Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეეხება ადამიანთა განუსაზღვრელ წრეს" - როგორ კითხულობენ იურისტები ახალ მუხლს ექსტრემიზმზე? ვიცავთ დემოკრატიას - ამბობს "ოცნება"

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 2025 წელი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 2025 წელი

„ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – ეს იქნება ახალი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც პარლამენტის მიერ, 4 მარტს დამტკიცებული "გრანტების შესახებ" კანონის კვალდაკვალ შევა.

მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც 2024 წლიდან საქართველოში პირველი, არაპირდაპირი გზით, ძირითადად "ქართული ოცნებით" დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტია, მმართველი პარტიის ინიციატივით კანონებში შეტანილ ცვლილებების პაკეტს ხელი 4 მარტსვე მოაწერა.

ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეში“, თუმცა თავად სისხლის სამართლის კოდექსში, ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის, ჯერ 316-ე პრიმა მუხლი დამატებული არ იყო.

რის გამო შეიძლება დაისაჯოს ადამიანი სამ წლამდე პატიმრობით?

ახალ, 316-ე პრიმა მუხლში წერია, რომ ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე დაისჯება:

  • საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება
  • საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა საჯარო და სისტემატური მოქმედება;


დამატებით - თუ ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებსნ მიმართულია ასეთი აღქმის დამკვიდრებისკენ და ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.


ყველა ამ ქმედებას უნდა ჰქონდეს სამი მთავარი შემადგენლობა:

  • უნდა იყოს მასობრივი;
  • უნდა იყოს საჯარო;
  • უნდა იყოს სისტემატური.


როგორ განმარტავს მუხლს "ოცნება"

4 მარტს მიღებული ცვლილებების შესახებ, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა.

2024 წელს არჩეული "ქართული ოცნების" უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმაციას, რომლის თავმჯდომარეცაა პაპუაშვილი, სადავოდ მიიჩნევენ როგორც ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპარლამენტი, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები და რამდენიმე, ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყანა.

ახალი ცვლილებების შესახებ საუბრისას, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" იმ ადამიანების დასჯა სურს, ვინც მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, ან არ აღიარებს.

„საკითხი არის იმაში, რომ არაღიარება კი არ ისჯება, ისჯება, მაგალითად, კანონის მასობრივი დარღვევისკენ მოწოდება. რა ვიცი, არ უნდა ისჯებოდეს? უნდა ისჯებოდეს. სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზება, ანუ კონსტიტუციური ორგანოების დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, ალტერნატიული ხელისუფლებების შექმნა, დარბაზების და პარლამენტების... ანუ, ეს ხომ ყველაფერი ექსტრემიზმია თავისი არსით. ამაზე ხომ ვთანხმდებით", - თქვა პაპუაშვილმა პროსახელისუფლებო ტელევიზიის ეთერში.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

პაპუაშვილი შეეცადა განემარტა ისიც, ვის შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლი:

"ეს არანაირად არ ეხება ვიღაცების ექსტრავაგანტულ ქმედებებს, რომ დაირქვას, რომ მე ვარ მეფე და პრეზიდენტი და ა.შ. ცალკეულ ინდივიდებს, არამედ ეს ეხება, როდესაც მსგავსი ქმედებები არის მასობრივი ხასიათის, მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, კანონების არ შესრულებისკენ მასობრივად, რომელიც მიმართულია, რომ კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმური წარმოჩენა იყოს და ამავე დროს, პლიუს კიდევ ამას დამატებული, ეს უნდა აზიანებდეს საქართველოს ინტერესებს. ასე რომ, ეს არის საკმაოდ ისეთი შინაარსის მუხლი, რომელიც უდავოა, რომ უნდა იყოს დასჯადი და იქნება კიდეც დასჯადი“.

შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მუხლი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, „არანაირად არ კრძალავს ვინმეს კრიტიკას, მათ შორის, ხელისუფლების“.

„ეს კანონი არ ეხება გამოხატვას, ეს არის კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება, მაგალითად, კანონების დაუმორჩილებლობისკენ, ამას უნდა მოჰქონდეს პოტენციური ზიანი და საბოლოო ჯამში, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ სახელმწიფო გააუქმონ“, - უთხრა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის" წამყვანს და იქვე, ნეგატიურ მაგალითად მოიყვანა ონლაინ-მედიასაშუალებების ტექსტებში, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის წარდგენის ფორმა:

„სტატიები იყო, რომ ჩამოსულია სომხეთის პრეზიდენტი, რომელიც შეხვდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს. ჯერ ამის ამკრეფავის... იმას ხომ ქართული საერთოდ არაფერი გააჩნია გულში, იმას ხომ სახელმწიფოს შეგრძნება აქვს ნული, ვინც აკრიფა ეს ტექსტი და იღებს ფულს, ეს ნიშნავს, რომ შენს საკუთარ ქვეყანას, შენს საკუთარ სახელმწიფოს არ აღიარებ. არათუ ხელისუფლებას არ აღიარებ... ეს ხომ კოორდინირებულია, სამი ონლაინ გამოცემა, სამივე დიდი ალბათობით, ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და სამივეს კოორდინირებულად ეწერა მსგავსი ტექსტები“.

პაპუაშვილის განცხადებამდე მსგავსი შინაარსის კარდები ერთდროულად გაავრცელა სამმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ.

რადიო თავისუფლებას სურდა დამატებითი განმარტებების მიღება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან, არჩილ გორდულაძისგან. მისი კომიტეტი იყო კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას წამყვანი კომიტეტი. თუმცა პარლამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მომდევნო რამდენიმე დღე ის თბილისში არ იქნება და ჩვენი მოთხოვნით „ორშაბათს შევეხმიანოთ“.

ამ სტატიაში შევეცადეთ გაგვერკვია, მაინც როგორ კითხულობენ იურისტები სისხლის სამართლის კოდექსში გაჩენილ ახალ მუხლს.

ვკითხეთ ნიკა სიმონიშვილს და ვახტანგ ხმალაძეს.

ნიკა სიმონიშვილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი და აქტივისტია, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების მკვლევარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე.

ვახტანგ ხმალაძე, იურისტი და კონსტიტუციონალისტი, იყო მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და მე-8 მოწვევის პარლამენტში დიდუბის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება". ხმალაძე წლებია მუშაობს საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სფეროში.

რას ნიშნავს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება?

ნიკა სიმონიშვილი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განმარტავს ამ ჩანაწერს და ხსნის, რა შემთხვევაში შეიძლება გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის ახალ მუხლს არღვევს:

„მაგალითად, ადამიანი მასობრივად და სისტემატურად უნდა მოუწოდებდეს ხალხს, რომ გადაკეტონ გზა, არ გადაიხადონ ჯარიმები. აკეთოს საჯარო განცხადებები, წეროს პოსტები ამ მოწოდებებით. საჯაროობა გულისხმობს, მათ შორის, სოციალურ ქსელსაც, მედიას, აქციაზე განცხადებების გაკეთებას და ა.შ. ამ მუხლის თანახმად, ეს შეიძლება ჩაითვალოს აკრძალულ ქმედებად“.

თუმცა ამბობს, რომ ამავე შინაარსის პირისპირ საუბრები ვერ ჩაითვლება კანონდარღვევად:

„სულ რომ 100 000 კაცს ველაპარაკო ცალ-ცალკე და მოვუწოდო მაგალითად, დაარღვიონ კანონი, ეს ვერ იქნება საჯარო მოწოდება და ვერ ჩაითვლება აკრძალულ ქმედებად“.

და მაინც, რას ნიშნავს ამ მუხლში არსებული კიდევ ერთი მთავარი სიტყვა „სისტემატური“? რამდენი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს სისტემატურად?

ეს კითხვა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესაც აწუხებს და რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„რამდენია სისტემატური? ორი? სამი? ხუთი? ასი? ეს არის შეფასებითი ტერმინი. მე, რომელსაც მინდა, რომ გამოვიყენო ეს ნორმა, როგორც მინდა, ისე ვიზამ. და რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც უნდა რაღაცის თქმა და ვერ გაუგია, როდის დასჯიან, ორჯერ რომ იტყვის თუ ათჯერ?“

რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება?

ნიკა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ ეს ჩანაწერი უფრო ფართო შინაარსისაა, ვიდრე კანონმდებლობის დარღვევისკენ მოწოდება და გულისხმობს, როგორც კანონმდებლობის, ისე ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის, მაგალითად, პარლამენტის რაიმე გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებას. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია, რომ ეს მოწოდება უნდა იყოს საჯარო, მასობრივი და სისტემატური.

და რას ნიშნავს ჩანაწერი, რომელიც კანონში ერთი გრძელი წინადადებაა:

საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა საჯარო და სისტემატური მოქმედება, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან მიმართულია ასეთი აღქმის დამკვიდრებისკენ და ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

ნიკა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ ეს არის ამ მუხლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ჩანაწერი. უფრო კონკრეტულად კი, აი, ეს ფრაზა:

„...სხვა საჯარო და სისტემატური მოქმედება, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს..."

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი
ნიკა სიმონიშვილი, იურისტი

„რას ნიშნავს ეს „სხვა საჯარო სისტემატური მოქმედება?“. ეს არის ძალიან ფართო შინაარსის ჩანაწერი. ნებისმიერი ქმედება შეუძლიათ მოაქციონ ამ ფრაზის ქვეშ. იგულისხმება, რასაც გვინდა, იმას მოვაქცევთ ამ ნორმის ქვეშ. „სხვა საჯარო მოქმედება“ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. თუკი, მაგალითად, ადამიანი სისტემატურად იყენებს ფრაზას, „არალეგიტიმური მთავრობა“, ისიც კი მოაქციონ ამ ნორმაში. ამ ფრაზით ადამიანმა შეიძლება ვერავინ დააზიანოს, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ ის ამკვიდრებს არალეგიტიმურობის აღქმას. ანუ, თუკი „ქართული ოცნება“ ჩათვლის, რომ მე მიზანი მაქვს არალეგიტიმურობის დამკვიდრების, და ჰიპოთეზურად მაინც იქმნება ამის საფრთხე, შეუძლიათ ამ კანონის მიხედვით დაიწყონ დავა“.

დაისჯება, თუ ჟურნალისტი ხელისუფლების წარმომადგენელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელს უწოდებს?

შალვა პაპუაშვილის მიერ მოყვანილ მაგალითზე, დამოუკიდებელი ონლაინმედიის ტექსტებში ხელისუფლების პირების წარდგენის ფორმების შესახებ, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ კანონი ზოგადი შინაარსის ფორმას ატარებს და მისი ერთ-ერთი მიზანი „ფსიქოლოგიური ტერორია“:

„პაპუაშვილმა რა მაგალითიც მოიყვანა, ეს კანონმდებლობიდან პირდაპირ არ იკითხება, მაგრამ სტრატეგია ასეთია, კანონში წერია ერთი, ამბობენ მეორეს, რათა დაითესოს შიში, ენას დავაჭიროთ კბილი, არ გამოვიყენოთ ის ტერმინი, რომელსაც ვიყენებდით. ის, რომ, მაგალითად, რომელიმე მედიასაშუალება წერს, რომ ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვინმეს ეუბნება, რომ მას არ უნდა დაემორჩილოთ. ეს არ ნიშნავს მოწოდებას. ნორმის შემადგენლობა მოითხოვს, რომ იყოს მოწოდება, საჯაროდ, სისტემატურად“.

თუმცა იურისტი ამბობს, რომ ეს ნორმა, „ქართულ ოცნებას“ მისცემს საშუალებას, მინიმუმ დაიწყოს გამოძიება - პოლიტიკურად მოტივირებული საქმე:

„ჩვენ გვახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაწყებული საბოტაჟის საქმე და მიზეზი იყო პირბადეების და აირწინაღების ყიდვა, დაადეს ყადაღა, ორგანიზაციების მუშაობა შეაფერხეს. ანუ, ამ ჩანაწერით ქმნი სამართლებრივ საფუძველს, რომ დასაბამი მისცე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს, იმისათვის, რომ გარკვეული ადამიანები ტყვეობაში აღმოაჩინო, მათ ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი შესაძლოა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ. ანუ, გააჩინეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც შეიძლება ვერ დასაჯო ვერავინ, მაგრამ, ფაქტობრივად, სასჯელის ტოლფასი გამოძიება აწარმოო ამ ადამიანების მიმართ“.

„ეს ნორმა არ არის კონსტიტუციური. ის არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ სისხლის სამართლის 316-ე პრიმა მუხლი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულ მცირე, სამ მუხლს.

მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას, პოლიტიკური პარტიების საქმიანობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი
ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი

„ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ის, თუ რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო, განმარტებულია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, წერია კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელოებში, ამას ასწავლიან სტუდენტებს - ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონის ნორმა უნდა იყოს განჭვრეტადი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ წაიკითხავს კანონს, მოსამართლე, პოლიციელი, პარლამენტის წევრი, იურისტი თუ რიგითი მოქალაქე, ეს ნორმა ყველამ უნდა გაიგოს ერთნაირად“.

თუმცა, ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ კოდექსში დამატებული ახალი მუხლი ამის საშუალებას არ იძლევა და ტოვებს ფართო ინტერპრეტაციის ასპარეზს:

„იქ არის ზოგადი, შეფასებითი, ტერმინები. თუკი კანონი არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობას, ის კანონი არ არის კონსტიტუციური. ის არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ეს კანონი იმდაგვარადაა დაწერილი, რომ იძლევა საშუალებას, შეეხოს, ფაქტობრივად, ადამიანთა განუსაზღვრელ წრეს. ამ კანონის ფართო ინტერპრეტირებაა შესაძლებელი“.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, აბსოლუტურად შეუსაბამოა, „დანაშაულისა და სასჯელის პროპორციულობაც“:

„მე ვთქვი რამდენჯერმე, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ამისთვის მე სამი წლით უნდა დამაპატიმრონ. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას“.

საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და იმ დროს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია.

2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან (მასობრივი პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებამ, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დამდგარიყო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი) მოყოლებული, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად იმართება.

2024 წლის დეკემბერში, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „თან მიაქვს“ ლეგიტიმაცია, თუმცა 2025 წელს თქვა: „არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი“.

ევროპის პარლამენტმა 2024 წლის შემდეგ რამდენიმე რეზოლუციით საქართველოს პარლამენტს უწოდა „არალეგიტიმური პარლამენტი“ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

„ქართული ოცნება“ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა აქტიური ფაზა 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის დასაწყისში ძალის გამოყენებით ჩაახშო, უწოდებს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს“, - პროცესს, რომელსაც მართავს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო ლიდერებზე, მათ შორის ევროკავშირზე.

„უკიდურესად სამწუხარო“ - ასე უპასუხა „ევროსკოპის“ მიერ დასმულ კითხვას „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ, 4 მარტს მიღებული კანონის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა:

„ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა, და აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის“, - უთხრა მან 5 მარტს "ევროსკოპის" ჟურნალისტს.

შალვა პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ ახალი ცვლილებები „კრძალავს ქაოსს“ და "იცავს დემოკრატიას".

ფორუმი

XS
SM
MD
LG