Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში?

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყება. ექსპერტების ნაწილი განსაკუთრებით ისტორიის მეათე კლასის წიგნს აკრიტიკებს, იმის გამო, რომ იქ არაფერია ნათქვამი პირველ რესპუბლიკაზე და იმ უარყოფით მოვლენებზე, რომლებიც რუსეთთან „გეორგიევსკის“ ტრაქტატის დადებას მოჰყვა.

როდესაც განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილად ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი შემოიღო, განათლების ექსპერტებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ და აშფოთებდათ, რა ჩაიწერებოდა ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელოებში. ზუსტი მეცნიერებებისგან განსხვავებით, ეს საგნები იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციისა და ამა თუ იმ იდეოლოგიის გატარების საშუალებას.

სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ყურადღების ცენტრში მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო მოექცა. განათლების სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ნაწილი გამოაქვეყნა.

სოციალურ ქსელში ამ წიგნს ბევრნაირი გამოხმაურება მოჰყვა:

„გამიკვირდებოდა, რომ ეს სახელმძღვანელო ობიექტურად ყოფილიყო შედგენილი“.

„პუტჩის ნაწილზე ისე წერია, გეგონება ვიღაც ფანტომებმა დაამხეს რატომღაც პრეზიდენტი. არადა კონკრეტული სახელები და გვარები იყვნენ ამ დანაშაულის ჩამდენები. რატომ არის წიგნიდან ამოღებული?“

„Სამოსანი მოსწავლის მონაყოლს ჰგავს“.

„ავდგეთ და წიგნის გარეშე ვასწავლოთ, დივერსიულად“.

განათლების ექსპერტი სიკო ჯანაშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახელმძღვანელო არა ქრონოლოგიის, არამედ თემების მიხედვით არის დალაგებული, ამიტომ გაურკვეველია, რა წერია წიგნის შემდეგ ნაწილებში.

სიკო ჯანაშია
სიკო ჯანაშია

„შეგვიძლია ეროვნულ გეგმას ჩავხედოთ, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაამტკიცეს. იქ ზოგადი მითითებებია შინაარსზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეროვნული გეგმიდან გაქრა ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს ომი. მანამდე პირდაპირ ეწერა, „რუსეთ-საქართველოს ომი 90-იან წლებში“, „2008 წელს“… ახლა ზოგადი ფრაზებია, მაგალითად, „საქართველოს საშინაო და საგარეო საკითხები“. არ არის გამორიცხული, რაღაც თემები საერთოდ არ მოხვდეს სახელმძღვანელოში“, - ამბობს სიკო ჯანაშია.

ახალი სახელმძღვანელოს ავტორები არიან ისტორიკოსები ჯაბა სამუშია, ალექსანდრე ბოშიშვილი და გიორგი კალანდია. წიგნი ფერადია, 185-გვერდიანი. იწყება ფარნავაზ მეფით და მთავრდება ეროვნული მოძრაობის დისიდენტებით. რადიო თავისუფლებამ გადაიკითხა და წიგნში მართლაც არაფერი წერია ნოე ჟორდანიას მთავრობაზე, რუსეთთან ომებზე, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტებზე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯაბა სამუშია ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ სახელმძღვანელო თემატურად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი ეხება პიროვნებებს ყველა ეპოქიდან, იქნება ეს დავით აღმაშენებელი თუ ივანე ჯავახიშვილი. ის თემები, რომლებიც პირველ ნაწილში არ მოხვდა, შემდეგ ნაწილებშია გაშლილი. წიგნი სულ ოთხნაწილიანია და ეტაპობრივად დაიბეჭდება - ამბობს ის.

ჯაბა სამუშია
ჯაბა სამუშია

„ერთი თემა არის დიპლომატიური ურთიერთობები და აქ შედის „გეორგიევსკის“ ტრაქტატი. მასთან დაკავშირებით ყველა აზრი და შეხედულებაა წარმოდგენილი. ერთი ამბობდა, 1924 წლის აჯანყებაზე არ წერიაო. წერია, მაგრამ მეორე ნაწილში. 2008 წლის ომიც არის შეტანილი. დიდი ნაწილი ეთმობა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. დემოკრატიულ რესპუბლიკას ორი პარაგრაფი ეთმობა. დაიბეჭდება და ნახავთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მანამდე სამ კლასში ისწავლება საქართველოს ისტორია“, - განმარტავს ჯაბა სამუშია.

გიორგი არქანია, რომელიც უახლესი ისტორიის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ სახელმძღვანელოს მხოლოდ ერთ გაკვეთილში ათამდე შეცდომა იპოვა.

„შეცდომითაა ჰელსინკის ჯგუფის დაარსების თარიღი, პირველი პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი. მეორე და მესამეხარისხობრივ თემებზეა გამახვილებული ყურადღება. მაგალითად, „გორგასლიანი“ [ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაარსებული ორგანიზაცია რ.თ.] პირდაპირ მოუწოდებდა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, წიგნში კი მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ უნგრელ ხალხს უცხადებდნენ მხარდაჭერას“, - უთხრა გიორგი არქანიამ რადიო თავისუფლებას.

მას ასევე გაუმართლებლად მიაჩნია, რომ სახელმძღვანელოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გადატრიალება მოხსენებულია, როგორც „თბილისის ომი“.

„ასე კიტოვანი და სიგუა აფასებდნენ - თბილისის ომი, სამოქალაქო ომი… უკვე საკმარისი დრო არის გასული, რომ მოვლენებს სახელი დაერქვას“, - ამბობს ის.

სახელმძღვანელოების თემას წერილით გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც თავად მონაწილეობდა 80-90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში. ის ამბობს, რომ არ შეიძლება ახალმა თაობებმა არ იცოდნენ, თუ რა ზიანი მიაყენა რუსეთმა საქართველოს, იქნება ეს ოკუპაცია, ღალატი, სამეფო ტახტისა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება თუ სხვა. მას მოჰყავს ივანე ჯავახიშვილის ციტატა, რომელიც წინა სახელმძღვანელოში იყო შესული: 1783 წ. 24 ივლისის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი კი – აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა“.

ფიქრია ჩიხრაძე
ფიქრია ჩიხრაძე

„ახალ ვერსიაში ეს მოსაზრება გამქრალია და ვკითხულობთ ზოგად, არაფრისმომცემ და რაც მთავარია, პოლიტიკურად ამოტრიალებულ შეფასებას, რომ ტრაქტატმა უზრუნველყო ქართველი ერის გადარჩენა.

საგანგაშოა, რომ საერთოდ გაქრა ალტერნატიული სახელმძღვანელოებით სწავლების შესაძლებლობა და ახლა ყველა სკოლაში მხოლოდ ის ნარატივები უნდა გავრცელდეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას მიაჩნია მისთვის სასარგებლოდ“, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის დანერგვა განათლების სამინისტრომ 2025 წლის მიწურულს დაიწყო, უამრავ სხვა რეფორმასთან ერთად, იქნება ეს სასკოლო ფორმების შემოღება, თერთმეტწლიან სწავლებაზე გადასვლა თუ ძირეული ცვლილებები უმაღლესი განათლების სექტორში. განათლების რეფორმამ მაშინვე გამოიწვია საზოგადოებისა და ექსპერტების ნაწილის პროტესტი, რაც დღემდე გრძელდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG