რუსეთმა ურალში ააშენა ახალი გასაიდუმლოებული სამეთაურო ბუნკერი, რომელიც შედის რუსეთის საპასუხო ბირთვული დარტყმის სისტემა „პერიმეტრში“ - დასავლეთში ცნობილია სახელწოდებით „მკვდარი ხელი“, - ნათქვამია The Sunday Times-ის, Danwatch-ისა და ცენტრ „დოსიეს“ ერთობლივ გამოძიებაში, რომლის ავტორებმა დაახლოებით 2,5 მილიონი დოკუმენტისადა ღია წყარო გაანალიზებით სვერდლოვსკის ოლქში აღმოაჩინეს უზარმაზარი სამხედრო კომპლექსი, რომელიც კოსვინსკი კამენის მთის შიგნით მდებარეობს.
ობიექტს კოდური სახელწოდებაა „გროტი“ (№1335). გამომძიებელი ჟურნალისტების გათვლებით, ახალი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა ასობით მილიონი გირვანქა სტერლინგის დაჯდა.
დოკუმენტების თანახმად, იქ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 2018 წლიდან მიმდინარეობდა: ობიექტისთვის ყიდულობდნენ მიწის სამუშაოებისა და ბურღვის მძიმე ტექნიკას, სამთო ვენტილაციის სისტემებს, ჰაერის ფილტრაციის სისტემებს ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაქტიური დაბინძურებისგან დასაცავად, სეისმომედეგ კონდიცირების სისტემებს, ფოლადს, მილებს, კაბელებსა და ბეტონს.
ობიექტისთვის შეძენილ აღჭურვილობას შორის აღმოჩნდა დასავლური კომპანიების პროდუქციაც, მათ შორის, დანიური მწარმოებლის Rockwool-ისა და შვეიცარიული Belimo-ს ნაწარმს. ამასთან მიწოდებების ნაწილი 2014 და 2022 წლებში სანქციების დაწესების შემდეგ განხორციელდა.
გამომძიებელი ჟურნალისტები ობიექტს უკავშირებენ საბჭოთა სისტემა „პერიმეტრს“, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირს შეენარჩუნებინა საპასუხო ბირთვული დარტყმის შესახებ ბრძანების გადაცემის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მართვის არხები განადგურდებოდა. ობიექტის დანიშნულების დამატებით მტკიცებულებად ჟურნალისტები რუსი სამხედროების პუბლიკაციებს მიიჩნევენ. კერძოდ, 2022 წელს გენერალ-მაიორმა ვიქტორ ხალინმა, რომელიც 1970-იან წლებში „პერიმეტრის“ შემუშავებაში მონაწილეობდა და 2005-2010 წლებში მის მოდერნიზაციას ხელმძღვანელობდა, დაწერა, რომ სისტემის განახლებული მართვის რგოლი სწორედ 1335-ე ობიექტზე განათავსეს. პოლკოვნიკი იური ანდრეევი კი 2025 წლის პუბლიკაციაში ამტკიცებდა, რომ მრავალწლიანი საცდელი ექსპლუატაციის შემდეგ ობიექტი 2023 წელს საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს.
ბირთვული იარაღის საკითხებში გაეროს ექსპერტი პაველ პოდვიგი აღნიშნავს, რომ მომხდარი სენსაცია არ არის. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ბირთვული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის ერთ კონკრეტულ ელემენტზე. პოდვიგის განმარტებით, ბუნკერი უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის არ არის განკუთვნილი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ 1335-ე ობიექტის მშენებლობის გამო „პერიმეტრის“ სისტემის აღორძინებაზე საუბარი არასწორია, რადგან ეს სისტემა არავის გაუუქმებია.
თავად „პერიმეტრი“, მისი თქმით, უპირველესად წარმოადგენს კავშირის სარეზერვო სისტემას, რომელიც ჩვეულებრივი საკომუნიკაციო არხების განადგურების შემთხვევაში საპასუხო გაშვების შესახებ ბრძანების გადაცემისთვის არის განკუთვნილი. „მკვდარ ხელთან“ დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, პოდვიგი არ მიიჩნევს, რომ სისტემა „ავტომატურად“ იმოქმედებს და ბირთვულ რაკეტებს ბრძანების გარეშე გაუშვებს.
სად?
კიტლიმი - პატარა დასახლებაა სვერდლოვსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში, კოსვინსკი კამენის მთის ძირში. ადგილობრივი მცხოვრებლები ძველ ხის სახლებში ცხოვრობენ, ხოლო სამედიცინო დახმარების მისაღებად ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ.
მის მეზობლად სრულიად სხვა კიტლიმია - სამხედრო დასახლება განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ვერტმფრენების დასაფრენი მოედნებით. იქიდან გზა მიდის კოსვინსკი კამენის მთისკენ, რომლის სიღრმეში რამდენიმე შესასვლელი ჩადის. სიღრმეში კი მდებარეობს 1335-ე ობიექტი, „გროტი“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა თავისი რადიოცენტრებით, კავშირგაბმულობის სისტემებითა და სტრატეგიული ბირთვული ძალების მართვის აპარატურით. დიდი ხნის განმავლობაში „გროტის“ ადგილმდებარეობა საიდუმლოდ რჩებოდა და მას ზოგჯერ იამანტაუს კომპლექსშიც ურევდნენ.
ობიექტი კავშირშია „პერიმეტრთან“ - სსრკ-ში შექმნილ ბირთვული ძალების მართვის სარეზერვო სისტემასთან, რომელიც დასავლეთში Dead Hand-ის („მკვდარი ხელის“) სახელით არის ცნობილი. მისი ამოცანაა უზრუნველყოს საპასუხო ბირთვული დარტყმა ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ძირითადი სამეთაურო პუნქტების განადგურების შემდეგაც კი.
ქობინების ნაცვლად კავშირგაბმულობის სისტემა
„პერიმეტრი“ უპირველესად წარმოადგენს ბრძანებების გადაცემის სისტემას, რომელიც ჩვეულებრივი მართვის არხების განადგურების შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს. გაეროს ექსპერტი პაველ პოდვიგი აღნიშნავს, რომ ეს მართვის საბრძოლო სისტემის დუბლირებული ელემენტია.
მისი შემუშავება 1970-იან წლებში დაიწყო გარანტირებული ორმხრივი განადგურების კონცეფციის (MAD) ფარგლებში. ქვეყნის ხელმძღვანელობისა და შტაბების განადგურების შემთხვევაშიც კი „პერიმეტრი“ იყენებდა სამეთაურო რაკეტებს საპასუხო დარტყმის უზრუნველსაყოფად. ქობინების ნაცვლად, ამ სისტემაში კავშირგაბმულობის აპარატურაა განთავსებული: ქვეყნის თავზე გადაფრენისას რაკეტა გადარჩენილ გამშვებ დანადგარებს უგზავნის კოდირებულ ბრძანებას.
პირველი კომპლექსები შეიქმნა МР УР-100 УТТХ -ის, „პიონერის“ („გორნ“) და „ტოპოლის“ („სირენა“) რაკეტების ბაზაზე. 2025 წლისთვის იგეგმებოდა ახალი თაობის - „სირენა-М“-ის ექსპლუატაციაში მიღება „იარსის“ ბაზაზე. წინა მობილური კომპლექსები კიროვის ოლქში, სოფელ იურიასთან ახლოს იყო განთავსებული. 2025 წლის სატელიტურ ფოტოებზე შენიშნეს ახალი ობიექტები, რომლებიც კამუფლაჟის ბადეებით იყო დაფარული.
სისტემის მთავარ პრინციპად მრავალჯერადი დუბლირება რჩებოდა, საიმედოობის უმნიშვნელოვანესი რგოლი კი მორიგე ეკიპაჟი იყო: წინასწარი ბრძანების მიღების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას გაშვების შესახებ სწორედ ბუნკერში მყოფი ოფიცრები იღებდნენ.
განკითხვის დღის მანქანა
ფართო საზოგადოებამ „პერიმეტრის“ შესახებ 1993 წელს შეიტყო ექსპერტ ბრიუს ბლერის სტატიის - „რუსეთის განკითხვის დღის მანქანის“ მეშვეობით. სტატიაში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ყოფილი პოლკოვნიკი ვალერი იარინიჩი და პროფესორი ჯეფრი ლუისი აღნიშნავდნენ, რომ დასავლეთში დიდი ხნის განმავლობაში არ სჯეროდათ „მკვდარი ხელის“ არსებობის. თუმცა იარინიჩი ხაზს უსვამდა: ავტომატიზებული იყო ბრძანების გადაცემა და არა თავად გადაწყვეტილების მიღება. მართვის რგოლში ადამიანის მონაწილეობა აუცილებელი იყო ცრუ განგაშის, ტექნიკური გაუმართაობის ან კავშირის შეცდომების გამო შემთხვევითი გაშვების თავიდან ასაცილებლად (ასეთი ცრუ ბრძანების შემთხვევა 1970-იან წლებში მოხდა).
საბჭოთა პერიოდში განიხილავდნენ სისტემიდან ადამიანის სრულად გამორიცხვის იდეასაც (მათ შორის ოლეგ ბელიაკოვის 1985 წლის მოხსენებას), თუმცა საბოლოოდ ეს ინიციატივა არ განხორციელებულა. პოდვიგის თქმით, საბჭოთა „პერიმეტრი“ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას ყოველთვის ადამიანს უტოვებდა.
რას წარმოადგენს „გროტი“
მოდერნიზაციის შესახებ ცნობები აღმოჩნდა ვიქტორ ხალინის პუბლიკაციებში, რომელთა მიხედვითაც, 2005 წელს ხელი მოეწერა საიდუმლო განკარგულებას, რომლის საფუძველზეც 1335-ე ობიექტზე „პერიმეტრის“ ახალი მართვის რგოლი უნდა შექმნილიყო. 2010 წლისთვის კომპლექსმა გამოცდები გაიარა და ის კოსვინსკი კამენზე გადაიტანეს.
თავად მთა, რომლის სიმაღლე 1,5 კილომეტრია, მტკიცე მაგმური ქანებისგან შედგება. 1981 წელს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ქანებს რადიოტალღების გასატარებლად უნიკალური რადიოგამჭვირვალობა აქვთ. „გროტის“ მშენებლობა 1982 წელს დაიწყო: მთის შიგნით იქმნებოდა მიწისქვეშა გვირაბები, გრძელი და მოკლე ტალღების რადიოცენტრები. კავშირის სისტემებს 5000 კმ მანძილზე ცდიდნენ.
2000 წელს 1335-ე ობიექტის გავლით წარმატებით გადაიცა ბრძანება პლესეცკიდან „ტოპოლ-М“ რაკეტის გაშვების შესახებ. 2004 წელს „გროტი“ გენერალური შტაბის სარეზერვო პუნქტად დაამტკიცეს, ხოლო კიტიმში დაიწყო ახალი სამხედრო დასახლების მასშტაბური მშენებლობა.
სამი ეიფელის კოშკი მიწის ქვეშ
სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტები წარმოდგენას ქმნის მიწისქვეშა მშენებლობის მასშტაბზე: 1335-ე ობიექტისთვის შეძენილია დაახლოებით 22 ათასი ტონა ფოლადი, რაც სამი ეიფელის კოშკის კარკასის მასაა; 56 ათასი ტონა ცემენტი და 13 ათასი ტონა ქვიშა. ამ რაოდენობის ცემენტისგან დაახლოებით 150 000 კუბური მეტრი ბეტონის დამზადებაა შესაძლებელი.
დოკუმენტაციაში ნახსენებია სულ მცირე 24 მიწისქვეშა სათავსი; გაყვანილია შეკუმშული ჰაერის მიწოდების სისტემები და დამონტაჟებულია მძლავრი, 5-მეგავატიანი სამაცივრე მოწყობილობები (ტექნიკის მიერ გამოყოფილი სითბოს გასატანად). გასასვლელებს შორის მანძილი 2,5 კილომეტრს შეადგენს. ყოფილმა წვევამდელებმა, რომლებიც აქ მსახურობდნენ, მთის შიგნით არსებული ნაგებობების მასშტაბი მეტროს შეადარეს.
ობიექტზე გამოიყენებოდა უცხოელი მწარმოებლების პროდუქცია: Rockwool, Danfoss, K-Flex, Haulotte, Belimo და სხვები. შესყიდვების ნაწილი 2014 წლის შემდეგაც განხორციელდა.
იურისტი ალექს პრეზანტი განმარტავს, რომ იმპორტირებული აღჭურვილობის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს სანქციების პირდაპირ დარღვევას, რადგან მიწოდება შესაძლოა ადგილობრივი დისტრიბუტორების ან შვილობილი კომპანიების გავლით ხორციელდებოდა. თუმცა ევროკავშირისა და აშშ-ის მარეგულირებელმა ნორმებმა დროთა განმავლობაში ორმაგი დანიშნულებისა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაამკაცრა.
ბოლო დამცავი მექანიზმი
ვიქტორ ხალინის მიხედვით, მოდერნიზებული სისტემა იძლევა დარტყმის განხორციელების როგორც ავტომატიზებულ, ისე სრულად ავტომატურ რეჟიმში.
განსხვავება პრინციპულია: ავტომატიზებულ რეჟიმში ადამიანი-ოპერატორი, ვითარების გაანალიზების შემდეგ, იღებს და ადასტურებს გადაწყვეტილებას. ავტომატურ რეჟიმში კი, უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ წინასწარი გააქტიურების შემდეგ, სისტემა დამოუკიდებლად ასრულებს ალგორითმს. ადამიანი აღარ ასრულებს შეცდომისგან დამცავი ბოლო მექანიზმის როლს.
2024 წელს რუსეთმა ბირთვული დოქტრინა განაახლა და ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლი დაწია. ახლა საპასუხო დარტყმის საფუძველი შეიძლება გახდეს ჩვეულებრივი აგრესიის შემთხვევაში სუვერენიტეტისთვის შექმნილი კრიტიკული საფრთხე ან არაბირთვული სახელმწიფოს თავდასხმა ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით.
„პერიმეტრი“ ბირთვული შეკავების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად რჩება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი სისტემების შექმნით რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს დაიცვას თავი ჰიპოთეზური „გამანადგურებელი დარტყმისგან“ და უზრუნველყოს გარანტირებული საპასუხო დარტყმა უმაღლესი სარდლობის განადგურების შემთხვევაშიც.
ფორუმი