Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი შიდა უსაფრთხოების მინისტრად ნიშნავს მარკვეინ მალინს - სენატორს, რომელიც „მეგობარ აქტს“ ბლოკავდა

მალინი, რომელიც 2020 წელს ბიძინა ივანიშვილს „[ვლადიმერ] პუტინის მოკავშირეს“ უწოდებდა, 2025 წელს „მეგობარ აქტს“ ეწინააღმდეგებოდა
მალინი, რომელიც 2020 წელს ბიძინა ივანიშვილს „[ვლადიმერ] პუტინის მოკავშირეს“ უწოდებდა, 2025 წელს „მეგობარ აქტს“ ეწინააღმდეგებოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი, - რომელიც ბოლო თვეებში საიმიგრაციო პოლიტიკისა და იმიგრაციის სამსახურის ძალების მიერ 2 მოქალაქის მოკვლის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, - თანამდებობას დატოვებს.

კრისტი ნოემის შემცვლელად პრეზიდენტმა ტრამპმა დაასახელა ოკლაჰომელი სენატორი, მარკვეინ მალინი. ტრამპის თქმით, იგი 31 მარტიდან შეუდგება ახალ სამსახურს. მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა კრისტი ნოემს გაწეული სამუშაოსთვის.

მან ასევე შეაქო სენატორი მალინი და მას უწოდა „MAGA-ს მეომარი“, რომელიც „მართლა ძალიან კარგად უგებს ხალხს და იცის, რა სიბრძნე და გამბედაობაა საჭირო ჩვენი დღის წესრიგის წინ წაწევისთვის“.

პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, მალინს სენატის დატოვება მოუწევს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათზე მცირე ხნით ადრე გაიგო, რომ თანამდებობაზე ნიშნავდნენ.

მალინი და საქართველო

მარკვეინ მალინი 2020 წელს - როდესაც წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო - საჯაროდ აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ამტკიცებდა, რომ თბილისი „ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან“ დაახლოებით საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ ბიზნესს, მათ შორის ენერგეტიკულ კომპანიებს.

ამ კრიტიკის კონტექსტში ხშირად მოიხსენიებოდა ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერა“ (Frontera), რომელიც საქართველოში ოპერირებდა და ქართულ ხელისუფლებასთან დავაში იყო ჩართული.

2020 წლის 17 იანვრით დათარიღებულ ღია წერილში მალინი მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სწერდა, რომ ის„სულ უფრო მეტად შეშფოთებულია დემოკრატიული ღირებულებებისაგან საქართველოს განუწყვეტელი დაშორებისა და მისი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო“.

მალინი ბიძინა ივანიშვილს ასევე უწოდებდა „პუტინის მოკავშირეს“, რომელიც „მიზანმიმართულად მუშაობს, რათა გააძევოს საქართველოში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესი“, ასეთ მაგალითად კი „ფრონტერას“ ასახელებდა.

ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, მალინს არ ჰქონია საჯარო განცხადებები საქართველოზე. მისი სახელი 2025 წელს კვლავ გამოჩნდა საქართველოს კონტექსტში.

„უკეთესი ურთიერთობა“ კობახიძესთან

ამერიკული მედიის (The Hill) ცნობით, სწორედ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად ვერ მოხერხდა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიციირებული „MEGOBARI აქტის“ ჩართვა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA).

2025 წლის სექტემბერში The Hill-თან მოკლე ინტერვიუში მალინმა „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგობის ერთ-ერთ მიზეზად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან „უკეთესი ურთიერთობა“ დაასახელა.

„მესმის, რის მიღწევას ცდილობენ ისინი [„ქართული ოცნება“]. ასევე მესმის პირდაპირი გავლენა, რაც რუსეთს აქვს და რომელიც, ვფიქრობ, მთავრობის შიგნით ვითარებას ურევს“, - თქვა მალინმა.

„ამიტომ, მსურს, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს, სანამ სანქციებს დავაწესებთ. მსურს, მათთან ვიმუშაო, რათა ვნახო, როგორ შეუძლიათ მათ ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვება და რუსეთის ზედმეტად ძლიერი გავლენისგან თავის დაღწევა“, - განაცხადა სენატორმა.

ოკლაჰომელი სენატორი 2025 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ ბოლოს ქვეყანას 2021 წელს ეწვია და კვლავ გეგმავს ვიზიტს.

ის ასევე ამბობდა, რომ ხელისუფლების შესახებ შეცვლილი პოზიცია არ არის დაკავშირებული კომპანია „ფრონტერასთან“ და საქართველოს მთავრობის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან.

2020 წელს, მალინის კრიტიკაზე პასუხად, საქართველოს მაშინდელი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ამბობდა, რომ ამერიკის კონგრესში არაერთი პოლიტიკოსი თავის საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, ხოლო კომპანია „ფრონტერის“ წარმომავლობის ადგილი ტეხასი და ოკლაჰომაა.

„შესაბამისად, ამ კონგრესმენებს აქვთ ინტერესი, მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსთან დავა აქვს“, - ამბობდა ბაქრაძე.

როგორც გამოცემა Hill-ი წერდა, საჯარო წყაროების თანახმად, „ფრონტერას“ დამფუძნებელ სტივ ნიკანდროსს 2020 წლის შემდეგ 6000 აშშ დოლარი აქვს შეწირული მალინის საარჩევნო კამპანიებისათვის.

მალინისა და ელჩის შეხვედრა

2024 წლის არჩევნებისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მალინს ჰქონდა პირდაპირი კავშირი „ქართული ოცნების“ მთავრობასთან.

კერძოდ, 2025 წლის 12 დეკემბერს მან მიიღო საქართველოს ელჩი აშშ-ში, თამარ ტალიაშვილი.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.

„ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა“, - იუწყებოდა საელჩო.

„საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“, - ეწერა განცხადებაში.

  • 2024 წლის 30 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
  • ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი; ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო.
  • 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ის 2024 საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აცხადებდა, რომ იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • ჯერჯერობით აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა და სტრატეგიული პარტნიორობა არ განახლებულა.
  • ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში, სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებსა და სხვა უწყებებში, ასევე კონგრესის წევრებთან.
  • ამ შეხვედრების ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ ელიან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG