Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს ომის დასრულებას უკვე მოკავშირეებიც მოუწოდებენ

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი (მარცხნივ), რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (შუაში) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი (მარცხნივ), რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (შუაში) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ უკვე არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ რუსეთის პარტნიორებიც მოუწოდებენ. მოდისა და ტოყაევის შემდეგ კრემლისთვის სულ უფრო რთულია ომის გაგრძელების საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნება. თუმცა პუტინის პასუხი ჯერჯერობით უცვლელია - ომს ბოლომდე მიიყვანს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. ეს მოხდა მათი შეხვედრის დროს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტზე, სადაც შეიკრიბნენ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები. ცოტა ხნის წინ ასეთივე მოწოდებით ვლადიმირ პუტინს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომარტ ტოყაევმაც მიმართა.

რატომ მოუწოდებენ პუტინს ე.წ. მოკავშირეები ომის დასრულებისკენ? იზიარებს თუ არა ამ პოზიციას ჩინეთი და როგორ უპასუხებს პუტინი ამ მოწოდებებს?

პოლიტიკის ექსპერტთა თქმით, ერთია, როდესაც უკრაინაში ომის დასრულებას დასავლეთის ქვეყნები მოითხოვენ და სულ სხვა, როდესაც რუსეთისგან იმავეს მისი აზიელი მოკავშირეები, ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნები ითხოვენ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა:

„ჩვენ გვჭირდება ომის დასასრული და არა ომი დასასრულის გარეშე... ყოველი დღე, რომლის განმავლობაშიც ომი გრძელდება, არსებითად, კაცობრიობას ერთი ნაბიჯით უკან სწევს, მაშინ როდესაც მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მთელ კაცობრიობას მშვიდობის რეალურ იმედს აძლევს. ჩვენ უნდა გადავიდეთ უსასრულო ომიდან ომის დასრულებაზე, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე“.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის „დასრულების მიმართულებით მიდის“, თუმცა, კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი, პირიქით, ესკალაციისთვის ემზადება, რადგან მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

1 სექტემბერს ბიშკეკის სამიტის ფარგლებში, პუტინი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინსაც შეხვდა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ლიდერები ომს მხოლოდ „გაკვრით შეეხნენ“. თუმცა სი ძინპინმა ამავე სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიოში კვლავაც „ომის ნისლია“ ჩამოწოლილი.

რა უნდა ინდოეთს?

ბერლინის კარნეგის ცენტრის მკვლევრის, ტიმურ უმაროვის თქმით, პრემიერ-მინისტრ მოდის ეს განცხადება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც ბიშკეკის სამიტის ფარგლებში გაკეთდა.

“რატომ ცდილობს ინდოეთი, რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს? აქ ყველაფერი საკმაოდ გასაგები და ლოგიკურია. ინდოეთი, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, ზარალდება ენერგეტიკულ სფეროში არსებული კრიზისის გამო, რომელიც უკრაინაში ომის, სანქციებისა და სხვა მოვლენების შედეგად გაფართოვდა, მათ შორის ირანში მიმდინარე ომის გამოც. გარდა ამისა, ინდოეთის საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევრაზიის კონტინენტზე ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება. ინდოეთი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას, რადგან ჩინეთთან მას საკმაოდ რთული ურთიერთობები აქვს - მათ შორის ტერიტორიული დავებისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინირებისთვის კონკურენციის გამო”, - ეუბნება მკვლევარი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) რუსულ რედაქციას.

ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

უმაროვის თქმით, ინდოეთისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, როდესაც რუსეთსა და ჩინეთს შორის სტაბილური და პროგნოზირებადი, თუმცა არა ინტენსიურად განვითარებადი ორმხრივი ურთიერთობებია:

“შესაბამისად, ყველაფერი, რაც 2022 წლიდან ხდება, ინდოეთისთვის არასასურველი სცენარია. ეს გავლენას ახდენს ინდოეთის პოზიციებზე როგორც მსოფლიო, ისე რეგიონულ პოლიტიკაში. ამასთან, უკრაინაში ომი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, როგორც მსოფლიო ბაზარზე იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებლისას. შეგახსენებთ, რომ 2022 წლამდე ინდოეთი რუსული შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი იყო და ამ მიწოდებებზე დღემდე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დელი. შესაბამისად, ინდოეთისთვის არასასურველია ვითარება, როდესაც რუსეთს შეიარაღების მიწოდება სრულფასოვნად აღარ შეუძლია. ყველა ეს ფაქტორი ერთად ინდოეთს აქცევს ქვეყნად, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მისი საგარეო პოლიტიკური ბალანსი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს”.

ნარენდრა მოდი პირველი არ არის, ვინც პუტინს ღიად მიმართა ომის დასრულების მოწოდებით. 25 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ომსკში გამართულ რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმზე, პუტინთან შეხვედრისას უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან. ეს ხომ მოძმე ხალხების გენოფონდია. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის. ამის გაგება რთულია. <…> ვიცი, რომ ალასკაში მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინეთ; ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. შესაძლოა, დროა, კონფლიქტი გავყინოთ და სტამბოლის შეთანხმებებს, 2.0-ს დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ისეთი დიდი ძალების გარანტიით, როგორიცაა შეერთებული შტატები“.

პოლიტიკის ანალიტიკოსთა თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკვე არსებული ტენდენციის მიმყოლია. ნარენდრა მოდი ხედავს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) ფარგლებში მას მხარდაჭერა აქვს, რადგან არიან ქვეყნები, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ და ორგანიზაციის ფარგლებში ომის შეწყვეტას მოითხოვენ.

ბიშკეკში შთო-ს სამიტზე იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტიც, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც ასევე უჭერს მხარს ომის შეწყვეტას და ხშირად გამოდის სამშვიდობო ინიციატივით, თუმცა ერდოანისთვის, ისევე როგორც მოდისთვის, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

„არსებობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები და, ამასთანავე, უსაფრთხოების საკითხიც. არაერთხელ გვინახავს, რომ რუსეთსა და თურქეთს შეთანხმების მიღწევა ურთიერთობების გამწვავების შემდეგაც შეუძლიათ - როგორც ეს, მაგალითად, სირიაში და სხვა რეგიონებში ხდებოდა. ამიტომ ერდოანს ტრადიციულად სურს მნიშვნელოვანი შუამავლის როლი შეასრულოს - იყოს ლიდერი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია საუბარი როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან. მით უმეტეს, რომ თურქეთი ნატოს წევრია, თუმცა რუსეთთანაც მჭიდრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებს. ამ გზით ერდოანს შეუძლია კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს თურქეთის შესაძლო როლი. მისი შუამავლობის ეფექტიანობა ნაწილობრივ უკვე დადასტურდა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმებების დროს. ამასთან, ეს შესაძლებლობას იძლევა გამოიცადოს, რამდენად მზად არის პუტინი დღეს კომპრომისზე წასასვლელად. სულ მცირე, თურქეთს შეუძლია დასავლელ პარტნიორებს - როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში - აჩვენოს, რომ ძალისხმევას არ იშურებს კონფლიქტის შეჩერებისა და მისი ზავამდე ან დროებით პაუზამდე მიყვანისთვის“, - უთხრა პოლიტიკის ანალიტიკოსმა ანტონ ბარაბაშმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (არქივი)
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (არქივი)

ტიმურ უმაროვის თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას სავარაუდოდ იზიარებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) წევრი ქვეყნების უმრავლესობა, თუმცა ისინი განსხვავებულ დიპლომატიურ ტაქტიკას იყენებენ და არ კვეთენ ზღვარს, რომლის მიღმაც ინიციატივა შეიძლება კრიტიკად იქნას აღქმული:

„ცენტრალურ აზიაშიც კი ვხედავთ დიდ განსხვავებას დიპლომატიურ მიდგომებში, მაგალითად, ყაზახეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. ყაზახეთი საკუთარი მოსაზრებებიდან და დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე მოქმედებს. მოსკოვს ეს კარგად ესმის. ესმის, რომ ტოყაევისთვის მსგავსი განცხადებების გაკეთება აუცილებელია, რათა დასავლელი პარტნიორების თვალში საიმედო პარტნიორად გამოიყურებოდეს, და ეს რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს არ შეარყევს. იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთზეც. ინდოეთს ვერ ვუწოდებთ რუსეთის უახლოეს მოკავშირეს ვერც მსოფლიოში და ვერც რეგიონში. ნათელია, რომ რუსეთმა თავისი არჩევანი ჩინეთზე გააკეთა, ხოლო ჩინეთი თავს მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლებას არ აძლევს. ჩინეთს შესანიშნავად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია შეუნარჩუნოს კრემლს იმის განცდა, რომ ის ყველაფერს სწორად აკეთებს. ჩინეთს ასევე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვლადიმირ პუტინის ეგოს მოფერება და იმის თქმა, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა და საერთოდაც, ის საუკეთესო ლიდერი და, როგორც სი ძინპინი უწოდებს მას, „ძვირფასი მეგობარია. ჩინეთი ინდოეთის მსგავს განცხადებებს არ გააკეთებს მაშინაც კი, როდესაც ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”.

ექნება თუ არა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას რაიმე შედეგი?

პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან ისინი არ ფიქრობენ, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინაში საგარეო პოლიტიკური ვითარებითაა ნაკარნახევი. აკი, შთო-ს სამიტის დამთავრებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა არც არაფერი თქვა ომის შეწყვეტაზე. პირიქით, 40-წუთიანი პრესკონფერენციის დიდი ნაწილი მან სწორედ ომის წარმატებით მიმდინარეობას დაუთმო:

„ეჭვი არ მეპარება, რომ მტერი ჩამოიშლება, თუმცა დროისა და ვადების საკითხი ყოველთვის რთულია და არც ღირს ვადების დაზუსტებაზე საუბარი. ინფორმაციას ვიღებ განსხვავებული წყაროებიდან, სპეცსამსახურებიდან და ყველა იმ უწყებიდან, რომელიც ასე თუ ისე ჩართულია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს. რ.თ.) ამიტომ ჩემი სურათი საკმაოდ ობიექტურია. საბრძოლო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა, დანაკარგები და ახალი გამოწვევები ახლავს, განსაკუთრებით ახლა - მეცნიერებისა და ტექნიკის თავბრუდამხვევი განვითარების დროს. ახლა მთავარი გამოწვევა უპილოტო საფრენი აპარატებია: წყალში, მიწაზე, ჰაერში. ეს სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ მას ვუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროში ყველა ამოცანა გადაჭრილი იქნება. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩვენი სამხედრო მრეწველობის მუშაობის ტემპი. შეიძლება სადღაც ჩამოვრჩებით მოწინააღმდეგეს, სადღაც ვუსწრებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ამოცანას დავძლევთ“.

პუტინის მტკიცებით, რუსეთის არმიას წარმატება აქვს სვო-ს ზონაშიც, სადაც მისი თქმით, გეგმურად მიმდინარეობს დნრ-ს (დონეცკის სახალხო რესპუბლიკის) გათავისუფლების ოპერაცია.

„მარტო აგვისტოში ჩვენ ხელში გადმოვიდა 207 კვ. კმ ფართობის ტერიტორია, 15 დასახლებული პუნქტი. დრონების საფრთხის გამო ფრთხილად მივიწევთ წინ. კრამატორსკის, სლავიანსკის აღმოსავლეთ გარეუბნებზე გავდივართ. ცენტრში, დობროპოლიესათვის ბრძოლები მიმდინარეობს. არ მინდა წარმატებებზე ვილაპარაკო, თვალი არ ეცეს“, - თქვა პრესკონფერენციის მსვლელობისას პუტინმა, რომელიც მხოლოდ გაკვრით, ზედაპირულად შეეხო სამშვიდობო მოლაპარაკებებს:

“რუსეთი მომხრეა ნებისმიერი მოლაპარაკება უპირველეს ყოვლისა კონკრეტული შინაარსით იყოს დატვირთული. თუ ვინმეს შეუძლია პოზიტივი შეიტანოს მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამჟამად გარკვეულწილად გაყინულია, რუსეთი წინააღმდეგი არ არის.”

თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, პუტინი “მოლაპარაკების კონკრეტულ შინაარსში” უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც თავშეკავებულია მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების სამშვიდობო მოწოდებებისადმი, უკიდურესი აგრესიით უპასუხებს ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სტუმრობისას განმარტა, თუ რატომ არის რუსეთისთვის მიუღებელი დასავლეთის სამშვიდობო შეთავაზებები:

„ის, რასაც დღეს დასავლეთი გვთავაზობს, არის შეჩერება დაპირისპირების ხაზებზე, სადაც მხარეები ამჟამად ერთმანეთის პირისპირ დგანან - ანუ ზავი და არა გრძელვადიანი მშვიდობა. ამასთან, უკვე ღიად აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებების შეჩერების შემდეგ არც უკრაინა და არც დასავლეთი, ყოველ შემთხვევაში ევროპა, არ აღიარებენ რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად. ისინი თითქმის ამაყად აცხადებენ: „ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს, შემდეგ კი მშვიდობიანი გზებით 1991 წლის საზღვრების აღდგენას დავიწყებთ“, ზელენსკის ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩენილ ტერიტორიებზე კი „სტაბილიზაციის ძალები“ განლაგდებაო. ამ ინიციატივის ავანგარდში განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დგანან. სინამდვილეში კი ეს „სტაბილიზაციის ძალები“ იმ რეჟიმის შენარჩუნებასა და დაცვას მოემსახურებიან, რომელსაც რუსეთი ნეონაცისტურს უწოდებს და რომელიც მსოფლიოში ერთადერთი რეჟიმია, რომელმაც აკრძალა მთელი ენა და კანონიკური რელიგია“.

შთო-ს ბიშკეკის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა კვლავ ილაპარაკა ცხოველთა სამყაროში კვებითი ჯაჭვის შესახებ. ამჯერად მან გაიხსენა საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის აღწერისას ხშირად ახსენებდა “იმპერიალიზმის ზვიგენებს”.

„ცელნამგალა ვეშაპები მართლაც საშინელი მტაცებლები არიან. <…> საბჭოთა პერიოდში კოლექტიურ დასავლეთს უწოდებდნენ „იმპერიალიზმის ზვიგენებს“. მეტაფორის აზრი ის არის, რომ თუ ვინმე შეეცდება ჩვენს ჩაჩოჩებას კვებითი ჯაჭვის ქვედა ნაწილში, შეიძლება კბილებში მიიღოს. რუსეთს შეუძლია ამის გაკეთება ზვიგენების სწრაფად მზარდი მადისა და კბილების მიუხედავად“, - თქვა პუტინმა, რომელიც პრესკონფერენციის მსვლელობისას სამაგალითოდ ლოიალური იყო პარტნიორი ქვეყნების სამშვიდობო მოწოდებებისადმი. ექსპერტთა შეფასებით რუსეთი თავს ვერ მისცემს უფლებას ურთიერთობა გაუფუჭდეს შთო-ს მნიშვნელოვან წევრებთან.

საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი და NEST-ის (New Eurasian Strategies Centre) მკვლევარი ჯონ ლაფი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე რუსეთის დელეგაციისთვის „ნომერ პირველი მიზანი იყო გლობალურ სამხრეთში რუსეთის პოზიციების გაძლიერება და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის მხარდაჭერის შენარჩუნება“.

„ვფიქრობ, პუტინისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რუსეთში საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ქვეყანას მსოფლიოში ჯერ კიდევ აქვს გარკვეული სტატუსი და რეალური გავლენით სარგებლობს“, - ამბობს ბრიტანელი პოლიტოლოგი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG