Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქირით ვცხოვრობ“ - მაღალჩინოსნები, რომელთა დეკლარაციებშიც უძრავი ქონება არ ჩანს 

ფოტოზე: პარლამენტარები და მინისტრი, რომელთა დეკლარაციებშიც უძრავი ქონების გრაფა ცარიელია.
ფოტოზე: პარლამენტარები და მინისტრი, რომელთა დეკლარაციებშიც უძრავი ქონების გრაფა ცარიელია.

მარტის ბოლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის 2026 წლის ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა. იმ მომენტისთვის ის უკვე ბრალდებული იყო მილიონობით ლარის გათეთრებაში, ქრთამის აღებაში, „ქოლცენტრების“ ბიზნესის მფარველობაში, კორუფციაში.

არადა, ამ დეკლარაციის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილი „უსახლკარო“ აღმოჩნდა - დეკლარაციის ის გრაფა, სადაც მისი და/ან მისი ოჯახის წევრების უძრავი ქონების ჩამონათვალი უნდა იყოს, ცარიელია.

ამ შემთხვევამ გვიბიძგა, მოგვეძებნა მაღალი თანამდებობის ის სხვა პირები, რომელთაც საჯარო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციით, უძრავი ქონება არ აქვთ.

ჩვენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების ყველაზე ბოლოს გამოქვეყნებული, ანუ უახლესი დეკლარაციები შევისწავლეთ.

შენიშვნა: 2025 წლით დათარიღებული დოკუმენტები წინა წლის მონაცემებს ასახავს. 2026 წელი კი 2025-ს აჯამებს. 2026 წლის დეკლარაციები სრულად გამოქვეყნებული ჯერ არაა. საჯარო მოხელეების ნაწილი დოკუმენტებს ახლა ავსებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრებს შორის უძრავი ქონების გრაფა ცარიელია ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ქონებრივ დეკლარაციაში.

ამ დოკუმენტის თანახმად, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები [მითითებულია მხოლოდ ცოლი] არ ფლობენ რაიმე სახის უძრავ ქონებას.

მაშინ სად შეიძლება ცხოვრობდეს მინისტრი, რომლის ხელფასი თითქმის 10 000 ლარია და ჰყავს ცოლი და სამი შვილი? - ვკითხეთ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

„თქვენი კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ ფინანსთა მინისტრის დეკლარაციაში სრულადაა ასახული ყველა ის ინფორმაცია, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. არც მისი და არც მისი ოჯახის წევრის სახელზე, არ ირიცხება უძრავი/მოძრავი ქონება. შესაბამისად, დეკლარაციაში აღნიშნული გვერდები არ შეიცავს მონაცემებს“, - ასე გვიპასუხეს სამინისტროდან.

ფოტოზე: ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი
ფოტოზე: ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ მინისტრებს შორის, რომლებიც სახელმწიფო ფინანსებს, ბიუჯეტს, საგადასახადო პოლიტიკასა და სახელმწიფო ვალს მართავენ. ის 2021 წლის 1 აპრილიდანაა საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მანამდე, დაახლოებით 7 წლის განმავლობაში, იგი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2013-2014 წლებში შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სწავლობდა European High School of Management-Tbilisi-ში (ბიზნესის ადმინისტრირება); ასევე აქვს Preston University-ის მენეჯმენტის ხარისხი.

ქონების დეკლარაციას 2014 წლიდან ავსებს და უძრავი ქონებისთვის განკუთვნილი უჯრები ყოველ წერს ცარიელია.

ბოლოს გამოქვეყნებული დეკლარაციების თანახმად, უძრავი ქონება არ აქვთ „ქართული ოცნების “ დეპუტატებს, ლევან მაჭავარიანსა და ზვიად შალამბერიძეს.

დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე ბინა და ავტოფარეხი 2025 წელს გაყიდა.

„ამ თვის ბოლოს მიწევს 2025 წლის დეკლარაციის შევსება, შესაბამისად ეს ტრანზაქცია გამოჩნდება აღნიშნულ დეკლარაციაში“, - განმარტა მან.

ფოტოზე: ლევან მაჭავარიანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ფოტოზე: ლევან მაჭავარიანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

დეკლარაციაში წერია, რომ ლევან მაჭავარიანს 148 000 დოლარის ღირებულების ნაღდი ფულის დანაზოგიც აქვს. წყარო კი სწორედ „2025 წელს უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალია“.

„ახლა მშობლების სახლში ვცხოვრობ“, - დააზუსტა პარლამენტარმა.

საქართველოში საჯარო თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციაში უთითებენ როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების უძრავ ქონებას.

როგორც წესი, დეკლარაციაში ხვდება:

  • მიწის ნაკვეთი;
  • ბინა;
  • საცხოვრებელი სახლი;
  • კომერციული ფართი;
  • სხვა უძრავი ქონება;
  • წილი რაიმე ქონების საკუთრებაში.

ვინ ითვლება ოჯახის წევრად?

„კანონის თანახმად, თანამდებობის პირმა დეკლარაციაში ოჯახის წევრების გრაფაში ყველა ის პირი უნდა ასახოს, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და ასევე, ოჯახის წევრებიც, იგულისხმება შვილები და მეუღლე. ქართული რეალობიდან გამომდინარე, უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ერთ ჭერქვეშ, ვიდრე კანონის განმარტებაა და ეს ადამიანები მოხვდებიან თუ არა დეკლარაციებში, პირდაპირაა დამოკიდებული თანამდებობის პირის კეთილსინდისიერებაზე“, - ამბობს კორუფციის მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზვიად შალამბერიძის სახელით ყველაზე ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2025 წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი მხოლოდ 2024 წლის მონაცემებს აჯამებს.

დეპუტატის განმარტებით, იმ მომენტისთვის, როცა დეკლარაცია შეავსო, საკუთარი ბინა არ ჰქონდა, თუმცა ახალ დეკლარაციაში, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არაა, „უკვე შეიტანა მონაცემები ნაყიდი უძრავი ქონების შესახებ“. მას აღარ უპასუხია კითხვაზე, ვისთან და სად ცხოვრობდა დეკლარაციის შესწავლისას. ოჯახის წევრების გრაფა ცარიელია.

ფოტოზე: ზვიად შალამბერიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ფოტოზე: ზვიად შალამბერიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

ზვიად შალამბერიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 2019-2024 წლებში ის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) იყო.

თანამდებობის პირი ვალდებულია, დაადეკლარიროს ყველა იმ პირის ქონება, რომლებიც დეკლარაციაში ოჯახის წევრად მიუთითა. ასევე დამატებით აღწეროს:

  • ქონების ტიპი;
  • მდებარეობა (ჩვეულებრივ მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის დონეზე);
  • საკუთრების ფორმა და წილი;
  • შეძენის თარიღი;
  • როგორ შეიძინა ეს ქონება - მაგალითად, იყიდა, აჩუქეს თუ მემკვიდრეობით დაუტოვეს?
  • ღირებულება.

„ხშირად ხდება, რომ თანამდებობის პირს არა საკუთარ სახელზე, არამედ ოჯახის წევრის ან ნათესავის სახელზე აქვს ბინა და ვინაიდან ეს ნათესავი მეუღლე და შვილი არაა, ანუ ოჯახის წევრი არაა, არ წერს დეკლარაციაში“, - განმარტავს სანდრო ქევხიშვილი.

საკუთარი საცხოვრებელი ბინა არ აქვს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიგა ფარულავას. ამბობს, რომ ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

„უძრავი ქონების გრაფა ცარიელია იმიტომ, რომ ქირით ვარ, პირად სახელზე უძრავი ქონება არ მაქვს. მეუღლის სახელზეც არაფერი არ არის. რომ იყოს, ხომ არ დავმალავდი, რა არის დასამალი“, - ამბობს ის.

დეკლარაციის თანახმად, უძრავი ქონება არ აქვს პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ კიდევ ერთ დეპუტატს, ვიკა ფილფანს. მის სახელზე დეკლარაციაში ასახულია მესტიაში, სოფელ ჰაწვალში 3 027 კვ.მ. მიწა. ამ მიწაზე შენობა არ დგას.

ფოტოზე: ვიკა ფილფანი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დეპუტატი
ფოტოზე: ვიკა ფილფანი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დეპუტატი

„მიწა რაც არის მითითებული, არის მთაში, მთის ტერიტორიაა, მემკვიდრეობით მივიღე, ოჯახმა მაჩუქა და თბილისში ვცხოვრობ ნაქირავებში, წლებია უკვე და ამიტომ არ მაქვს მითითებული დეკლარაციაში, ხელფასიდან ვიხდით ქირას და ამას არ სჭირდება ხარჯებში მითითება“, - ამბობს დეპუტატი.

უძრავი ქონება რეგისტრირებული არაა არც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნოდარ ტურძელაძის სახელზე. მისი ცოლი თამარ აბზიანიძე ფლობს 999 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სოფელ ტაბახმელაში.

დეკლარაციაში მითითებული არაა, დგას თუ არა ამ მიწაზე რაიმე შენობა-ნაგებობა. ტურძელაძეს რადიო თავისუფლების შეტყობინებისთვის არ უპასუხია.

ერთი მიწის ნაკვეთის მფლობელია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი. დეკლარაციაში ჩანს, რომ ამ მიწაზე რამდენიმე შენობა-ნაგებობა დგას. რა დანიშნულებისაა - არ ირკვევა.

„მიწის ნაკვეთზე საკუთარი სახლია განთავსებული, რომლის დეტალური კვადრატულობა რეგისტრაციის გრაფაში წერია. მანდ ვცხოვრობ დიდი ხანი უკვე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მეზურნიშვილმა.

ფოტოზე: ირაკლი მეზურნიშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ფოტოზე: ირაკლი მეზურნიშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

თუ მაღალი თანამდებობის პირის დეკლარაციაში უძრავი ქონება საერთოდ არ ჩანს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უსახლკაროა ან ინფორმაცია დამალულია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ:

  • არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს მართლაც არ აქვთ რეგისტრირებული უძრავი ქონება;
  • ისინი ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში;
  • ან ქონება ოჯახის წევრად არმიჩნეული ადამიანის სახელზეა გაფორმებული.


ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კორუფციის მკვლევრის შეფასებით, ინფორმაციის ნამდვილობის დასადასტურებლად, კითხვებისა და ეჭვების გამოსარიცხად, გადამწყვეტია, „ვის ჩაწერს ოჯახის წევრად თანამდებობის პირი დეკლარაციაში“.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG