ხალხმა ამ დრომდე ისიც არ იცის, როგორ დაითვლება ზარალი. ისინი ითხოვენ, რომ ზიანი ცალ-ცალკე შეფასდეს და ოჯახებს იმდენი მაინც გადაუხადონ, რომ ახალი სახლების ყიდვა შეძლონ.
თუმცა რა ეტაპზეა ეს პროცესი, არც ხალხმა არ იცის და პასუხი ვერც ადგილობრივ მუნიციპალიტეტისგან ვერ მივიღეთ.
ქუთაისში ერთოთახიანი ბინა, საშუალოდ, 50 000 დოლარი ღირს. სოფელ კურსებში ცოტა ხნის წინ სარემონტო სახლი იყიდებოდა 35 000 დოლარად. ბინის ქირა ქუთაისში, თვეში, 1000-1500 ლარია.
გოჩა ალფაიძემ, რომლის სახლი კურსების სტიქიამ თითქმის მთლიანად მიწაში ჩაფლა და დაანგრია, მხოლოდ მიწის ზემოთ დარჩენილი მეორე სართულის ერთი საძინებლის კარადიდან შეძლო რამდენიმე ხელი ტანსაცმლის გამოტანა. “რასაც ხელით მივწვდით”, - ამბობს გოჩა, დანარჩენი ყველაფერი მიწამ დაფარა.
დღეს გოჩაც, სტიქიით დაზარალებული სხვა ათობით კურსების მკვიდრის მსგავსად, ქუთაისში ქირით ცხოვრობს, იქვე მუშაობს და ისიც პასუხის მოლოდინშია. არ იცის, რამდენი იქნება კომპენსაცია, როდის მისცემენ ხალხს ამ თანხას, რას ეყოფა ეს ფული.
“საერთოდ არაფერი ვიცით. ბოლოს შეხვედრა მოვითხოვეთ, მაგრამ ჯერ ისევ ველოდებით, გვითხრეს, ვინც პასუხისმგებელია, საქართველოში არ არისო. ჩვენი თხოვნაა, რომ ზარალი ინდივიდუალურად დაითვალონ, თორემ რაც მინისტრის დადგენილებაში წერია, 30-დან 50 000 ლარამდე თანხა, ეგ თანხა კომპენსაცია კი არა, მოწყალებაა.”
“გვითხრეს, ვმუშაობთ იმაზე, რომ კომპენსაციის თანხა გაიზარდოსო, მაგრამ ჯერ კონკრეტულს არაფერს გვეუბნებიან, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კურსების მეწყრით დაზარალებული ხატია ბეროძე, - 13 ივლისს რეგიონალური განვითარების სამინისტროს წერილიც გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია”.
ახლა რა ხდება სოფელში?
მეწყრის ადგილებში გრუნტის წყალი ჩადგა და სოფელში რამდენიმე ტბა გაჩნდა. გახიზნულებს ეშინიათ, რომ წვიმების სეზონზე ამ ტბებმა შესაძლოა დარჩენილი სახლებიც წალეკოს.
მეწყერი სოფელში ისევ აქტიურია. გზა ზოგ ადგილას გაიხსნა, ზოგან ისევ ჩაკეტილია და ალაგ-ალაგ ფირნიშები დგას, რომ ამ ზონაში შესვლა საშიშია.
სოფლიდან იძულებით გასახლებულების უმრავლესობა ვერ ახერხებს ნივთების გამოტანას ნახევრად დანგრეული სახლებიდან - მაცივრის, სარეცხის მანქანის, ტელევიზორის - ცხოვრებისთვის საჭირო, ყოველდღიური ნივთების. უგზოობის გამო, ვერც მანქანები ვერ გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში მოქცეული 58 ოჯახის საცხოვრებელი სახლებიდან ამ ეტაპზე სრულად არის დანგრეული 20 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დეფორმირებულია და ავარიულ მდგომარეობაშია 15 საცხოვრებელი სახლი.
ხატია ბეროძე გვიყვება, რომ ვინც შედარებით დაბლა, გზის პირას ცხოვრობდა, დროდადრო ახერხებს დანგრეულ სახლთან მიახლოებას. ზოგს შინაური ფრინველი დარჩა ადგილზე და მათ უვლის. ზოგს გული არ უთმენს, რომ კარ-მიდამოს არ დახედოს.
18 ივნისს მოსახლეობამ მთავრობას ნივთების გამოტანაში დახმარების წერილიც გაუგზავნა, მაგრამ უარი მიიღო. ადგილზე გეოლოგების ჯგუფი ხელმეორედ უნდა ჩავიდეს, ვითარება შეისწავლოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება გზა, ისიც დროებითო - უპასუხეს.
“სიახლე არაფერია. ყველა ნოლიდან ვიწყებთ ცხოვრებას და იქნებ ამ ნივთების ხელახლა ყიდვა და დამატებითი ხარჯი მაინც არ მოგვიწიოს”, - ეუბნება ხატია ბეროძე რადიო თავისუფლებას.
კურსების მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ახალი გეოლოგიური დასკვნა ექვს თვეში მომზადდება.
აპრილის შუა რიცხვებში დაიდო პირველი დასკვნა, რომლიდანაც გაირკვა, რომ კურსების მეწყრის ჩასახვაცა და გააქტიურებაც სრულად „ბუნებრივ ფაქტორებთან” არის დაკავშირებული.
2026 წლის 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე დაძრულმა მეწყერმა ათობით ოჯახი დატოვა უსახლკაროდ. მსხვერპლი არ ყოფილა. ხალხი სტიქიის ზონიდან დროულად გაიყვანეს.
იმის გარკვევას, თუ რა ეტაპზეა პროცესი და როდის მიიღებენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას, ვეცადეთ რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ტყიბულის მერთანაც. პასუხებს ამ დრომდე ველით.
ფორუმი