაც ავი ენები „მიშუსტინის საფულედ“ მოიხსენიებენ, პასუხისგებაშია მიცემული. საუბარია გალიცკიზე, რომელსაც აქტივები ექსტრემიზმის ბრალდებით ჩამოართვეს, და მაცოცკიზე, რომელიც ფედერალურ საგადასახადო სამსახურში მიშუსტინის უფროსობისას IT-სისტემას ქმნიდა. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, შემდეგ დახურეს – ანუ მიშუსტინმა შეძლო დაიცვა, მაგრამ ახლა ისევ გახსნეს საქმის წარმოება. ამას უნდა დავაკვირდეთ. რაც შეეხება სერგეი კირეინკოს, კარგად არ მესმის, რა თამაშს თამაშობს.

ვთქვათ, მან თავისი პარტია „ახალი ადამიანები“ მეორე ადგილზე გაიყვანა, მაგრამ მხოლოდ სოციოლოგიური რეიტინგებით. ამავე დროს, ვხედავთ პრეზიდენტის რეიტინგის კლებას, მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგის კლებას და „ახალი ადამიანების“ ზრდას. ეს ზრდა შემთხვევითი არ არის – აშკარად ხელოვნურად ხდება. შეიძლება ისინი ЛДПР-ის (ჟირინოვსკის დაფუძნებული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) ნაცვლად მეორე ადგილზე აჰყავთ. თავდაპირველად იგეგმებოდა კომუნისტების დასჯა და მათი ჩამოშორება მეორე ადგილიდან, მაგრამ ახლა იქ „ახალი ადამიანები“ („ნოვიე ლიუდი“) არიან.

დავუშვათ ასეთია კირიენკოს გეგმა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ის შეგნებულად ამცირებს პრეზიდენტის რეიტინგს, რათა შემდეგ მასზე ზეწოლით (შანტაჟით) მიიღოს თანხმობა რაღაც პოლიტიკურ გეგმებზე - ახალი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს კონფიგურაციაზე. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში განა ეს ზედმეტად გაბედული ნაბიჯი არ იქნებოდა? კონცეფცია, რომელშიც კირიენკო ძალოვნებს უპირისპირდება, არ გამოიყურება დამაჯერებლად. მაგალითად, მესენჯერ МАХ-ის დანერგვისა და სხვა პლატფორმების განადგურების პროცესში ისინი (კირიენკო და ძალოვნები) ერთად მოქმედებდნენ. МАХ ფაქტობრივად კირიენკოს ღვიძლი შვილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ფიზიკურად. ამიტომ სქემა „ლიბერალი ტექნოკრატები vs სამხრეებიანი ბნელები“ ძალიან მარტივია და რეალობას არ ასახავს. კირიენკო თავადაც ბნელეთის აქტიური მოციქულია და მისი პოლიტიკური მიზნები დიდად არ განსხვავდება ФСБ-ის ინტერესებისგან. რა განსხვავებაა მათ მიდგომებს შორის? მკაფიო პასუხი არ მაქვს.

სერგეი კირიენკო
სერგეი კირიენკო

რეპრესიები და შიში ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პუტინი ინარჩუნებს ძალაუფლებას?

ეკატერინა შულმანი: თუ ФСБ-ს ძალაუფლებაზე მონოპოლია აქვს, მაშინ დიახ. ფულის შოვნა მათი საქმე არ არის, არც ეკონომიკური ზრდა, არც ხალხის კეთილდღეობა. მათი საქმე რეპრესიებია. თუ პრეზიდენტი მათ პოზიციას გამოხატავს და მხოლოდ მათ პოლიტიკას ატარებს, რეპრესიების გარდა სხვა ინსტრუმენტი აღარ რჩება.

ქვეყნის შიგნით პუტინი ინფორმაციულ ომს აგებს?

ეკატერინა შულმანი: არსებობს განცდა, რომ იშლება ის, რასაც „პუტინის უმრავლესობას“ უწოდებდნენ. იშლება, რადგან დიდწილად ხელოვნურად იყო „შეწებებული“ პოლიტიკური ტექნოლოგიების მეშვეობით სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისგან, ერთგვარი სტატუს-კვოს საფუძველზე. ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად ნორმალურად ცხოვრობდა რუსეთში, „პუტინის უმრავლესობაში“ ჩაეწერა და ამ კონსტრუქციამ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. გარკვეულწილად, ჩვენც მისი ნაწილი ვიყავით – სანამ რუსეთში ვცხოვრობდით და ვმუშაობდით, როგორღაც ვუმკლავდებოდით ცხოვრებას და არ გვქონდა განცდა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ყველაფერი ბოლომდე დაიწვებოდა. შეგრძნება „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“ - ასეთი განწყობები არ იყო მასობრივად გავრცელებული. ახლა კი ეს განცდა მასობრივი ხდება, რადგან ხელისუფლება ყველგან ჩაძვრა – პირად ცხოვრებაში, ოჯახებში, სამომხმარებლო სფეროში და ყველაფერი „დააზიანა“. ამიტომაც „პუტინის უმრავლესობა“ სუსტდება.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინით გაღიზიანებამ ახალ ეტაპს მიაღწია და პიკი ჯერ კიდევ წინ არის?

ეკატერინა შულმანი: ალბათ, დავეთანხმები. აშკარაა, რომ პუტინი არ აპირებს ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხალხის უკმაყოფილებას შეამსუბუქებდა. ამის ერთი გზა არსებობს – თუნდაც ომის შეჩერება. ხალხის მადლიერების ტალღა ცას მიწვდება. თუმცა ჩანს, რომ ის ამის გაკეთებას არ აპირებს. უფრო მოსალოდნელია ახალი ესკალაცია. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას. ზოგი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ კირიენკოს „ფარული შეთავაზება“ ასეთია: ოდნავ შეასუსტეთ კონტროლი, მოუშვით ჭანჭიკები, დაუბრუნეთ ხალხს ინტერნეტი და ისინი ომს „დაივიწყებენ“. ომის შეჩერება არც არის აუცილებელი – საინფორმაციო-პოლიტიკური ტექნოლოგიებით შეიძლება მისი „უხილავად“ ქცევა, როგორც ეს ომის პირველ ორ წელს ხდებოდა. მაგრამ საეჭვოა, რომ ახლა ამან იმუშაოს. ომი ვერშემჩნევა აღარ გამოვა, თუნდაც დაბრუნდეს Instagram – დანაკარგები ძალიან დიდია, ეკონომიკური შედეგები კი - ძალიან საგრძნობი. და მეორე: როგორც ჩანს, პუტინი არ აპირებს ამაზე დათანხმებას.

თქვენი აზრით, ახლო მომავალში კრემლისთვის რა უფრო რეალურია - ეკონომიკური ჩავარდნის თუ ელიტების განხეთქილების რისკი?

ეკატერინა შულმანი: ეს კითხვა არც ისე ცხადია. თუ შევხედავთ არა მოქალაქეების ინტერესებიდან, არამედ ავტორიტარული ხელისუფლების მთავარი მიზნიდან – ძალაუფლების შენარჩუნებიდან – რა შეიძლება იყოს მისთვის საშიში? ნახეთ: თუ შენს საკუთარ საყვარელ სპეცსამსახურს აძლიერებ, ანადგურებ ყველა საპირწონე ბერკეტს და ასრულებ ყველაფერს, რასაც ის შენგან მოითხოვს, მაშინ მას უჩნდება კითხვა – რაღაში სჭირდები შენ? უფრო და უფრო დიდ იზოლაციაში ხვდებით – ისინი სხვებისგან გაწყვეტენ. შემდეგ აღმოჩნდებით რომელიღაც შორეულ აგარაკზე, სადაც კავშირი მხოლოდ მათთან გაქვთ. ისინი მოდიან და რაღაცებს გიყვებიან. კარის მიღმა რა ხდება – უკვე აღარ იცით. იქ კი შეიძლება სისხლიანი დაპირისპირებები მიმდინარეობდეს, რადგან სამოქალაქო ბიუროკრატიას, მიუხედავად მისი შიშისა, არ მოსწონს, რომ თანდათან „შეჭამენ“. და მიუხედავად იმისა, რომ არმია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკლებულია პოლიტიკურ სუბიექტურობას – რაც სტალინის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია – მასაც არ მოსწონს ომის გაგრძელება. საერთოდ, სამხედროებს ყველაზე ნაკლებად უნდათ ომი; ომს უფრო ხშირად სამოქალაქო პირები მოითხოვენ.

თუ პრეზიდენტი ნელ-ნელა დაემსგავსება სალაზარს, რომელსაც აწვდიან სპეციალურად მისთვის შექმნილ გაზეთს, რომელშიც მხოლოდ გამოგონილი რუსეთის ახალი ამბები იქნება, მაშინ მას აღარასოდეს ეტყვიან სიმართლეს, იმას რაც რეალურად რა ხდება. მას შეიძლება საერთოდ ნაბიჯი არ გადაადგმევინონ იმ აგარაკის ზღურბლს მიღმა. ხოლო ისინი, ვინც გარეთ დარჩებიან, საკუთარ თავს სხვა ელიტური ჯგუფებზე „გამარჯვებულებად“ მიიჩნევენ. ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ბრძოლა ФСБ-ის შიგნით დირექტორობისათვის, ასევე დაპირისპირება სხვა სპეცსამსახურებთან. ან პრემიერისა და მის გარშემო მყოფი ადამიანები მიხვდებიან, რომ შესაძლოა ისინი ხვალვე დააპატიმრონ და, რომ აუცილებელია რაღაცის გაკეთება.

თუ სამხედროებს დაჰპირდებიან ომის დასრულებას, ამნისტიას და „დავიწყებას“ – არა სამხედრო დანაშაულების, არამედ სამხედრო წარუმატებლობების – შეიძლება მათთან შეთანხმება და ძალაუფლების ნაწილობრივ მაინც დაბრუნება კონსტიტუციის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაური პრემიერი უნდა იყოს და არა ФСБ-ის დირექტორი. თუმცა „ძალოვნები“ მოინდომებენ საკუთარი პრემიერის დანიშვნას. ასეთ ვითარებაში შეიძლება დაიწყოს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“. სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, რა საფრთხეები ემუქრება უმაღლეს ხელისუფლებას.

თუ გამოჩნდება ახალი ძლიერი ლიდერი, ისიც აუცილებლად „ძალოვნებიდან“ იქნება?

ეკატერინა შულმანი: არა. იქ ძლიერი ლიდერი არ გამოჩნდება. ისინი სხვაგვარად აზროვნებენ. თვითონ პრეზიდენტიც თავიდან არ წარმოაჩენდა თავს ძლიერ ლიდერად. ის თითქოს ნიღბავდა საკუთარ თავს, თამაშობდა კოლექტიურობას, რომ თითქოს ერთ-ერთია თანამოაზრეთა დიდი ჯგუფიდან. ერთგვარი „საიდუმლო პრეზიდენტი“ იყო. რუსეთში დღემდე არ არსებობს პუტინის პერსონალური კულტი – არ დგას მისი ძეგლები, არ იხსნება მისი სახელობის უნივერსიტეტები. იდეოლოგიური მექანიზმი სხვაგვარად არის მოწყობილი. ამიტომ არ მგონია, რომ ძალოვნები წამოაყენებენ ახალ „რკინის კომისარს“, ახალ ძერჟინსკის, რომელიც თავად მოისურვებს პირველ კაცად ქცევას. არა – ისინი მოინდომებენ მართვას „მარიონეტის“ მეშვეობით, ისეთი პრეზიდენტის საშუალებით, რომელიც მათ არ შეეწინააღმდეგება. ადრე პუტინის ძალა იმაში იყო, რომ მიიჩნეოდა – მას ხალხის სიყვარული ჰქონდა. პუტინი, ფაქტობრივად, აქამდეც „ძალოვნების“ სახელით მართავდა. მაგრამ მას შეეძლო თავისი ელიტებისთვის ეთქვა: „თქვენ ხალხი არ გიცნობთ, და თუ ვინმეს გიცნობთ – სძულხართ, მე კი ხალხს ვუყვარვარ. შემიძლია გამოვიდე და ხალხის სიყვარულის ცოცხალი წყლით სავსე სათლი მოვიტანო“. ასე ნარჩუნდებოდა სისტემის ლეგიტიმურობა. ამაში იყო ყველა საარჩევნო ციკლის აზრიც: პრეზიდენტი კვლავ მიდიოდა ამ „ჭასთან“ და მორიგი ოთხი ან ხუთი წლით კვლავ მოჰქონდა „ცოცხალი წყალი“. ახლა ეს „ხალხის სიყვარულის ჭა“ იშრიტება. წყალი ქრება – არ ვიცით, სად მიდის. ეს უკვე შემდეგი პოლიტიკური ციკლის საკითხია: ვისთან მივა ეს „ხალხის სიყვარული“, რომელიც საკუთარ გამოხატვას ეძებს. მაგრამ ამ ჭაში, რომელიც სპეციალურად იყო გათხრილი და მოწყობილი, რომ ეს სიყვარული დაგროვილიყო, წყალი სულ უფრო ცოტაა. ასეთ ვითარებაში საკუთარ რეპრესიულ აპარატზე დამოკიდებულება აბსოლუტური ხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG