Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინეაპოლისში ფედერალური ძალების მიერ მოქალაქის მოკვლა დაძაბულობას აღრმავებს ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის


ალექს პრეტი, აშშ-ის იმიგრაციის სამსახურის ძალების მიერ მინეაპოლისში მოკლული პირი
ალექს პრეტი, აშშ-ის იმიგრაციის სამსახურის ძალების მიერ მინეაპოლისში მოკლული პირი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა 25 იანვარს დაიცვეს მინეაპოლისში აშშ-ის მოქალაქის მკვლელობა საიმიგრაციო სამსახურის წევრების მხრიდან, იმ ფონზე, როცა, ბევრის აზრით, გავრცელებული ვიდეოჩანაწერები მათ ვერსიას ეწინააღმდეგება.

მატულობს დაძაბულობა ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ფედერალურ ოფიცრებს შორის.

ქალაქის მოსახლეობა ყინვაში და თოვლში მივიდა ყვავილებისგან და სანთლებისგან სპონტანურად აგებულ მემორიალთან, რათა გაეპროტესტებინათ ალექს პრეტის მკვლელობა. პრეტი მეორე ადამიანია, რომელიც ფედერალურმა ძალებმა მიმდინარე თვეში მინეაპოლისში მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეტი თავს დაესხა ოფიცრებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით იმოქმედეს.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელმა, გრეგორი ბოვინომ ვერ შეძლო მტკიცებულების მოტანა იმის თაობაზე, რომ პრეტი ხელს უშლიდა სამართალდამცავთა ოპერაციას - ამის ნაცვლად, იგი კონცენტრირდა იმ გარემოებაზე, რომ პრეტის, რომელიც ექიმის თანაშემწედ მუშაობდა, იარაღი ჰქონდა თან. პრეტის ლიცენზია ჰქონდა მიღებული იარაღის ტარებაზე.

"მსხვერპლები სასაზღვრო პატრულის აგენტები არიან" - თქვა ბოვინომ და დასძინა - "სამართალდამცავები არავის ესხმიან თავს".

ბოვინომ და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა პრეტი დაადანაშაულეს ოფიცრებზე თავდასხმაში, მათთვის ხელის შეშლაში და არეულობის მოწყობაში.

"ვიცით, რომ იგი ადგილზე მივიდა და ხელი შეუშალა სამართალდამცავთა ოპერაციას, რაც ფედერალური კანონდარღვევაა" - უთხრა ნოემმა Fox News-ს. "ეს დანაშაულია. როცა მან ეს გააკეთა, იმ აგენტებთან შევიდა ინტერაქციაში, როცა ისინი შეეცადნენ მის გაუვნებლებას, იგი აგრესიული გახდა და მათ წინააღმდეგობა გაუწია" - დასძინა მან.

ამ ოფიციალურმა ვერსიამ - რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამკვიდრებენ - აღშფოთება გამოიწვია ადგილობრივ სამართალდამცავებში, მინეაპოლისის მოსახლეობის დიდ ნაწილში და დემოკრატ კანონმდებლებში - რადგან თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები, როგორც ჩანს, განსხვავებულ სურათს აჩვენებს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ შეისწავლა ადგილზე გადაღებული მასალა, რომელზეც ჩანს, რომ 37 წლის პრეტის ხელში ტელეფონი უჭირავს და არა იარაღი და ცდილობს დაეხმაროს დემონსტრანტებს, რომლებსაც საემიგრაციო სამსახურის აგენტები მიწაზე აგდებენ.

ჩანაწერის დასაწყისში ჩანს, რომ პრეტი ტელეფონით იღებს ფედერალური აგენტის მიერ ერთი ქალის გვერდით გაწევის და მეორე ქალის მიწაზე დაგდების სცენას. პრეტი აგენტსა და ქალებს შორის დგება და შემდეგ ზემოთ წევს ხელს, ცდილობს თავი დაიცვას როცა აგენტი მას წიწაკის სპრეის მიასხურებს.

რამდენიმე აგენტი გააკავებს პრეტის, რომელიც მათთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშია, და აიძულებენ მუხლებს და ხელებს დაეყრდნოს. როცა აგენტები პრეტის მიწაზე დააწვენენ, ისმის ვიღაცის ხმა, რომელიც, როგორც ჩანს, გამოდის გაფრთხილებით ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ.

როგორც შემდეგ ჩანს, ერთ-ერთი აგენტი პრეტისგან იარაღს იღებს და ამ იარაღით გადის შეხლა-შემოხლის ადგილიდან.

რამდენიმე წამში ერთ-ერთი აგენტი პრეტის ზურგს იარაღს უმიზნებს და ოთხჯერ, სწრაფად გაისვრის. ამ დროს კიდევ ისმის რამდენიმე გასროლა - როგორც ჩანს, პრეტის სხვა აგენტიც ესვრის.

"ეს ვიდეოები ყველაფერზე მეტყველებს" - უთხრა მინეაპოლისის პოლიციის შეფმა, ბრაიან ო'ჰარამ ტელეკომპანია CBS-ს და დასძინა, რომ მოვლენათა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ვერსია "ღრმად შემაშფოთებელია". ო'ჰარას თქმით, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა, რომ პრეტი იარაღის იქნევდა.

ქალაქში დაძაბულობა ისედაც მაღალი იყო მას მერე, რაც ფედერალურმა აგენტმა 7 იანვარს გასროლით მოკლა აშშ-ის მოქალაქე ქალი, რენე გუდი. ტრამპის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქალი აგენტზე მანქანით შეჯახებას ცდილობდა, მაგრამ თვითმხილველები და ვიდეოჩანაწერების მაყურებლები აცხადებენ, რომ რენე გუდი ცდილობდა მანქანით გასცდენოდა ადგილს.

ფედერალური ხელისუფლება ადგილობრივ სამართალდამცველებს არ აძლევს უფლებას ჩაერთონ ინციდენტის გამოძიებაში.

გუდის და პრეტის მკვლელობებმა მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია ამ, დემოკრატთა მიერ მართულ ქალაქში.

ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური სამსახურის მხრიდან ოპერაციები აუცილებელია დანაშაულის შესამცირებლად და იმიგრაციის კანონების დასაცავად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG