სემიონ პეგოვი სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერია, ასევე დამფუძნებელი პროექტისა WarGonzo. მიმოხილვაში ის მიუთითებს, რომ „აფხაზური სახელმწიფოებრიობა ერთგვარი სავიზიტო ბარათია რუსეთისთვის, რომელსაც მსოფლიო წესრიგის გადაწყობა სურს“, მისი დემონტაჟი კი „იმპერიის გეგმებში“ არ შედიოდა.
2024 წლის შემოდგომის მოვლენებზე საუბრისას - ანუ იმაზე, რომ აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია იძულებული გახდა გადამდგარიყო - ბლოგერი აღნიშნავს, რომ შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა „არა მხოლოდ არსებული ხელისუფლება დაამხო, არამედ რუსეთთანაც გაამწვავა ურთიერთობა“. პეგოვი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი „ხანძარს“ პუტინმა გადაარჩინა იმით, რომ ჩაერთო „ასაფეთქებლად გამზადებული ვითარების დარეგულირებაში“, კრიზისის შემდეგ კი მოსკოვმა სოხუმთან ურთიერთობის „ვექტორი შეცვალა“ და „აფხაზეთის ფრონტი“ სერგეი კირიენკოს გადააბარა - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს. ის წარმოშობით აფხაზეთიდანაა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვადამდელ არჩევნებზე მოსკოვმა ფსონი ბადრა გუნბაზე დადო. მან მეორე ტურში ხმების თითქმის 55% აიღო. პუტინი გუნბას გამარჯვებიდან მალევე შეხვდა, 2025 წლის მარტში, შემდეგ კი მაისშიც. „კურატორი“ კირიენკო კი 2025 წელს ექვსჯერ ჩავიდა აფხაზეთში, მათ შორის სოხუმის აეროპორტისა და მატარებელ „დიოსკურიას“ გახსნაზე.
„იმის წყალობით, რომ რუსეთმა აფხაზეთთან მიდგომა შეცვალა, შარშან იმაზე მეტი პროექტი განხორციელდა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში“, - ამტკიცებს პეგოვი და განიხილავს პრობლემებს, რომლებიც ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას იკვეთება.
„საქმე იმაშია, რომ რუსეთის მხარდაჭერილი პროექტები ხორციელდება ისეთი კონტროლით, როგორიც უკიდურესად უჩვეულოა აფხაზი პოლიტიკოსებისთვის. რეგიონები და მსხვილი კომპანიები უბრალოდ ფულს კი არ აძლევენ, როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ნაწილობრივ თავად მუშაობენ ადგილზე. აი, სწორედ აქ იწყება კურიოზები.
ყველანაირი ჯურის აფხაზი ჩინოვნიკები ცდილობენ ძველებურ ურთიერთობას დაუბრუნდნენ. მაგალითად, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის წინადადებაზე, აფხაზეთში 4 მილიარდ რუბლად კარგი რუსული სკოლა აეშენებინა, შესაბამისმა აფხაზურმა უწყებამ დაახლოებით ასე უპასუხა: ჩვენ მოგვეცით ეს მილიონები და თვითონ გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთო. და ეს ყველაზე უარესი არ არის.
ერთ-ერთი კონტრაქტორი, რომელიც სანაპიროს რეკონსტრუქციაზე მუშაობდა, განსაკუთრებით მონდომებულმა აფხაზებმა ტყეში წაიყვანეს და პირობები წაუყენეს - ან სამშენებლო მასალების მიწოდებაზე კონტრაქტს ჩვენთან გააფორმებთ, ან პრობლემები შეგექმნებათო. კაცი მშიშარა არ აღმოჩნდა. ბოლო-ბოლო საქმე ჩაიფარცხა და ბოდიშიც მოიხადეს. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ამბავმა თავისი კვალი მაინც დატოვა“.
პეგოვმა ასევე შეაფასა სანქციები, რომლებიც მოსკოვმა ზოგიერთ აფხაზ ოპოზიციონერსა და ჟურნალისტს დაუწესა. აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მოქალაქეობის ჩამორთმევა და „უცხოელი აგენტების“ სიაში შეტანა.
„გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ქვეყანა, რომელსაც ახლა ასეულობით კილომეტრის მანძილზე ფრონტის ხაზი აქვს გახსნილი და იბრძვის, იმათ გაუფრთხილდება, ვინც მის მხარეს ქვებს ისვრის“, - წერს პეგოვი. ასევე დასძენს, რომ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა აღძრან „სამხედრო კორესპონდენტზეც, თუ მას რიტორიკა ძალიან გაიტაცებს“.
აფხაზ პოლიტიკოსებს -კან ქვარჩიას, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმაას - მოსკოვი მსხვილი თანხის, 1 975 000 რუბლის (70 ათასამდე ლარი) დატაცებაში ადანაშაულებს. დაზარალებულია რუსეთის სამი მოქალაქე (პოლიტიკის რუსი სტრატეგები, რომლებიც სოხუმში ე.წ. მუნიციპალური არჩევნების წინ იმყოფებოდნენ). ოპოზიციონერებზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. მანამდე კან ქვარჩიასა და კიდევ ერთ ოპოზიციონერს, ლევან მიქაას, რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა. მოსკოვმა „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა აფხაზი ჟურნალისტები ინალ ხაშიგი, ნიზფუ არშბა და იზიდა ჭანია.
დაწყებულია მოკვლევა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიებას ატარებს გავრცელებულ ინფორმაციაზე „სოხუმის სანაპიროს რეკონსტრუქციის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორის წინააღმდეგ დაუდგენელი პირების მიერ ჩადენილი სავარაუდო უკანონო ქმედებების შესახებ“.
აფხაზეთის ე.წ. შსს-ში გვაცნობეს, რომ „მიიღეს რიგი ზომები“, პეგოვს დაჰკავშირებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა მასთან დარეკვა მოახერხა აფხაზმა ჟურნალისტმა მარიანა კოტოვამ.
„მე, როგორც ჟურნალისტი, წყაროებს არ ვამხელ, ამიტომ ფორმულირება ისეა შერჩეული, როგორც არის. რომ შემეძლოს უფრო მეტის თქმა, გვარებით და სხვა მონაცემებით, თან ისე, რომ წყაროს ბედი არ მანაღვლებდეს, მოგაწოდებდით. ამ ინფორმაციის სისწორეში ეჭვი არ მეპარება. გამოქვეყნების შემდეგ ის ირიბად კიდევ რამდენიმე წყარომ დაადასტურა. უფრო მეტს ვიტყვი გახმაურებულ სტატიაზე, როგორც კი ფრონტის ხაზს დავტოვებ“, - უთხრა მას პეგოვმა.
ოპოზიციის განცხადება
პეგოვის სტატიას აფხაზი ოპოზიციონერებიც გამოეხმაურნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პუბლიკაცია „შეიცავს ცნობებს, რომლებსაც „დაუყოვნებელი და პრინციპული საჯარო რეაქცია“ სჭირდება.
„საუბარია ფაქტებზე, უკანონო ზეწოლაზე კონტრაქტორზე, რომელიც სოხუმის სანაპიროს რეკონსტრუქციაზე მუშაობდა. ასევე იმაზე, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა თანამედროვე სკოლის მშენებლობაში მოსკოვის ოლქი 4 მილიონი რუბლით დახმარებოდა. ძალიან საგანგაშოა, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ ოფიციალური წყაროებიდან კი არა, სტატიიდან გაიგო. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ ეს ცალკეული ინციდენტები კი არ არის, არამედ მართვის სისტემური დეგრადაცია“, - წერია განცხადებაში. მას ხელს აწერს „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“, „აფსნი“ და „აკზაარა“, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაა“, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ და „თანამედროვე სახელმწიფო“.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა მიიჩქმალოს: „აფხაზურ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ ბლოკავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს, ვის ინტერესებშია ეს? დუმილი და უმოქმედობა ამ ვითარებაში სახელმწიფოს პირდაპირ ურტყამს და საბოლოოდ აქარწყლებს მოქმედი მთავრობისადმი ნდობას“.
ფორუმი