აბსოლუტური რეკორდი მოხსნა რუსეთის იმ მოქალაქეების წილმაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ცხოვრების დონე ეცემა, თანაც, დაკვირვების ისტორიაში პირველად, ამ მაჩვენებელმა ნახევარს გადააჭარბა. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დონე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ტემპით მცირდებოდა და იმაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო.
30 ივნისს გელაპის ინსტიტუტის სოციოლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა რუსეთში ჩატარებული იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 2006 წლიდან მოყოლებული. წელს რუსეთის მოქალაქეები მარტიდან მაისის ჩათვლით გამოკითხეს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან სპარსეთის ყურის ომი - ნავთობის ფასებსა და რუსული ნახშირწყალბადების ექსპორტზე თანმდევი შედეგებითურთ - მაშინ პიკში იყო, ქვეყნის შიგნით კი საწვავის კრიზისი, რეალურად, ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.
მიუხედავად ამისა, რუსეთში ეკონომიკურმა პესიმიზმმა ბოლო 20 წლის - ანუ დაკვირვების მთელი პერიოდის - აბსოლუტური რეკორდი მოხსნა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე ლაპარაკობს გამოკითხულთა 60%. წინა პიკი - ზუსტად 50% - დაფიქსირდა 2021 წლის გაზაფხულზე, პანდემიის ერთი წლის თავზე, როდესაც საკარანტინო შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო მოხსნილი. ყურადღებას იქცევს განწყობების მკვეთრი ცვლილება სულ რაღაც ერთ წელიწადში. 2025 წელს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე ლაპარაკობდა მხოლოდ 39%, გაუმჯობესებისა კი 48%-ს სჯეროდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოსახლეობა საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ერთი წლის განმავლობაში ოპტიმისტების რაოდენობა 27%-მდე შემცირდა - ვარდნამ 21 პროცენტული პუნქტი შეადგინა და რუსეთის მოქალაქეების იმავე 21%-მა საკუთარი შეფასება რადიკალურად საპირისპიროდ შეცვალა.
მსგავსი სურათი იკვეთება საკუთარი ცხოვრების დონის შეფასებისასაც. კვლევების ისტორიაში პირველად, იმ ადამიანების წილმა, ვინც ცხოვრების დონის გაუარესებაზე ლაპარაკობს, ნახევარს გადააჭარბა და 56% შეადგინა. ცხოვრება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების 29%-ს უუმჯობესდება. წლიური დინამიკა აქაც მსგავსია: 2025 წელს ოპტიმისტები მეტნი იყვნენ (რუსების 43%-ს კეთილდღეობა ეზრდებოდა, 38%-ს კი - უმცირდებოდა). განწყობების თვისებრივი ცვლილების გარდა („პლუსიდან“ „მინუსისკენ“), თვალში საცემია პოლარიზაციაც. 2016 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკური მდგომარეობის ნეიტრალური შეფასება 41%-დან ამჟამინდელ 9%-მდე შემცირდა. იგივე ხდება საკუთარი კეთილდღეობის შეფასებისას: თუ 2016 წელს რუსების 45% „ფინანსური სტაბილურობის“ რეჟიმში ცხოვრობდა, 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ია. საინტერესოა, რომ ოპტიმისტებისა და პესიმისტების თანაფარდობა ძალიან ახლოსაა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების შედეგებთან. იქ გამოკითხულთა დაახლოებით მესამედს ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც იმაზე მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ხარჯავენ, რაღაც დანაზოგი მაინც აქვთ და მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გარკვეულ მოგებას ნახულობენ. დაახლოებით ორი მესამედი რეგულარულად ჩივის, რომ იძულებულია, ფული დაზოგოს.
ეკონომიკური ოპტიმიზმის დონე უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია, რომელიც გავლენას ახდენს სამომხმარებლო ქცევასა და სტრატეგიაზე. მაგალითისთვის შორს წასვლა არ გვჭირდება: გელაპის კვლევითი ცენტრის მონაცემებს ადასტურებს ვადიანი დეპოზიტებიდან და ზოგადად ბანკებიდან ფულადი სახსრების სწრაფი გადინება. ამ პროცესს, განწყობების გარდა, სხვა მიზეზებიც აქვს, მაგალითად, ინტერნეტის დაბლოკვა, თუმცა ნეგატიური მოლოდინების უგულებელყოფაც არ შეიძლება. რუსეთის მოქალაქეები შინაგანად მზად არიან ეკონომიკური კრიზისის მწვავე ფაზის დასაწყებად, ეს კი საგრძნობლად ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს მწვავე ფაზა დიდხანს არ დააყოვნებს: მხოლოდ საბაბია საჭირო, რომ პანიკური განწყობა ყოვლისმომცველი გახდეს. ასეთ პირობებში მსჯელობა იმაზე, რომ რუსეთის ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის დაჩქარებული შემცირება ახალ საინვესტიციო ციკლს ჩაუყრის საფუძველს, არის ან ეკონომიკური რეალობისგან სრული მოწყვეტა, ან კიდევ მცდელობა, გარდაუვალ კოლაფსზე პასუხისმგებლობა წინასწარვე დააკისრონ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს.
„ეკონომიკის გეგმური გაგრილებისა“ და მისი „ბალანსირებული ზრდის ტრაექტორიაზე დაბრუნების“ პროცესი მართლაც გაჭიანურდა
თუმცა, გამოკითხვები მხოლოდ რუსეთის მოქალაქეთა ეკონომიკურ განწყობებს რომ ასახავდეს, შესაძლოა, სალაპარაკოც ბევრი არაფერი ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, „ეკონომიკის გეგმური გაგრილებისა“ და მისი „ბალანსირებული ზრდის ტრაექტორიაზე დაბრუნების“ პროცესი მართლაც გაჭიანურდა. მაგრამ შარშან უპრეცედენტოდ დაეცა მოსახლეობის ნდობა საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
თუ ერთი წლის წინ გამოკითხულთა 59% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში მედიასაშუალებები თავისუფალია, ახლა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34%-ია. მთავრობისადმი ნდობა 57%-დან 53%-მდე შემცირდა. არმიისადმი ნდობამაც კი 79%-დან 66%-მდე დაიკლო, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თანაც, ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, სანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები მონაწილეობას მიიღებდნენ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნასა და დახურვაში, ასევე მოსკოვზე და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმამდე, რის შემდეგაც დედაქალაქების მცხოვრებლებმაც აღმოაჩინეს არასასიამოვნო რეალობა - სამხედროებს არა მხოლოდ უკრაინის საზღვრისპირა რეგიონების, არამედ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დაცვაც კი არ შეუძლიათ. 2026 წლის მარტ-მაისში, სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე ნახევარ წელზე ნაკლები ხნით ადრე, არჩევნების სამართლიანობისა სჯეროდა მხოლოდ რუსების 40%-ს, მაშინ როცა 2025 წლის გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი 56%-ს შეადგენდა.
განწყობების მკვეთრი ცვლილების მიზეზი აშკარაა. ენთუზიაზმი, რომელმაც რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი მოიცვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და მისი როგორც პრეზიდენტის პირველი ნაბიჯების შემდეგ, იმ იმედით, რომ ომი მალე დასრულდებოდა ისეთი პირობებით, ბაიდენის დროს ოცნებაც რომ შეუძლებელი იყო, წლევანდელი წლის დასაწყისისთვის მწარე იმედგაცრუებამ შეცვალა. თანაც ყველასთვის - ბიზნესის ელიტებითა და მთავრობის ეკონომიკური ბლოკით დაწყებული, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებით დამთავრებული. პირველთათვის დაიხურა ტრამპის მიერ ოდნავ შეღებული „შესაძლებლობების ფანჯარა“, რაც სანქციების სიებიდან (სულ მცირე, ამერიკულიდან) ამოღებასა და ძველ, ომამდელ ცხოვრებასთან დაბრუნებას გულისხმობდა. საამისოდ არქტიკის ერთობლივი ათვისებისთვის ან ბერინგის სრუტის ქვეშ გვირაბის გასაყვანად ათ-ათი მილიარდი დოლარის დადებაც რომ მოეთხოვათ, სიამოვნებით გადაიხდიდნენ.
ტრამპის საარჩევნო გამარჯვებით გამოწვეული ენთუზიაზმი, რომელმაც რუსების დიდი ნაწილი მოიცვა, მწარე იმედგაცრუებამ შეცვალა
ამ უკანასკნელთ საბოლოოდ დაეკარგათ იმის გაგება, თუ რისთვის იბრძვიან და იღუპებიან. რუსებს წაართვეს ისიც, რასაც შეიძლება გამარჯვება დარქმეოდა, და ძველ ცხოვრებასთან დაბრუნების იმედიც. უარესიც - 2026 წლისთვის უკვე გამონაკლისის გარეშე ყველა რუსმა საკუთარ თავზე იწვნია ომში მყოფი ქვეყნის ცხოვრების „ხიბლი“ - მათაც კი, ვინც ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს.
„გელაპის“ კვლევითი ცენტრის გამოკითხვის მონაცემები - რომელიც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ჩატარდა - მოწმობს, რომ სპარსეთის ყურის ომის პიკზეც კი რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე დემორალიზებული იყო. ბოლო კვირების მოვლენები კი აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ ძლიერდება. საწვავის კრიზისი სულ უფრო მწვავდება, თანაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაუბრკოლებლად მიაღწიეს რუსეთის უმსხვილეს, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნამდეც კი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2,5 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. ნავთობის ფასები თებერვლის ნიშნულს დაუბრუნდა, ამასთან, Urals-ის მარკის ბარელი ნავთობის გაყიდვა რუსეთს კვლავ 40 დოლარზე ცოტა მეტად უწევს. რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოს ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის არასაკმარისად მკვეთრი შემცირების შემდეგ რუსულ საფონდო ბაზარს აქტივების პანიკური გაყიდვის ტალღამ გადაუარა, რაც მცირე კორექტირების შემდეგ კვლავ განახლდა.
თუ ამოვალთ იქიდან, რომ ომი, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც „პატარა და გამარჯვების მომტანი“, პუტინს სჭირდებოდა ურაპატრიოტიზმის საფუარზე საზოგადოების კონსოლიდაციისა და ლოიალობის ასამაღლებლად (რამაც დიდი ხანია ჩაანაცვლა ლეგიტიმურობა), მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი მან პირადად წააგო. ვინაიდან ნდობა - როგორც მთავრობის, ისე არჩევნების, არმიისა და პროპაგანდის მიმართ - იმაზე დაბლა დაეცა, ვიდრე ამ ომის დაწყებამდე იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის პერსონალური „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები“ მიუღწეველია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ოდესმე მიაღწიოს.