Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როკ ჰადსონი - დამშვიდობება ტყუილთან


გოგი გვახარიას "რას ვუყუროთ" - „მშვიდობით იარაღო!“ (1957, აშშ, რეჟისორი ჩარლზ ვიდორი)
გოგი გვახარიას "რას ვუყუროთ" - „მშვიდობით იარაღო!“ (1957, აშშ, რეჟისორი ჩარლზ ვიდორი)

„მშვიდობით იარაღო!“ (1957, აშშ, რეჟისორი ჩარლზ ვიდორი)

17 ნოემბერს ჰოლივუდმა ამერიკული კინოს „კლასიკური ვარსკვლავის“, როკ ჰადსონის დაბადების 100 წლის იუბილე აღნიშნა. მართალი გითხრათ, მიკვირს, ამ მოვლენას “ნეტფლიქსმა” მორიგი ბაიოპიკის პრემიერა რომ არ დაამთხვია; ჰადსონის იუბილე ხომ მხოლოდ კინოს ისტორიის თარიღი არ არის, ესაა გახსენება მსახიობისა, რომელიც, მართალია, შიდსით გარდაიცვალა, მაგრამ როგორც პიროვნება, მოკვდა ბევრად უფრო ადრე - ჰადსონი სწორედ იმ ჰოლივუდმა მოკლა, რომელიც დღეს მის იუბილეს აღნიშნავს.

როკ ჰადსონის საიუბილეოდ შეგვეძლო გვერჩია უფრო კარგი ფილმი მისი მონაწილეობით - პირველ რიგში, დუგლას სირკის მელოდრამა „ყველაფერი, რასაც ზეცა იძლევა“(1955) ანდა დელბერტ მანის „დაბრუნდი, ჩემო სიყვარულო“ (1961). ჩარლზ ვიდორის ფილმს, რომელიც, როგორც ალბათ მიხვდით, ერნესტ ჰემინგუეის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაციაა, წარმატებულად არ მიიჩნევენ, ძალიან ცუდი პრესა ჰქონდა და ცარიელ დარბაზებში უჩვენებდნენ. მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ „მშვიდობით იარაღო!“ უნდა მივიჩნიოთ ჰადსონის ბიოგრაფიის თავისებურ ანარეკლად - კაცი, რომელიც ომიდან გარბის სიყვარულისთვის, სინამდვილეში თავის შიშებს გაურბის.

პატრისია უაითი, რომელმაც ძალიან კარგი წიგნი დაწერა „ქვიარ ვარსკვლავების“ მოღვაწეობის შესახებ ჰოლივუდში, აღნიშნავს, რომ როკ ჰადსონის ცხოვრებაში და მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებში ჰეტეროსექსუალური რომანი ყოველთვის თავშესაფარია, საკუთარი იდენტობის შენიღბვაა. ბოლო დროს ამერიკელებმა არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს გეი და ლესბოსელ კინოვარსკვლავებზე, რომლებიც თავიანთ იდენტობას მალავდნენ, როგორც წესი, იმის გამო, რომ ქამინგაუთს შეეძლო მათი კარიერა გაენადგურებინა - ზოგიერთი მაყურებელი აღარ დაუჯერებდა გეი მსახიობს ჰეტეროსექსუალის როლში. მაგრამ როკ ჰადსონის მაგალითი მაინც უნიკალურია და ცოტათი ჰგავს ფრანგი მსახიობის, ჟან მარეს ბიოგრაფიას. ორივეს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, მექალთანეების სათამაშოდ იწვევდნენ, თუმცა, თუკი ფრანგული საზოგადოება ნაკლებად შეაწუხა ჟან მარესა და ჟან კოქტოს რომანმა, ამერიკელი მაყურებელი ჰადსონის ორიენტაციას ასე ადვილად ვერ შეეგუებოდა. ქალებთან მოარშიყე როკ ჰადსონი კარგად იყიდებოდა, ძვირფას იმიჯს (პირდაპირი მნიშვნელობით) კი გაფრთხილება სჭირდებოდა.

„მშვიდობით, იარაღო!“ ამერიკელი პროდიუსერის, „ოსკარის“ ორგზის ლაურეატის, დევიდ სელზნიკის ბოლო ფილმია. ალკოჰოლზე მიჯაჭვულობამ მნიშვნელოვნად დააზიანა „ქარწაღებულების“, „რებეკას“, „კინგ კონგის“ პროდიუსერის ფსიქიკური ჯანმრთელობა. თუმცა სელზნიკის დეპრესიის მიზეზი მისი საყვარელი წიგნის წარუმატებელი ეკრანიზაციაც გახდა. „მშვიდობით, იარაღო!“, შეიძლება ითქვას, დაითარსა კინოში. 1932 წელს რომანის პირველ კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციას ერნესტ ჰემინგუეის დაცინვა მოჰყვა, ჩარლზ ვიდორის სურათს კი - ლამის მთელი ამერიკული კრიტიკისა. ოხუნჯობდნენ კეტრინ ბარკლის როლის შემსრულებელზე, სელზნიკის ცოლზე - ჯენიფერ ჯონსი არც თამაშის სტილით, არც ასაკით არ უხდებოდა ჰემინგუეის პერსონაჟს. მაგრამ განსაკუთრებით მოხვდა როკ ჰადსონს, მის მელოდრამატულ პათეტიკას, რომელიც მოუხდა დუგლას სირკის სტილს, მაგრამ ვერ შეეწყო ჰემინგუეის ენას... ამის გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა იმხანად ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჰადსონის კემპური მანერულობა სინამდვილეში იმ უხერხულობის გამოხატულებაა, რომელიც მსახიობს ჰოლივუდმა შეუქმნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროდიუსერებმა ჰადსონის პირადი ცხოვრების დეტალები კარგად იცოდნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ინფორმაციას პრესაში არ გაეჟონა. თუმცა, როგორც პატრიცია უაითი წერს, არც პუბლიკა არ იყო ისეთი სულელი, ჰადსონის მექალთანეობაში რაღაც ყალბი რომ არ დაენახა... „უბრალოდ ყველას აწყობდა ეს ტყუილი. აწყობდა და სიამოვნებდა“, - წერს ამერიკელი მკვლევარი.

შეიძლება დღეს ჰადსონის პერსონაჟი ფილმში „მშვიდობით, იარაღო!“, ამერიკელი ოფიცერი იტალიურ ფრონტზე, თავისი „მამაკაცურობის ნიღბით“ (the mask of masculinity“) სულაც არაა საინტერესო, მაგრამ ნამდვილად საინტერესო მგონია თავად ჰადსონის ტრაგიკული პერსონა, რომელიც აქ ყველანაირად ცდილობს, დამალოს თავისი თავი. თამაშობს რა კაცს, რომელიც ომიდან გარბის სიყვარულის გამო, ჰადსონი გვევლინება ადამიანად, რომელიც მთელი ცხოვრება გაურბოდა საკუთარ თავს კარიერის გამო.

ჰეტეროსექსუალური იმიჯი (პატრიცია უაითის სიტყვებით, „დეკორატიული აბჯარი“) ჰადსონს აიძულებს, დათანხმდეს ფიქტიურ ქორწინებაზე და არაერთი ყალბი ინტერვიუ ჩაწეროს. ჩვენ კი, როცა ყველაფერი ვიცით მსახიობის შესახებ, შეგვიძლია ვუყუროთ „მშვიდობით, იარაღოს!“, როგორც „ნიღბის ფილმს“ ლეიტენანტ ფრედერიკ ჰენრიზე, რომლის ერთადერთი მიზანი საყვარელი ქალი და გაქცევაა. მაგრამ ახლა უკვე იმასაც შევამჩნევთ, რომ კამერის წინ იმალება რაღაც სხვა - ჯენიფერ ჯონსისკენ მიმართული მისი მზერა უფრო შიშს და მელანქოლიას გამოხატავს, ვიდრე ვნებას და სურვილს.

1983 წელს ჰადსონს, რომელიც ისრაელში რობერტ მიტჩუმთან ერთად „ელჩის“ გადაღებაზე იმყოფებოდა, კაპოშის სარკომის დიაგნოზი დაუდგინდა. შიდსის ვირუსი ახალაღმოჩენილი იყო, თუმცა ყველამ იცოდა უკვე, რომ ავთვისებიანი სიმსივნის ეს ფორმა იმ დროისთვის სასიკვდილო დაავადებას ახასიათებდა. 2 წელს მალავდა ჰადსონი თავის დიაგნოზს. მკურნალობის კურსს მალულად საფრანგეთში გადიოდა, რადგანაც სამშობლოში შიდსს ჯერ კიდევ „ჰომოსექსუალების დაავადებად“ მიიჩნევდნენ. გამოდის, რომ 59 წლის კაცს, რომელიც ძალღონემილეულ მოხუცს დაემსგავსა, ახლა ერთდროულად უკვე ორი ტყუილის თქმა უწევდა - ჯანმრთელობაზე და ორიენტაციაზე. 1985 წლის სექტემბერში ბოლოს მაინც გადადგა ეს ნაბიჯი - ჰადსონი ამერიკული კინოს პირველი ვარსკვლავი გახდა, რომელმაც თავისი ჰომოსექსუალობა სახალხოდ აღიარა. დღეს, როკ ჰადსონის 100 წლისთავის აღნიშვნისას, მსახიობის ბიოგრაფები ამბობენ, რომ სიკვდილისწინა ქამინგაუთით ჰადსონი არა მარტო საკუთარ თავს „შეურიგდა“, მან უფრო მეტი გააკეთა - ჰოლივუდს ცენზურის ნიღაბი ჩამოხსნა და ამერიკაში საჯარო დისკუსიისთვის გახსნა შიდსის თემა.

ფილმის ორიგინალური ვერსია სუბტიტრებით შეგიძლიათ იხილოთ აქ:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG