2026 იანვარში 21 წლის სპორტსმენმა ზედიზედ მეორედ მოიგო უმაღლესი (მაკუუჩი) დივიზიონის ტურნირი (ბაშო).
იავჰუსიშინი 2004 წელს უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, ვინიცაში დაიბადა. სუმოსთან პირველი შეხება დაახლოებით 2010 წელს ჰქონდა, როდესაც მომავალი ჩემპიონის დედას ძიუდოს გაკვეთილიდან მისი გაყვანა დაუგვიანდა. ბიჭი დედას ელოდებოდა, როდესაც სპორტდარბაზში სუმოს ვარჯიში დაიწყო. სპორტის ამ სახეობის სწრაფმა რაუნდებმა, რომლებიც, როგორც წესი, სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მარტივმა წესებმა, პატარა დინილო მოაჯადოვა.
სუმოს ორთაბრძოლა წყდება მაშინ, როცა ერთი მოჭიდავე აიძულებს მეორეს, დატოვოს 4,5-მეტრიანი წრე, ან მეტოქიდან ერთ-ერთი მიწას (დოჰიოს) შეეხება სხეულის რომელიმე ნაწილით, გარდა ფეხისგულებისა.
„როცა დედაჩემი მოვიდა, ვუთხარი: „აღარ მინდა ძიუდო - სუმო, აი ჩემი სპორტი“, - ასე გაიხსენა დანილომ სუმოსთან თავისი პირველი შეხება 2025 წელს გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.
2019 წელს ახალგაზრდა უკრაინელი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაშიც ვარჯიშობდა, ოსაკაში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო სუმოს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ეს მოგზაურობა იქცა მის მნიშვნელოვან პირად გამოცდილებად, რომელმაც მომავალში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
2019 წლის ამ ტურნირზე დანილო იაპონელ სუმოისტს, არატა იამანაკას დაუმეგობრდა, რაც ტურნირის დასრულების შემდეგ სოციალური ქსელებითაც გაგრძელდა. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე, იამანაკამ შეიტყო, რომ მისი უკრაინელი მეგობარი იაპონიაში გამგზავრებას და სუმოისტის კარიერის დაწყებას ცდილობდა. სწორედ არატა იამანაკა და მისი ოჯახი დაეხმარნენ უკრაინელ ყმაწვილს ვიზის მიღებასა და საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში, რისი წყალობითაც დანილო 2022 წლის აპრილში ოსაკაში გაფრინდა.
ახალგაზრდა უკრაინელი მოჭიდავე მალევე შეუერთდა სუმოს სკოლას, სადაც მას უკომპრომისო სავარჯიშო რეჟიმთან შეგუება და წონის მოსამატებლად საკვების უზარმაზარი რაოდენობის მიღება მოუწია.
სუმოში არ არსებობს წონითი კატეგორიები, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მასიურია სპორტსმენი, მით მეტი უპირატესობა აქვს. სუმოისტები დღეში დაახლოებით 10 000 კკალორიას იღებენ (საკვებისა და ხშირად ლუდის სახითაც), ჭამის შემდეგ კი, როგორც წესი, რამდენიმე საათით ისვენებენ, იძინებენ, რათა წონის მაქსიმალური მომატება უზრუნველყონ. უმაღლეს (მაკუუჩი) დივიზიონში სუმოისტების საშუალო წონა დაახლოებით 150 კილოგრამია, რის გამოც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იაპონელი მამაკაცების საშუალო მაჩვენებელზე მინიმუმ 10 წლით ნაკლებია. დანილო იავჰუსიშინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სუმოისტის ცხოვრებაში ყველაზე რთული სწორედ წონის მომატებაა.
21 წლის სპორტსმენმა, რომელიც დაახლოებით 140 კილოგრამს იწონის (სიმაღლე 182 სმ), განაცხადა, რომ აპირებს კუნთების ხარჯზე სხეულის მასის კიდევ უფრო გაზრდას, რაც, მისი თქმით, საკმაოდ „მტკივნეული“ პროცესი იქნება.
იავჰუსიშინმა იაპონური ენა სრულყოფილად შეისწავლა ენობრივ გარემოში სრული ჩაძირვის გზით და ფსევდონიმად (შიკონა) აიღო ორი იეროგლიფისგან შემდგარი „აონიშიკი“, რაც უკრაინის დროშის ლურჯ ფერთან და სიმშვიდესთან არის დაკავშირებული.
იაპონიაში დანილოს დებიუტი შედგა 2023 წლის სექტემბერში. ახალბედა სუმოისტმა მაშინვე მიიქცია ყურადღება უჩვეულოდ დაბალი საწყისი დგომით, ფეთქებადი გდებებითა და ფეხის ოსტატური ხმარებით, რასაც სპეციალისტები თავისუფალ ჭიდაობაში მიღებულ გამოცდილებას უკავშირებენ.
2025 წლის მარტში დანილომ იაპონიის სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში შეაღწია და მან ეს მოახერხა სულ რაღაც ცხრა ტურნირში (წლის განმავლობაში მხოლოდ ექვსი ტურნირი იმართება). უკრაინელი მოჭიდავის გარდა ასეთი რამ კიდევ ორ რიკიშის აქვს გაკეთებული.
2026 წლის იანვარში დანილო იავჰუსიშინმა ელიტურ დივიზიონში ზედიზედ მეორე ტურნირში გაიმარჯვა, რამაც მთელი იაპონური საზოგადოება მოხიბლა. ადგილობრივმა მედიამ მის ტექნიკას „სრულყოფილებასთან მიახლოებული“ უწოდა.
თუ ახალგაზრდა უკრაინელი 2026 წლის მარტში დაგეგმილ მომდევნო ტურნირსაც (Haru Basho) მოიგებს, მას იოკოძუნას ტიტული მიენიჭება. ეს წოდება ენიჭებათ მხოლოდ იმ მოჭიდავეებს, რომლებიც სრულყოფილი ოსტატობითა და ღირსეული ქცევით გამოირჩევიან და ოძეკის რანგში ზედიზედ ორჯერ იმარჯვებენ ტურნირში. დანილო იავჰუსიშინი სუმოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში 76-ე იოკოძუნა იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ აქამდე ეს ტიტული არცერთი ევროპელ ათლეტს არ რგებია.
ინტერვიუებში იავჰუსიშინი ხშირად გაურბოდა გეოპოლიტიკას და ამბობდა, რომ სურდა საუბარი სუმოზე, თუმცა 2025 წლის პრესკონფერენციაზე სუმოისტმა განაცხადა: „ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში მცხოვრები ადამიანები ნახავენ ჩემს სუმოს და მეტად მხნედ იქნებიან.“
იმავე პრესკონფერენციაზე მან ასევე გამოთქვა ინტერესი, რომ მომავალში იაპონიის მოქალაქეობა მიიღოს. „თუ ოდესმე ასეთი შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად ვისარგებლებ“, - თქვა მან.
არატა იამანაკა - იაპონელი სუმოისტი, რომელმაც დანილო იავჰუსიშინს გადამწყვეტი დახმარება გაუწია და იაპონიაში სპორტული წარმატების მიღწევის გზა გაუხსნა - ახლა სამუდამოდ არის დაკავშირებული უკრაინელის წარმატებასთან: იავჰუსიშინის სრული საბრძოლო ფსევდონიმია “აონიშიკი არატა”. სახელის მეორე ნაწილი უკრაინელმა თავისი იაპონელი მეგობრის პატივსაცემად აირჩია.