ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო კოვიდპაციენტებთან მკურნალობისას პრეპარატ პლაქვენილის გამოყენებას დროებით წყვეტს მანამ, სანამ არ იქნება ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დასკვნა მისი უსაფრთხოების შესახებ. როგორც თენგიზ ცერცვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პლაქვენილს ჩაანაცვლებენ ლოპინავირ/რიტონავირით და ყველა იმ ახალ პაციენტს, რომელიც კოვიდ-19-ის დიაგნოზით შევა კლინიკებში, ამ პრეპარატით უმკურნალებენ. არსებული პაციენტების შემთხვევაში კი ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, დატოვონ თუ ჩაანაცვლონ პლაქვენილით მკურნალობა.
საქართველოს გადაწყვეტილება, დროებით შეწყვიტოს პლაქვენილის გამოყენება, უკავშირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, დროებით აღარ ყოფილიყო მედიკამენტი იმ “სოლიდარობის კვლევების” მონაწილე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და რომელშიც საქართველო უახლოეს მომავალში უნდა ჩაერთოს.
“ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება კვლევაში და რადგან საქართველო მონაწილეა ამ კვლევის, ჩვენც ვაჩერებთ პრეპარატის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრეპარატის გვერდითი ეფექტები არ ფიქსირდება. ჩვენ გვერდითი მოვლენების ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვატარებთ და გულის რიტმის დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ გვქონია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმდინარე კვლევაში მონაწილე პრეპარატებიდან საქართველოში მხოლოდ ერთი, ლოპინავირ/რიტონავირია და სანამ სხვა პრეპარატებს შემოიტანენ, ამ მედიკამენტით უმკურნალებენ ინფიცირებულებს. ცერცვაძის თქმით, ეს შიდსის საწინააღმდეგო პრეპარტია და მას აქამდეც იყენებდნენ კორონავირუსის მქონე პაციენტებთან ისეთი შემთხვევებისთვის, როცა არსებობდა პრეპარატ პლაქვენილის საწინააღმდეგო ჩვენება.
“ვიყენებდით, თუმცა ვინაიდან აქამდე ითვლებოდა, რომ პლაქვენილი უკეთესი იყო, უფრო ხშირად მას ვიყენებდით”, - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის შედეგი, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს აქვს და როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა 27 მაისს პარლამენტში გამოსვლისას, რომ “100 სულ მოსახლეზე გარდაცვალების 0,3 პროცენტიანი, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, საქართველო არის ევროპის 49 ქვეყანას შორის”, მთლიანად არა, მაგრამ გარკვეულწილად პლაქვენილის გამოყენების დამსახურებაცაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სოლიდარობის კვლევიდან პრეპარატის დროებით ამოღება გამოწვეულია ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული ემპირიული კვლევის შედეგებით, რომელიც აჩვენებს, რომ COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებიდან პრეპარატის დროებით ამოღებიდან ორი დღის შემდეგ, მისი გამოყენება კოვიდპაციენტებთან აკრძალა საფრანგეთის მთავრობამაც.
ამავე თემაზე:
თენგიზ ცერცვაძე პლაქვენილზე - ჩვენთან არც ერთი სერიოზული გართულება არ დაფიქსირებულა
ჩვენ რას ვაპირებთ? - „სოლიდარობის“ კვლევა COVID-პაციენტებში „პლაქვენილის“ გამოყენებას აჩერებს