ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) იუწყება.
საიას ცნობით, კომისარმა წერილობითი მოსაზრება წარუდგინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განიხილება „ქართული FARA-ს" საქმე, რომელიც ორგანიზაციის მიერაა ინიციირებული. კომისარი საქმეში მესამე მხარის სტატუსით მონაწილეობს.
მისი შეფასებით, კანონის დებულებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს. კომისარი ასევე მიუთითებს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპზე.
კომისრის შეფასებით:
- კანონი შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს და ზედმეტად ფართოდ განმარტავს „პოლიტიკურ საქმიანობას“, რაც ართულებს იმის გაგებას, თუ ვისზე ვრცელდება ის;
- კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს, რომელიც თავისი სიმკაცრით რუსულ „უცხოეთის აგენტების“ კანონებს უთანაბრდება;
- წესების განზრახ დარღვევისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის 5 წლამდე პატიმრობა;
- ტერმინ „აგენტის“ გამოყენებას საზოგადოებრივ აღქმაში ნეგატიური მნიშვნელობა აქვს და კანონი სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას იწვევს.
კომისარი ასევე მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“ მოხსენიებაზე.
მისი შეფასებით, კანონი მიზანმიმართულად ეხება კონკრეტულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. კომისარი მათ მიმართ ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
კომისარი ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ შესაძლოა კანონის მიღება იმ ფართო შეზღუდვების ნაწილად მიიჩნიოს, რომელთა მიზანიც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დაშინება და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაა.
სხვა საკანონმდებლო ცვლილებები
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი „ქართულ FARA-ს" იზოლირებულად არ განიხილავს და მას ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად აფასებს.
ის ყურადღებას ამახვილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც FARA-ს მიღებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე ამოქმედდა. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ორივე კანონი ერთდროულად მოქმედებს.
წერილობით მოსაზრებაში საუბარია სხვა ცვლილებებზეც, მათ შორის:
- „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, უცხოელ დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის თანხმობა სჭირდებათ, უნებართვო გრანტის მიღებისთვის კი სანქციებია გათვალისწინებული;
- „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომლებითაც „უცხოურ ძალებს“ აუდიოვიზუალური მაუწყებლების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ან მათგან მომსახურების შესყიდვა აეკრძალათ;
- სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმებაზე საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
- „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცილისწამებასთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და შეკრების თავისუფლების დამატებით შეზღუდვებზე.
კომისარი ცალკე აღნიშნავს 2026 წლის მარტში მიღებულ ცვლილებებსაც. მათ შორის, „გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის დაწესდა სისხლისსამართლებრივი სასჯელი 6 წლამდე პატიმრობით, ხოლო „პოლიტიკური საქმიანობის“ მიზნით ფულის გათეთრებისთვის - 12 წლამდე პატიმრობით.
კომისრის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
ის მიიჩნევს, რომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანი ხელშეწყობა და მათი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
საიას ცნობით, კომისარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.
„ქართული FARA-ს“ საქმე სტრასბურგში
საიამ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წელს მიმართა.
საჩივარი ექვსი მომჩივნის სახელითაა შეტანილი. მათ შორის არიან:
- "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია";
- „სტუდია მონიტორი“;
- „საქართველოს ამბები“.
დანარჩენი სამი მომჩივანი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან.
საიას შეფასებით, კანონი ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათი დისკრედიტაციისა და დევნის მექანიზმს ქმნის, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენებით.
სტრასბურგის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო და საქართველოს სახელმწიფოს კითხვები გაუგზავნა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სასამართლოს საქმეში მესამე მხარედ ჩართვა თავად სთხოვა. სასამართლომ მისი მოთხოვნა 2026 წლის ივლისში დააკმაყოფილა და წერილობითი პოზიციის წარსადგენად ვადა 31 აგვისტომდე განუსაზღვრა.
კომისარი მესამე მხარის მოსაზრებით ჩართულია სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე კიდევ ერთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (ე.წ. აგენტების კანონი) საქმეშიც.
„ქართული FARA“ პარლამენტმა 2025 წლის 1 აპრილს მიიღო.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი აშშ-ში მოქმედი FARA-ს ანალოგია და მისი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და „ქვეყნის სუვერენიტეტის უცხოური ჩარევისგან დაცვაა“.
ფორუმი