Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40 ტომი და 135-მდე მოწმე - რა ხდება ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე?


ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე

საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძე და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა. ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება.

8 დეკემბერს სასამართლო დიდ დარბაზში ჩაინიშნა, მაგრამ წინასწარვე ჩანდა, რომ დასწრებას ყველა ვერ მოახერხებდა. დარბაზის კართან 150-მდე ადამიანი იყო თავმოყრილი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის შემოღებულ შემზღუდავი კანონების გამო მანდატურების გარდა, ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებს ბრალდებულთა ახლობლების მოგერიებაც უწევს. ვინაიდან დასწრების მსურველთა რაოდენობა ყოველთვის აღემატება დარბაზის მოცულობას, ახლობლები ცდილობენ, ჟურნალისტები პროცესზე არ შეუშვან. ახლაც ასე მოხდა:

„თქვენ დარბაზში ვერ შეხვალთ, ოჯახის წევრები უნდა შევიდეთ“, „გადადით უკან“, „მერე რა, რომ ჟურნალისტი ხარ“, „სად წერია, რომ ჟურნალისტი უნდა ესწრებოდეს სასამართლოს?“ „მოდი ადრე და ჩადექი რიგში, როგორც ყველა“, „რომელი ტელევიზიიდან ხართ?“ „არ გვჭირდება ჟურნალისტი, ჩვენ გამოვიტანთ ინფორმაციას“... ასეთი გადაძახილების ფონზე შევიდა ათიოდე კორესპონდენტი და ოჯახის სამოცდაათამდე ახლობელი დარბაზში.

კარგა ხანი იმის გარკვევას დასჭირდა, უნდა ესწრებოდნენ თუ არა სხდომას მოწმის სტატუსით დაკითხული ოჯახის წევრები. ბოლოს გადაწყდა, რომ არა და ათიოდე კაცი უკან გააბრუნეს.

- ყველა არ გასულა, ცოლს ვცნობ და აგერ ზის, - გააპროტესტა პროკურორმა.

დარბაზი კიდევ სამმა კაცმა დატოვა.

დარჩა რამე, რასაც ყადაღა არ ადევს?

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დაშვებულობასა და პატიმრობის მიზანშეწონილობა განიხილებოდა. იმის გამო, რომ მხარეებმა დამატებითი მასალები წარმოადგინეს, სხდომა 15 დეკემბრისთვის გადაიდო.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. მანამდე ადვოკატები მათთვის „ნებისმიერი რაოდენობის“ გირაოს ითხოვდნენ, თუნდაც 300 ათას ლარს, რომლის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით აპირებდნენ.

- დარჩა რამე, რასაც ყადაღა არ ადევს? - იკითხა მოსამართლემ, რაზეც ერთ-ერთმა ადვოკატმა უპასუხა, რომ გირაოს თანხას მეგობრები და ახლობლები შეაგროვებდნენ.

დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ რადგანაც გამოძიება უკვე დასრულებულია, ბრალდებულები მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენდნენ. ადვოკატმა თამარ შათირიშვილმა ისიც თქვა, რომ ბურჭულაძეს მხრის მყესი აქვს გაწყვეტილი და ციხეში ვერ მკურნალობს.

„რატომ? არ არის სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე“? - ჩაეკითხა მოსამართლე.

„ჯერ კიდევ დაკავებამდე მკურნალობდა საზღვარგარეთ. მარჯვენა ხელს თითქმის ვერ ხმარობს“, - თქვა ადვოკატმა.

თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ კი ითხოვა, პატიმრობაში დატოვებაზე მსჯელობისას მისი ოჯახური მდგომარეობაც გაეთვალისწინებინათ.

„მე რვა შვილი მყავს, ოთხი არასრულწლოვანია“, - განაცხადა მან.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება. მას ედავებიან, რომ 1 333 728 ლარით უფრო ძვირად შეისყიდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. ასევე საქმის მასალებშია 544 000 ევროდ ესპანეთში, მალაგის პროვინციაში შესყიდული მიწის ნაკვეთი და სახლი. სუსის განცხადებით, ამ თანხის „კანონიერი წარმომავლობა“ არ ჩანს. ასევე, გამოძიება მიუთითებს 1 593 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, სხვადასხვანაირი „შენიღბვის“ მეთოდით.

ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს, უფრო ადრე 27 ივლისს დააკავეს მისი გარემოცვის სამი წევრი. ფულის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურსა და ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს. პროკურორის მტკიცებით, საუბარია დაახლოებით რვა მილიონ ლარზე.

პროკურორმა ანა ლეკვეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოში 135-მდე მოწმის ჩვენება აქვს წარმოდგენილი, ასევე ექსპერტიზის მასალები და დოკუმენტაცია, რომლებიც „პირდაპირ ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს“. მან ისიც ახსენა, რომ ამ საქმეზე არ დაუკითხავთ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ჯუანშერ ბურჭულაძე სწორედ ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა.

გიორგი ხაინდრავას ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმე 40 ტომამდე კი არის, მაგრამ რეალურად ერთი საბუთიც არ დევს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაამტკიცებდა.

„რატომ დაიჭირეს, ეს თავადაც აინტერესებს, არა აქვს ამაზე პასუხი. ყველა მოწმეს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე დგას, ჩვენება აქვს შეცვლილი. ღუდუშაურსაც ერთი წინადადება არ უთქვამს ხაინდრავას წინააღმდეგ“, - უთხრა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს.

პროკურორის თქმით, ვლადიმერ ღუდუშაურმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც მას აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეეცვალა. ის დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG