Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში რუსეთის „ელჩის“ ნაჩუქარი როიალი ბულვარისთვის ენანებათ

ვიაჩესლავ გლადკოვი და სოხუმისთვის ნაჩუქარი როიალი - ფოტოკოლაჟი
ვიაჩესლავ გლადკოვი და სოხუმისთვის ნაჩუქარი როიალი - ფოტოკოლაჟი

სოხუმში, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან, ძვირადღირებული თეთრი როიალი დადგეს, რამაც სოციალურ ქსელებში დისკუსია გამოიწვია.

გერმანული კომპანია August Förster-ის წარმოების ინსტრუმენტი ქალაქს რუსეთის „ელჩმა“, ბელგოროდის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გადასცა.

ქალაქის დე ფაქტო მერიაში განაცხადეს, რომ ინსტრუმენტი ბულვარში მჩუქებლის სურვილით განთავსდა, რათა მასზე დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს, ასაკისა და მუსიკალური განათლების მიუხედავად. მათივე თქმით, როიალის სხვა ადგილზე გადატანა არ იგეგმება და ის ახალი საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი გახდება.

მათივე განმარტებით, ღია ცის ქვეშ საკრავების დადგმა მიღებული პრაქტიკაა, ინსტრუმენტისთვის სპეციალურ დამცავ შალითას შეკერავენ, გვერდით კი ვიდეოკამერებს დააყენებენ. თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ კლიმატური პირობები დროთა განმავლობაში საკრავის მდგომარეობაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს.

აფხაზურ ტელეგრამ-არხებში დაიწერა, რომ ეს ძვირადღირებული საკონცერტო როიალია, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ რუბლს (60 ათასი დოლარი) ან მეტს შეადგენს.

„ასეთი ინსტრუმენტები თავსდება შენობებში, სადაც კლიმატკონტროლია და ტემპერატურა რეგულირდება, რადგან ის ძალიან მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი ადგილი ღია ცის ქვეშ, ზღვასთან ახლოს არ არის. ღამით რომ იწვიმოს, ინსტრუმენტი უბრალოდ განადგურდება“, - წერს გამოცემა Эхо Абхазии.

საკითხს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, ფორტეპიანოს ამწყობმა აღნიშნა, რომ ტემპერატურის ცვალებადობა, ზღვის ჰაერი, წვიმა და სიცხე როიალს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს: სიმები დაჟანგდება, ხის დეტალები გაფართოვდება და გაიჭედება, საღებავი გახუნდება.

ბევრი დაიწერა ვანდალიზმის საფრთხეზეც. განხილვაში, სოხუმელების გარდა, ჩაერთნენ სხვა ქალაქების მცხოვრებლებიც:

„მიეცით ეს როიალი გუდაუთელებს! ეს ძვირფასი საჩუქარია, მაგრამ გარეთ გაფუჭდება. ჩვენს კულტურის სახლში კი როიალი საერთოდ არ გვაქვს. ათ წელზე მეტია, რაც ძველი გერმანული ინსტრუმენტი გაქრა და ახალი არავის მოუტანია“.

კრიტიკას გამოეხმაურა ტელეგრამ-არხ RESPUBLICA-ს ავტორი:

„ჩვენ მათხოვრები არ ვართ. თუ ფილარმონიას როიალი სჭირდება, სახელმწიფომ უნდა იყიდოს. კულტურის დაწესებულებების მომარაგებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და არ ელოდოს მორიგ საჩუქარს“.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ როიალს დიდი ცელოფანი გადააფარეს, რასაც მომხმარებლებმა ირონიულად „ლეღვის ფოთოლი“ (Фиговый листок) უწოდეს და დაამატეს, რომ დილის ნამი, ნისლი, ცხოველები და ნესტი „თავის საქმეს“ მაინც სწრაფად გააკეთებს.

პროსახელისუფლებო მედია კი ავრცელებს ვიდეოებს, რომლებზეც ასახულია, რომ გამვლელები როიალზე უკრავენ. ტელეგრამ-არხმა Говорит Абхазия ფლეშმობიც კი წამოიწყო და მოქალაქეებს მოუწოდა, დაკვრის ვიდეოები გაუზიარონ.

  • სოხუმის სანაპიროს ნაწილი რუსული დაფინანსებით განახლდა. თანხები ბაშკირეთის, თათრეთისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ბიუჯეტებიდან გამოიყო.
  • ვიაჩესლავ გლადკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩად“ ივნისის ბოლოს დაინიშნა. ის ბელგოროდის ოლქს 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ხელმძღვანელობდა და ამავე წლიდან დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG