რა მოხდა 13 აგვისტოს მწვანე კონცხზე?
თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი 16 წლის მოზარდს შუადღისას დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.
ტრაგედია თვითნებურად მოწყობილ გადასასვლელზე მოხდა - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ამ ადგილიდან 200-იოდე მეტრში დგას შუქნიშანი, რომელიც ლიანდაგზე ფეხით მოსიარულეების მიმოსვლას აწესრიგებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურად მოწყობილი გადასასვლელის ორივე მხარეს ლიანდაგის გადაკვეთის აკრძალვის ნიშანი დგას, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, არამედ რკინიგზის ვრცელ პერიმეტრზე, უამრავი ადამიანი, ადგილობრივი თუ ტურისტი კვეთს ლიანდაგს:
„ეს არის ძალიან ხალხმრავალი ადგილი. იქვე, ლიანდაგის გასწვრივ არის პატარა ბაღი, სადაც მოწყობილია არაერთი სავაჭრო თუ საკვები ობიექტი. მთელს ლიანდაგზე მოძრაობს ხალხი. ეს ლიანდაგი ზღვის სანაპიროს პარალელურად გადის, აქედან ჩადიხარ სანაპიროზე. ერთ-ერთი სივრცე, რომელსაც კორპუსის ჩრდილი არ ფარავს, სწორედ ეს ტერიტორიაა და ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის - დგებიან ლიანდაგზე, ფოტოებს იღებენ, ლიანდაგზეც კი წვებიან და ისე პოზირებენ და ცხადია, იყენებენ გადასასვლელად“.
როგორც ის გვიხსნის, ხმა, რომელიც ადამიანებს მატარებლის მოახლოებას ამცნობს, ცუდად აღწევს იმ გადასასვლელამდე, სადაც მოზარდი დაიღუპა. მისი თქმით ხმა, გარემოს ხმაურს ერწყმის. გარდა ამისა, ამ ადგილას ლიანდაგი უხვევს და იმისათვის, რომ ის უსაფრთხოდ გადაკვეთო, ორივე მხარეს უნდა გაიხედო.
ამ შემთხვევის შემდეგ, ორივე გადასასვლელთან, როგორც შუქნიშანთან, ისე ხელოვნურად მოწყობილ გადასასვლელთან, რკინიგზის ორი თანამშრომელი დგას, რომლებიც ცდილობენ ხალხის ნაკადის მოწესრიგებას.
„ორი ადამიანი ამ მოძრაობას ვერ დაარეგულირებს. ყვირიან, გადადით, არ გადახვიდეთ, ხალხის დიდ ნაწილს ქართული არ ესმის. გარემო ხმები ფარავს მატარებლის სიგნალის ხმასაც...თავად რკინიგზის თანამშრომელმა მითხრა, ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ლიანდაგზე გადაადგილება უსაფრთხო გახდეს, არის მისი შეღობვაო. “, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადგილობრივი.
ამ შემთხვევამდე 10 დღით ადრე, 3 აგვისტოს, მატარებლის შეჯახებას ემსხვერპლა ახალგაზრდა კაცი ჩაქვში.
ჩაქვში დაიღუპა 35 წლამდე კაცი 16 აგვისტოსაც. შემთხვევა ნაშუადღევს მოხდა. მას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ის სავარაუდოდ, ბელორუსის მოქალაქე იყო.
სამივე შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
ლიანდაგებზე დაღუპულები და გადარჩენილები
თუკი ღია წყაროებში, სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ბოლო ორ წელში, 2025-2026 წლებში, საქართველოში, ლიანდაგებზე, 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 2 - ბავშვი.
2025 წლის თებერვალში, მახინჯაურში, მატარებლის დაჯახებამ იურისტი, ნანო ცხადაია იმსხვერპლა.
იმავე წლის 8 აპრილს, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 წლის დათუნა დუმბაძეს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
მაშინ ადგილობრივები ჰყვებოდნენ, რომ სწორედ ამ გზის გავლა უწევთ ბავშვებს სკოლამდე მისასვლელად. 2025 წლის აპრილისთვის, ამ ტერიტორიაზე, სამი „არაოფიციალური გადასასვლელი“ იყო გაკეთებული.
13 წლის ბიჭის დაღუპვის შემდეგ, ადგილობრივებმა უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართეს.
ამ შემთხვევიდან 7 თვის თავზე, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში, სადაც წლების განმავლობაში სარკინიგზო უბედური შემთხვევები ხშირი იყო, ლიანდაგების გასწვრივ, 500-მეტრიან პერიმეტრზე, რკინის ბადე გაჭიმეს. თუმცა, როგორც ალიონა დათუაშვილი, ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, ღობის ნაწილი მოსახლეობამ მოარღვია:
„აქ ვცხოვრობთ და გადაადგილებაში ხელს გვიშლისო. რეალურად, ეს ღობე მხოლოდ 500 მეტრზე კი არა, მთელ სიგრძეზე იყო დასამონტაჟებელი.
ხალხს უკვირს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ლიანდაგზე მომავალი მატარებლის ხმა ვერ გაიგოსო, ძალიან მარტივად. როცა მატარებელი დასახლებულ პუნქტში შემოდის, აუცილებლად უნდა დაასიგნალოს, რადგან მატარებლის ხმა ერევა გარშემო ხმაურს და ისე შეიძლება მოგიახლოვდეს მატარებელი, ვერც კი გაიგო. ასე მოხდა მწვანე კონცხზე, იქ ჟრიამულია, აქეთ ორი ბუნგალო დგას, იქით რესტორანი, ხმაური, რომელი მატარებლის ხმა უნდა გაიგო“, - გვეუბნება ალიონა დათუაშვილი.
2025 აგვისტოში, ბათუმში, ბონის დასახლებაში, მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
2026 წლის მარტში, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში, კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაეჯახა მატარებელი. რკინიგზის ლიანდაგზე და-ძმა გადადიოდა. გოგონამ მოასწრო გადარბენა, მეოთხეკლასელმა ბიჭმა - ვეღარ, თუმცა მძიმედ დაშავებული ბავშვი გადარჩა.
რას ამბობს საქართველოს რკინიგზა?
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ კვირაში, რკინიგზაზე სამი ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზას“ არანაირი განცხადება, ამ დრომდე, არ გაუვრცელებია.
რადიო თავისუფლება კომპანიის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა და კომენტარი ითხოვა. გვითხრეს, რომ დღეს, 17 აგვისტოს, რესპონდენტს, სავარაუდოდ, ვერ ჩავწერდით. თუმცა, კითხვების გაგზავნა გვირჩიეს.
რადიო თავისუფლებამ, ამ ეტაპზე, ვერ მიიღო „საქართველოს რკინიგზისგან“ პასუხები ამ კითხვებზე:
- რა უსაფრთხოების ნორმებითა და სტანდარტებით ხელმძღვანელობს „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგების იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც ხალხი კვეთს, ზოგს ხშირად?
- როგორ ავლენენ ასეთი მაღალი რისკის მონაკვეთებს და რა კრიტერიუმებით წყდება, სად უნდა მოეწყოს ფიზიკური ბარიერი?
- არსებობს თუ არა სტანდარტი, რა ინტერვალით უნდა განთავსდეს ლიანდაგის გასწვრივ გამაფრთხილებელი ან გადასვლის ამკრძალავი ნიშნები?
- სად ეწყობა საფეხმავლო გადასასვლელი და რა შემთხვევაში ყენდება იქ ხმოვანი სიგნალი , შლაგბაუმი და შუქნიშანი?
- ვინ არის პასუხისმგებელი ამ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მოვლა-პატრონობასა და უსაფრთხოების პერიოდულ შემოწმებაზე?
- აღრიცხავს თუ არა „საქართველოს რკინიგზა“ ადგილებს, სადაც ხალხი სისტემატურად კვეთს ლიანდაგს?
- ასევე, რამდენი ოფიციალური საფეხმავლო გადასასვლელი, ხიდი და გვირაბია დღეს საქართველოს სარკინიგზო ქსელში და როგორ არის ისინი აღჭურვილი უსაფრთხოების საშუალებებით?
რას ამბობს სპეციალისტი?
„ამ წუთას ველაპარაკე ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ადგილზეა და არეგულირებს ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას ტერიტორიაზე, რომ არ გადავიდნენ ადამიანები ლიანდაგზე შეუსაბამო დროსა და ადგილას [ჩაქვსა და ბათუმში]“, - გვეუბნება ვიტალი გიორგაძე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე და ამატებს, რომ ახლა „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის მავთულბადეში ჩასმაზე მუშაობს:
„შესყიდულია მავთულბადეები, მთლიანად უნდა ჩაისვას ლიანდაგი ბადეში - ჩაქვიდან ბათუმამდე. ეს არის ის ადგილები, სადაც ბევრი დამსვენებელია, სადაც ხშირად გადადიან ფეხით მოსიარულეები ლიანდაგზე. გარკვეული პერიმეტრი უკვე გაკეთებულია, ანუ დაწყებულია მუშაობა და სანამ დასრულდება, მანამდე ადამიანები აკონტროლებენ პერიმეტრს. ეს ხალხი მივლინებითაა გაგზავნილი აჭარაში. იქ რჩებიან, ვაგონებში ცხოვრობენ და 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან მოძრაობას“, - ამბობს ვიტალი გიორგაძე.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, ფატალური შემთხვევების მატებისა, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ რკინიგზამ მატარებლის სიჩქარის ზედა ზღვარი აწია.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შემცირდა. მათი განცხადების თანახმად, „მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით“.
როგორია საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები?
რკინიგზების საერთაშორისო კავშირის (UIC) მიერ კოორდინირებული RESTRAIL („რკინიგზის ტერიტორიაზე თვითმკვლელობებისა და უნებართვო შეღწევის შემცირება“)-ის პროექტის რეკომენდაციებით, იმ ადგილებში, რომლებიც ლიანდაგზე უნებართვო გადასვლის ე.წ. „ცხელ წერტილებად“ არის მიჩნეული, საჭიროა ადამიანების ლიანდაგზე მოხვედრის ფიზიკური შეზღუდვა - ღობეების ან სხვა ბარიერების მოწყობა. რეკომენდაციაა, რომ ასეთ ადგილებში ღობის სიგრძე, ლიანდაგის ორივე მხარეს, სულ მცირე 500 მეტრი მაინც იყოს.
ამასთან, რეკომენდებულია სახიფათო ადგილებში მკაფიო გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმა და ადამიანების უსაფრთხო მარშრუტისკენ მიმართვა.
ევროკავშირის რკინიგზის სააგენტოს (ERA) განმარტებით, მატარებლის მოახლოებისას ადამიანი გაფრთხილებული ან დაცული უნდა იყოს:
- სრული ან ნახევარი ბარიერებით;
- კარიბჭეებით;
- ხილული სიგნალებით - მათ შორის შუქნიშნებითა და ხმოვანი გაფრთხილებებით - მკვეთრი და ხმამაღალი ზარი ან სირენა.
დიდი ბრიტანეთის რკინიგზისა და გზების ოფისი (ORR) კი უსაფრთხოების მართვისას პირველ რიგში ითხოვს გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა სახიფათო ერთდონიანი გადასასვლელის გაუქმება და ლიანდაგის სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა, მაგალითად საფეხმავლო ხიდით ან გვირაბით.
თუ ერთდონიანი გადასასვლელის შენარჩუნება აუცილებელია, უნდა გაკეთდეს ბარიერები, გამაფრთხილებელი შუქები, ხმოვანი სიგნალები და ნიშნები.
რისკის შეფასებისას, ითვალისწინებენ არა მხოლოდ მატარებლების მოძრაობის ინტენსივობა, არამედ იმასაც, რამდენად ხშირად და როგორ იყენებს ხალხი კონკრეტულ მონაკვეთს.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, თუკი ცნობილია, რომ ქვეითები ამა თუ იმ ადგილს ხშირად კვეთენ, მათივე უსაფრთხოებისთვის, ტერიტორია უნდა შემოღობოს და გამაფრთხილებელი ნიშნები დადგეს.
ფორუმი