Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი - „ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი


სალომე ზურაბიშვილი, 1952 წლის 18 მარტს, პარიზში, ქართველი ემიგრანტების, ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას ოჯახში დაიბადა. მისი მამა წლების განმავლობაში ხელმღვანელობდა საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს.

სალომე ზურაბიშვილის წინაპრებმა საქართველო 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ დატოვეს, როდესაც საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას ემიგრაციაში წასვლა მოუწია.

დღეს მე მინდოდა შეხვედრა თქვენთან, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან.
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ბაბუა, მამის მხრიდან, ივანე ზურაბიშვილი, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო და თავის მეუღლესთან, ნიკო ნიკოლაძის უფროს ქალიშვილ ნინოსთან ერთად, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. სალომე ზურაბიშვილიც დევნილი მთავრობის შთამომავლებს შორის გაიზარდა, პარიზში.

პროფესიად სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია და ამავე სპეციალობით დაამთავრა კიდეც 1972 წელს პარიზის პოლიტიკურ-მეცნიერებათა ინსტიტუტი. სწავლობდა, კოლუმბიის უნივერსიტეტში, პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლაში. მისი დიპლომატიური კარიერაც საფრანგეთიდან იწყება - 1974-1977 წლებში იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში. სხვადასხვა დროს ის იყო ჩადიში საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი, გაეროს ირანის მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფის წვერი, ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიაში პირველი მდივანი, პარიზში საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი და ა.შ.

სალომე ზურაბიშვილს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მეორედ ის ჟურნალისტსა და პუბლიცისტზე, ჯანრი კაშიაზე იყო დაქორწინებული.

სალომე ზურაბიშვილი. 7 თებერვალი 2006 წ.
სალომე ზურაბიშვილი. 7 თებერვალი 2006 წ.

საქართველოში სალომე ზურაბიშვილი 2004 წელს, საფრანგეთის ელჩის რანგში დაბრუნდა. თუმცა დიპლომატიური პოსტი მალე პოლიტიკურმა თანამდებობამ შეცვალა - საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მას საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზა.

ეს თანამდებობა სალომე ზურაბიშვილს 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ეკავა. სწორედ მაშინ მოეწერა ხელი შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილი 2005 წლის 19 ოქტომბერს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მოთხოვნის შედეგად გაათავისუფლა. დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილი მაშინ სამინისტროს არასწორად მართვაში, ელჩებთან კოორდინაციის ნაკლებობაში და სამინისტროში არსებულ ფავორიტიზმში დაადანაშაულეს.

ზურაბიშვილმა მაშინ ყველა ბრალდება უარყო. და მომხდარს უწოდა: „კარგად დაგეგმილი კამპანია ნეო-კომუნისტული სისტემის წარმომადგენლების მიერ“.

სწორედ ამ ამბავს მოჰყვა 20 ოქტომბრის აქცია იპოდრომზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა თავისი ცნობილი ფრაზა:

„დღეს მე მინდოდა შეხვედრა თქვენთან, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან“.

პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა, შემდეგ კი პარტია „საქართველოს გზა“ დააფუძნა და ამ პარტიის სახელით განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას საქართველოში - უკვე ოპოზიციურ ფლანგზე.

​2006 წელს „საქართველოს გზამ“ უარი განაცხადა რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკში გაერთიანებაზე და დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.

პარტიამ მაშინ არჩევნებზე ხმათა 2,7 პროცენტი დააგროვა.

ამას მოჰყვა სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა. 2007 წელს სალომე ზურაბიშვილი ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს თანადამფუძნებელი გახდა. იმავე წლის ნოემბერში იყო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრად მოიაზრებოდა. მაისის საპარლამენტო არჩევნებში „საქართველოს გზა“ კვლავ გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში მონაწილეობდა.

ამ პერიოდის მიტინგებიდან დაამახსოვრა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს თავის სიმღერით „დიალოგზე“.

ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს.
სალომე ზურაბიშვილი

მაშინ ბლოკმა, რომელიც კიდევ რვა პარტიას აერთიანებდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ხმათა 17,7 პროცენტი და 15 მანდატი მიიღო.

პოლიტიკიდან ისევ დიპლომატიაში, ოღონდ დროებით, სალომე ზურაბიშვილმა 2010 წელს გადაინაცვლა. მაშინ მან ქართულ მედიას ამცნო, რომ ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზად კი „მინიმალური დემოკრატიის არარსებობა“ დაასახელა.

სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხელახლა 2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გამოჩნდა.

2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის (ის საფრანგეთის მოქალაქეც არის) გამო, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ მაშინ უარი უთხრა. საქმე სასამართლოში გაგრძელდა, თუმცა ზურაბიშვილმა პროცესი ცესკოსთან წააგო.

იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა.
სალომე ზურაბიშვილი

მოგვიანებით, 2016 წელს სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკა რურუას მოუგო და ასე გახდა პარლამენტის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

ცნობილია ზურაბიშვილის რამდენიმე გახმაურებული გამონათქვამი ჩინელების მისამართით. 2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„საფრანგეთში იმის მიუხედავათ, რომ იმიგრანტები ყოფილ აფრიკის კოლონიებიდან არ აკლიათ. საიმიგრაციო სამსახურში ყველზე უფრო აღშფოთებთ ჩინური მიგრაცია რადგაც იმას გააჩნია თავისი სპეციფიკა: ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს?"

2018 წლის 4 აპრილს ზურაბიშვილმა ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებელი კონტრაქტორი კომპანიაც გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი კი ის იყო, რომ ობიექტზე ქართულთან ერთად ჩინური დროშაც იყო აღმართული:

„გზას რომ აკეთებს ჩინური კომპანია, ამიტომ საკუთარი ქვეყნის დროშა უნდა აგვიფრიალოს?“

სალომე ზურაბიშვილს გაუხსენეს მისი გამონათქვამები აგვისტოს ომისა და ნატოს თაობაზეც. 2014 წლის აგვისტოში, მაშინაც ფეიბუკის პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილი წერდა:​

„იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა... გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია... მიახწია მოსალოდნელ დამარცხებას და „გეგმიურ“ ტერიტორიების დაკარგვას. ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არაა“... (სტილი დაცულია).

ნატოს სამხედრო ბაზებზე კი სალომე ზურაბიშვილის ღია პოზიცია ასეთი იყო:

სალომე ზურაბიშვილი 30 ოქტომბერი 2016 წ.
სალომე ზურაბიშვილი 30 ოქტომბერი 2016 წ.

„არ ვარ მომხრე ამერიკული ბაზის შემოყვანის ამ ქვეყანაში, რადგან დღევანდელ დღეს ვინც იცის გეოპოლიტიკური სიტუაცია, ყველამ იცის, რომ ამერიკის ბაზის შემოყვანა არის მეტი საფრთხე, ვიდრე უსაფრთხოება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პარტნიორობაზე უარს ვამბობთ“...

სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგი იყო პრეზიდენტის ვეტოსი ე.წ. „მოსმენების“ შესახებ“ კანონის თაობაზეც. მედიასთან საუბარში მას ნათქვამი აქვს, რომ „მოსმენები, რეგიონში და ამ სახელმწიფოში საჭიროა. და არ უნდა იყოს ისეთი შეზღუდული, რომ არაეფექტური გახდეს“.

2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან ერთად შევა ძალაში (ცვლილებები შედის „საარჩევნო კოდექსში“), რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

2018 წელს, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაადასტურეს გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერებ მხარეს, რაც იმას ნიშნავს რომ „ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG