"მავთულის ჯაგარი" ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო ნიმუშია ახალი ტიპის, დრონების საწინააღმდეგო ჯავშნისა, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ტანკებზე პირველად შენიშნეს 2025 წლის შემოდგომაზე.
როგორც ამბობენ, ასეთი ჯავშანი მზადდება თანაბარ სიგრძეებად დაჭრილი ფოლადის ტროსებისგან, რომლებიც შემდეგ ცალკეულ ძაფებად იხსნება და მაგრდება ტანკის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების გარშემო აგებულ ლითონის კარკასზე.
უკრაინის ომში უკვე ორივე მხარე იყენებს დრონების საწინააღმდეგო ამ ახალ საფარველს, რომელსაც „ზღარბის ჯავშანი“ უწოდეს.
93-ე უკრაინის მექანიზებული ბრიგადის პრესმდივანმა, ირინა რიბაკოვამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ფაფუკი“ ჯავშანი შექმნილია იმისთვის, რომ „დრონები დააბნიოს და თავიდან აიცილოს აფეთქება ან აფეთქება მოხდეს მოშორებით ტანკის კორპუსიდან.
FPV-ის პირველი პირის ხედვის კამიკაძე-დრონების უმეტესობა აღჭურვილია ამფეთქით, რომელიც გამოდის ქობინიდან და ფეთქდება დარტყმისთანავე. ახალმა ბუსუსებიანმა ჯავშანმა პოტენციურად შეიძლება დააბნიოს ასეთი დრონი და აფეთქდეს მანამ, ვიდრე მისი ამფეთქი ტანკის მყარ ზედაპირს მიაღწევს.
რიბაკოვა ამბობს, რომ ერთმა რუსულმა ზღარბ-ტანკმა, რომელიც დონეცკის ოლქში, ტორეცკის მახლობლად მოქმედებდა, უკრაინული FPV-დრონების ათობით დარტყმას გაუძლო, სანამ საბოლოოდ განადგურდებოდა. რიბაკოვა დასძენს, რომ „ზღარბის“ ჯავშანი არ უზრუნველყოფს საკმარის დაცვას უფრო დიდი და სწრაფი კამიკაძე დრონებისგან, მაგალითად, რუსული „ლანცეტისგან“.
მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორმა და სამხედრო ექსპერტმა, კარლო მასალამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო ზომა „წარმოადგენს ახალ ტაქტიკას, რომლის მიზანია მანევრირების ელემენტის დაბრუნება საბრძოლო მოქმედებებში“.
მილიონობით დოლარის ღირებულების ტანკების განადგურების უნარის მქონე იაფი FPV-დრონების ეფექტურობის გათვალისწინებით, კონფლიქტის ორივე მხარეს უჭირს იერიშების განხორციელება ჯავშანტექნიკის გამოყენებით, რაც ოდესღაც სამხედრო ტაქტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა.
პროფესორ მასალას თქმით, ბოლო თვეებში „ვხედავთ მხოლოდ ცალკეული ჯარისკაცების მცდელობებს, გადაკვეთონ ფრონტის ხაზი“. დიდი რაოდენობით ჯარისა და აღჭურვილობის გადაადგილება ძირითადად შემოიფარგლება ნისლიანი დღეებით, როდესაც ცუდი ხილვადობა ამცირებს დაზვერვისა და FPV-დრონების საფრთხეს.
თუმცა უჩვეულო ახალი ჯავშანი ტანკისტებისთვის მნიშვნელოვან შეზღუდვებსაც ქმნის.
ცოტა ხნის წინ რუსმა ტანკისტმა „ზღარბის“ ჯავშნიან ტანკზე საუბრისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაზრდილი წონის გამო, ტანკმა ვერ გაიარა „10 კილომეტრიც კი, რადგან მწყობრიდან გამოვიდა ტრანსმისიის ერთ-ერთი კომპონენტი“. ტანკისტმა დასძინა, რომ მასიური ჯავშანი „უზარმაზარ დატვირთვას ახდენს [ტანკის] კომპონენტებზე“.
კარლო მასალა ამბობს, რომ ასეთი ნაკლოვანება, „როგორც ჩანს, მანევრირებადი ბრძოლის აღდგენის სანაცვლოდ მიიღება“.
პრესმდივანი რიბაკოვა მაისში შეესწრო „ზღარბის“ ჯავშნის ადრეულ გამოყენებას, როდესაც უკრაინულმა ეკიპაჟმა ტანკის ლითონის ცხაურში დრონების პროპელერების დასაჭერად განკუთვნილი პლასტმასის კაბელები მიამაგრა (იხილეთ ზემოთ მოცემული ფოტო).
უზარმაზარი მანქანა გამოიყენებოდა ტაქტიკური მანევრის სახით, რათა მასზე გადაეტანათ ყურადღება და არა ჯარზე, რომელიც უკან იხევდა. „მტრის უპილოტო საფრენი აპარატები ტანკს შეეჯახნენ. დაახლოებით ხუთი ან ექვსი დაჯახება იყო, რაც ეკიპაჟს თითქმის არ უგრძნია“, - ამბობს რიბაკოვა, - „მაგრამ შემდეგ მტერმა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ჩამოაგდო“, რის გამოც ცეცხლი გაჩნდა ძრავაში.
„დაგვენანა ტანკი, მაგრამ ეკიპაჟი გადარჩა და დავალებაც შესრულდა“, - ამბობს ის.