Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV.

სადავო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერს. შეხვედრის შემდეგ სამხარაძემ ვიდეოჩანაწერში ისაუბრა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრის...

გვქონდა საუბარი ასევე უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე გადაცდომებზე, მათ შორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე. თუმცა საბოლოო ჯამში, ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კიდევ მეტი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პოზიციების არათუ დასაახლოებლად, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად“, - თქვა მან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ის წინა ადმინისტრაციას საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს იმის გამო, რომ იღებდა კრიტიკას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების მიღების დროს. 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და „ხალხის ძალის“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი აშშ-ში იმყოფებიან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გუშინ მათ შეხვედრა გამართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსთან.

საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა

2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

მანამდე, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში.

ამ შეხვედრების ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ ელიან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG