მიუხედავად იმისა, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი), ისე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ მოგებული საქმეებით დადასტურდა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევები, დისკუსია როგორც ომის დაწყების თარიღზე, ისე იმაზე, ვინ იყო დამნაშავე ომის დაწყებაში, კვლავ გრძელდება.
ომიდან წლების შემდეგ, თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რამდენიმედღიან სამხედრო ოპერაციას მოსკოვი გაცილებით ადრე ამზადებდა.
2012 წლის აგვისტოში, ომის მეოთხე წლისთავზე, რუსულ მედიასთან საუბარში პუტინმა თქვა, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში დაიწყო რუსეთის გენერალურმა შტაბმა “საქართველოს აგრესიის მოგერიების გეგმაზე” მუშაობა და რომ ამ გეგმის ნაწილი იყო სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი მებრძოლების ("ოპალჩენცების") წვრთნა, რომლებმაც, პუტინისავე შეფასებით, ძალიან ვაჟკაცურად დაიცვეს საკუთარი მიწა იმ სამი დღის განმავლობაში, “სანამ არ მივიდა რუსული არმია".
2013 წელს კი, ომის მეხუთე წლისთავზე, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ინტერვიუში დმიტრი მედვედევმაც, რუსეთის პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს, დაადასტურა, რომ რუსეთი ამ ომისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა: “რა თქმა უნდა, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ ვცდილობდით, დავხმარებოდით ამ ორ ხალხს [აფხაზებს და ოსებს], რომლებიც ჩვენ შესაბამისი თხოვნებით მოგვმართავდნენ”, - თქვა მაშინ მედვედევმა ქართველი ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხად: "რას იტყვით ბატონი პუტინის განცხადებებზე იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს არსებობდა გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში ამზადებდნენ მეამბოხეებს სამხრეთ ოსეთში?"
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ომი 2008 წლის 7-8 აგვისტოს დაიწყო, თუმცა ქართული სოფლები წინა დღეებში უკვე აქტიურად იბომბებოდა - 29 ივლისიდან 7 აგვისტომდე დაიღუპა 4 და დაიჭრა სამშვიდობო ქვედანაყოფების 11 ჯარისკაცი. ორი ჯარისკაცი უშუალოდ სროლის დროს დაიღუპა, კიდევ ორი კი, მიღებული ჭრილობებისგან მოგვიანებით გარდაიცვალა. ასევე დაიჭრა 6 ქართველი პოლიციელი, და 14 სამოქალაქო პირი.
როგორც ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, აწ გარდაცვლილი რონალდ დ. ასმუსი წერს 2008 წლის ომის შესახებ 2010 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”, “აგვისტოს ომის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი პირისპირ შეხვდა კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილ ამერიკელ ჩინოსანს - სურდა, ვაშინგტონისთვის ნათლად განემარტა, რა მიზნებს ისახავდა მოსკოვი ამ ომში.” მიზნების ჩამონათვალი ასეთი იყო:
- სრული კონტროლის დამყარება სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მიერ კონტროლირებული ცალკეული კერების აღმოფხვრა და მათ გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა.
- აფხაზური ხელისუფლების დახმარება უპირატესად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის სრულად გასაკონტროლებლად და ქართული ძალების გამოდევნა კოდორის ხეობიდან.
- რუსეთის მიერ კონტროლირებული უსაფრთხოების ზონის შექმნა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვრის დასავლეთ მხარეს - ქ. ზუგდიდის გარშემო.
- საქართველოს იძულება ძალის გამოყენებაზე უარის თქმის ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოსაწერად.
- სააკაშვილის დამცირება და საქართველოს შიგნით მისი მუდმივი წნეხის ქვეშ ყოლა, რათა საბოლოოდ მანაც მილოშევიჩის ბედი გაიზიაროს.
- საქართველოს ნატოში ოდესმე გაწევრიანების ყველა შესაძლებლობის მოსპობა.
“შესაძლოა მთავარი კითხვა ის უნდა ყოფილიყო, როგორ და რატომ დადგა თბილისი ან მოსკოვთან იმთავითვე უიმედო შეხლის ან მცოცავ ანექსიასა და რეჟიმის შესაძლო ცვლილებასთან შეგუების არჩევანის წინაშე? რატომ მოხდა, რომ კრიზისმა ასეთ მიჯნას მიაღწია? სად იყო დასავლეთი ან ის ინსტიტუტები და მექანიზმები, რომლებიც სწორედაც რომ მსგავსი კონფლიქტების და ომის ალბათობის აღმოსაფხვრელადაა შექმნილი?” - ამ კითხვას, რომელიც ომის ყველა შემდეგ წლისთავზე კვლავ არ კარგავს აქტუალობას, რონალდ დ. ასმუსი 2010 წელს გამოცემულ წიგნში სვამს.
პასუხი, ნაწილობრივ, საქართველოს უახლეს ისტორიასა და ღია წყაროებში არსებულ ცნობებში იძებნება.
მე-20 საუკუნე. 90-იანი წლები: სეპარატისტული მოძრაობები; პირველი სისხლიანი დაპირისპირებები
საბჭოთა ეპოქაში სამხრეთი ოსეთი საქართველოს ავტონომიური რეგიონი იყო, ბევრი ქართველი ექსპერტის შეფასებით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ერთად, კრემლის მიერ წლების წინ ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმი. 80-იანების ბოლოს სეპარატისტული მოძრაობა სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებისთვის იბრძვის. პირველი დაპირისპირება ეთნიკურ ქართველებსა და ოსებს შორის 1989 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხდება. ცხინვალში, 1990 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო სსრკ-ს შემადგენლობაში ავტონომიის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. თბილისი აუქმებს ავტონომიას. სეპარატისტული მოძრაობა მალევე, 1991-1992 წლებში, მოსკოვიდან წაქეზებულ და სამხედრო აღჭურვილობითა და ძალებით მხარდაჭერილ სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში იზრდება. იღუპება ასობით ადამიანი; ათასობით ოჯახი - როგორც ქართველები, ასევე ოსები - იძულებული ხდება, დატოვოს სახლები. დაზავების შემდეგ რეგიონში შერეული, სამმხრივი სამშვიდობო კონტინგენტი, რუსული, ოსური და ქართული სამშვიდობო ბატალიონები ყალიბდება, თუმცა დაძაბულობა რჩება - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთს საქართველო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მოძრაობის დახმარებაში ადანაშაულებს.
2001 წელი: "სამხრეთი ოსეთი” “კონსტიტუციას” იღებს
2001 წლის 8 აპრილს ე.წ. საერთო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია“ მიიღეს, რომელმაც რეგიონი „სუვერენულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. „კონსტიტუცია“ „სამხრეთ ოსეთს“ აძლევდა უფლებას, სხვა სახელმწიფოს შეერთებოდა, რაც თეორიულად ცხინვალს საფუძველს აძლევდა, საქართველოს(აც) „შეერთებოდა“. ოფიციალურმა თბილისმა რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო აქტი.
2004 წელი: 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება ცხინვალის რეგიონში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა, მოლაპარაკებებისთვის ჩავიდეს ცხინვალში, რასაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი კოკოითი უარყოფითად ეხმაურება.
10 თებერვალს პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით ჩადის მოსკოვში, რუსეთს „მეგობრობის ხელს უწვდის” და იქვე, ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. მოგვიანებით ირკვევა, რომ პუტინმა სააკაშვილს საკუთარ კაბინეტში საკვანძო გავლენების მქონე უშიშროების მინისტრის პოსტზე საქართველოში კორუფციასა და რუსულ დაზვერვასთან კავშირებში გახვეულად მიჩნეული მაშინდელი უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას დატოვება სთხოვა. სააკაშვილის პასუხი ამ თხოვნაზე უშიშროების სამსახურის რეფორმირება იყო.
პარალელურად მოსკოვი აძლიერებს გავლენას ცხინვალზე. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ბარანკევიჩი ხდება. რეგიონის მილიტარიზაციის ფარგლებში კი 2-6 ივნისს ცხინვალს რუსეთი გადასცემს სამხედრო შეიარაღებას, მათ შორის 70 ტანკს. 7 ივნისს ცხინვალის პარლამენტი მოსკოვს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს.
2004 წლის ივლისი-აგვისტო
ცხინვალის რეგიონში ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ, ოსური მხარე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზას კეტავს. საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის აღმოსავლეთით შემოვლითი გზების აღდგენას და ლიახვის ხეობის მიმართულებით პატრულირებას იწყებს.
7 აგვისტოს ქართველი სამშვიდობოები რუსულ სამხედრო ავტოკოლონას აკავებენ. მეორე დღეს ოსურ ფორმირებებს 40 ქართველი პოლიციელი აჰყავთ ტყვედ და ტელეკამერების წინ საჯაროდ ამცირებენ.
იწყება შეიარაღებული შეტაკებები.
2-კვირიანი დაპირისპირების დასასრულს საქართველოს შეიარაღებული ძალები წინა დღეებში აღებულ სიმაღლეებს სამშვიდობოებს გადასცემენ. “გამოუცხადებელი ომის შეწყვეტის შემდეგ” ორივე მხარეს არიან დაღუპულები: 16 დაღუპულ ქართველ სამხედროს შორის არის კაპრალი ზაზა დამენია, რომელიც სამი ჯარისკაცის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სხეულით გადაეფარა სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას.
ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს სოჭიდან ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზად კიდევ ერთხელ ასახელებს გამსახურდიას ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებას და დასძენს, რომ ომი და მსხვერპლი ყოველთვის შეცდომების შედეგია.
2004 წლის 22 სექტემბერს, გაეროს 59-ე გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა კონფლიქტების გადაწყვეტის გეგმა, რომელიც, ნდობის აღდგენის პარალელურად, მოიცავდა რეგიონის დეკრიმინალიზაციას, დემილიტარიზაციას, უსაფრთხოების ფართო გარანტიებს და ა.შ.
2005 წელი: რეგიონების მმართველობის რუსიფიკაცია და ტერაქტი გორში
აფხაზეთისა და ოსეთის რეჟიმებში საკვანძო თანამდებობებზე რუსეთის უსაფრთხოების და სამხედრო უწყებების ოფიციალური პირები ინიშნებიან:
- აფხაზეთის "თავდაცვის მინისტრი" ხდება რუსი გენერალი სოლტან სოსლანიევი, "ადმინისტრაციის უფროსი" კი რუსული არმიის გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ზაიცევი;
- ხოლო ცხინვალის რეგიონის "პრემიერ-მინისტრი" ხდება იური მოროზოვი და "უსაფრთხოების სამსახურის უფროსი" - ანატოლი ბარანკევიჩი.
- ცხინვალის "კგბ-ს" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების (ე.წ. ეფესბეს) კადრი ანატოლი იაროვოი ჩაუდგა სათავეში.
- ასევე, რუსულმა შსს-მ ცხინვალში "შსს მინისტრად" გადმოისროლა თავისი მაღალჩინოსანი მიხაილ მინძაევი.
პრეზიდენტი სააკაშვილი სამშვიდობო ინიციატივით გამოდის, რაც ცხინვალის რეგიონისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. დე ფაქტო რეჟიმი ინიციატივაზე უარს ამბობს.
1 თებერვალს გორში, შიდა ქართლის რეგიონული პოლიციის შენობასთან თეთრი VAZ-2101 მანქანა ფეთქდება. იღუპება პოლიციის სამი ოფიცერი, დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი.
გამოძიება აჩვენებს, რომ აფეთქების ორგანიზატორები იყვნენ ცხინვალის რეგიონში ერთობლივი სამშვიდობო ძალების საფარქვეშ მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც რუსული დაზვერვის ინსტრუქტორების კარნახით მოქმედებდნენ.
ტერორისტული ჯგუფის წევრებად დასახელდნენ:
- დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ანატოლი სისოევი;
- ერთობლივი სამშვიდობო ძალების მეთაურის მოადგილე, მიხეილ აბრამოვი;
- ერთობლივი სამშვიდობო ძალების რუსული ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკი, რომან ბოიკო.
2006 წელი: აფეთქებები გრძელდება, რუსეთი ემბარგოს ადებს საქართველოს, საქართველო რუს ჯაშუშებს აკავებს
22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს რუსეთიდან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა საბოტაჟი განახორციელა. კრემლმა თბილისის რეაქციას „ისტერიული” უწოდა. მოსკოვთან დაკავშირება 6-7 დღე ვერ მოხერხდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცივ ზამთარს საქართველო ბუნებრივი აირის გარეშე ხვდება.
15 თებერვალს საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ითხოვს. ეს დოკუმენტი 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმების ფუნდამენტურ რევიზიას გულისხმობდა და ნიადაგს ამზადებდა რუსული სამშვიდობოების საერთაშორისო სამშვიდობოებით ჩანაცვლებისთვის.
ამ მოთხოვნების პარალელურად ვრცელდება პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ჯავაში სამხედრო ბაზის და ბუნკერების მშენებლობაში ეხმარება ადგილობრივ ძალებს.
თებერვალშივე, ქართველმა სამართალდამცავებმა, ვიზის უქონლობის მიზეზით, ცხინვალის მახლობლად სამი რუსი მშვიდობისმყოფელი დააკავეს. თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალებისთვის ვიზების აღება სავალდებულოა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვითარება საქართველოში რუსი მშვიდობისმყოფელების გარშემო, „ყველა საზღვარს სცილდება”.
მარტში რუსეთი ემბარგოს უწესებს ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს. შემოდგომაზე ემბარგო ფართოვდება და ყველა ქართულ პროდუქტს ეხება - ასევე წყდება საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირი - რუსეთი სავიზო რეჟიმს უწესებს საქართველოს და მასობრივად აძევებს ქართველებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან.
3-4 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა თვითაღიარებული აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერებთან ერთად კოკოითსაც უმასპინძლა. მომდევნო დღეს პუტინმა სოჭის რეზიდენციაში უმასპინძლა კოკოითსა და ბაღაფშს.
13 ივნისს იმართება პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში; მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მკაცრი განცხადებები კეთდება. საქართველოს ლიდერი რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში ადანაშაულებს.
3 ივლისს ნაღმზე ფეთქდება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი სანაკოევის ავტომანქანა, რის შემდეგაც მის კორტეჟს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს შსს-მ ოსი სეპარატისტები დაადანაშაულა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მომხდარი თავდასხმა” ინსცენირება” იყო, რაც რეგიონში “ახალი უკანონო პოსტების გასახსნელად" სჭირდებოდა თბილისს.
8 ივლისს რუსეთი რეკონსტრუქციის მიზნით, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს კეტავს.
27 ივლისს, ემზარ კვიციანის შეიარაღებული დაპირისპირებისა და ორდღიანი სპეცოპერაციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაში სრული კონტროლი და იურისდიქცია აღადგინა - აფხაზეთის დევნილი მთავრობის ადმინისტრაცია კოდორში გადადის.
20 სექტემბერს, როცა ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კი ლიახვის ხეობის სოფლებს სტუმრობდა, ცხინვალის მიმართულებით დაუდგენელი პოზიციიდან საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა, რამაც შვიდი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ქართულმა მხარემ ამ აქტში მონაწილეობა უარყო. ცხინვალმა კი შერეულ სამშვიდობო კონტინგენტში მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადა უარი.
22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიას ეწევა.
27 სექტემბერს საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი რუსეთის სამხედრო დაზვერვის 4 ოფიცერს აკავებს ბათუმსა და თბილისში, რომლებსაც, გამოძიების მტკიცებით, სულ მცირე, საქართველოს 12 მოქალაქე ჰყავდათ გადაბირებული სხვადასხვა დროს. გამოძიების მტკიცებით, აგენტურის ქსელს ხელმძღვანელობდა ერევანში ბაზირებული რუსეთის 44843-ე სამხედრო დივიზიის პოლკოვნიკი, ანტოლი სინიცინი, რომელიც 2005 წლის გორის აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დაკავებულები ბრალს აღიარებენ, რუსეთი საქართველოს მოსალოდნელ და საპასუხო სამხედრო აგრესიაზე აფრთხილებს. 2 ოქტომბერს დაკავებულ რუს ოფიცრებს საქართველო ეუთოს გადასცემს.
28 სექტემბერს რუსეთის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემა შეაჩერა. მოსკოვმა საქართველოდან ელჩი გაიწვია. დაიწყო დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია.
2007 წელი - სამხედრო წვრთნები ჩრდილო კავკასიაში, თავდასხმა კოდორზე
11 მარტს, ღამის ათი საათიდან ოთხ საათს გრძელდება საარტილერიო და საჰაერო თავდასხმა კოდორის ხეობაზე, კერძოდ, სოფელ ჩხალთის ადმინისტრაციულ შენობასა და სოფელ აჟარის პოლიციის საწვავის საწყობზე;
31 ივნისს რუსეთი იწყებს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩრდილო კავკასიაში, "კავკაზ-2007-ს".
6 აგვისტოს, საღამოს 7 საათსა და 30 წუთზე ჩრდ. ოსეთის ტერიტორიიდან, მოზდოკის ბაზიდან აფრენილი ორი რუსული SU-24 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი არღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს და გორთან, საქართველოს-რუსეთის საზღვრიდან 80 კილომეტრის დაშორებით, სოფელ წითელუბანში, ნატოს სტანდარტების ახალი რადარის სიახლოვეს, რადარსაწინააღმდეგო რაკეტა Kh-58-ს აგდებს. ჭურვი არ ფეთქდება. რუსი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ინციდენტი ქართული მხარის მიერაა ინსცენირებული; საერთაშორისო ექსპერტები ინციდენტში რუსული საჰაერო ძალების მონაწილეობას ადასტურებენ.
20 სექტემბერს საქართველოს შსს აფხაზეთში მომუშავე რუსი სამხედროებისგან დაკომპლექტებული 10-კაციანი ჯგუფის განეიტრალების შესახებ აცხადებს - მოკლულია რუსული წარმომავლობის ორი ოფიცერი, შვიდი აფხაზი დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი კოდორის ხეობისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გზის აფეთქებას გეგმავდა;
21 სექტემბერს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ წამოეგება პროვოკაციას და არ დაუშვებს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივებას, თუმცა მიხეილ სააკაშვილი იქვე დასძენს, რომ საქართველო ქვეყნის მტრებს მომავალშიც საკადრის პასუხს გასცემს.
30 ოქტომბერს განმუხურის პატრიოტულ ბანაკთან რუსი მშვიდობისმყოფელები თავს დაესხნენ ქართველ პოლიციელებს და სასტიკად სცემეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს, ჩაბანს, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
12 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განაცხადებით, პუტინი საქართველოში კვიპროსის სცენარის განმეორებით დაიმუქრა.
”გუშინ და დღეს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ეს დღის განმავლობაში რუსი პოლიტოლოგების განსჯის ძირითადი თემა იყო. უნდა გითხრათ, რომ გუშინვე აფხაზეთში ოჩამჩირის სადგურზე ჩამოდგა მატარებელი რამდენიმე ათეული T-72 ტანკითა და არტილერიული მოწყობილობებით, რაც რუსეთს ბოლო წლების განმავლობაში აღარ გაუკეთებია – მან აფხაზეთში იარაღი შემოიტანა. დღეს დილით რამდენიმე ათეული ავტობუსით რუსეთიდან შემოვიდნენ ჩეჩენი ეროვნების მებრძოლები, გადმოკვეთეს ფსოუს საზღვარი და განლაგდნენ ოჩამჩირისა და გალის რაიონებში.
მსურს ის გითხრათ, რასაც ახლა პირველად ვიტყვი: შარშან, [დსთ-ს] მინსკის სამიტის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა სრულიად კონკრეტულად განმიცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში ახალ კვიპროსს მოგვიწყობს.
და მე მინდა განვმარტო, რა არის კვიპროსი, როგორც ესმით ეს რუსებს. 1973 წელს ათენში, საბერძნეთში იყო დიდი არეულობა. იყო გამოსვლები მაშინდელი საბერძნეთის მთავრობის წინააღმდეგ და ამის პარალელურად კვიპროსში დაიწყო არეულობა. საბერძნეთის მთავრობა, რომელიც მთლიანად დაკავებული იყო საბერძნეთის შიდა პრობლემებით და განძრევა ვერ მოახერხა და კვიპროსი გაიყო შუაზე და დღემდე ეს კონფლიქტი გრძელდება. აი, ეს არის კვიპროსი მოწყობილი საქართველოსთვის”, - თქვა სააკაშვილმა 12 ნოემბრის საღამოს მასწავლებლებთან შეხვედრისას.
2008 წელი - ბოლო თვეები ომამდე
იანვარი: მოწვევა პუტინს და ლავროვის სტუმრობა ინაუგურაციაზე
მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინაუგურაციაზე რუსეთის პრეზიდენტი მოიწვია და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა. 20 იანვარს სააკაშვილის ინაუგურაციას ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ამ ვიზიტისას ასევე მართავს შეხვედრებს პატრიარქთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
თებერვალი: პუტინი დაღესტანში და ვნებათაღელვა კოსოვოს აღიარების გამო
4 თებერვალს, დაღესტანში ვიზიტისას, პრეზიდენტმა პუტინმა ამ რეგიონის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის იდეა გამოთქვა და იქვე დასძინა, რომ ამ გზაზე სამხედრო ტექნიკამ უნდა გაიაროს.
17 თებერვალს, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის პრეცედენტული მაგალითია; აქვე ის სხვა, წინასწარ მომზადებულ სცენარებზეც საუბრობს.
მარტი: რუსეთი 1996 წლის შეთანხმებიდან გადის და დუმა ახალ რეზოლუციას იღებს
6 მარტს რუსეთი აფხაზეთის წინააღმდეგ დსთ-ს დაწესებული სანქციების რეჟიმიდან ოფიციალურად გამოვიდა. რეჟიმი, სხვა სანქციებთან ერთად, სოხუმისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებდა.
21 მარტს დუმა იღებს რეზოლუციას, რომელიც ითხოვს რუსეთის მთავრობისგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვას და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.
28 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდის ახალი სამშვიდობო ინიციატივით, რომელიც აფხაზეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბებას გულისხმობს; შეთავაზების ნაწილია აფხაზეთის ფართო ფედერალიზმი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში წარმომადგენლობა.
აპრილი: ნატოს ისტორიული სამიტი და სამხედრო ძალების გაძლიერება აფხაზეთში
3 აპრილს ნატო საქართველოს და უკრაინას უარს ეუბნება ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელი მექანიზმის, საგზაო რუკის მიცემაზე, თუმცა კეთდება პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა ტერიტორიული კონფლიქტებით ალიანსისთვის პრობლემაა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წერილში, რომელიც დე ფაქტო ლიდერებს გაუგზავნა, აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ნეგატიური შედეგები მოჰყვება, შესაბამისად, რუსეთის მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ აღარ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ განცხადებებით.
6 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სამართლებრივი კავშირებისა და ურთიერთობების შესახებ. ამავე დეკრეტის შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა გაიხსნა ცხინვალსა და სოხუმში.
17 აპრილს რუსეთს "ურალის" ტიპის სატვირთო მანქანებით 300-ზე მეტი რუსი სამხედრო შეჰყავს აფხაზეთში, ოჩამჩირის ბაზაზე;
18 აპრილს სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველო კოდორში სამხედრო ძალებს აძლიერებს. გაეროს დამკვირვებლები ამ განცხადებას არ ადასტურებენ.
20 აპრილს, 10:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შემოფრენილი რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი MiG-29 გალის რაიონის სოფელ გაგიდის თავზე აგდებს ქართულ უპილოტო საფრენ აპარატს, „ჰერმეს-450-ს“.
24 აპრილს გაერო, აშშ, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფის ყველა წევრი შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის პოზიციის გამო საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. პრეზიდენტი სააკაშვილი მოუწოდებს სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციისკენ;
29 აპრილის კვლავ შეიმჩნევა რუსული ძალების მობილიზება აფხაზეთში.
მდინარე ფსოუსთან რკინიგზით საზღვარს კვეთს 30-ვაგონიანი სამხედრო შემადგენლობა, რომელსაც ნოვოროსიისკის ბაზიდან სამხედრო მანქანები და სამხედროების დამატებითი ძალები შეჰყავს სოხუმში, მაიაკის სამხედრო ბაზასა და წებელდაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სამშვიდობო ძალებს აძლიერებს და თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველო აფხაზეთის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადება; რუსეთის საგარეო უწყება თბილისს კოდორის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანაში ადანაშაულებს; გაეროს დამკვირვებელთა მისია არ ადასტურებს რუსეთის ბრალდებას.
მაისი: აფხაზეთის შეიარაღება გრძელდება, აფეთქებები ხდება დიცსა და ხურჩაში
1 მაისს დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტები იხსნება აფხაზეთში, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონის ყველა მნიშვნელოვან გზაზე;
3 მაისს საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები [BUK M1] შედის ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე.
6 მაისს ნოვოროსიისკიდან და ფსკოვიდან რუსული სამხედრო ბატალიონი შევიდა აფხაზეთში.
8 მაისს რუსეთი ადასტურებს აფხაზეთში სამშვიდობო კონტინგენტის 1997-იდან 2542 ჯარისკაცამდე გაზრდას.
14 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ითხოვს რუსეთის სამხედრო ძალების პერმანენტულ განლაგებას.
16 მაისს ცხინვალის რეგიონში, სოფელ დიცში ქართული პოლიციის მანქანა ნაღმზე ფეთქდება. დაჭრილია ერთი პოლიციელი.
გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, რომელშიც აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების უფლებაზეა საუბარი.
21 მაისს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალის რაიონიდან ქართველების საარჩევნო უბანში გადასაყვანი ორი ავტობუსი ფეთქდება სოფელ ხურჩაში; ქართული მხარე აფხაზებს ადანაშაულებს; მოგვიანებით გაეროს დამკვირვებლების დასკვნა მიუთითებს, რომ აფეთქება ქართული მხარის მიერ იყო ინსცენირებული.
31 მაისს იწყება სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენის სამუშაოები - ვოლგოგრადის სარკინიგზო ძალების 400 რუსი ჯარისკაცი აფხაზეთში სოხუმი-ოჩამჩირის დამაკავშირებელი ხაზის აღსადგენად შეჰყავთ. 54-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაჩქარებულ ვადაში მთავრდება.
ივნისი: შეიარაღების მატება შეინიშნება ცხინვალშიც - იწყება საუბარი გარდაუვალ ომზე.
14 ივნისს 14 წლის კარლო ინაური სოფელ ერგნეთში ნაღმზე ფეთქდება და მიღებული ჭრილობებისგან იღუპება.
16 ივნისს ცხინვალში ანტისატანკო რაკეტები და ნაღმები შეაქვთ "ურალის" ტიპის 8 სატვირთო მანქანით. რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო აღჭურვილობის კონფისკაცია ხდება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან; აღჭურვილობა რუსულ სამშვიდობო ძალებს ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გადაჰქონდათ.
21 ივნისს ცნობილი ხდება, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება ომის შესახებ. რუსი ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსკოვში ომი გადაწყვეტილია და ის აგვისტოს შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, აფხაზეთში დაიწყება.
23 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს, საქართველოს პრეზიდენტის წერილს გადასცემს. წერილში საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობს რუსეთს.
25 ივნისს რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ალექსეი მასლოვი ცხინვალში ჩადის და რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს ხვდება.
ივლისი - იკეტება ენგურის ხიდი, იწყება ქართული სოფლების დაბომბვა.
1 ივლისს დიმიტრი მედვედევი უარყოფს პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებებს დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. სოხუმი ენგურის ხიდზე საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარს კეტავს.
3 ივლისს სოფელ დმენისში აფეთქებისას სასიკვდილოდ იჭრება ცხინვალის რეგიონის პოლიციის უფროსი. მოგვიანებით, დილის 10 საათზე, ერედვი-ხეითის გადასასვლელზე, წვერიახოს მთასთან ნაღმი მაშინ ფეთქდება, როდესაც გზას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კორტეჟი გადის; სანაკოევის თანმხლები პოლიციის 5 ოფიცერი იჭრება; შემთხვევის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქართული სამშვიდობო ბატალიონი სარაბუკის მაღლობზე საკონტროლო გამშვებ პუნქტს ხსნის.
იმავე საღამოს, თორმეტის ნახევარზე, ავტომატური იარაღით და ნაღმმტყორცნებით იხსნება ცეცხლი ნიქოზის, ერგნეთის, ერედვის, ზემო ფრისის, ვანათის, თამარაშენისა და ავნევის მიმართულებით; 11 საათსა და 40 წუთზე საქართველოს პოლიცია საპასუხო ცეცხლს ხსნის. არიან დაღუპულები.
4-8 ივლისს 6 საარტილერიო დანადგარი გადააქვთ ჯავის ბაზიდან სოფელ დმენისში; როკის გვირაბის გავლით 10 ჯავშანმანქანა შედის ცხინვალში.
5 ივლისს კიდევ ერთი ცნობა ჩნდება გარდაუვალი ომის შესახებ: ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური დაპირისპირების საინფორმაციო სამსახური საკუთარ ვებგვერდზე აცხადებს, რომ საქართველოში ომი აგვისტოში აფხაზეთიდან დაიწყება.
8 ივლისს აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონში ისევ შედიან დამატებითი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა, 4 BTR-70, 4 BRDM, ასევე რამდენიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.
9 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტის წინა დღეს, საქართველოს საჰაერო სივრცეს არღვევს 4 რუსული სამხედრო თვითმფრინავი; ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღიარებს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას და მიზეზად თბილისში „ცხელი თავების გაგრილების“ აუცილებლობას ასახელებს.
11 ივლისს რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ლენინგრადის სამხედრო ოლქიდან ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში სუ-27 სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილია გადაჰყავთ;
13-14 ივლისს სამხედრო მობილიზაცია უკვე ცხინვალის რეგიონშიც თვალშისაცემია. 13 T-72 ტანკის გადაადგილება დაფიქსირდა ჩრდ.ოსეთის სოფელ ალაგირიდან როკის გვირაბის მიმართულებით; სოფელ ზარამაგიდან როკის გვირაბის მიმართულებით მოძრაობს ჯარისკაცებით დატვირთული „ურალის“ ტიპის 6 სატვირთო მანქანა.
15 ივლისს იწყება და ორ აგვისტომდე გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნები „კავკასია 2008“. 15 ივლისსავე აფხაზეთში, ბომბორას სამხედრო ბაზაზე კიდევ რამდენიმე ასეული ჯარისკაცი შედის რუსეთიდან, ასევე - 44 სამხედრო მანქანა.
"კავკასია 2008-ში" რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რუსულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ 8000 ჯარისკაცი, 700 ერთეული ჯავშანტექნიკა, საჰაერო და საზღვაო ძალების, ასევე უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგანი ძალების წარმომადგენლები. მათ შორის ფსკოვის და ნოვოროსიისკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები. წვრთნებისას დარიგებულ ლიფლეტებში „იცნობდე შენს მტერს“, მთავარ სამიზნეს საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმოადგენს. წვრთნების დასრულების შემდეგ სამხედრო ძალების უმრავლესობა ადგილზე რჩება; დიდი ნაწილი რამდენიმე დღეში დაწყებულ ომში ებმება და საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრაში მონაწილეობს.
18 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები და რუსეთის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ივლისის ბოლოს ბერლინში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
20 ივლისს კიბერშეტევა ხორციელდება ქართულ სამთავრობო საიტებზე, DDOS-შეტევის სამიზნეა საქართველოს პრეზიდენტის საიტიც.
22-24 ივლისს ჩაიშალა ქართულ-ოსური მოლაპარაკებები ბრიუსელში - ევროკავშირის დედაქალაქში წასვლაზე უარს აცხადებენ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები. ევროკავშირის ეგიდით წარმართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა რუსეთის ფედერაციასაც უნდა მიეღო; ივლისის ბოლოს ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მედიაციის კიდევ ერთი მცდელობა იშლება; მოლაპარაკებების ინიციატივა ეუთოს თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრ სტუბს, ეკუთვნის; დე ფაქტო რეჟიმი ჰელსინკის მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.
23 ივლისს ცხინვალში ჩადიან რუსეთიდან მივლინებული სამხედრო ექიმები - 120-მდე მედიკოსი ცხინვალის ჰოსპიტალში იწყებს მუშაობას.
29 ივლისს, დილის 10 საათზე ცეცხლი იხსნება ეუთოს და შერეული სამშვიდობო ძალების კორტეჟის მიმართულებით, სოფელ ანძისთან; საღამოს 4 საათზე 40 წუთის განმავლობაში იბომბება ქართული სოფლები დიდი ლიახვის ხეობაში; საღამოს 10 საათზე საარტილერიო ცეცხლი იხსნება სარაბუკთან ქართული სამშვიდობო ბატალიონის გამშვები პუნქტის მიმართულებით; 1990-იანი წლების შემდეგ ეს არის 100-120-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების გამოყენების პირველი შემთხვევა.